იეჰოვას სახელი წყნარი ოკეანის კუნძულებზე
იეჰოვას სახელი წყნარი ოკეანის კუნძულებზე
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფიჯიდან
ხალხი გაოცებული იყო. წყნარი ოკეანის კუნძულებზე ახალმოსულებმა მათთვის გამართული ნადიმის წინ თვალები დახუჭეს და ილოცეს.
— რას აკეთებთ? — იკითხეს კუნძულელებმა.
— ღმერთს მადლობას ვუხდით მისი ძღვენისთვის, — უპასუხეს მათ.
— სად ცხოვრობს თქვენი ღმერთი? — დაინტერესდნენ კუნძულის მკვიდრნი.
— ზეცაში, — უპასუხეს ახალმოსულებმა.
— რა ჰქვია მას?
— იეჰოვა.
— ჭამს თქვენი ღმერთი საჭმელს? — იკითხეს მათ.
— ღმერთი სულია, — უპასუხეს ახალმოსულებმა. — ის ჩვენ არ გვგავს; ღმერთი მარადიულად ცხოვრობს. მან შექმნა დედამიწა, ცა, ზღვა და ყველაფერი. ჩვენც ღმერთმა შეგვქმნა.
კუნძულზე მცხოვრებნი გაოცდნენ ამ მარტივი ჭეშმარიტების გაგებისას და იკითხეს, თუ რატომ ეწვივნენ ეს უცნობები მათ კუნძულს. პასუხი მარტივი იყო: „ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ გაგაცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა და მისი ძე იესო, რომელიც ჩვენი მხსნელია“ („პოლინეზია: სიბნელიდან სინათლემდე“).
ვინ იყვნენ ეს ადამიანები? იეჰოვას მოწმეები? არა. ისინი ტაიტელი მასწავლებლები და სახარების მქადაგებლები იყვნენ, რომლებიც 1824 წლის 15 ივნისს მანგაიას კუნძულზე (კუკის კუნძულების სამხრეთ ნაწილში) ჩავიდნენ. რატომ
იყენებდნენ ისინი იეჰოვას სახელს? მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა იყო ეს? ამ კითხვებზე პასუხი დაგვანახვებს, თუ რატომ უკავია იეჰოვას სახელს დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი წყნარი ოკეანის მრავალი კუნძულის კულტურაში.ღვთის სახელს ფართოდ იყენებდნენ
ბევრი მისიონერი, რომელიც XIX საუკუნეში ინგლისიდან და ამერიკიდან ჩავიდა წყნარი ოკეანის კუნძულებზე, ღვთის სახელს, იეჰოვას, ყოველდღიურ მეტყველებასა თუ თავის ნაწერებში იყენებდა. ერთი ისტორიკოსი შეცდომითაც კი ამტკიცებდა, რომ ის პირველი მისიონერები „იეჰოვას მიმდევრები იყვნენ და არა ქრისტეს მოწაფეები“.
ამ მისიონერების პირადი წერილები ხშირად ასეთი ფრაზებით იწყებოდა: „დაე დაგიფაროთ ღმერთმა, ჩვენმა უფალმა იეჰოვამ და მშვიდობის მეფემ, იესო ქრისტემ“. ამიტომ, გაოცებას არ იწვევს, ცნობილი ლინგვისტის ალბერტ შუცის ნათქვამი, რომ ფიჯიში 1825 წელს გამოცემულ მშობლიური ენის პირველდაწყებით სასწავლო წიგნში მხოლოდ ერთი სიტყვა იყო ინლისურიდან ნასესხები. ეს იყო სახელი „იეჰოვა“.
პირველი მისიონერების მიერ იეჰოვას სახელის გამოყენებამ დიდად იმოქმედა წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრებ ხალხზე. მისიონერების მიერ მომზადებული ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები თავად გახდა მისიონერი ანუ მასწავლებელი და სხვა კუნძულებზე დაიწყო ქადაგება. კუნძულ მანგაიაზე ჩასული ზემოთ მოხსენიებული ორი ტაიტელი მისიონერის შესახებ წიგნში „შეთანხმებათა დამდებნი — წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები მისიონერები“ ნათქვამია: „ტაიტელი მასწავლებლებისთვის იეჰოვა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მან შექმნა მთელი სამყარო; ადამიანიც ღვთის შემოქმედების შედეგი იყო. . . [ისინი] აცხადებდნენ, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო მისი ძე, იესო ქრისტე — კაცობრიობის მხსნელი“.
