მოცეკვავე წეროები
მოცეკვავე წეროები
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან
სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უჩვეულო ხალხური ცეკვა. თეთრებში შემოსილი მამაკაცები, რომლებსაც მაღალი შავი ქუდები ახურავთ, აქეთ-იქით აქნევენ ხელებს, ტრიალებენ, იხრებიან და ცალ ფეხზეც კი დგებიან.
მათ უცნაურ, იმპროვიზებულ მოძრაობებს მარტივი ახსნა აქვს. მამაკაცები ბაძავენ უსურიულ წეროებს, რომლებიც უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც სამხრეთ კორეაში იზამთრებენ. წეროების საოცარმა ცეკვამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომ ამ ფრინველების მიბაძვით მათ საკუთარი ცეკვა შექმნეს.
1500 კმ-ის მოშორებით კი ჰოკაიდოელი (იაპონია) ბუნების მოყვარულები ქალაქ კუსიროში, სიცუგენის ეროვნული პარკისკენ მიემართებიან ცოცხალი წეროების სანახავად. მკაცრი ზამთრის დროს ხელოვნური კვების წყალობით, უსურიული წეროების იაპონური კოლონიის რიცხვი ამჟამად ასეულებს ითვლის. ამ შავ-თეთრი მოხდენილი ფრინველების გუნდი, რომელიც ცოცხალ ცეკვებს ასრულებს თოვლზე, მართლაც რომ ძალიან ლამაზი სანახავია. ჟურნალ „ნეშნლ ჯიოგრეფიკის“ კორესპონდენტმა ჯენიფერ ეკერმანმა თავისი აღტაცების გამოსახატავად გამოიყენა იაპონური სიტყვა „ავარე“. როგორც ჯენიფერი ამბობს, ეს სიტყვა ნათლად გადმოსცემს „იმ გრძნობებს, რომლებიც წამიერი ამაღელვებელი სილამაზის გამო გეუფლება“.
წეროები, რომლებიც სამხრეთ ამერიკისა და ანტარქტიდის გარდა შეიძლება ყველა კონტინენტზე იხილოთ, დიდი ხანია, რაც ხალხს ხიბლავს. მათი გამოსახულებები გვხვდება მღვიმეთა მხატვრობაში ისეთ ადგილებში, როგორიცაა აფრიკა, ავსტრალია და ევროპა. მხატვრები ხშირად ქმნიან მათ „პორტრეტებს“ შორეულ აღმოსავლეთში, სადაც წეროებს დღეგრძელობისა და ბედნიერების სიმბოლოდ თვლიან. ვინაიდან წეროები შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე დაწყვილებულნი დარჩნენ, ისინი ოჯახური ბედნიერების სიმბოლოსაც წარმოადგენენ და მათ ხშირად საქორწილო კიმონოებზე გამოსახავენ. კორეელები უსურიულ წეროს „ბუნების ძეგლად“ მიიჩნევენ მისი იშვიათობისა და სილამაზის გამო. იაპონელებმა მოცეკვავე წეროები თავიანთ 1000-იენიან კუპიურაზე გამოსახეს. ჩინელებმა კი ჯერ კიდევ 2 500 წლის წინათ „თეთრი წეროების ცეკვა“ შექმნეს. შესაძლებელია, ხალხს სწორედ ცეკვისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო უყვარს ასე ძალიან წეროები.
წეროების ცეკვა
წეროების თხუთმეტივე სახეობა მოცეკვავეა. საოცარია, მაგრამ მათი ორიოდე დღის გამოჩეკილი ბარტყებიც კი ცდილობენ ფერხულში ჩაბმას. «ფრინველთა ზოგი სხვა გუნდიც კი ცეკვავს, — ნათქვამია „მსოფლიოს ფრინველთა ცნობარში“, — თუმცა არც ერთი სხვა ისე არ ხიბლავს ადამიანს თავისი სინარნარითა და სილამაზით, როგორც წეროები». წეროების ცეკვა საკმაოდ მრავალფეროვანია და ყოველთვის შთამბეჭდავი — გასაოცარია მათი დიდი ზომა, მოხდენილი მოძრაობები და ჰაეროვანი მაღალი ნახტომი, რის დროსაც ფართოდ შლიან ფრთებს. ცეკვა, ჩვეულებრივ, „დახრის, ხტომის, გარბენისა და მოკლე გადაფრენის ჰარმონიულად შესრულებული რთული ეპიზოდებისგან შედგება“, — ნათქვამია „მსოფლიოს ფრინველთა ცნობარში“. ადამიანთა მსგავსად, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წერო დაიწყებს ცეკვას, ჩვეულებისამებრ, ფრინველთა მთელი გუნდი ებმება მათ ფერხულში. აფრიკაში დამკვირვებლებმა იხილეს დაახლოებით 60 წყვილი დასავლეთის გვირგვინოსანი წერო, რომლებიც შეთანხმებულად ცეკვავდნენ.
