ჩემი რელიგია მეცნიერება იყო
ჩემი რელიგია მეცნიერება იყო
მოგვითხრო კენეტ ტანაკამ
„ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. ამ სიტყვებმა, რომლებიც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შემოკლებით „კალტექი“) ერთ-ერთ გერბს ამშვენებს, ჩემში აღძრა უდიდესი სურვილი, რომ სამეცნიერო სარბიელზე დიდი წარმატებისთვის მიმეღწია. მას შემდეგ, რაც 1974 წელს ამ ინსტიტუტის კარი შევაღე, მკვლევარი მეცნიერის გზას დავადექი. გეოლოგიის დარგში ბაკალავრისა და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა განვაგრძე კალიფორნიის უნივერსიტეტში, კერძოდ, ქალაქ სანტა-ბარბარაში.
რაც უფრო მეტ მეცნიერულ ცოდნას ვიძენდი, მით უფრო მეცვლებოდა შეხედულებები სულიერ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით. თუმცა, ევოლუციის თეორიის სწავლამ ჩემში ღვთისადმი რწმენა ჩაახშო, მოგვიანებით საკუთარი შეხედულებების გადამოწმება მომიწია. როგორ მოხდა, რომ მე — მკვლევარი გეოლოგი, ღვთის ერთგული თაყვანისმცემელი გავხდი? ნება მიბოძეთ, მოგითხროთ ამის შესახებ.
კოსმოსით აღტაცებული პატარა ბიჭი
მეცნიერებამ პატარაობიდანვე გამიტაცა. ვიზრდებოდი ვაშინგტონის შტატის (აშშ) ქალაქ სიეტლში. ბავშვობიდანვე მიბიძგებდნენ მშობლები იმისკენ, რომ წარჩინებით მესწავლა. ძალიან მიყვარდა კითხვა სამყაროს შესახებ — მატერიისა და სიცოცხლის სტრუქტურული ელემენტების, ფუნდამენტური ურთიერთქმედებების, სივრცის, დროისა და ფარდობითობის შესახებ. მეცნიერებით ჩემი გატაცება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და როცა რვა წლის ვიყავი, სკოლამ, სადაც დავდიოდი, მიმამაგრა ერთ მეცნიერთან, რომელიც ყოველკვირეულ მეცადინეობებს მიტარებდა.
ვესწრებოდი ბაპტისტური ეკლესიის საკვირაო სკოლასაც; ძირითადად იმიტომ, რომ ეს საშუალებას მაძლევდა ლაშქრობებში მიმეღო მონაწილეობა და ზაფხულობით კარვებში მეცხოვრა ბუნების წიაღში. ჩემი ოჯახის წევრები არანაირ ინტერესს არ ავლენდნენ ღვთისა თუ რელიგიის მიმართ. მას მერე, რაც ისტორიასაც გავეცანი და გავიგე, რა საშინელებებს სჩადიოდნენ რელიგიის სახელით, სინდისმა მაიძულა, რომ
საერთოდ ჩამოვშორებოდი ეკლესიას. იმ დროს ღვთის არსებობაშიც დავიწყე ეჭვის შეტანა, რადგან ვფიქრობდი, რომ მეცნიერებას თითქმის ყველაფრის ახსნა შეეძლო.პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ცვლილებები
ინსტიტუტში ფიზიკის ფაკულტეტზე შევიტანე განცხადება. თუმცა საშუალო სკოლის ბოლო წელს გეოლოგიის კურსი ავირჩიე, რამაც ჩემი მომავალი შეცვალა. ამ საგნის სწავლისას ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე ვაშინგტონის შტატის ცნობილი კლდოვანი ქანების გამოსაკვლევად. ჩემთვის ვფიქრობდი: „რა მშვენიერი იქნებოდა ბუნებისადმი ჩემი ინტერესისა და მეცნიერებისადმი სიყვარულის შერწყმა!“
ამიტომაც, ინსტიტუტში მოხვედრისთანავე მალევე შევიცვალე პროფილი და გეოლოგიის სწავლას შევუდექი. გარდა სხვა დისციპლინებისა, პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე ვსწავლობდით გეოლოგიურ ეპოქებსა და დედამიწის გეოლოგიურ წარსულს. გვასწავლეს, რომ ყველა ბიოლოგიური სახეობა ევოლუციის შედეგად განვითარდა. მესმოდა, რომ ევოლუციის თეორიას დამამტკიცებელი არგუმენტები აკლდა, მაგრამ ვფიქრობდი, როგორც თეორია, ჩვენს ხელთ არსებულ გეოლოგიურ მონაპოვრებს ის გონივრულ ახსნას აძლევდა — განსაკუთრებით კი იმ დროს ძალიან პოპულარული რელიგიურ-კრეაციონისტული შეხედულებების ფონზე. როცა შევიტყვე, რომ ინსტიტუტში მალე დებატები უნდა გამართულიყო კრეაციონისტებსა და ევოლუციონისტებს შორის, გადავწყვიტე, ამ დებატებს არ დავსწრებოდი. ჩემთვის ისედაც ცხადი იყო, რომ დედამიწა ერთ კვირაში არ შექმნილა — რასაც ზოგიერთი კრეაციონისტი ამტკიცებდა!