ბიბლიური ცნობის სხვადასხვა კუნძულზე გავრცელებისას პირველი მისიონერებიდან ზოგი დიდი საშიშროების წინაშე იდგა, რადგან მოსახლეობა ზოგჯერ სასტიკად ეპყრობოდა მათ. წიგნი „მისიონერები, ეკლესია და სექტები წყნარი ოკეანის კუნძულებზე“ მისიონერების სირთულეებს ასეთნაირად აღწერს: „შიშისა და სასოწარკვეთილების დაძლევაში [მისიონერებს] იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა ეხმარებოდათ“.
მისიონერებმა, რომლებმაც 1823 წელს კუნძულ რაროტონგას (კუკის კუნძულები) მოსახლეობას გააცნეს ბიბლიური ცნობა, იეჰოვასადმი ძლიერი რწმენის შესანიშნავი მაგალითი დატოვეს. რაროტონგაზე სხვებთან ერთად მისიონერი მეზღვაური ჯონ უილიამზი ჩავიდა და ორი დაქორწინებული წყვილი რაროტონგელებისთვის ბიბლიის სასწავლებლად გაგზავნა. უზომოდ მთვრალ მეფესთან შეკამათების შემდეგ მისიონერები დაუნდობლად სცემეს და პირადი ნივთები წაართვეს. ისინი ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს.
გემზე დაბრუნებულმა მისიონერებმა თქვეს, რომ რაროტონგელებივით ველურ და ავ ხალხს უწინ არასდროს შეხვედროდნენ. უილიამზმა გადაწყვიტა, დროებით დაეტოვებინა კუნძული, რადგან შიშობდა, რომ უფრო უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ დროს ერთი მასწავლებელი, სახელად პაპეიჰა, მარტო წავიდა მოხალისედ კუნძულზე საქადაგებლად. მან თქვა: „ველურმა კუნძულელებმა რომ მომკლან კიდეც, მაინც წავალ მათთან“.
ამ დროს მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც ხშირად მოჰყავთ ცნობებში პირველი მისიონერების შესახებ: „კო იეჰოვა ტოკუ ტიაკი! ტეი როტო აუ ი ტონა რიმა!“ (რაც ნიშნავს: იეჰოვა ჩემი მწყემსია! მის ხელში ვარ!). ამ სიტყვების შემდეგ, ტაიტურ ენაზე ბიბლიური ნაწყვეტების შემცველი წიგნით ხელმომარჯვებული და თხლად ჩაცმული პაპეიჰა გემიდან გადახტა და კუნძულისკენ გაცურა. ის გადარჩა და მის ქადაგებასაც ბევრი გამოეხმაურა.
ერთი რაროტონგელი, მორე ტაუნგა, მოგვიანებით თავად გახდა მისიონერი. 1842 წელს ის იყო პირველი მისიონერი,
რომელმაც ახალ კალედონიაში მისიონერთა ცენტრი დააფუძნა. თავის დღიურში ერთ ადგილობრივ მკვიდრზე, რომელსაც წერა-კითხვა ასწავლა, მან დაწერა: «ის ძნელად ითვისებდა მასალას. ერთხელაც მითხრა: „მინდა ვილოცო“. ვურჩიე, არ ეჩქარა. მოგვიანებით, როცა კვლავ მითხრა: „მეც მინდა ვილოცო“, ვუპასუხე: „ჯერ კერპები უნდა მოიცილო და იეჰოვას მერე მიმართო ლოცვით. მხოლოდ მას შეუძლია ლოცვების მოსმენა“. ამის თქმაზე კერპებით სავსე კალათი შემომიტანა და მითხრა: „დაწვი. დღეიდან იეჰოვა იქნება ჩემი ღმერთი“. შემდეგ ლოცვა ვასწავლე».წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებნი იეჰოვას აღიარებენ
მისიონერები თავისუფლად იყენებდნენ ღვთის სახელს. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას თავიანთ ღმერთად აღიარებდნენ ისინიც, ვისთანაც მისიონერები ქადაგებდნენ. წიგნში „მისიონერთა თავგადასავლები წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში“ ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ კუნძულზე მისიონერთა გემი „მორნინგ სტარი“ გამოჩნდა, დიდი შეკრება გაიმართა. წიგნში ნათქვამია, რომ კუნძულელები „ხელის აწევით, უმრავლესობა კი, დამაჯერებლობისთვის, ორივე ხელის აწევით, გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას, რომ მიატოვებდნენ კერპებს და იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ მასწავლებლებს ყველა საჭირო მოთხოვნილებით დააკმაყოფილებდნენ. გამოიყო მიწის ნაკვეთი, რომელიც იეჰოვას მიუძღვნეს ეკლესიისა და მღვდლის სახლის ასაშენებლად“.
