არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აზრიანი ცხოვრების საფუძველი

აზრიანი ცხოვრების საფუძველი

აზრიანი ცხოვრების საფუძველი

მოგვითხრო ერნესტ პანდაჩუკმა

დავიბადე კანადის პროვინციის სასკაჩევანის პრერიებში. 23 წლის ასაკში აფრიკაში გავემგზავრე, სადაც 35 წელი საინტერესო მისიონერულ ცხოვრებას ვეწეოდი. როგორ მოხდა, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა? ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ახლა ყველაფერს თანამიმდევრულად მოგითხრობთ.

სახლი, სადაც დავიბადე, ბოძების, თიხისა და ბზისგან იყო აშენებული, რაც ძლივს გვიცავდა ტრამალების მკაცრი ზამთრისგან. ჩემს დაბადებამდე, 1928 წელს, მშობლებს ერთი კაცი ესტუმრა ფერმაში და ბიბლიური ლიტერატურა დაუტოვა. ეს ზამთრის პირას მოხდა. ასე რომ, მთელი გრძელი ზამთრის განმავლობაში ამ ლიტერატურის დახმარებით მშობლები ბიბლიას სწავლობდნენ. გაზაფხულისთვის უკვე დარწმუნდნენ, რომ ჭეშმარიტება იპოვეს. ამის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეზობლებს ესაუბრებოდნენ, განსაკუთრებით კი — შვილებს.

დავიბადე 1931 წელს. ჩემ შემდეგ მშობლებს მალე კიდევ ხუთი შვილი შეეძინათ. სულ ცხრანი ვიყავით. ბიბლიის კითხვა და სწავლა ჩვენს ოჯახში წესად იქცა. დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, როცა დილით, ჩვეულებისამებრ, ერთად ვიკრიბებოდით. მამა ბიბლიური მუხლის განხილვას გვიტარებდა. ის მაშინაც აკეთებდა ამას, როცა სტუმრები გვყავდა. მშობლები, ასევე უფროსი და-ძმები მონაცვლეობით, ხმამაღლა გვიკითხავდნენ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს.

წერა-კითხვის გარდა მამამ ბიბლიის სიმფონიის გამოყენებით ბიბლიის გამოკვლევაც გვასწავლა. მალევე ვისწავლეთ, როგორ გამოგვეყენებინა ბიბლია სხვებისთვის ჩვენი მრწამსის ასახსნელად. ეს სასიამოვნო განხილვები დამეხმარა, მემსჯელა ბიბლიურ თემებზე. დროთა განმავლობაში უკვე შემეძლო ბიბლიაში მომეძებნა ცრუ რელიგიური სწავლებების გასაბათილებელი მუხლები: შემეძლო დამემტკიცებინა, რომ სული კვდება და ჯოჯოხეთი არ არსებობს, ღმერთი და იესო კი არც თანასწორი არიან და არც სამების ნაწილს წარმოადგენენ (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4; იოანე 14:28).

მშობლები თავიანთი კარგი მაგალითითაც გვასწავლიდნენ და გვამხნევებდნენ, მტკიცედ დაგვეცვა, რაც სწორი იყო, მაშინაც კი, თუ ამის გამო დაგვცინებდნენ. მაგალითად, ისინი არ ეწეოდნენ. აგრეთვე გვაფრთხილებდნენ თამბაქოს საზიანო შედეგებზე და იმაზე, რომ სკოლაში ამის გამო თანატოლების მხრიდან ზეწოლა გარდაუვალი იქნებოდა. კარგად მახსოვს მამაჩემის სიტყვები: „თუ თამბაქოზე უარს იტყვი, შეიძლება დედიკოს ბიჭი დაგიძახონ. მაგრამ ჰკითხე მას, ვინაა ვაჟკაცი, ის, ვინც თამბაქოს მონობაშია, თუ ის, ვინც თამბაქოს არ ემონება?“

რწმენის შემდეგი გამოცდა 11 წლის ასაკში მქონდა. იმ დროისთვის მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და სკოლის მოსწავლეებისგან ერთგულების დასამტკიცებლად დროშისთვის ფიცის მიცემას მოითხოვდნენ. ბიბლიიდან ნასწავლი მქონდა, რომ ასეთი მოქმედება თაყვანისცემას ნიშნავდა. ამიტომ, მასში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, რის გამოც ექვსი თვე სკოლიდან გამრიცხეს.

დროთა განმავლობაში სკოლა მაინც დავამთავრე. 1947 წლის მარტში კი იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე. ექვსი თვის შემდეგ პიონერული მსახურება დავიწყე, ანუ სასიხარულო ცნობის სრული დროით მქადაგებელი გავხდი. თავდაპირველად, სასკაჩევანის სამხრეთ ნაწილში, ამ ვრცელ ტერიტორიაზე ვუქადაგებდი ფერმერებს. ზაფხულობით ცხენით დავდიოდი, ხოლო ზამთარში — მარხილში შებმული ფურგონით, რასაც „კაბუზს“ ვეძახდით. ფურგონს ნახშირით ვათბობდი, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, რომ არ გადაყირავებულიყო.

სოფლის ხალხი თბილი და სტუმართმოყვარე იყო. მათთან თუ საღამოს მიწევდა მისვლა, ისინი ხშირად ღამის გასათევს მთავაზობდნენ. ძალიან მიყვარდა, როცა ასეთ ოჯახებში დარჩენის შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე საათობით ვმსჯელობდით. ერთხელ პეტერსონების ოჯახთან მთელი ღამე ვსაუბრობდით ბიბლიაზე, რის შემდეგაც მათ ჭეშმარიტება მიიღეს. ერლი და დედამისი იეჰოვას გულმოდგინე მსახურები გახდნენ.

კვებეკში მსახურება

1949 წელს გამოცხადდა, რომ კვებეკში პიონერებზე დიდი მოთხოვნილება იყო, რასაც დაუყოვნებლივ გამოვეხმაურე. დასავლეთ კანადიდან 200-მა პიონერმა გამოთქვა სურვილი კვებეკში მსახურებაზე. სექტემბერში ისინი მონრეალში ჩავიდნენ და მზად იყვნენ კვებეკში გასამგზავრებლად. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა კვებეკის პრემიერ-მინისტრმა მორის დიუპლესიმ, რომელიც კათოლიკე იყო, დაიფიცა, რომ პროვინციას იეჰოვას მოწმეებისგან გაწმენდდა.

ეს ძალიან საინტერესო, აქტიური და სირთულეებთან დაკავშირებული პერიოდი იყო. ამ პერიოდს დაემთხვა ფრანგული ენის სწავლა, დაპატიმრებები, ბრბოს თავდასხმები და ქრისტიანული კონგრესების ჩაშლა ფანატიკოსთა ჯგუფების მიერ. ასეთმა შეუწყნარებლობამ უარი ვერ მათქმევინა ღვთის მსახურებაზე. ჩემმა მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩამინერგეს იმის სიყვარული, რაც სწორი იყო და იმის რწმენა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, აუცილებლად შესრულდებოდა იესოს წინასწარმეტყველება და სამქადაგებლო საქმიანობა მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა (მათე 24:9, 14).

კვებეკში მსახურებისას გავიცანი ემილი ჰოვრიში, სასკაჩევანელი პიონერი და, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. 1951 წლის 27 იანვარს დავქორწინდით. იმ დღიდან ემილი ჩემი ერთგული და გამამხნევებელი თანამშრომელია. ორივეს გვსურდა მსახურების გაფართოება, ამიტომაც განცხადება შევავსეთ, რათა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ გვესწავლა. ეს სკოლა რამდენიმე თვეში ახალ მისიონერებს ამზადებს. 1953 წლის თებერვალში „გალაადის“ მე-20 კლასი დავამთავრეთ.

ჩვენ აფრიკაში გაგვგზავნეს, მაგრამ აფრიკაში შესასვლელი საბუთები სანამ მზადდებოდა, კანადაში, ალბერტის პროვინციასა და ონტარიოში მიგვიწვიეს კრებების დასახმარებლად. იმ დროს მანქანა ბევრს არ ჰყავდა; ერთი კრებიდან მეორეში ტრანსპორტით დავდიოდით. ამიტომ, ცხოვრება გავიმარტივეთ. მთელი ჩვენი პირადი ნივთები ერთ ჩემოდანში ეტეოდა. ერთი თვის შემდეგ, როდესაც ყველა საბუთი მზად გვქონდა, კანადა დავტოვეთ და გავემგზავრეთ სამხრეთ როდეზიაში (დღევანდელი ზიმბაბვე).

აფრიკულ კულტურასთან შეგუება

ჩასვლიდან ხუთი თვის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა კრებები უნდა მოგვენახულებინა ზიმბაბვეში, ბოტსვანასა და ჩრდილოეთი როდეზიის (დღევანდელი ზამბია) სამხრეთ რეგიონში. სკოლა „გალაადში“ გვასწავლეს, რომ იმ ქვეყნის პირობები, სადაც ვიმსახურებდით, არასდროს შეგვედარებინა ჩვენი ქვეყნის პირობებთან და რომ ნებისმიერი მდგომარეობიდან რაღაცის სწავლა შეგვეძლო. ასეთი ბრძნული სიტყვები აზროვნების შეცვლაში დაგვეხმარა. მე და ემილი დღემდე ვეთანხმებით შემდეგ გამონათქვამს: „ყველა სიტუაცია საუკეთესოდ გამოიყენე; ის შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს“.

ერთი ადგილიდან მეორეზე მატარებლით, ავტობუსით, სატვირთო მანქანითა და ხანაც ველოსიპედით გადავდიოდით — ერთი სიტყვით, რითაც მოგვიხერხდებოდა. დამქანცველ მგზავრობას სხვა გარემოებებიც ემატებოდა, რაც სცდიდა ჩვენს გადაწყვეტილებას, ყველა სიტუაცია საუკეთესოდ გამოგვეყენებინა. სახელმწიფოში მოქმედი კანონის გამო პირველი ორი წელი ემილის არ შეეძლო ჩემთან ერთად ევლო ადგილობრივი ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე. ასე რომ, იძულებული ვხდებოდი, ახალმოყვანილი მეუღლე იმ ქალაქებში დამეტოვებინა, სადაც რკინიგზა მთავრდებოდა, და მე მარტო განმეგრძო გზა. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში იმ ტერიტორიებზე არც ერთი იეჰოვას მოწმე არ ცხოვრობდა. ემილის რწმენას, სიმამაცესა და შეუპოვრობას აღტაცებაში მოვყავდი და მისადმი სიყვარული უფრო მიძლიერდებოდა. იმ ქალაქებში ემილის ქადაგებამ კარგი ნაყოფი გამოიღო.

ღამის გასათევის მონახვის შემდეგ, ემილი ჩემს დაბრუნებამდე ქადაგებდა მიმდებარე ტერიტორიებზე. ზოგჯერ მას მთელი თვე უწევდა მარტო ქადაგება. ის გრძნობდა იეჰოვას მფარველობას და მასზე მინდობამ რწმენა უფრო გაუძლიერა. მის მსახურებასაც უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ერთ ასეთ ქალაქში ბიბლიურ ჭეშმარიტებას გამოეხმაურა ქალი, სახელად რიტა ჰენკოკი, რომელსაც მოგვიანებით მისი მეუღლეც შეუერთდა. ის ერთგული ძმა გახდა და სიკვდილამდე უხუცესად მსახურობდა კრებაში. იმ ქალაქებში, სადაც ემილიმ ბიბლიური ჭეშმარიტების თესლი ჩათესა, დღეს ქრისტიანული კრებები ჰყვავის.

აფრიკელთა სტუმართმოყვარეობა და მოსაზრებულობა

ჩემთვის კი აღმაფრთოვანებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ აფასებდნენ აფრიკული ტომების წარმომადგენელი ჩვენი და-ძმები იეჰოვას ორგანიზაციასა და მიმომსვლელ ზედამხედველებს. ეს მოსიყვარულე ქრისტიანი ძმები კარგად ზრუნავდნენ ჩემზე. ყოველ ორშაბათს კონგრესის ჩასატარებლად ერთი ჯგუფიდან მეორეში გადავდიოდი. ჩემი თავშესაფარი სახელდახელოდ აღმართული ბალახის ქოხი იყო, რაც ჩვენს ფერმას მაგონებდა სასკაჩევანში. მეძინა მიწაზე დაგებულ 30 სანტიმეტრი სისქის ჭილოფზე, რომელსაც ზეწარი ჰქონდა გადაფარებული.

ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე კონგრესები, როგორც წესი, ტყეში იმართებოდა. კონგრესზე დამსწრეები ბუჩქნარს ასუფთავებდნენ და დიდფოთლიან ხეებს ჩრდილისთვის ტოვებდნენ. მოგროვებულ ბალახს აკურატულად კრავდნენ და რიგებად ამწკრივებდნენ, რომ მათზე დაჯდომა შეგვძლებოდა. ბოლოს გაკაფული ადგილის შემოსაღობად ბალახის ღობესაც სახელდახელოდ წამოჭიმავდნენ. ამ ბუნებრივ გარემოში ყოველთვის ვტკბებოდი აფრიკელი და-ძმების მელოდიური მრავალხმიანი სიმღერებით, რომლებითაც ხოტბას ასხამდნენ იეჰოვას.

დაუვიწყარი შემთხვევა

ერთხელ მსახურებისას გიდეონ ზენდას შევხვდი. ის მეთვალყურეობას უწევდა სკოლებს, რომლებსაც ანგლიკანური ეკლესიები კურირებდნენ. გიდეონს განათლება, საშუალოც და უმაღლესიც, ეკლესიის მეშვეობით ჰქონდა მიღებული. მიუხედავად ამისა, მან ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხები ბევრ ბიბლიურ კითხვაზე. ამიტომ მთხოვა, თავის კოლეგებთან ერთად შევხვედროდი და კითხვებზე მეპასუხა. ამ შეხვედრას 50-მდე კაცი ესწრებოდა, მათ შორის სკოლების ინსპექტორები, დირექტორები და მასწავლებლები. შეხვედრას გიდეონი უძღვებოდა. შეხვედრა მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობდა; ერთი თემის განხილვის შემდეგ მეორეზე გადავდიოდით. თითოეულ საკითხზე 15 წუთი ვლაპარაკობდი, შემდეგ კი მათ კითხვებზე ვპასუხობდი. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ამ უჩვეულო შეხვედრის შემდეგ, მალე გიდეონმა, მისმა ოჯახმა და ბევრმა მისმა კოლეგამ თავი მიუძღვნეს იეჰოვას და მოინათლნენ. ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ისინი ანგლიკანური საგანმანათლებლო სისტემიდან დაითხოვა. მიუხედავად ამისა, ყველა უშიშრად განაგრძობდა იეჰოვასადმი ურყევად მსახურებას; ზოგიერთმა მათგანმა პიონერული მსახურება დაიწყო.

კინოფილმს ბევრი გამოეხმაურა

იეჰოვას მოწმეებმა 1954 წელს გამოსცეს კინოფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“. მომდევნო წელს გაუქმდა ადგილობრივი კანონი, რომლის თანახმადაც ცოლებს ქმრებთან ერთად არ შეეძლოთ ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე შესვლა. ამან ემილის საშუალება მისცა ჩემთან ერთად ემსახურა ასეთ ტერიტორიებზე. იმ დროს საზოგადოებამ მანქანით, გენერატორითა და პროექტორით უზრუნველგვყო, რათა ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე კინოფილმი გვეჩვენებინა. ბევრს მანამდე კინო არასოდეს ენახა, ამიტომ, ჩვენს ფილმს დიდი ყურადღებით უყურებდნენ. ფილმში ნაჩვენები იყო, თუ როგორ ხდებოდა ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვა ჩვენს უზარმაზარ ტიპოგრაფიაში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი).

ფილმში ასევე ჩართული იყო სცენები 1953 წელს იანკის (ნიუ-იორკი) სტადიონზე გამართული იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესიდან. ამ ხალხს უწინ არასდროს ენახა სხვადასხვა რასისა და ეროვნების ადამიანებს შორის არსებული ერთიანობა და სიყვარული. ფილმმა ბევრი ზიმბაბველი ოჯახი აღძრა, დაეწყოთ ბიბლიის შესწავლა და იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს დასწრებოდნენ. ქვეყნის მასშტაბით უამრავი სკოლის დირექტორმა გვთხოვა, ფილმი მათი მოწაფეებისთვის გვეჩვენებინა, რადგან დაინახეს, რომ ის სარგებლობას მოუტანდა მათ.

ერთ საღამოს რამდენიმე და-ძმამ გამაღვიძა და მთხოვა ფილმი მეჩვენებინა. ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ 500-მდე კაცი შეკრებილიყო, რომლებსაც რამდენიმე საათი ფეხით ევლოთ, რათა ფილმი ენახათ. მათ გაგებული ჰქონდათ, რომ მე იქ ვიყავი და შემეძლო ფილმის ჩვენება. დაიშალნენ თუ არა, სხვა 300-კაციანი ჯგუფი მოვიდა. ასე რომ, ფილმი მათაც ვაჩვენე. ბოლო მაყურებელი ღამის 3 საათისთვის წავიდა. 17 წლის განმავლობაში მარტო ზამბიაში ეს შთამბეჭდავი ფილმი ერთ მილიონზე მეტმა ნახა!

ახალი დავალებები აფრიკაში

ზიმბაბვეში მსახურების ხუთნახევარი წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გადაგვიყვანეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ახალი ენა, აფრიკაანსი, უნდა გვესწავლა. მოგვიანებით სამხრეთ სოტო და ზულუ ენებიც ვისწავლეთ. იმან, რომ შეგვეძლო ღვთის სიტყვის სხვადასხვა ენებზე სწავლება, ჩვენი მსახურება უფრო ეფექტური გახადა და კმაყოფილების გრძნობა შეგვმატა.

1960 წლის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში მიმომსვლელ ზედამხედველად დავიწყე მსახურება. 27 წლის განმავლობაში ლესოთოში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სვაზილენდში, ასევე ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ამაღლებისა და წმინდა ელენეს კუნძულებზე ვიმსახურეთ. მთლიანობაში ათასობით კილომეტრი გვაქვს გავლილი იმისათვის, რომ ჩვენს ქრისტიან და-ძმებს მოვმსახურებოდით. წინააღმდეგობების დროს მათ მიერ გამოვლენილი მტკიცე რწმენა და ერთგულება დაგვეხმარა, ყოველთვის მტკიცედ დაგვეცვა ჩვენი რწმენა.

მაგალითად, პირადად ვიცნობდი სვაზილენდელ მოწმეებს, რომლებმაც არ დათმეს თავიანთი რწმენა, როდესაც მეფე სობჰუზა II-ის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. მათ უარი თქვეს არაბიბლიურ რიტუალებში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც დაკარგეს სამსახური და მოქალაქის უფლებები. წლების განმავლობაში შევიწროებისა და სირთულეების მიუხედავად, მათ არასოდეს უთქვამთ უარი თავიანთ რწმენაზე. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ახლოს ვიცნობ ასეთ შესანიშნავ ქრისტიან და-ძმებს, რისთვისაც ყოველთვის იეჰოვას მადლობელი ვიქნები.

აი, კიდევ ერთი პიონერი ძმის, ფილიმონ მაფერეკას, შემთხვევა, რომელიც სოფელ მოკჰოტონგიდან (ლესოთო) იყო. ეს სოფელი 3 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობდა. იმის გამო, რომ იქ ვერანაირი ტრანსპორტი ვერ მიდიოდა, მან თავის ძვირფას მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, აგრეთვე ოთხმა მათმა თანასოფლელმა, რომლებიც კონგრესზე უნდა მონათლულიყვნენ, ფეხით 100 კილომეტრზე მეტი გაიარეს, რათა სარაიონო კონგრესს დასწრებოდნენ. ადგილი, სადაც კონგრესი უნდა გამართულიყო, 1 200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობდა. იქ მისასვლელად მათ უმეტესწილად სახიფათო ადგილები გაიარეს: ხან ციცაბო მთებზე უწევდათ ასვლა, ხან ხევებში ჩასვლა, ხან კი მრავალ მდინარესა და ნაკადულზე გადასვლა.

