რამდენად დიდია საშიშროება?
რამდენად დიდია საშიშროება?
სამი კვირის ჩვილ გოგონას, ჰოლი მულინს, 1997 წლის ოქტომბერში ინფექციის გამო ყურში ანთებითი პროცესი განუვითარდა. რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამიტომ, ექიმმა მას თანამედროვე ანტიბიოტიკი დაუნიშნა. დაავადება წესით ადვილად უნდა განკურნებულიყო. . . მაგრამ პატარას კვლავ შემოუბრუნდა ინფექცია და იგივე მეორდებოდა ანტიბიოტიკებით მკურნალობის ყოველი კურსის გავლის შემდეგ.
ერთი წლის სანამ გახდებოდა, პატარა ჰოლის სხვადასხვა სახის 17 ანტიბიოტიკით უმკურნალეს. წლისა და 9 თვის ასაკში კი ყველაზე მწვავე ინფექცია შეეყარა. ექიმებმა, როგორც უკანასკნელი იმედი, ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს, რომელიც ვენიდან შეჰყავდათ ორგანიზმში. 14-დღიანი მკურნალობა, როგორც იქნა, წარმატებით დაგვირგვინდა და ბავშვი განიკურნა.
ასეთი შემთხვევები ბოლო დროს ძალიან გახშირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი გართულებები მხოლოდ ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის როდი შეინიშნება. ნებისმიერი ასაკის ადამიანები სნეულდებიან და ზოგჯერ იღუპებიან კიდეც ისეთი ინფექციებით, რომლებიც უწინ ადვილად იკურნებოდა ანტიბიოტიკებით. მიკრობებმა, რომლებმაც ანტიბიოტიკების შემოტევას გაუძლეს, ზოგიერთ სამკურნალო დაწესებულებაში ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან შექმნეს სერიოზული პრობლემები. მოგვიანებით კი, 60—70-იან წლებში, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მიკრობები საავადმყოფოს გარეთ, საზოგადოებაშიც გავრცელდა.
დროთა განმავლობაში მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ წამლებისადმი გამძლე მიკრობთა გავრცელების უმთავრესი მიზეზი ადამიანებისა და ცხოველების სამკურნალოდ ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენება იყო. 1978 წელს ერთმა მედმუშაკმა ანტიბიოტიკების გადამეტებულ გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშნა, რომ ეს პროცესი „უმართავი გახდა და კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა“. 90-იანი წლებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში იხილავდით მსგავს სათაურებს: „ფრთხილად, სუპერმიკრობები!“, „სუპერმიკრობები მსოფლიოს იპყრობენ!“, „საშიში წამლები — ანტიბიოტიკების ბოროტად გამოყენება სუპერმიკრობების გამრავლებას იწვევს“.
მხოლოდ სენსაციის მოხდენის მიზნით იყო ეს სათაურები შერჩეული? ცნობილი სამედიცინო ორგანიზაციების თანახმად, მსგავსი ფორმულირებები სულაც არ იყო გაზვიადება. აი, რა თქვა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) გენერალურმა დირექტორმა ინფექციური დაავადებების 2000 წლის ანგარიშში: „ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე კაცობრიობა კიდევ ერთი კრიზისის წინაშე დადგა. უწინ განკურნებადმა დაავადებებმა . . . ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი შეუვალობა გამოიმუშავეს და ახლა აუღებელ ციხესიმაგრედ იქცნენ“.
რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა? „[წამლებისადმი რეზისტენტული მიკრობების] საგანგაშო გავრცელება ლამის ყველა გზას გვიჭრის და ინფექციური დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობას გვისპობს“, — იტყობინებოდა ჯდმო. ზოგიერთი სპეციალისტი იმასაც კი ამბობს, რომ კაცობრიობა უბრუნდება „ანტიბიოტიკამდელ“ ეპოქას, როცა არანაირი ანტიბიოტიკური პრეპარატი არ არსებობდა ინფექციური სნეულებების განსაკურნავად.
საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ უდიდესი სამედიცინო პროგრესის მიუხედავად რეზისტენტული მიკროორგანიზმები მთელ მსოფლიოში გავრცელდნენ? რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ საკუთარი თავი და სხვები ამ მიკრობებისგან დავიცვათ? გადაიჭრება თუ არა მომავალში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ მიკრობებთან დაკავშირებული პრობლემა და თუ გადაიჭრება, როგორ? ამ საკითხებზე მომდევნო სტატიებში ვიმსჯელებთ.