სამოას ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მალიეტოას, მოქცევის შესახებ წიგნში „მეზღვაური-მისიონერი ვილიამუ — ჯონ უილიამზის ამბავი“ ნათქვამია: „მალიეტოა ვრცელი სიტყვით წარდგა თანამემამულეების წინაშე. მან სახალხოდ განაცხადა, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდებოდა და მის თაყვანსაცემად ეკლესიას აღმართავდა. მალიეტოამ ბრძანა, რომ მათ, ვინც სახლში დარჩა, დაეწყოთ სწავლა იეჰოვასა და იესო ქრისტეს შესახებ“.
ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა წყნარი ოკეანის ბევრი მოსახლის ცხოვრებაზე. დღესაც კი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ფიჯი და სამოა, იეჰოვას სახელს ხშირად გაიგონებთ რადიოთი ან მას ადგილობრივი გაზეთების ფურცლებზე შეხვდებით.
თუმცა ის გავლენა, რაც იეჰოვას სახელის გამოყენებამ მოახდინა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. პერლ ბაინდერი თავის წიგნში „კუნძულების საუნჯე“ (პირველად 1977 წელს გამოიცა) აღწერს, თუ რა მნიშვნელოვანი იყო იეჰოვას სახელი ბანაბანელი ხალხისთვის. ისინი წარმოშობით კირიბატიდან იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით ფიჯიში, კუნძულ რამბიზე, გადასახლდნენ. ბაინდერი წერს: „ბანაბაში ჩასულმა მისიონერებმა ადგილობრივ მოსახლეობას მეტად ძვირფასი რამ მისცეს . . . მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა იეჰოვასადმი რწმენა. ვერაფერმა გააერთიანა ისინი ისე, როგორც ამ რწმენამ. ეს დაეხმარა მათ, რომ 70 წლის განმავლობაში საშინელი განსაცდელები გადაეტანათ. ეს რწმენა მათ დღემდე აძლიერებს სულიერად. იეჰოვას გარეშე, რომელიც მათ თეთრმა კაცმა გააცნო (და რომელსაც თავად თეთრი კაცი სულ უფრო და უფრო შორდება), ბანაბანელები უიმედოდ იცხოვრებდნენ“.
ღვთის სახელი ბიბლიის თარგმანებში
პირველი მისიონერების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო, ბიბლია წყნარი ოკეანის კუნძულზე მცხოვრებთათვის გასაგებ ენაზე ეთარგმნათ და გამოეცათ. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ბიბლია წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრები მრავალ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ბიბლიის ამ მთარგმნელებისთვის სრულიად ბუნებრივი იყო იეჰოვას სახელის ტრანსლიტერაცია ისევე, როგორც ბიბლიაში მოხსენიებული ყველა სხვა სახელისა.
ბიბლიის გულწრფელი მკვლევარისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ ადრეულმა მთარგმნელებმა იეჰოვას სახელი არა მარტო ებრაულ წერილებში გამოიყენეს, არამედ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც, ეგრეთ წოდებულ „ახალ აღთქმაში“. შვიდი ენის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში იეჰოვას სახელი 72 მუხლში იყო გამოყენებული. იეჰოვას სახელი არა მხოლოდ XIX საუკუნის თარგმანებში გვხვდება, არამედ კუნძულ როტუმას მცხოვრებთა ენაზე 1999 წელს გამოცემულ თარგმანშიც. ამ ბიბლიაში იეჰოვას სახელი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 48 მუხლში გვხვდება.
XIX საუკუნის ბოლოს უილიამ უაიტ გილმა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისიონერად
მსახურობდა წყნარი ოკეანის კუნძულებზე, ერთ-ერთ ადრეულ თარგმანთან დაკავშირებით დაწერა: «ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და რაროტონგული ბიბლია, რომელსაც უკვე 42 წლის განმავლობაში ვიყენებ, ბრწყინვალე თარგმანია . . . ისევე, როგორც წყნარი ოკეანის კუნძულებისა და ახალი გვინეის ენებზე გამოცემულ თარგმანებში, გაკეთებულია ღვთის წმინდა სახელის „იეჰოვას“ ტრანსლიტერაცია და არა თარგმანი, რაც უდიდეს კონტრასტს ქმნის მარადცოცხალ ღმერთსა და წარმართულ კერპებს შორის».რატომ იყენებდნენ ისინი ღვთის სახელს?
