არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წყალდიდობასთან ბრძოლა კავკასიაში

წყალდიდობასთან ბრძოლა კავკასიაში

წყალდიდობასთან ბრძოლა კავკასიაში

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის რუსეთიდან

გასულ წელს რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ორ დღეში მოსული ნალექების რაოდენობამ სამი თვის ნორმა შეადგინა. ათეულობით მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა. პატარა ნაკადულებიც კი მძვინვარე ნიაღვრებად გადაიქცა, რომლებიც არაფერს ინდობდნენ თავიანთ გზაზე. მოვარდნილმა წყალმა კაშხლები გაანგრია და სახლები და სხვა ნაგებობები წალეკა. ათასობით ადამიანი მოულოდნელად უსახლკაროდ დარჩა. ბევრი, ვინც სახლის დროულად დატოვება ვერ მოასწრო, დაიღუპა. სხვები უმწეოდ შეჰყურებდნენ, თუ როგორ მიჰქონდა აბობოქრებულ წყალს მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.

ქალაქ ნევინომისკში ერთი ოჯახი ეცადა, ტრაქტორით გაქცეოდა სტიქიას, მაგრამ კედელივით აღმართულმა ტალღამ ტრაქტორი გადააყირავა და მთელი ოჯახი იმსხვერპლა. ზოგი სხვების გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა. ოფიციალური ცნობების თანახმად, წყალდიდობამ 335 000 ადამიანი დააზარალა. აქედან 200-ზე მეტი დაიღუპა, ბევრი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ათიათასობით სახლი დაიტბორა. წყალსადენი ქსელი და საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. აბობოქრებულმა წყალმა გვამებიც კი ამოთხარა, მათ შორის ციმბირული წყლულით დახოცილი ცხოველების ლეშიც. შეფასებების თანახმად, სტიქიამ ქვეყანას 16 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის) ზარალი მიაყენა.

ეს ლამაზი და ნაყოფიერი მიწა, რომლისთვისაც არაერთი სიმღერა და ლექსი მიუძღვნიათ, შემზარავი სანახავი გახდა! მაგრამ სტიქიამ ვერ გაანადგურა ერთი რამ — მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული.

სწრაფი დახმარება

ხალხს აღარ ჰქონდა სუფთა წყალი, დენი, გაზი, შეწყდა სატელეფონო კავშირი. ადამიანები ვეღარ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. სტიქიით დაზარალებულ ტერიტორიაზე 3 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა; აქედან 700-ზე მეტი — ქალაქ ნევინომისკში და მის მახლობლად. როგორც კი წყალდიდობის შესახებ შეიტყვეს, იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულთა დასახმარებლად ჩამოაყალიბეს საგანგებო კომიტეტები, რომლებიც ჯერ კიდევ მთავრობის მიერ წარგზავნილი მაშველების გამოჩენამდე შეუდგნენ საქმეს.

ნევინომისკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ორბელიანოვკაში წყალი სწრაფად მატულობდა. თავშესაფრის ძიებისას რვა ადამიანი, მათ შორის ორი იეჰოვას მოწმე ქალი, პატარა ბორცვზე ავიდნენ, სადაც მოგვიანებით გველებმა და პატარ-პატარა ცხოველებმაც დაიბუდეს. მთელი ღამის განმავლობაში მათ გველების მოგერიება უწევდათ.

მეორე დილიდან ადგილობრივი იეჰოვას მოწმეები ცდილობდნენ რამენაირად დახმარებოდნენ ამ თანამორწმუნე დებს. ბევრი წვალების შემდეგ, ნაშუადღევს, მათ პატარა რეზინის ნავს მიაგნეს, მაგრამ დების გადმოყვანამდე ხანში შესული პარალიზებული მამაკაცი ჩასვეს ნავში და უსაფრთხო ადგილას მიიყვანეს. მას შემდეგ, რაც დებს უშველეს, გამოჩნდა ვერტმფრენი, რომელმაც სხვებიც აიყვანა ბორცვიდან.

იმ დღეს იეჰოვას მოწმეებმა ნავით კიდევ ბევრს უშველეს. როდესაც მოწმეები ხალხს ეკითხებოდნენ: „იცით, ვინა ვართ?“, ხალხი პასუხობდა: „როგორ თუ ვინ? რა თქმა უნდა, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები“. ხალხი გაოცებული იყო, როცა იგებდნენ, რომ მათ იეჰოვას მოწმეები ეხმარებოდნენ.

