არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

6 საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

6 საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

6 საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

განვითარებადი ქვეყნების პრობლემა

ბევრ ადამიანს დღეს დიდი შრომის ფასად უჯდება სისუფთავის დაცვა, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც სუფთა წყლის ნაკლებობა და არასახარბიელო სანიტარული პირობებია. სისუფთავის დაცვა კი ნამდვილად ღირს ძალისხმევად. როგორც ვარაუდობენ, ბავშვთა სიკვდილიანობას ნახევარზე მეტ შემთხვევებში იწვევს მიკრობები, რომლებმაც მათ ორგანიზმში ჭუჭყიანი ხელების პირში ჩაყოფით ან დაბინძურებული საკვებისა თუ წყლის მეშვეობით შეაღწიეს. ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით ბევრი დაავადების, განსაკუთრებით კი დიარეის, თავიდან აცილებაა შესაძლებელი. რჩევები აღებულია გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის მიერ გამოცემული პუბლიკაციიდან „ცხოვრებაში გამოსადეგი რჩევები“.

1 მოიშორეთ ექსკრემენტები

ექსკრემენტებში დიდი რაოდენობით მიკრობებია. როცა დაავადების გამომწვევი მიკრობები ხვდება ხელებზე, საკვებ პროდუქტებში, წყალში, ჭურჭელზე და საჭმლის მოსამზადებლად და შესანახად განკუთვნილ საგნებზე, ისინი შეიძლება მოხვდეს პირში, პირიდან კი ორგანიზმში და დაავადება გამოიწვიონ. ასეთი მიკრობების გავრცელება რომ არ დაუშვათ, მოიშორეთ ყოველგვარი ექსკრემენტები. ისარგებლეთ საპირფარეშოთი. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სახლის, ბილიკებისა და ბავშვების სათამაშო ადგილების ახლოს არ იყოს ცხოველთა ექსკრემენტები.

თუ საპირფარეშო არა გაქვთ, ექსკრემენტები მაშინვე მიწაში ჩაფალით. გახსოვდეთ: ყველა ექსკრემენტშია დაავადებების გამომწვევი მიკრობები, მათ შორის ჩვილებისაშიც. ბავშვების ექსკრემენტებიც საპირფარეშოში უნდა ჩაუშვათ ან მიწაში ჩაფლათ.

საპირფარეშოები ხშირად დაასუფთავეთ. ისინი ყოველთვის გადახურული და დაკეტილი გქონდეთ. ამასთანავე აუცილებლად ჩარეცხეთ.

2 დაიბანეთ ხელები

რეგულარულად დაიბანეთ ხელები. თუ ხელებს საპნითა და წყლით ან ნაცრითა და წყლით დაიბანთ, მიკრობები მოგშორდებათ. ხელებზე წყლის უბრალოდ გადავლება საკმარისი არ არის — საჭიროა ორივე ხელი კარგად დაიბანოთ საპნით ან ნაცრით.

ძალიან მნიშვნელოვანია დაიბანოთ ხელები საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ან მას მერე, რაც ჩაბანეთ ჩვილი ან პატარა ბავშვი, რომელიც კუჭში გავიდა. აუცილებლად დაიბანეთ ხელები ცხოველებთან შეხების შემდეგ, საჭმლის მომზადებისა და ბავშვების ჭმევის წინ.

ხელების დაბანა ადამიანებს დაავადებების გამომწვევი ჭიებისგან იცავს. ეს ჭიები იმდენად პატარაა, რომ მათი დანახვა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია. ისინი განავალსა და შარდში, გუბეებსა და მიწაში არიან. ასევე გვხვდებიან უმ და არც ისე კარგად მომზადებულ ხორცში. ამ ჭიებისგან თავდაცვის ძირითადი საშუალება ხელების დაბანაა. ასევე კარგი იქნება, ეზოში, საპირფარეშოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხშიშველამ არ იაროთ; ვინაიდან ასეთ ადგილებში მრავლადაა ჭიები და არსებობს საშიშროება, რომ შიშველი ფეხიდან ორგანიზმში შეაღწიონ.

ბავშვებს უყვართ პირში თითების ჩაყოფა, ამიტომ, ხშირად დაბანეთ ხელები, განსაკუთრებით კი საპირფარეშოს შემდეგ და ჭამის წინ. ასწავლეთ მათ ხელების დაბანა და დაარიგეთ, რომ არ ითამაშონ საპირფარეშოებთან ახლოს.

3 ყოველდღე დაიბანეთ პირი

თვალში ინფექცია რომ არ შეგეჭრათ, ყოველდღე საპნითა და წყლით დაიბანეთ პირი. ბავშვებსაც დაბანეთ პირი. ჭუჭყიანი სახე იზიდავს ბუზებს, რომლებსაც მიკრობები გადააქვთ. მათ თვალის დაინფიცირება და სიბრმავის გამოწვევაც კი შეუძლიათ.