რატომ იყენებდნენ ასე ფართოდ ღვთის პირად სახელს, იეჰოვას, მისიონერები, ბიბლიის მთარგმნელები და მასწავლებლები? უპირველესად იმიტომ, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრებთ იეჰოვა — ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი — გაერჩიათ იმ ცრუ ღმერთებისგან, რომლებსაც ისინი ეთაყვანებოდნენ (იოანე 17:3; 1 კორინთელთა 8:5, 6). თითოეულ ამ ცრუ ღმერთს თავისი სახელი ჰქონდა, ამიტომ, მათი თაყვანისმცემლებისთვის შეკითხვა: „ვინ არის შენი ღმერთი? რა არის მისი სახელი?“ სრულიად ბუნებრივი იყო. სიტყვა „ღვთის“ შესატყვისი ადგილობრივი ტერმინის გამოყენება შემკითხველს დააბნევდა ან აფიქრებინებდა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი კიდევ ერთი სხვა ღმერთი იყო და მასაც თავისი ღმერთების პანთეონს მიუმატებდა. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ეს პირველი მისიონერები იეჰოვას სახელს ასე ფართოდ იყენებდნენ.
ნიშნავს ეს იმას, რომ ყველას, ვინც იეჰოვას სახელს იყენებს, ნამდვილად ესმის, ვინ არის ის? არა. მისიონერი და ბიბლიის მთარგმნელი ჰაირამ ბინგჰემი (ჰავაის კუნძულებზე ჩასული ცნობილი მისიონერის, ჰაირამ ბინგჰემის, ვაჟი), იმის მოწმე გახდა, თუ როგორ გაანადგურეს აბაიანგის (კირიბატი) კუნძულზე მცხოვრებმა ხალხმა თავიანთი კერპი და ყვიროდნენ „მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს — იეჰოვა!“ თუმცა კი, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით წიგნში „მისიონერთა თავგადასავალი წყნარი ოკეანის კუნძულებზე“ ნათქვამია:
„ბინგჰემმა იცოდა, კერპის განადგურება არ ნიშნავდა იმას, რომ ხალხმა ნამდვილად გაითავისა ქრისტიანობა — ყოველ შემთხვევაში, იმ დროისთვის მაინც. მათ ბოლომდე არ ესმოდათ სახარების ნამდვილი მნიშვნელობა, თუმცა პირველი ნაბიჯები გადადგმული ჰქონდათ“. აშკარაა, რომ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ იეჰოვას სახელის ცოდნა. ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უფრო ახლოს უნდა გაიცნონ იეჰოვა, როგორც პიროვნება და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში დაემორჩილონ მას (რომაელთა 10:13—17).
ღვთის ერთგულ მოსესაც კი, რომელმაც იცოდა და იყენებდა იეჰოვას სახელს, ესაჭიროებოდა უფრო მეტი გაეგო იეჰოვას შესახებ. ის ლოცულობდა: „ახლა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო შენ, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში“ (გამოსვლა 33:13). დიახ, მოსეს სურდა, გაეგო მეტი, ვიდრე უბრალოდ ღვთის სახელი — იეჰოვა. მას უნდოდა, სცოდნოდა, როგორი თვისებები ჰქონდა იეჰოვას და როგორ შეიძლებოდა მისთვის ესიამოვნებინა. ასეთი თხოვნის გამო მოსე უდიდესი პატივით დააჯილდოვა იეჰოვამ, როცა გამოეცხადა მას და თავისი სახელის მნიშვნელობა აუხსნა (გამოსვლა 33:19; 34:5—7).
დღესაც წყნარი ოკეანის რეგიონში იეჰოვას ათასობით მოწმე იყენებს პირველი მისიონერების მიერ თარგმნილ ბიბლიებს, რათა გულწრფელ ადამიანებს დაეხმარონ, გაიგონ არა მხოლოდ იეჰოვას სახელის მნიშვნელობა, არამედ ისიც, თუ რას მოითხოვს ღმერთი მათგან, ვინც თაყვანს სცემს მას „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23, 24). დიახ, იეჰოვას სახელი განდიდებულია „ზღვის კუნძულებზე“. აქ მცხოვრებთაგან ათასები ღვთის დიდებულ სახელზე ამყარებენ იმედს (ესაია 24:15; 42:12; 51:5; იგავები 18:10).
[სურათი 12 გვერდზე]
წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებნი, რომლებმაც ღვთის სახელი ქრისტიანული სამყაროს პირველი მისიონერებისგან გაიგეს, სხვებს აცნობდნენ მას.
[საავტორო უფლება]
Palm tree and photo at left: From the book Gems From the Coral Islands
[სურათი 13 გვერდზე]
ჯონ უილიამზი.
[საავტორო უფლება]
Culver Pictures
[სურათი 13 გვერდზე]
პაპეიჰა.
[საავტორო უფლება]
Courtesy Institute of Pacific Studies, from Mission Life in the Islands of the Pacific, by Aaron Buzacott
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ღვთის სახელს მსოფლიოს ხალხებს აცნობენ.