რატომ ცეკვავენ წეროები? რას ნიშნავს მათთვის ცეკვა: ვარჯიშს, ურთიერთობას, ტრფიალს, განგაშს თუ ეს უბრალოდ კარგი განწყობის გამოხატულებაა? ამ მიზეზთაგან ნებისმიერი ან თუნდაც ყველა ერთად საკმარისია იმისათვის, რომ წეროებმა ფერხული გააბან. ისინი ხშირად წყვილებად ცეკვავენ. ცეკვის ასეთი ფორმა მათი სატრფიალო ცერემონიალის ნაწილია. ბარტყებიცა და „მოზარდი“ წეროებიც, ჩვეულებრივ, ენთუზიაზმით აღსავსე მოცეკვავეები არიან. „რა მიზეზითაც უნდა ცეკვავდნენ, მათი ცქერა ყოველთვის სიამოვნებას გგვრის“, — ნათქვამია „მსოფლიოს ფრინველთა ცნობარში“.
წეროების ფრენა
სანამ წეროებს დაინახავთ, დიდი ხნით ადრე გაიგონებთ მათ ხმას. საყვირისმაგვარი გაბმული ხმა მათი მოახლოების მაუწყებელია, თუმცა ამ დროს ისინი შეიძლება ძალიან შორს იყვნენ. როგორც ჩანს, ეს გადაძახილები წეროებს ეხმარება, რომ ხანგრძლივი გადაფრენის დროს ერთ გუნდად იყვნენ შეკრულნი. წეროების სახეობათა უმეტესობა ჩრდილოეთის ბუდობის ადგილებიდან მიფრინავს. შემოდგომით ისინი ხანგრძლივ მოგზაურობას იწყებენ და კანადიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან თუ ციმბირიდან ჩინეთის, ინდოეთის, შეერთებული შტატების (ტეხასის შტატი) თუ ხმელთაშუაზღვისპირეთის თბილი რაიონებისკენ მიეშურებიან. ეს საკმაოდ სახიფათო და დამქანცველი მოგზაურობაა. ერთხელ შენიშნეს, რომ ჰიმალაის თავზე, ზღვის დონიდან თითქმის 10 000 მეტრ სიმაღლეზე, მიფრინავდა რუხი წეროების გუნდი, რომელსაც გეზი ინდოეთისკენ ჰქონდა აღებული. წეროების გუნდი, ჩვეულებრივ, სოლისებური განლაგებით მიფრინავს. ისინი ხშირად თბილი ჰაერის აღმავალი ნაკადით სარგებლობენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს ილივლივონ ჰაერში; ოღონდ წყალზე გადაფრენისას მათ მხოლოდ თავიანთი ფრთების იმედი უნდა იქონიონ *.
ესპანელი ორნითოლოგი ხუან კარლოს ალონსო თითქმის 20 წელია, რაც ესპანეთში მოზამთრე 70 000 რუხი წეროს გადაფრენის მარშრუტებს იკვლევს. „ზოგ ფრინველს რგოლი აქვს დამაგრებული, სხვებს კი პატარა რადიოგადამცემები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ მათი გადაფრენის მარშრუტი, — ამბობს ის. — ესპანეთში წეროების დაზამთრების დროს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს იმ წეროების პოვნა, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილოეთ გერმანიაში თავადვე დავრგოლე, როდესაც ისინი ახლად დაფრთიანებული ბარტყები იყვნენ. წეროები საუკუნეების განმავლობაში ერთი და იმავე მარშრუტით დაფრინავენ. ფინეთში დარგოლილი წერო სამხრეთში, ეთიოპიაში, იზამთრებდა, ხოლო ციმბირში დარგოლილები — მექსიკაში“.