როგორც მკვლევარ გეოლოგს, ზოგჯერ მიწევდა გამგზავრება შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის გეოლოგიის შესასწავლად. მართალია, მტკიცე ანტირელიგიური შეხედულებები მქონდა, მაგრამ ამ მივლინებების დროს თავისთავად წამომიტივტივდებოდა ხოლმე კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი? ერთხელ, ღამით, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დიდებული პანორამით ვტკბებოდი, ძალაუნებურად ვაღიარე: „სამყარო ნამდვილად ღვთის მიერ უნდა იყოს შექმნილი“. მართალია, ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, მეცნიერება ვერასოდეს მოძებნიდა ზუსტ პასუხს იმ კითხვაზე, თუ რატომ შეიქმნა ის. სავსებით გონივრულად ჩავთვალე, მერწმუნა, რომ ბრძენმა და ყოვლადძლიერმა შემოქმედმა დაგეგმა და შექმნა ჩვენს გარშემო არსებული სამყარო.
ვადგენ მარსის რუკას. კვლავ კითხვები
1983 წელს, როცა 27 წლის ასაკში გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მივიღე, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის დავალებით მარსის გეოლოგიური რუკის შექმნაზე ვმუშაობდი. იმ დროიდან მოყოლებული პლანეტების გეოლოგიასთან დაკავშირებული ათობით სტატია და რუკა გამოვაქვეყნე, როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ისე ფართო მკითხველისათვის. ვიყავი აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის საკონსულტაციო კომიტეტის წევრი და ვმუშაობდი მარსზე კოსმოსური ხომალდების გაგზავნის პროგრამაზე. კვლევითი სამუშაოების გამო თუ პროფესიული მოვალეობებიდან გამომდინარე ხშირად შევხვედრივარ ცნობილ პლანეტოლოგებს მრავალი ქვეყნიდან, უნივერსიტეტებიდან თუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან.
დაგროვილმა ცოდნამ და კვლევების შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ თანდათანობით აღმომიფხვრა ბავშვობის დროინდელი იდეალისტური წარმოდგენა მეცნიერებაზე. მივხვდი, რომ მეცნიერება არ იძლევა და ვერც ვერასოდეს შეძლებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ მეცნიერება არ აძლევს ცხოვრებას ნამდვილ აზრსა და მიზანს. ამჟამინდელი მეცნიერული თვალსაზრისით, სამყარო ან თავისთავად დაიშლება ან უფორმო მასებად გაიფანტება სივრცეში. თუ სამყაროს საბოლოო ხვედრი არარსებობაა, მაშ, საერთოდ, რა აზრი აქვს არსებობას?
ახალ კურსს ვირჩევ
1981 წლის სექტემბერში, როცა ფლაგსტაფში (არიზონას შტატი, აშშ) ვცხოვრობდი, იეჰოვას მოწმეებს შევხვდი და ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი იმ განზრახვით, რომ ისინი თავიანთი შეხედულებებისა და ბიბლიის სიმცდარეში დამერწმუნებინა. გარდა ამისა, ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა იმის გაგება, თუ სინამდვილეში რა ეწერა ბიბლიაში.
ყოველკვირა რამდენიმე საათის განმავლობაში საგულდაგულოდ ვიკვლევდი ბიბლიურ სწავლებებს. ჩემდა გასაოცრად, ბიბლია ზუსტი ინფორმაციისა და ღრმა შემეცნების საგანძური აღმოჩნდა. ბიბლიის კვლევისას გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ მეცნიერული თვალსაზრისით ის ზუსტია და ბევრი ის მოვლენა, რაც კაცობრიობის ისტორიის ათასწლეულების მანძილზე მომხდარა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ბიბლიაში ჩაწერილი ასობით წინასწარმეტყველების დეტალური შესრულება. ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველება — კერძოდ, ისინი, რომლებიც 2 ტიმოთე 3:1).
დანიელისა და გამოცხადების წიგნებშია ჩაწერილი — ერთობლივად გვიხატავს „უკანასკნელი დღეების“ სურათს და გვარწმუნებს, რომ სწორედ ამ დროში ვცხოვრობთ (ბიბლიის შესწავლისას, ჩემდა უნებურად, ერთი გამოჩენილი ადამიანის მაგალითს მივბაძე. როგორც მოგვიანებით გავიგე, თურმე სერ ისააკ ნიუტონი, რომელიც ყველა დროის მეცნიერების უდიდესი გენიაა, ძალიან აფასებდა ბიბლიას და დიდი გულმოდგინებით იკვლევდა მას. ნიუტონის მსგავსად, მეც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვიკვლევდი დანიელისა და გამოცხადების წიგნებს, სადაც უკვე შესრულებული ისტორიული მოვლენების შესახებაა ნაწინასწარმეტყველები *. ნიუტონთან შედარებით ის უპირატესობა მქონდა, რომ ვცხოვრობდი ბიბლიის მრავალი წინასწარმეტყველების შესრულების პერიოდში და ვიცოდი, რომ ნიუტონის დღეების შემდეგ ბევრი სხვა წინასწარმეტყველებაც შესრულდა. როგორც აღმოვაჩინე, ეს წინასწარმეტყველებები საოცრად მრავლისმომცველია და ფართომასშტაბიანი, აგრეთვე უტყუარი და უდავო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რომ მთლიანი ბიბლია, რომელსაც 1 600-ზე მეტი წლის განმავლობაში 40-ზე მეტი ადამიანი წერდა, შეიცავს თანმიმდევრულ, ლოგიკურ და ძლიერმოქმედ ცნობას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც კაცობრიობასა და მის მომავალს ეხება.
ისიც უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის იოლი არ იყო ევოლუციის თეორიის უარყოფა. დიდი პატივისცემით ვეკიდებოდი ავტორიტეტულ მეცნიერულ მონაცემებს, რომლებიც მხარს უჭერდა ამ თეორიას. მიუხედავად ამისა, დავრწმუნდი, რომ ბიბლიის ყველა განაცხადი, რომელიც მატერიალურ სამყაროს ეხებოდა, მთლიანად ეთანხმებოდა ცნობილ ფაქტებს, რისი უარყოფაც არაფრით შეიძლებოდა.
კიდევ ერთ რამეს მივხვდი: იმისათვის, რომ სრულად ჩაწვდე ბიბლიის ღრმა და ჰარმონიულ შინაარსს, მისი სწავლებებიდან არც ერთი არ უნდა უგულებელყო — მათ შორის შემოქმედების შესახებ დაბადების წიგნში ჩაწერილი მონათხრობიც. ამიტომაც, იმ დასკვნამდე მივედი, რომ გონივრული იქნებოდა, მთელი ბიბლია უტყუარ ჭეშმარიტებად მეღიარებინა.
ვაგრძელებ ჭეშმარიტების ძიებას
მრავალ სამეცნიერო კვლევა-ძიებაში მონაწილეობის მიღებისას არაერთხელ მინახავს, თუ როგორ უარუყვიათ საყოველთაოდ აღიარებული თეორიები მას შემდეგ, რაც მათი სიმცდარე დაუდგენიათ. ამ პრობლემის არსი, ნაწილობრივ ის არის, რომ ჩვენ, მეცნიერებს, საკმაოდ რთული და ვრცელი საგანი გვაქვს შესასწავლი მაშინ, როცა გაგვაჩნია მწირი მონაცემები და არასაკმარისად ეფექტური საკვლევი ხელსაწყოები. ამიტომაც, ასეთი ჩვევა გამომიმუშავდა: ნებისმიერ დაუსაბუთებელ თეორიას — რამდენადაც ავტორიტეტული უნდა ჩანდეს — დიდი სიფრთხილით ვეკიდები, ვიდრე ჭეშმარიტებად ვაღიარებ.
რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი გარემომცველი სამყაროს მრავალი ფუნდამენტალური ასპექტის ახსნა მეცნიერებას არ ძალუძს. მაგალითად, ცოცხალი მატერიის შემადგენელი სტრუქტურული ელემენტები და ფიზიკური კანონები, რომლებიც მათ მართავს, რატომ არიან ისე იდეალურად შეწყობილი, რომ სრულყოფილად მართავენ ურთულეს სასიცოცხლო პროცესებსა და ეკოსისტემებს? და თუმცა მეცნიერებას არ შეუძლია ღვთის არსებობის დადგენა, ღვთის მიერ შთაგონებული წმინდა წერილები მისი არსებობისა და შემოქმედებითი საქმიანობის უტყუარ მტკიცებას იძლევა (2 ტიმოთე 3:16). ამ სულიერი შემეცნების მეშვეობით შეგვიძლია ახლოს გავიცნოთ ის, ვისი წყალობითაც ჩვენს მატერიალურ სამყაროში ძალა, სიბრძნე და სილამაზე არსებობს.
იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული სხვადასხვა პუბლიკაციების საგულდაგულო გამოკვლევის შედეგად კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ბიბლია ზუსტია მეცნიერული თვალსაზრისით. ასეთი პუბლიკაციების რიცხვს მიეკუთვნება წიგნები „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ და „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ მათში საფუძვლიანი ანალიზი უკეთდება რთულ და ღრმა მეცნიერულ საკითხებსა და თანამედროვე
გამოკვლევებს. ამ პუბლიკაციებში წამყვანი სპეციალისტების დასკვნებიცაა მოყვანილი. გარდა ამისა, მათში მიდის მსჯელობა იმ შეთანხმებულობაზე, რაც ცნობილ მეცნიერულ ფაქტებსა და ბიბლიის სწორ გაგებას შორის არსებობს.მაგალითად, პალეონტოლოგიური მონაცემები ადასტურებს ცოცხალ ორგანიზმთა წარმოშობის იმ ძირითად თანამიმდევრობას, რაც დაბადების წიგნშია აღწერილი. ასევე, გამოთქმა „შემოქმედებითი დღე“ ძველ დროში მცხოვრები ადამიანებისთვის შეიძლება დროის ხანგრძლივ მონაკვეთს ნიშნავდა. ეს ფრაზა, როგორც ჩანს, შეესაბამება ისეთ თანამედროვე ტერმინებს, როგორიცაა „პერიოდი“ და „ერა“, რომლებსაც მეცნიერები დედამიწის ისტორიის აღსაწერად იყენებენ. აქედან ჩანს, რომ ბიბლია არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ აღმოჩენებს. ის მიანიშნებს, რომ შემოქმედებითი დღეები ძალიან დიდი ხანგრძლივობისა იყო. ბიბლია არ უჭერს მხარს კრეაციონისტების შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ყოველი შემოქმედებითი დღე 24 საათი გრძელდებოდა.
რწმენა და არა გულუბრყვილობა
ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, ყოვლად მიუღებელია რაღაცის გულუბრყვილოდ დაჯერება. დიდ პატივს ვცემ ფაქტებით დასაბუთებულ რწმენას. ასეთი რწმენა აღწერილია ებრაელთა 11:1-ში (აფ): „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზედაც ვიმედოვნებთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“. ღვთის აღთქმებისადმი ნდობა იმ უტყუარი ფაქტიდან მომდინარეობს, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა. აუცილებლად მივიჩნიე, ზურგი მექცია საყოველთაოდ გავრცელებული, მაგრამ დაუსაბუთებელი რელიგიური სწავლებებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას. ამ სწავლებათა რიცხვს მიეკუთვნება სწავლებები უკვდავ სულზე, ჯოჯოხეთის ცეცხლზე, სამებაზე და ა. შ. ბევრი ასეთი მცდარი მოძღვრება ძველი ფილოსოფიებიდან და მითოლოგიებიდან აღმოცენდა, რაშიც ბიბლიის უცოდინარობამაც თავისი როლი ითამაშა. ცრუ სწავლებებისადმი ერთგულებამ ხალხს განუვითარა „ბრმა რწმენა“, რითაც დღეს მორწმუნეთა უმრავლესობა გამოირჩევა. ამის გამო ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებს რელიგიას.
