არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რეზისტენტული მიკრობები როგორ გადმოდიან შეტევაზე?

რეზისტენტული მიკრობები როგორ გადმოდიან შეტევაზე?

რეზისტენტული მიკრობები როგორ გადმოდიან შეტევაზე?

ვირუსები, ბაქტერიები, უმარტივესები, სოკოები და სხვა მიკროორგანიზმები, როგორც ჩანს, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის დღიდანვე არსებობენ. ეს ყველაზე პრიმიტიული ქმნილებები გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომაა, რომ ისინი შესანიშნავად ეგუებიან ისეთ გარემო პირობებს, სადაც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპებოდა. ისინი გვხვდებიან როგორც ოკეანის ფსკერზე არსებულ მდუღარე ჰიდროთერმულ ნაკადებში, ისე არქტიკის ყინულოვან წყლებში. დღეს კი ეს მიკრობები მათ წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მძლავრ იარაღსაც — ანტიმიკრობულ პრეპარატებსაც — უვნებლები უსხლტებიან.

ასი წლის წინათ ხალხმა იცოდა, რომ ზოგი მიკრობი დაავადებას იწვევდა, მაგრამ ანტიმიკრობულ მედიკამენტებზე იმხანად არავის სმენოდა. ამიტომ, თუ ვინმეს სერიოზული ინფექციური დაავადება შეეყრებოდა, მორალური მხარდაჭერის გარდა ექიმებს ბევრი ვერაფრის შეთავაზება შეეძლოთ. ადამიანი თავისი იმუნიტეტის იმედზე რჩებოდა. ინფექციას იმუნური სისტემა უნდა გამკლავებოდა, ხოლო თუ ის სუსტი აღმოჩნდებოდა, ბრძოლა ხშირად ტრაგიკული შედეგით მთავრდებოდა. მიკრობებით დაინფიცირებული უმნიშვნელო განაკაწრიც კი ძალიან ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდებოდა.

ასე რომ, პირველი უსაფრთხო ანტიმიკრობული პრეპარატების — ანტიბიოტიკების — აღმოჩენა ნამდვილი რევოლუცია იყო მედიცინაში *. XX საუკუნის 30-იან წლებში სულფანილამიდური პრეპარატების, ხოლო 40-იან წლებში პენიცილინისა და სტრეპტომიცინის გამოყენება დაიწყეს სამკურნალო მიზნით, რასაც მომდევნო ათწლეულებში სხვა არნახული აღმოჩენები მოჰყვა. 90-იანი წლებისთვის მედიკოსთა „არსენალში“ 15 კატეგორიად დაჯგუფებული 150 სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის ანტიბიოტიკური ნაერთი იყო.

გაცრუებული იმედი

50—60-იანი წლებისთვის ზოგი უკვე ზეიმობდა ინფექციურ დაავადებებზე გამარჯვებას. ზოგიერთი მიკრობიოლოგი დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი სნეულებები და მათთან დაკავშირებული კოშმარი მალე ჩაჰბარდებოდა წარსულს. როგორც შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელმა 1969 წელს კონგრესის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, კაცობრიობა ახლო მომავალში „დახურავდა ინფექციური დაავადებების მატიანეს“. ნობელის პრემიის ლაურეატმა მაკფარლან ბერნეტმა და დეივიდ უაიტმა 1972 წელს დაწერეს: „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ინფექციურ დაავადებებს მომავალი არა აქვს“. დიახ, ბევრი ფიქრობდა, რომ მსგავსი დაავადებები საერთოდ აღმოიფხვრებოდა.

ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ინფექციური დაავადებები ისტორიის კუთვნილება გახდა, რამაც თავდაჯერებულობის „სინდრომის“ საყოველთაო გავრცელება გამოიწვია. ერთმა მედდამ, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რა სახიფათონი იყვნენ მიკრობები ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე, შენიშნა, რომ ზოგიერთ ახალგაზრდა მედდას დაუდევრობა დასჩემდა და ჰიგიენის ელემენტარულ წესებსაც კი უგულებელყოფდა. როცა ის შეახსენებდა, ხელები დაებანათ, ისინი ყოველთვის ასე პასუხობდნენ: „ნუ ნერვიულობ, ახლა ჩვენ ანტიბიოტიკები გვაქვს“.

ანტიბიოტიკებით გატაცებამ და მათმა ბოროტად გამოყენებამ დამღუპველი შედეგები მოიტანა. ინფექციური დაავადებები არათუ აღმოიფხვრა, არამედ უფრო მეტიც — მათ ახალი ძალებით შემოუტიეს კაცობრიობას და მსოფლიოში სიკვდილიანობის უპირველეს მიზეზად იქცნენ! აი, სხვა ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუწყო ინფექციური დაავადებების გავრცელებას: ომი და მისით გამოწვეული ქაოსი, განვითარებად ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული არასრულფასოვანი კვება, სუფთა წყლის ნაკლებობა, ცუდი სანიტარული პირობები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა და გლობალური კლიმატური ცვლილებები.

რეზისტენტული ბაქტერიები

ბევრი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პრიმიტიული მიკრობები მთელ მსოფლიოს გაუჩენდნენ თავსატეხს. თუმცა იმის წინასწარ განჭვრეტა, რომ მიკროორგანიზმები წამლებისადმი რეზისტენტულები გახდებოდნენ, ძნელი სულაც არ უნდა ყოფილიყო. რატომ? თუ წარსულს გადავავლებთ თვალს, ყველაფერი გასაგები გახდება. მოდი დავუფიქრდეთ, როგორ წარმოიშვა მსგავსი პრობლემა 40-იანი წლების შუა ხანებში, როცა ინსექტიციდ დიქლორდიფენილტრიქლორეთანის (დდტ) გამოყენება დაიწყეს *. ძროხის ფერმების მეპატრონეები სიხარულისგან ცას ეწივნენ — დდტ-ს შესხურებამ თითქმის მთლიანად გაწყვიტა ბუზები. მაგრამ ბუზების ნაწილი გადარჩა და მათმა მომყოლმა თაობამ იმუნიტეტი გამოიმუშავა დდტ-ს მიმართ. მალე ამ ბუზებმა, რომლებსაც დდტ ვეღარაფერს აკლებდა, უსაშველოდ დაიწყეს გამრავლება.

ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დდტ-ს გამოიყენებდნენ და აფთიაქებში 1944 წლიდან პენიცილინის გაყიდვას დაიწყებდნენ, უკვე ცხადი გახდა, რა საოცარი თავდაცვითი მექანიზმებით იყვნენ აღჭურვილნი პათოგენური ბაქტერიები. ეს თავისებურება პენიცილინის აღმომჩენმა, დრ-მა ალეგზანდერ ფლემინგმა შენიშნა. თავის ლაბორატორიაში იგი აკვირდებოდა, თუ როგორ უმკვრივდებოდათ ბაქტერია Staphylococcus aureus-ის (სტაფილოკოკის ჰოსპიტალური შტამი) მომდევნო ახალ-ახალ თაობებს უჯრედის გარსი, რომლის გარღვევაც მის მიერ აღმოჩენილ წამალს უფრო და უფრო უჭირდა.

ამ დაკვირვებების საფუძველზე დრ-მა ფლემინგმა დაახლოებით 60 წლის წინ იწინასწარმეტყველა, რომ დაინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში არსებული პათოგენური ბაქტერიები შეიძლება პენიცილინის მიმართ შეუვალნი გამხდარიყვნენ. ამრიგად, თუ პენიცილინის გარკვეული დოზა დაავადების გამომწვევი ბაქტერიების საჭირო რაოდენობას ვერ მოსპობდა, მაშინ ამ ბაქტერიების ახალი, რეზისტენტული თაობა შეუფერხებლად დაიწყებდა გამრავლებას. შედეგად კი, დაავადება, რომელიც პენიცილინმა ვერ შეაჩერა, კვლავ თავს იჩენდა.

წიგნში „ანტიბიოტიკური პარადოქსი“ ვკითხულობთ: „ფლემინგის პროგნოზი გამართლდა — თანაც ისეთი სიმძაფრითა და მასშტაბებით, რომ თავადაც ვერ წარმოიდგენდა“. საინტერესოა, რა მოხდა? აღმოჩნდა, რომ ბაქტერიების ზოგიერთი კულტურის გენები — ანუ მათსავე დნმ-ში არსებული ერთი ბეწო სქემები — გამოიმუშავებენ ფერმენტებს, რომლებიც თრგუნავენ პენიცილინის მოქმედებას. ამიტომაა, რომ პენიცილინით მკურნალობის ინტენსიური კურსებიც კი ხშირად უნაყოფოა. აღმოჩენა მართლაც რომ თავზარდამცემი იყო!

ინფექციური დაავადებები რომ დაემარცხებინათ, XX საუკუნის 40—70-იან წლებში მედიკოსები სისტემატურად მუშაობდნენ ახალი ანტიბიოტიკების გამოგონებაზე. ანტიბიოტიკების გარკვეული რაოდენობა 80—90-იან წლებშიც დაამზადეს. ახალ პრეპარატებს იმ ბაქტერიების მოსპობა შეეძლოთ, რომლებიც უწინდელი წამლებისადმი რეზისტენტულები იყვნენ. რამდენიმე წელიწადში კი ბაქტერიების ახალი შტამები გამოჩდნენ — მათ ამ ახალი ანტიბიოტიკებისადმიც შეიძინეს შეუვალობა.

როგორც აღმოჩნდა, ბაქტერიებს წინააღმდეგობის გაწევის მრავალი გასაოცარი და მარჯვე ხერხი აქვთ. თავდაცვითი მექანიზმები საშუალებას აძლევს ბაქტერიებს, ანტიბიოტიკებისათვის შეუღწევადი გახადონ უჯრედის გარსი ან ისე შეიცვალონ უჯრედის შიდა ქიმიური სტრუქტურა, რომ ანტიბიოტიკებმა ვეღარაფერი ავნონ. გარდა ამისა, ბაქტერიას ზოგჯერ ანტიბიოტიკის შემოჭრისთანავე შეუძლია მისი უკან გაძევება ან მისი დაშლა და გაუვნებლება.

რაც უფრო ფართოდ დაიწყეს ანტიბიოტიკების გამოყენება, ბაქტერიების რეზისტენტული შტამებიც მით უფრო გამრავლდნენ და გავრცელდნენ. ნუთუ სრული კრახით დასრულდა ანტიბიოტიკების ეპოქა? არა, როგორც ამას შემთხვევათა უმრავლესობა აჩვენებს. თუ ერთი ანტიბიოტიკი არაეფექტური აღმოჩნდა რომელიმე ინფექციასთან ბრძოლაში, სხვა, ჩვეულებრივ, ამარცხებს მას. ბაქტერიების რეზისტენტულობამ დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს, მაგრამ ეს მოვლენა უკანასკნელ ხანებამდე, ჩვეულებრივ, კონტროლირებადი იყო.

მულტირეზისტენტული ბაქტერიები

მეცნიერებს შიშის ზარი დასცა მოგვიანებით გაკეთებულმა კიდევ ერთმა აღმოჩენამ: ბაქტერიები თურმე ერთმანეთს უცვლიან გენებს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ გენების ურთიერთგაცვლა მხოლოდ ერთი და იმავე სახეობის ბაქტერიებს შეეძლოთ, მაგრამ მოგვიანებით აბსოლუტურად სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებში სრულიად ერთნაირი რეზისტენტული გენები აღმოაჩინეს. ასეთი ურთიერთგაცვლის საშუალებით სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებმა მრავალი თანამედროვე პრეპარატისადმი განივითარეს რეზისტენტობა.

უფრო უარესიც: 90-იან წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ზოგიერთი ბაქტერია თავისით ივითარებს წამლებისადმი გამძლეობას. საკმარისია ერთმა ანტიბიოტიკმა შეუტიოს, რომ ზოგიერთი ტიპის ბაქტერია ერთბაშად მრავალი — როგორც ბუნებრივი, ისე სინთეზური — ანტიბიოტიკისადმი ხდება რეზისტენტული.

პირქუში მომავალი

ადამიანთა უმრავლესობას დღეს კვლავაც კურნავს ანტიბიოტიკების უდიდესი ნაწილი, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება ასეთი მკურნალობა მომავალში? წიგნში „ანტიბიოტიკური პარადოქსი“ ნათქვამია: „აღარ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას პირველივე დანიშნული ანტიბიოტიკით განვკურნავთ“. წიგნი დასძენს: „მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ანტიბიოტიკების შეზღუდული მარაგის არსებობა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იქ არსებული არც ერთი ანტიბიოტიკი არ იქნება ეფექტური . . . ადამიანები ავადდებიან და კვდებიან ისეთი ინფექციებით, რომელთა შესახებაც 50 წლის წინ ზოგი დარწმუნებით ამბობდა, ეს სნეულებები სავსებით აღმოიფხვრებაო“.

ბაქტერიები ერთადერთი მიკრობები როდი არიან, რომლებმაც წამლების მიმართ შეუვალობა გამოიმუშავეს. ვირუსები, სოკოები და სხვა მიკროსკოპული პარაზიტებიც საკვირველ შემგუებლობას ამჟღავნებენ. მათგან ვითარდებიან ახალი საშიში შტამები, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მეცნიერების მიერ ახალი ანტიმიკრობული პრეპარატების აღმოსაჩენად და დასამზადებლად მიმართული ძალისხმევა უნაყოფო აღმოჩნდება.

მაშ, რა არის გამოსავალი? შესაძლებელია თუ არა წამლებისადმი რეზისტენტობის აღმოფხვრა ან, სხვა თუ არაფერი, სიტუაციის გაკონტროლება? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების მიერ მოპოვებული გამარჯვებები შევინარჩუნოთ ჩვენს მსოფლიოში, სადაც ინფექციური დაავადებები სულ უფრო მეტ ადამიანს ტანჯავს?

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ანტიბიოტიკებს, როგორც წესი, უწოდებენ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ბაქტერიების სასიცოცხლო ფუნქციებს თრგუნავს. „ანტიმიკრობული პრეპარატი“ უფრო ზოგადი ტერმინია. იგი მოიცავს ნებისმიერ წამალს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკრობებს ებრძვის — იქნება ეს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები თუ უმარტივესი პარაზიტები.

^ აბზ. 10 ინსექტიციდებს, ისევე როგორც წამლებს, მომწამლავი თვისებები აქვთ. მათ შეუძლიათ სარგებლობაც მოიტანონ და ზიანიც. მაგალითად, ანტიბიოტიკები მავნე მიკრობებს ანადგურებენ, მაგრამ ისინი სასარგებლო ბაქტერიებსაც სპობენ.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

რა არის ანტიმიკრობული პრეპარატები?

ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკი განეკუთვნება მედიკამენტების იმ კატეგორიას, რომელსაც ანტიმიკრობულ პრეპარატებს უწოდებენ. მათ კი, თავის მხრივ, აერთიანებს ზოგადი სახელწოდება — „ქიმიოთერაპია“, რაც ამა თუ იმ დაავადების ქიმიური ნივთიერებებით მკურნალობას ნიშნავს. თუმცა „ქიმიოთერაპიას“ ხშირად სიმსივნის მკურნალობას უკავშირებენ, ამ ტერმინში როგორც თავდაპირველად, ისე ახლა ინფექციური დაავადებების მკურნალობა იგულისხმება. ასეთ მკურნალობას უფრო კონკრეტულად ანტიმიკრობულ ქიმიოთერაპიას უწოდებენ.

მიკრობები ანუ მიკროორგანიზმები იმდენად მცირე ორგანიზმები არიან, რომ მათი დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება. ანტიმიკრობული პრეპარატები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ანადგურებს ან თრგუნავს დაავადების გამომწვევ მიკრობებს. ანტიმიკრობულ პრეპარატებს, სამწუხაროდ, სასარგებლო მიკრობების მოსპობაც შეუძლიათ.

1941 წელს ზელმან ვაქსმანმა თანამშრომლებთან ერთად სტრეპტომიცინი აღმოაჩინა. ტერმინი „ანტიბიოტიკი“ პირველად მან უწოდა ანტიბაქტერიალურ პრეპარატებს, რომლებსაც მიკროორგანიზმთა კულტურებიდან ღებულობენ. ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული საშუალებები მეტად ძვირფასი მედიკამენტებია იმ მოსაზრებით, რომ მათ შერჩევითი ტოქსიკურობა ახასიათებთ. შერჩევითობა გულისხმობს შემდეგს: ეს პრეპარატები ისეთნაირად ახერხებენ პათოგენური მიკრობების დათრგუნვას, რომ სერიოზულ ზიანს არ აყენებენ ადამიანის ორგანიზმს.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი ანტიბიოტიკი მეტნაკლებად მაინც საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის. კოეფიციენტს, რომელიც უჩვენებს, თუ რამდენად დამღუპველად მოქმედებს პრეპარატის ესა თუ ის დოზა მიკრობებზე და ამავდროულად რამდენად საზიანოა ის ადამიანისთვის, თერაპიული ინდექსი ეწოდება. რაც უფრო დიდია ინდექსი, მით უფრო უსაფრთხოა წამალი, ხოლო რაც უფრო პატარაა — მით უფრო საშიში. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ანტიბიოტიკური მოქმედების ნივთიერება აღმოაჩინეს, ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმისადმი მეტისმეტი ტოქსიკურობის გამო მედიცინაში უმეტესობის გამოყენება შეუძლებელია.

პირველი დასალევი ბუნებრივი ანტიბიოტიკი იყო პენიცილინი. იგი ობის სოკოს ერთ-ერთი სახეობიდან (Penicillium notatum) მიიღეს. პენიცილინის შიგავენური გამოყენება 1941 წლიდან დაიწყეს. მალევე ამის შემდეგ, 1943 წელს, ნიადაგის ბაქტერიების კულტურიდან (Streptomyces griseus) სტრეპტომიცინი გამოყვეს. დროთა განმავლობაში უამრავი სხვა ანტიბიოტიკი მიიღეს — ზოგი ცოცხალი ორგანიზმებიდან და ზოგიც სინთეტიკური გზით. მაგრამ ბაქტერიებმა და სხვა მიკრობებმა მრავალი მათგანისადმი რეზისტენტობა გამოიმუშავეს, რამაც გლობალური პრობლემა შექმნა ჯანდაცვის სფეროში.

[სურათი]

ობის სოკოების კოლონია (მოჩანს ლამბაქის ძირში), რომლისგანაც პენიცილინს ღებულობენ, თრგუნავს ბაქტერიის განვითარებას.

[საავტორო უფლება]

Christine L. Case/Skyline College

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

მიკრობთა სახეობები

ვირუსები ყველაზე პატარა მიკროორგანიზმები არიან. სწორედ ისინი იწვევენ ფართოდ გავრცელებულ ისეთ ინფექციურ დაავადებებს, როგორიცაა სურდო, გრიპი და ფარინგიტი. ვირუსები იწვევენ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებსაც. ესენია, მაგალითად, პოლიომიელიტი, ებოლას ცხელება და შიდსი.

ბაქტერიები ერთუჯრედიანი, იმდენად პრიმიტიული ორგანიზმები არიან, რომ მათ არა აქვთ ბირთვი და, როგორც წესი, მხოლოდ ერთ ქრომოსომას შეიცავენ. ჩვენს ორგანიზმში, უმეტესწილად კი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ტრილიონობით ბაქტერია ბინადრობს. მათი დახმარებით ხდება საჭმლის მონელება და სწორედ ისინი არიან სისხლის შედედებისთვის აუცილებელი ვიტამინ K-ს უმთავრესი წყარო.

ცნობილია ბაქტერიების დაახლოებით 4 600 სახეობა. აქედან მხოლოდ 300-მდე მათგანს მიიჩნევენ პათოგენურად ანუ დაავადებების გამომწვევად, მაგრამ მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს ისინი უამრავი ინფექციით აავადებენ. ადამიანებში ბაქტერიები იწვევენ ისეთ სნეულებებს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ქოლერა, დიფთერია, ციმბირის წყლული, კბილების დაშლა, სხვადასხვა სახის პნევმონია და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

უმარტივესები ბაქტერიების მსგავსად ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან, მაგრამ მათ, სულ მცირე, ერთი ბირთვი მაინც აქვთ. მათ რიცხვს განეკუთვნებიან ამებები, ტრიპანოსომები და მალარიის გამომწვევი პარაზიტები. ცოცხალი ორგანიზმების დაახლოებით ერთი მესამედი პარაზიტები არიან (მოიცავს 10 000-მდე სახეობას), მაგრამ ადამიანებს მხოლოდ რამდენიმე მათგანი აავადებს.

სოკოები არიან ერთბირთვიანი ორგანიზმები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ძაფნაირი, დატოტვილი სხეული. დაავადებების გამოწვევა სოკოებსაც შეუძლიათ. ყველაზე ხშირად ადამიანებს ისინი ასნეულებენ დერმატომიკოზით, რომელსაც განეკუთვნება ტერფების ეპიდერმოფიტია და კანდიდამიკოზი. სერიოზული სოკოვანი დაავადებები, როგორც წესი, ტანჯავს იმ ადამიანებს, რომელთა ორგანიზმის თავდაცვითი უნარი დასუსტებულია ცუდი კვების, ონკოლოგიური დაავადების, სხვადასხვა წამლების მიღებისა და ვირუსული ინფექციების გამო, რაც მკვეთრად აქვეითებს იმუნიტეტს.

[სურათები]

ებოლას ცხელების ვირუსი.

ბაქტერია Staphylococcus aureus.

უმარტივესი Giardia lamblia.

დერმატომიკოზური სოკო.

[საავტორო უფლებები]

CDC/C. Goldsmith

CDC/Janice Carr

Courtesy Dr. Arturo Gonzáles Robles, CINVESTAV, I.P.N. México

© Bristol Biomedical Image Archive, University of Bristol

[სურათი 4 გვერდზე]

ალეგზანდერ ფლემინგი, პენიცილინის აღმომჩენი.