ნევინომისკელმა მოწმეებმა იყიდეს ტრანსპორტირებადი სამზარეულო და ცხელ საჭმელს უმზადებდნენ დაზარალებულებს. საჭმლის გარდა, ისინი წყალს, ტანსაცმელსა და მედიკამენტებს აწვდიდნენ ხალხს. ასევე, იეჰოვას მოწმეებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები სახლებს ასუფთავებდნენ და ეზოებიდან ნაგავი გაჰქონდათ.

ქალაქ ზელენოკუმსკში მცხოვრებ იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარს, რომლებიც შედარებით შეძლებულები იყვნენ, თავიანთი ტრანსპორტით მიჰქონდათ დაზარალებულებისთვის წყალი, საკვები და ტანსაცმელი, რომელიც საბითუმო ბაზარზე შეისყიდეს. როცა ცოლის ნაცნობები დაინტერესდნენ, თუ ვისთვის მიჰქონდათ ამდენი რამ, მან უპასუხა, რომ სტიქიით დაზარალებული თანამორწმუნეებისთვის. ასეთი მზრუნველობით გაოცებული ნაცნობები აღიძრნენ, რომ დახმარების ხელი მათაც გაეწოდათ. ერთმა დიდი ტომრით მაკარონი შესთავაზა ქალს, მეორემ საპნების მოზრდილი შეკვრა, სხვებმა კი — ტომრებით შაქარი.

დახმარება შორეული ტერიტორიებიდან

რუსეთში მცხოვრებ ბევრ იეჰოვას მოწმეს აინტერესებდა, თუ როგორ შეიძლებოდა დახმარებოდნენ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს, ამიტომაც შეიქმნა დახმარების სპეციალური ფონდი. სანკტ-პეტერბურგის მახლობლად არსებულ იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციულ ცენტრში მომუშავე მოხალისეებმაც კი გაუწოდეს დახმარების ხელი დაზარალებულებს. ზოგმა სრულიად ახალი ნივთები იყიდა მათთვის. მოხალისეთაგან ერთ-ერთმა თქვა: „რაც კი რამ მქონდა საუკეთესო, აქ მოვიტანე, რადგან მე კიდევ მაქვს რაღაც, ჩვენს და-ძმებს კი აღარაფერი აბადიათ“.

გარდა ამისა, ზემოხსენებული ადმინისტრაციული ცენტრიდან იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 150 კრებას სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გაუგზავნეს წერილები შეტყობინებით, თუ როგორ შეეძლოთ ძმებს ფულის, საკვებისა და ტანსაცმლის შემოწირვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთში არცთუ სახარბიელოა და მოწმეების უმრავლესობაც ხელმოკლედ ცხოვრობს, მათ გულუხვად გაიღეს შესაწირავები. ასეთი მოქმედება ძალიან ჰგავდა იმ ღარიბი მაკედონელი ქრისტიანების გულუხვობას, რომლებიც იუდეაში მცხოვრებ გაჭირვებულ და-ძმებს დაეხმარნენ (2 კორინთელთა 8:1—4).

შემოწირული ნივთები დახმარების მიმღებ ცენტრალურ პუნქტებში დაახარისხეს, შემდეგ სატვირთო მანქანებით უბედურების ზონაში გააგზავნეს. გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ცენტრმა შეიძინა ათი ტონა საკვები, 500 კომპლექტი თეთრეული და ჰიგიენისთვის აუცილებელი საგნები, აგრეთვე გამწმენდი სამუშაოებისთვის საჭირო იარაღები და სამუშაო ტანსაცმელი. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონისკენ, მთლიანობაში, 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარებით სავსე ექვსი სატვირთო მანქანა გაემართა.

იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილი დიდსულოვნება

იეჰოვას მოწმეების შრომა გამწმენდი სამუშაოების დროს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. აი, რა ხდებოდა ლამაზ საკურორტო ქალაქ კისლოვოდსკში, სადაც 300-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს: ქალაქის ადმინისტრაციას მოწმეებმა დახმარება შესთავაზეს, რაზეც ადმინისტრაცია დათანხმდა და დასასუფთავებლად ტერიტორია გამოუყო.