ბრძოლა გადარჩენისათვის ადამიანთა შემწეობით
დღესდღეობით წეროების 15-დან 9 სახეობას გადაშენება
ემუქრება. საფრთხე ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ამერიკის ბინადარ ამერიკულ წეროს ემუქრება. მათი რაოდენობა 1938 წელს 14 ფრთამდე შემცირდა. ფრინველების ხელოვნურად მოშენების პროგრამისა და ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს დაცვის წყალობით, მათი რიცხვი დროთა განმავლობაში 300-მდე გაიზარდა. ამჟამად ნატურალისტები ბარტყებს ხელოვნურ გარემოში ზრდიან, შემდეგ კი უშვებენ დაცულ ტერიტორიებზე — მათ ბუნებრივ საარსებო გარემოში. ბოლო დროს ზემსუბუქი თვითმფრინავის გამოყენებით ორნითოლოგებმა ამერიკული წეროს ბარტყებს წარმატებით შეასწავლეს გადაფრენის „ხელოვნება“. რუსი მეცნიერებიც ანალოგიურ ძალისხმევას ახმარენ გადაშენების პირას მისული თეთრი წეროების დაცვას.ერთი მეტად საინტერესო შემთხვევა იაპონიაში მოხდა. ჰოკაიდოზე მობინადრე უსურიულ წეროთა პატარა კოლონია გამოსაზამთრებლად სხვა ქვეყანაში არ მიფრინავდა, რადგან ზამთრის თვეებში ფრინველებს გამოკვება ცხელი წყაროების მახლობლად მდებარე ნაკადულების გასწვრივ შეეძლოთ. 1952 წლის სუსხიან ზამთარში კი ეს ნაკადულებიც გაიყინა და ისე ჩანდა, რომ 30 ფრინველისგან შემდგარი პატარა გუნდი დასაღუპავად იყო განწირული. მაგრამ ადგილობრივმა სკოლის მოსწავლეებმა გაყინულ ნაკადულებზე მარცვლეული დაყარეს და ფრინველები გადაარჩინეს. მას შემდეგ წეროებს რეგულარულად კვებავდნენ და ფრინველთა პატარა გუნდის რიცხვი 900-მდე გაიზარდა. ეს კი მსოფლიოში არსებული უსურიული წეროების დაახლოებით მესამედს შეადგენს.
გაურკვეველი მომავლის წინაშე
სხვა მრავალი სახეობის მსგავსად, ჭაობების ამოშრობამ და მდელოებისა და ბალახოვანი საფარის განადგურებამ წეროებსაც შეუქმნა საფრთხე. იმისათვის, რომ გადაშენებას გადაურჩნენ, წეროები იძულებულნი არიან, ხალხთან ახლოს ცხოვრებას მიეჩვიონ. ისინი ადამიანებისგან, ჩვეულებრივ, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ამჯობინებენ ბუდობას. თუ მათ არ აწუხებენ, შეიძლება შეეჩვიონ კიდეც ხალხთან ახლოს ცხოვრებას. ინდოეთში მობინადრე ინდური წერო, რომელიც ფრინველებს შორის ყველაზე მაღალია, სოფლის ტბორებში შეეჩვია ბუდობას. წეროების სხვა სახეობებმა კი, სეზონური გადაფრენისა და გამოზამთრების დროს, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში საკვების მოპოვება ისწავლეს.
იმედია, მრავალი ქვეყნის ბუნების დამცველთა ერთობლივი ძალისხმევა ამ გრაციოზულ ფრინველებს გადაშენებისგან დაიცავს. რა სამწუხარო იქნებოდა, მომავალი თაობა რომ ვეღარ დამტკბარიყო წეროების საუცხოო ცეკვით ან შემოდგომაზე, სამხრეთისკენ გადაფრენისას, მათი გამკივანი ხმა ვეღარ მოესმინა.
[სქოლიო]
^ აბზ. 11 ათასობით რუხი წერო ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ისრაელის ტერიტორიის გავლით მიფრინავს, ზოგი კი იქვე იზამთრებს. საღამო ხანს, მდინარე იორდანეს ხეობის ზედა ნაწილში იღბლიან მნახველებს შეუძლიათ, დაინახონ გუნდ-გუნდად დაწყობილი წეროები, რომლებიც თოვლით დაფარული ჰერმონის მთის ფონზე მიფრინავენ. ამ დაუვიწყარი სილამაზის ხილვა მნახველებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
[სურათი 15 გვერდზე]
უსურიული წერო (აზია)
[სურათი 16 გვერდზე]
კორეული ფაიფურის ფრაგმენტი.
[სურათი 16 გვერდზე]
წეროტურფები, რომლებსაც თავზე თეთრი ბუმბულები ამშვენებთ.
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
რუხი წეროები ფრენის დროს.
[სურათი 17 გვერდზე]
გვირგვინოსანი წეროები