კონგრესიდან უკან დაბრუნებისას მათ ასი წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ წაიღეს თანასოფლელებისთვის. მაგრამ სახლში ვერც ერთი ვერ ჩაიტანეს, რადგან გზადაგზა ყველას ურიგებდნენ, ვინც კი ინტერესს ავლენდა. მე და ემილი დღემდე ძალიან ვაფასებთ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, პირადად გვენახა, თუ როგორ ავლენდნენ ფილიმონისა და მისი მეუღლის მსგავსად ჩვენი ქრისტიანი და-ძმები ერთგულებასა და გულმოდგინებას.

ხანდახან იყო საშიშროება, რომ ისეთ შხამიან გველებს წავწყდომოდით, როგორიც კობრაა. ზოგჯერ უცაბედად წარმოქმნილი დიდი ნიაღვრები ან სხვა საშიშროებები გვიქმნიდა საფრთხეს. ეს შემთხვევები, რომლებიც ხანდახან შიშთან იყო დაკავშირებული, უმნიშვნელოა იმ სიხარულთან და კურთხევებთან, რაც იეჰოვასადმი მსახურებას მოაქვს. ამ ყოველივემ გვასწავლა, რომ იეჰოვა არასდროს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს.

როცა ემილი სერიოზულად გახდა ავად, იეჰოვამ სიბრძნე მოგვცა წონასწორობის შესანარჩუნებლად. ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ემილის კვების შეცვლა და უკეთესი სანიტარული პირობები დაეხმარა. პატარა სატვირთო მანქანის ძარაზე ფურგონი დავდგით, რათა ემილის მგზავრობა ადვილად გადაეტანა. დროთა განმავლობაში ის მთლიანად გამოჯანმრთელდა.

კანადაში დაბრუნება

აფრიკის მომაჯადოებელ კონტინენტზე 35 წლის მსახურების შემდეგ, 1988 წელს კვლავ კანადაში დაგვაბრუნეს. 1991 წელს კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა მიმომსვლელ ზედამხედველად მემსახურა. რვა წლის შემდეგ ინფარქტი გადავიტანე. მართალია, ამან ძალიან შემზღუდა, მაგრამ მაინც დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქალაქ ლონდონის (ონტარიოს პროვინცია, კანადა) ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურება.

დღეს კმაყოფილებით ვიხსენებ იმ დროს, როცა 56 წლის წინ სამხრეთ სასკაჩევანში პიონერული მსახურება დავიწყე და ცხენზე ამხედრებული დავდიოდი. დიდად მადლიერი ვარ, რომ მამა გულმოდგინედ გვასწავლიდა, სულიერი პიროვნებისთვის დამახასიათებელი აზროვნება გვქონოდა და არასდროს შეგვშინებოდა ჭეშმარიტებისა და სიმართლის დაცვა! მან მასწავლა ღვთის სიტყვა, რამაც ჩემი ცხოვრება აზრიანი გახადა. ამ მემკვიდრეობას მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მოაქვს კურთხევები. რაც უნდა შემომთავაზოს ამ დრომოჭმულმა ქვეყნიერებამ, იეჰოვას მსახურებას არასოდეს არაფერზე გავცვლი.

[სურათი 19 გვერდზე]

ცხრა შვილისგან შემდგარი ჩვენი ოჯახი 1949 წელს; დედას ნაბოლარა უჭირავს ხელში; მე მის უკან ვდგავარ.

[სურათი 20 გვერდზე]

ჩემი აშენებული „კაბუზი“, რომელსაც მსახურებაში ვიყენებდი.

[სურათი 20 გვერდზე]

კვებეკელი ქალები, რომლებიც ქადაგებისთვის დააპატიმრეს.

[სურათი 22, 23 გვერდებზე]

ზიმბაბვეში მიმომსვლელი ზედამხედველების სწავლებისას.

[სურათი 23 გვერდზე]

ეს ფურგონი ემილის გამოსაჯანმრთელებლად ავაწყვეთ.

[სურათი 23 გვერდზე]

ემილისთან ერთად ახლახან გადაღებული სურათი.