რეგულარულად შეუმოწმეთ ბავშვებს თვალები. ჯანმრთელი თვალები ნამიანია და ბრწყინავს. თუ ბავშვის თვალები მშრალი ან წითელია, თუ თვალებს იტკიებს ან გამონადენი აქვს, ის ექიმთან მიიყვანეთ.

4 ისარგებლეთ მხოლოდ სუფთა წყლით

ოჯახში, სადაც სუფთა წყლით სარგებლობენ და წყალს მიკრობებისგან იცავენ, ნაკლებად ავადმყოფობენ. თქვენი წყალი სუფთა იქნება, თუ სახლში წყალგაყვანილობის სისტემა სათანადოდაა დამონტაჟებული და კარგ მდგომარეობაშია ან წყალს დაუბინძურებელი ჭიდან და წყაროდან იღებთ. ტბორის, მდინარის, თავდაუხურავი ჭისა და ბაკის წყალი ნაკლებად სუფთაა, მაგრამ ადუღების შედეგად შესაძლებელია მისი უვნებელყოფა.

ჭა დახურული უნდა იყოს. ვედრო, თოკი და დოქი, რითაც წყლის ამოსაღებად და შესანახად სარგებლობთ, რეგულარულად უნდა რეცხოთ და სუფთა ადგილას დააწყოთ (მხოლოდ მიწაზე არა). შინაური ცხოველები სასმელი წყლისა და საცხოვრებელი ადგილისგან შორს დააბინავეთ. ნუ გამოიყენებთ წყალთან ახლოს პესტიციდებსა და ქიმიკატებს.

წყალი სახლში სუფთა, თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. უკეთესია, თუ ასეთ ჭურჭელს ონკანი აქვს, თუ არა აქვს, წყალი სუფთა ჩამჩით ამოიღეთ. სასმელ წყალს მოარიდეთ ჭუჭყიანი ხელები.

5 დაიცავით საკვები მიკრობებისგან

მიკრობების დახოცვას კერძის საგულდაგულო მომზადების შედეგად შეძლებთ. საკვები, განსაკუთრებით კი საქონლისა და ფრინველის ხორცი, სათანადოდ უნდა მომზადდეს. თბილ კერძში მიკრობები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომაც, კერძი მომზადების შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა შეიჭამოს. თუ გინდათ, რომ კერძი ორ საათზე მეტ ხანს შეინახოთ, ცხლად დატოვეთ ან ცივ ადგილას მოათავსეთ. ამასთანავე მომზადებული კერძი, რის შენახვასაც აპირებთ, თავდახურულ ჭურჭელში მოათავსეთ. ასე ბუზებისა და მწერებისგან დაიცავთ მას. ჭამის წინ კერძი შეაცხელეთ.

დედის რძე საუკეთესო საკვებია ჩვილებისა და პატარებისთვის, თანაც უვნებელია. ცხოველის ახლად ადუღებული ან პასტერიზებული რძე უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ასადუღებელი. ბავშვის ჭმევისთვის განკუთვნილი ბოთლები გამოყენების წინ ყოველთვის ადუღებულ წყალში გაავლეთ. ბოთლებში ხშირად არის დიარეის გამომწვევი მიკრობები. უკეთესია ბავშვის კვება ძუძუთი ან სუფთა ფინჯნიდან საწოვარას გარეშე.

ხილ-ბოსტნეული სუფთა წყლით გარეცხეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა უმი ხილი და ბოსტნეული ჩვილებმა და პატარა ბავშვებმა უნდა ჭამონ.

6 მოიშორეთ ნაგავი

მიკრობები ბუზებს, ტარაკნებს, ვირთხებსა და თაგვებს გადააქვთ. ეს არსებები ნაგვის გარშემო ტრიალებენ. თუ თქვენს საცხოვრებელ ადგილას ნაგვის გატანის კომუნალური სისტემა არ ფუნქციონირებს, სადმე ორმო ამოთხარეთ და ნაგავი ყოველდღე იქ ჩამარხეთ ან დაწვით. დაიცავით სახლში სისუფთავე და მოიშორეთ ნაგავი და ბინძური წყლები.

თუ სისტემატურად გამოიყენებთ ამ რჩევებს, მალე შეამჩნევთ, რომ ისინი თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად იქცევა. ამ რჩევების გათვალისწინება რთული არ არის და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მათი დაცვით კი თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით.

[სურათი 11 გვერდზე]

თუ საპირფარეშო არა გაქვთ, ექსკრემენტები მაშინვე მიწაში ჩაფალით.

[სურათი 11 გვერდზე]

რეგულარულად დაიბანეთ ხელები.

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

ყოველდღე საპნითა და წყლით დაიბანეთ პირი.

[სურათები 12 გვერდზე]

ოჯახში, სადაც სუფთა წყლით სარგებლობენ და წყალს მიკრობებისგან იცავენ, ნაკლებად ავადმყოფობენ.

[სურათი 13 გვერდზე]

მომზადებული კერძი, რის შენახვასაც აპირებთ, თავდახურულ ჭურჭელში მოათავსეთ.

[სურათი 13 გვერდზე]

ნაგავი ყოველდღე ჩამარხეთ ან დაწვით.