რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
აღმოჩენილია ფრინველთა ახალი სახეობები
„1998 წლიდან მოყოლებული სამეცნიერო ჟურნალებში მთლიანობაში [ფრინველების] 28 ახალი სახეობა იყო აღწერილი. გამოკვლევების შედეგად, შესაძლებელია, რომ მსოფლიოში ცნობილ 9 700-ზე მეტ სახეობას კიდევ უფრო მეტი სახეობა დაემატოს“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „ინდეპენდენტში“. როგორც ჟურნალ „ფრინველთა სამყაროს“ რედაქტორი სტივ განტლეტი ამბობს, „მრავალი ასეთი აღმოჩენა იმის შედეგია, რომ დღესდღეობით გაცილებით ადვილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩასვლა — ორნითოლოგებს შეუძლიათ წავიდნენ ისეთ დაშორებულ ადგილებში, სადაც რამდენიმე ათეული წლის წინათ შეუძლებელი იყო მისვლა“. როგორც ის ამბობს, აღმოჩენები „იმაზეც მიუთითებს, რომ იზრდება მკვლევარების გამოცდილება, რადგან მათ მხოლოდ ხმის საშუალებითაც კი შეუძლიათ სახეობების ამოცნობა, რაც ხშირად უღრან ტროპიკულ ტყეებში ახალი სახეობების აღმოჩენის ერთადერთი საშუალებაა“. მეცნიერების აზრით, მომავალში უფრო მეტი სახეობის აღმოჩენაა შესაძლებელი. ფრინველთა ბუნებრივი არეალის განადგურებამ შესაძლოა საფრთხეში ჩააგდოს მრავალი ახლახან აღმოჩენილი სახეობა, „რადგან მათი პოპულაციები მცირერიცხოვანია და პატარა ტერიტორიებზე ბინადრობენ“, — ნათქვამია გაზეთ „ინდეპენდენტში“.
წონის დაკლება თუ ფულის ფლანგვა?
„2002 წელს ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები დაახლოებით 231 მილიონი ადამიანი იცავდა დიეტას“, — ნათქვამია პარიზში გამომავალ გაზეთ „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში“. მრეწველობის განვითარების მეთვალყურე ჯგუფის, „დეიტამონიტორის“, შეფასების თანახმად, გასულ წელს ევროპელმა დიეტის დამცველებმა 100 მილიარდი დოლარი დახარჯეს გასახდომ საშუალებებში, რაც „მაროკოს მიერ გამომუშავებული შიდა პროდუქციის ღირებულების ეკვივალენტია“. მაგრამ „4 მილიონზე ნაკლები ადამიანი თუ შეინარჩუნებს წონას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, და „50 ევროპელიდან მხოლოდ 1 თუ შეძლებს დაკლებული წონის მუდმივად შენარჩუნებას“, — ნათქვამია გაზეთში. გერმანიაში მცხოვრებმა დიეტის დამცველებმა ყველაზე მეტი ფული, თითქმის 21 მილიარდი დოლარი, დახარჯეს გასახდომ საშუალებებში, ბრიტანელებმა ამ მიზნით 16 მილიარდი გაიღეს, იტალიელებმა — დაახლოებით 15 მილიარდი, ხოლო ფრანგებმა — 14 მილიარდი. „დეიტამონიტორის“ თანახმად, „დიეტის დამცველებს უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ დიეტა დიდხანს ვერ დაიცავს მათ ჭარბი წონისგან“, — ნათქვამია „ტრიბიუნში“.
„მეოთხედი ცხოვრების კრიზისი“
«20-დან 30 წლამდე ასაკი, რომელსაც „ოქროს წლებს“ უწოდებენ, საუკეთესო დრო უნდა იყოს ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებისათვის. სქესობრივი მოწიფულობის ასაკმა განვლო, ხოლო შუახნის ასაკთან დაკავშირებული კრიზისი კი ჯერ კიდევ შორსაა», — ნათქვამია გერმანიაში გამომავალ გაზეთ „გისენერ ალგემაინეში“. ბედნიერი და მშვიდი ცხოვრების ნაცვლად, ამ ახალგაზრდების უმეტესობა პირისპირ დგას ისეთი პრობლემების წინაშე, რასაც სპეციალისტები „მეოთხედი ცხოვრების კრიზისს“ უწოდებენ. ამ სიტყვებში სპეციალისტები „გულისხმობენ პიროვნების თავისებურ კრიზისს, რომელსაც ახალგაზრდები განათლების მიღების შემდეგ განიცდიან; ისინი საკუთარ ადგილს ეძებენ ცხოვრებაში და იმის გადაწყვეტა უწევთ, თუ რა გზას დაადგნენ“, — ნათქვამია გაზეთში. მანჰაიმელი (გერმანია) ფსიქოლოგი კრისტიანე პაპასტეფანუ ამბობს, რომ ბოლო წლებში სოციალურ წინსვლა-განვითარებასთან ერთად მომავლის შიშმაც იმატა. ზოგიერთ ახალგაზრდას არასწორი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, რადგან დღესდღეობით პროფესიის მხრივ დიდი არჩევანი არსებობს და თანამედროვე მსოფლიო მათ ცხოვრების მრავალგვარ სტილს სთავაზობს. პაპასტეფანუს აზრით, რომლის სიტყვებიც ზემოხსენებულ გაზეთშია მოყვანილი, მიღებული გადაწყვეტილებები სულაც არ არის საბოლოო და არაფერია ცუდი იმაში, რომ „ცხოვრებაში სხვადასხვა გზა მოსინჯო“.
ახალი ტექნიკა გაცდენების წინააღმდეგ
„ახალი ტექნიკა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ტექსტური შეტყობინება გაუგზავნონ მშობლებს, როცა მოსწავლეები აცდენენ გაკვეთილებს“, — ნათქვამია ესპანეთში გამომავალ გაზეთ „პაისის“ ინგლისურ გამოცემაში. ესპანეთის 200 სკოლაში სპეციალური კომპიუტერული სისტემა დაამონტაჟეს, რამაც მასწავლებლებს საშუალება მისცა, მოსწავლეთა გაცდენების, გამოცდებისა და მათი ყოფაქცევის შედეგების შესახებ ემცნოთ მშობლებისთვის. მასწავლებლები ჯიბის კალკულატორის ზომის ხელსაწყოს საშუალებით ყოველ დილით ამოწმებენ მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრებას. შემდეგ ამ მოწყობილობას უერთებენ მთავარ კომპიუტერს, რომლის საშუალებითაც ხდება მონაცემების დამუშავება. „ზოგჯერ ტექსტური შეტყობინება ავტომატურად გადაეცემათ მშობლებს მობილურ ტელეფონებზე“, — ნათქვამია გაზეთში. ასეთი ტექნიკის წყალობით, გაცდენები, რომლებიც ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა, ახლა უკვე ფიქსირდება. როგორც „პაისის“ ესპანურ გამოცემაშია ნათქვამი, კიდევ 400 სკოლაა დაინტერესებული ასეთი კომპიუტერული სისტემის გამოყენებით.