უდიდესი თესლი მსოფლიოში
უდიდესი თესლი მსოფლიოში
მრავალი წლის წინათ ადამიანთა ყურადღება მიიპყრო უჩვეულო სიდიდის თესლმა, რომელიც ზღვის ტალღებმა ინდონეზიის არქიპელაგისა და მალდივის კუნძულების ნაპირებზე გამორიყა. თესლის წარმოშობის შესახებ სხვადასხვაგვარი მითი გავრცელდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ის რომელიმე წყალქვეშა ხის თესლი იყო. აქედან გამომდინარე, თესლს „კოკო-დე-მერი“ ანუ ზღვის ქოქოსი უწოდეს. ბევრს იმისაც კი სჯეროდა, რომ თესლი ედემის ბაღში დარგული იმ აკრძალული ხის ნაყოფი იყო, რომელიც ადამმა იგემა. საბოლოოდ, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, თესლის წარმოშობის ისტორიას ფარდა აეხადა. ეს იდუმალებით მოცული თესლი პალმის ხის მონათესავე აღმოჩნდა და ბუნებრივად მხოლოდ ინდოეთის ოკეანეში მდებარე სეიშელის კუნძულებზე იზრდება.
„კოკო-დე-მერი“ (სეიშელის პალმა) უდიდესი რაოდენობით გვხვდება კუნძულ პრასლენზე, ვალე-დე-მეს ხეობაში. პალმის ეს სახეობა 30 მეტრამდე იზრდება და ასობით წელი ცოცხლობს. ეს პალმა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ორსახლიანი მცენარეა; მას მდედრობითი და მამრობითი ყვავილედები ცალ-ცალკე ხეებზე გამოაქვს. მდედრობითმა ყვავილედმა რომ ნაყოფი გამოიღოს, მამრობითი პალმიდან უნდა დაიმტვეროს. ამიტომ, ეს ჯიშები რომ არ გადაშენდეს, საჭიროა ორივე სქესის ზრდადასრულებული ხეების არსებობა.
ნაყოფი, რომელიც სეიშელის პალმის მდედრობით ყვავილედს გამოაქვს, მართლაც რომ უნიკალურია. ხეზე ის უზარმაზარ, მწვანე გულს მოგვაგონებს. შიგნით კი ვეებერთელა ორგულა თესლი აქვს, რომელიც შეიძლება 20 კილოგრამს იწონიდეს. ზოგ ნაყოფს ერთზე მეტი თესლი აქვს. სულაც არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი თესლის გამო სეიშელის პალმა „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში“ შევიდა.
ნაყოფის ვეებერთელა მტევნების დანახვისას ადამიანს შიშნარევი მოწიწება უჩნდება შემოქმედების ასეთი სასწაულის გამო. ნაყოფის ქვეშ დგომა საკმაოდ საშიშია. მტევნები შეიძლება 180 კილოგრამს იწონიდეს. თუმცა საოცარია, რომ ჯერჯერობით ნაყოფი არავის დასცემია და მისგან არავინ დაზარალებულა. და მაინც, გონივრულია, ცუდ ამინდში თავი შეიკავოთ ვალე-დე-მეს სტუმრობისგან. უმჯობესია, ამ უჩვეულო ნაყოფის ხილვით კარგ ამინდში დატკბეთ.