რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
თევზების წვიმა
ბერძნული გაზეთის, „ელეფთეროტიპიას“, ცნობით, კორონას დასახლება, შესაძლოა, დოირანის ან კორონიის ტბის ბინადარი ასობით პატარა თევზით აივსო. „დასახლების მცხოვრებლები ყველგან ნახულობდნენ ციდან ჩამოცვენილ თევზებს“, — ნათქვამი იყო გაზეთში. სალონიკის მეტეოროლოგიური სამსახურის დირექტორის, ქრისტოს ბალაფუტისის, ნათქვამის თანახმად, ასეთი მოვლენები იშვიათობას არ წარმოადგენს. საავდრო ღრუბლებში დაბალი წნევის პირობებში წარმოიშობა ქარბორბალა, რომელიც ტბების ზედაპირიდან წყალს, წყალთან ერთად კი თევზებსა და ბაყაყებს აიტაცებს. „ქარბორბალას მათი ძალიან მაღლა ატანა და შორს გადატანა შეუძლია“, — ნათქვამია მეტეოროლოგიური სამსახურის ანგარიშში. მოგვიანებით, როდესაც ქარბორბალას ძალა სუსტდება, თევზები ძირს ცვივა.
უეცარი სიკვდილი და სპორტი
იაპონიის სხვადასხვა მხარეში ერთსა და იმავე დღეს 50 წელს გადაცილებული სამი მამაკაცი, ვრცელი დისტანციის გარბენის შემდეგ, გულის შეტევით დაიღუპა. ამის გამო ექიმებმა განგაში ატეხეს. კობეს სპორტული აკადემიის თავმჯდომარემ, ექიმმა მასატოში კაკუმ, გაზეთში „ასაჰი“ დაწერა: „მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 80 პროცენტი გულთან არის დაკავშირებული. . . უეცარი სიკვდილის მსხვერპლთა 90 პროცენტზე მეტს ის ადამიანები შეადგენენ, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მანამდე პრობლემები არ ჰქონიათ“. მისი რეკომენდაციით, ელექტროკარდიოგრამა უნდა გადაიღონ ფიზიკური აქტიურობისას და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ორგანიზმი მოდუნებულია. გარდა ამისა, ის რჩევას იძლევა, არ გადაიღალონ და ვარჯიშისგან თავი შეიკავონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ოდნავ მაინც აქვთ მომატებული ტემპერატურა, გულისრევის შეგრძნება აწუხებთ ან თავბრუ ესხმით. „სირცხვილი არაა თამაშიდან გამოსვლა ან შუა გზაზე სირბილის მიტოვება, — ამბობს ეს ექიმი. — ხშირად სპორტსმენები მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დისტანციის ბოლომდე გარბენას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მათ თავიანთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალონ“.
ოჯახში საუბრები აუცილებელია
„იმის გამო, რომ ოჯახებში ნორმალური საუბრები ბუტბუტმა შეცვალა, ბავშვებს ლაპარაკის დაწყება უჭირთ“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“. ალან უელსი, დიდ ბრიტანეთში განათლების დონის შენარჩუნების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ამ პრობლემის მიზეზად იმას თვლის, რომ ბავშვები „ტელევიზორსა და კომპიუტერს უსხედან და ოჯახის წევრები დროს ვერ ნახულობენ ერთად სადილობისა თუ ვახშმობისთვის“. უელსი იმასაც აღნიშნავს, რომ მატულობს ოჯახები, სადაც შვილს მხოლოდ ერთი მშობელი ზრდის და, შესაბამისად, ბავშვებს ნაკლები პაპები და ბებიები ჰყავთ; აგრეთვე მშობლები სულ უფრო იშვიათად გამოყოფენ დროს, რომ რამე წაუკითხონ შვილებს. მისი აზრით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ოთხი-ხუთი წლის ასაკში სკოლაში შესვლისას ბავშვებს „უფრო ნაკლებად აქვთ მეტყველება განვითარებული და უფრო უჭირთ აზრების გამოხატვა“, ვიდრე წინა თაობებს. უელსი გვთავაზობს პროგრამებს, რის დახმარებითაც შეიძლება მშობლებმა შვილებთან ურთიერთობა ისწავლონ.
შედარებით გაწონასწორებული ცხოვრება
გაზეთ „სიდნეი მორნინგ ჰერალდის“ თანახმად, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის — „ავსტრალიის ინსტიტუტის“ — მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ „ბოლო 10 წლის განმავლობაში 30-დან 60 წლამდე ასაკის ავსტრალიელების 23 პროცენტზე მეტმა მსხვერპლად შემოსავალი გაიღო, რათა მათი ცხოვრება შედარებით გაწონასწორებული გამხდარიყო“. ასეთი ტენდენცია, რომელსაც მკვლევარები ტემპის შენელებას უწოდებენ, ძირითადად, მათ შორის შეინიშნება, ვისაც საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შვილებთან მეტი დროის გატარება სურს. ასეთი ადამიანები „შოულობენ ნაკლებად რთულ სამსახურს, სადაც ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ამცირებენ სამუშაო საათებს ან საერთოდ ანებებენ თავს სამსახურს“, — ნათქვამია გაზეთში. „ავსტრალიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი კლაივ ჰამილტონი, აღნიშნავს: „მათთვის ცხოვრება შემოსავალზე მნიშვნელოვანი ხდება. ადამიანთა ეს ჯგუფი სრულიადაც არ ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს; ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სიმდიდრის მოხვეჭაზე და შეგნებულად ამცირებენ საკუთარ შემოსავალს, რათა უფრო გაწონასწორებული ცხოვრება ჰქონდეთ“.