საკუთარი თავისგან, როგორც მეცნიერისგან, ყოველთვის ვითხოვდი, რომ არა მხოლოდ კვლევითი სამუშაოები ჩამეტარებინა, არამედ დამეცვა და გამომექვეყნებინა ჩემი კვლევა-ძიების შედეგები. ასევე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება მესწავლებინა, რადგან არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი შემეცნება. ამიტომაც ჩავები ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და დაახლოებით 20 წლის წინ მოვინათლე, როგორც იეჰოვას მოწმე. 2000 წლის სექტემბერში გავზარდე სამქადაგებლო საქმიანობის დრო და ყოველთვიურად საშუალოდ 70 საათს ვქადაგებ. ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანია, რომ ყოველთვე დაახლოებით ათ დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლას ვატარებ. განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ იზრდებიან სულიერად ბიბლიის შემსწავლელები და თავადაც ბიბლიის გულმოდგინე მასწავლებლები ხდებიან.
მე კვლავაც განვაგრძობ მარსსა და ჩვენი უკიდეგანო სამყაროს სხვა ციურ სხეულებზე დაკვირვებას იმ ურთულესი კოსმოსური ხომალდების „თვალებით“, რომლებიც ჩვენი კოსმიური სამეზობლოს გამოსაკვლევადაა გაგზავნილი. მეცნიერების წინ ჯერ კიდევ მრავალი ამოუხსნელი საიდუმლოა. მაგრამ მე იმედის თვალით შევყურებ მომავალს, როდესაც სულიერი თუ მეცნიერული ცოდნის მიღების წყურვილი დაკმაყოფილდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. საკუთარი მაგალითით დავრწმუნდი, რომ ცხოვრება ნამდვილ აზრს იძენს მხოლოდ მაშინ, როცა იღებ ზუსტ ცოდნას ღვთისა და კაცობრიობის მიმართ მისი განზრახვების შესახებ. იესოც სწორედ ამას გულისხმობდა თავის სიტყვებში, რომლებიც „კალტექის“ ერთ-ერთ გერბს ამშვენებს: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).
[სქოლიო]
^ აბზ. 18 თავის წიგნში „შენიშვნები დანიელის წინასწარმეტყველებასა და წმ. იოანეს აპოკალიფსზე“, რომელიც 1733 წელს გამოიცა, ისააკ ნიუტონი შეფასებას აძლევდა ბიბლიის წიგნ „დანიელსა“ და „გამოცხადებაში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს.
[ჩანართი 19 გვერდზე]
„ვფიქრობდი, რომ მეცნიერებას თითქმის ყველაფრის ახსნა შეეძლო“.
[ჩანართი 20 გვერდზე]
„მეცნიერება არ იძლევა და ვერც ვერასოდეს შეძლებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას“.
[ჩანართი 21 გვერდზე]
„ბიბლია ზუსტი ინფორმაციისა და ღრმა შემეცნების საგანძური აღმოჩნდა“.
[რუკები 18 გვერდზე]
მარსის რუკა
[სურათები 20 გვერდზე]
ნიუტონის მსგავსად, ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დანიელისა და გამოცხადების ბიბლიურმა წიგნებმა.
[საავტორო უფლება]
University of Florida
[სურათი 21 გვერდზე]
ბიბლიურ ცოდნას სხვებს ვუზიარებ.
[სურათის საავტორო უფლებები 18 გვერდზე]
Top left: Courtesy USGS Astrogeology Research Program, http://astrogeology.usgs.gov; Mars map: National Geographic Society, MOLA Science Team, MSS, JPL, NASA; Mars surface: NASA/JPL/Caltech
[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]
Space photo: J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA