არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა ოჯახის წევრები და ნათესავები არ იზიარებენ თქვენს რწმენას

როცა ოჯახის წევრები და ნათესავები არ იზიარებენ თქვენს რწმენას

ბიბლიის თვალსაზრისი

როცა ოჯახის წევრები და ნათესავები არ იზიარებენ თქვენს რწმენას

ერთი შეფასების თანახმად, მსოფლიოში 10 000-ზე მეტი რელიგია და სექტა არსებობს. ერთ ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 16 პროცენტმა შეიცვალა რელიგია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ რელიგიური მრწამსის გამო ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის უთანხმოება იჩენს ხოლმე თავს. ზოგჯერ ამას დაძაბული ურთიერთობები მოჰყვება. ამიტომაც იბადება კითხვა: როგორ უნდა მოეპყრონ ქრისტიანები ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, რომლებიც არ იზიარებენ მათ რწმენას?

განსაკუთრებული ურთიერთობა

განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია მშობლებსა და შვილებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე. გამოსვლის 20:12-ში მოცემული მცნება „პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს“ ყველა ასაკის ადამიანს ეხება. როგორც მათეს 15:4—6 მუხლებში ვკითხულობთ, იესო მსჯელობდა ზემოთ აღნიშნულ მცნებაზე და აშკარად იმ პატივისცემაზე ლაპარაკობდა, რომელსაც ზრდასრული შვილები უნდა ავლენდნენ მშობლებისადმი.

ბიბლიის წიგნი „იგავები“ გვაფრთხილებს, რომ უპატივცემულობა არ გამოვავლინოთ მშობლების მიმართ. იგავების 23:22-ში ნათქვამია: „აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი“. იგავების 19:26 კი ხაზგასმით ამბობს: „ვინც მამაზე ძალმომრეობს და დედას დევნის, იგი უტიფარი და მარცხვენალი შვილია“ (სსგ).

საღვთო წერილიდან ნათლად ჩანს, რომ არ უნდა უგულებელვყოთ მშობლები. და თუ მშობლები არ იზიარებენ ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათთან კავშირი უნდა გავწყვიტოთ. ეს ბიბლიური პრინციპები გამოიყენება აგრეთვე სისხლით ნათესავებსა და ცხოვრების თანამგზავრთან ურთიერთობაშიც. ცხადია, ქრისტიანები ვალდებულნი არიან როგორც მორალურად, ისე ბიბლიის თანახმად, რომ ნათესავები უყვარდეთ.

კეთილგონიერება მნიშვნელოვანია

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლია გვაფრთხილებს ცუდი საზოგადოების გავლენასთან დაკავშირებით, ხოლო ცუდი ზეგავლენა ოჯახის წევრების მხრიდანაც შეიძლება მოდიოდეს (1 კორინთელთა 15:33). მიუხედავად იმისა, რომ მშობლები არ იზიარებდნენ მათ შეხედულებებს, წარსულში მცხოვრებ ღვთის ბევრ ერთგულ მსახურს სწორი პოზიცია ჰქონდა. ეს კარგად ჩანს კორახის ძეების მაგალითიდან (რიცხვნი 16:32, 33; 26:10, 11). ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა მიდიოდნენ დათმობაზე, რათა ასიამოვნონ სხვებს, თუნდაც საკუთარ ნათესავებს (საქმეები 5:29).

ზოგჯერ მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები ძლიერ ეწინააღმდეგებიან ქრისტიანის მრწამსს. ზოგიერთი, შესაძლოა, ჭეშმარიტი რელიგიის მტერიც კი გახდეს. ასეთ დროს ქრისტიანები გონივრულ ნაბიჯებს დგამენ, რათა თავიანთი სულიერობა დაიცვან. იესომ მართებულად შენიშნა: „კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი“ (მათე 10:36, 37).

უმეტეს შემთხვევაში, ქრისტიანებს არ უწევთ მწვავე წინააღმდეგობების ატანა ოჯახის წევრების მხრიდან. ხშირად ისინი მხოლოდ ბიბლიურ სწავლებებს არ იზიარებენ. ბიბლია მოუწოდებს ქრისტეს მიმდევრებს, რომ „სიმშვიდითა“ და „მოწიწებით“ მოეპყრონ მათ, ვინც არ იზიარებს მათ რწმენას (2 ტიმოთე 2:25; 1 პეტრე 3:15). ბიბლია მართებულად გვირჩევს: „მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ წყნარი უნდა იყოს ყველას მიმართ“ (2 ტიმოთე 2:24). პავლე მოციქულმა ქრისტიანებს ასევე ურჩია, რომ «არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი [„კეთილგონიერნი“, აქ], იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ» (ტიტე 3:2).

შეინარჩუნეთ ურთიერთობა და გამოავლინეთ სიყვარული

საღვთო წერილი 1 პეტრეს 2:12-ში ქრისტიანებს მოუწოდებს: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა . . . დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“. ხშირად, ოჯახის წევრები, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს მრწამსს, ხედავენ, თუ რა ცვლილებებს ახდენს ბიბლია ჩვენს ცხოვრებაში. გახსოვდეთ, ბევრმა, ვინც ადრე გულგრილობას იჩენდა ან ეწინააღმდეგებოდა კიდეც ბიბლიურ ჭეშმარიტებას, აზრი შეიცვალა. შესაძლოა, ზოგი მრავალი წელი აკვირდებოდა ცხოვრების თანამგზავრის ან შვილის კარგ საქციელს, რომ დაენახა, თუ რა იდგა ასეთი მოქმედების უკან. და თუ ადამიანები არ იზიარებენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, ამის მიზეზი არ უნდა იყოს ის, რომ ისინი ქრისტიანმა ნათესავმა უგულებელყო.

რასაკვირველია, ყველას სხვადასხვა ვითარებაში უწევს ცხოვრება; ზოგიერთი ქრისტიანი მშობლებისგან მოშორებით ცხოვრობს. შესაძლოა, მათი ისე ხშირად მონახულება, როგორც ჩვენ გვსურს, შეუძლებელი იყოს. მაგრამ წერილების მიწერით, სატელეფონო კავშირითა თუ სხვა საშუალებებით რეგულარული ურთიერთობის შენარჩუნება დაარწმუნებს მათ ჩვენს სიყვარულში. მრავალს, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანი არ არის, უყვარს მშობლები და ნათესავები და, რელიგიური მრწამსის მიუხედავად, რეგულარული ურთიერთობა აქვთ მათთან. ნუთუ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა მოიქცნენ ასე?

[სურათი 28 გვერდზე]

ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შენარჩუნება დაარწმუნებს მათ ჩვენს სიყვარულში.