28 ივნისს, დილის 8 საათზე, დაახლოებით 150-მა იეჰოვას მოწმემ, რომელთა შორის მთელი ოჯახებიც იყვნენ, ხელი მოჰკიდეს სამუშაო იარაღებს და საქმის დასაწყებად შეიკრიბნენ. ზოგიერთმა სამსახურიდან უხელფასო შვებულება აიღო, რათა გამწმენდ სამუშაოებში მიეღო მონაწილეობა. მოკლე ხანში იმ ადგილას მანქანა გაჩერდა და ქალაქის მერის პირველი მოადგილე გადმოვიდა.

— ვინ არის ეს ხალხი? — იკითხა მან.

— იეჰოვას მოწმეები, — უპასუხეს. — ისინი წყალდიდობისგან გაპარტახებულ ქალაქს ასუფთავებენ.

ამდენი ადამიანის დანახვით გაოგნებულმა მერის მოადგილემ თქვა: „ყოჩაღ! დიდი მადლობა! შესანიშნავია!“

შუადღისას იქ ქალაქის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენელმაც გაიარა, შეაჩერა მანქანა, გადმოვიდა და იეჰოვას მოწმეებს უთხრა: „გიყურებთ, როგორ მუშაობთ და, უბრალოდ, გაოცებას ვერ ვმალავთ. არასდროს გვინახავს ხალხი, თქვენსავით რომ მუშაობდეს; უკვე ძალიან ბევრი გაგიკეთებიათ!“

თითქმის იმავდროულად გაიარა ხანში შესულმა ქალმა, შეჩერდა და იკითხა: „რატომ შრომობს ეს ხალხი ასე გულმოდგინედ?“ როცა უთხრეს, რომ იეჰოვას მოწმეები ქალაქს ასუფთავებდნენ, მას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა. „თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნეები ხართ, — თქვა მან, — ადამიანების ნამდვილი ბუნება უბედურების დროს მჟღავნდება“. სხვა ქალმა თქვა: „რა შესანიშნავია! დიდი ხანია, ასეთი ერთსულოვნება არ მინახავს“.

მეორე დღეს ადგილობრივ გაზეთ „ნა ვოდახში“ იეჰოვას მოწმეების საქებარ სიტყვებთან ერთად ისიც ეწერა, რომ მოწმეებმა ქალაქი 100 ტონაზე მეტი შლამისგან გაწმინდეს. კისლოვოდსკის ხელმძღვანელობამ სამადლობელი წერილი გაუგზავნა იეჰოვას მოწმეებს. წერილში, კერძოდ, ნათქვამი იყო: „თქვენი ფასდაუდებელი მხარდაჭერის წყალობით ქალაქს პირვანდელი სილამაზე დაუბრუნდა . . . უეჭველია, ჩვენი ქალაქის ურიცხვ მნახველთა მადლიერების სიტყვები თქვენთვის საუკეთესო ჯილდო იქნება“.

მიუხედავად სტიქიური უბედურებისა, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს ასეთი დიდი დარტყმა მიაყენა, იეჰოვას მოწმეებმა დიდი სიყვარული გამოავლინეს თანამორწმუნეებისა და გარეშეების მიმართ. ამან მათ განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა, რადგან იციან, რომ ასეთ შემთხვევებში სიყვარულის გამოვლენა განადიდებს შემოქმედს, იეჰოვას.

[რუკები 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

შავი ზღვა

კავკასიონი

ნევინომისკი

ორბელიანოვკა

ზელენოკუმსკი

კისლოვოდსკი

კასპიის ზღვა

[საავტორო უფლება]

Globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათი 17 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეებმა იყიდეს ეს ტრანსპორტირებადი სამზარეულო და დაზარალებულებს საჭმელს უმზადებდნენ.

[სურათი 17 გვერდზე]

ეს იეჰოვას მოწმე საკუთარ ტრანსპორტს იყენებდა დაზარალებულების საკვებითა და სხვა აუცილებელი საგნებით მოსამარაგებლად.

[სურათი 18 გვერდზე]

კისლოვოდსკის ხელმძღვანელობამ შეაქო იეჰოვას მოწმეები ქალაქის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობისთვის.