არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ნარკომანია. ჩემი ყურადღება მიიპყრო 2003 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ის გარეკანმა („ნარკომანი ოჯახში — რა უნდა იღონოთ?“). ლინდას, რომელსაც ბიბლიას ვასწავლი, ორი ვაჟი ნარკომანი ჰყავს. მეორე დილას ჟურნალის ეს ნომერი აბზაც-აბზაც განვიხილე მასთან. ამ სტატიებმა ის ძალიან გაამხნევა და გააძლიერა. სტატიები მართლაც რომ დროული იყო.

კ. მ. (შეერთებული შტატები).

მე ვხელმძღვანელობ საკონსულტაციო სამსახურს, რომელიც ნარკომანთა და ალკოჰოლიკთა ოჯახებს უწევს დახმარებას. თუმცა კათოლიკე ვარ, სიამოვნებით ვკითხულობ „გამოიღვიძეთ!“-ს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტატიების სერიისთვის, რომელიც ნარკომანიას ეძღვნებოდა. დიდი ინტერესით წავიკითხე ეს სტატიები, რადგან ახალგაზრდებთან მუშაობისას კარგ დახმარებას გამიწევს.

ჰ. კ. (ეკვადორი).

ბიბლიური ვიქტორინები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს კროსვორდები, რომლებსაც თქვენ აქვეყნებთ. მათი მეშვეობით ბევრ რამეს ვიგებ.

რ. ნ. (შეერთებული შტატები).

ბიბლიურ ჭეშმარიტებას შვილებს პატარაობიდანვე ვუნერგავ. მაგრამ რაც იზრდებიან, უფრო და უფრო მიძნელდება სულიერი საკითხებით მათი დაინტერესება. ამიტომ, ახალ-ახალ საშუალებებს ვეძებ მათ დასახმარებლად. როდესაც 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში რუბრიკა „იცით თუ არა?“ დავინახე, კარგი აზრი მომივიდა. მაშინვე შევარჩიე კითხვები ჩემი შვილებისთვის, პასუხების რამდენიმე ვარიანტი ჩამოვწერე და კედელზე მივამაგრე. ბავშვები თავიდან არცთუ ისე დიდ ინტერესს ავლენდნენ, მერე კი ნელ-ნელა დაიწყეს კითხვებზე პასუხების გაცემა. ახლა უკვე მთელი ოჯახი განვიხილავთ ამ რუბრიკის კითხვებს.

რ. მ. (იაპონია).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ბიბლიური ვიქტორინა „იცით თუ არა?“ ზოგიერთ ენაზე გამოცემულ „გამოიღვიძეთ!“-ში კროსვორდების ნაცვლად იბეჭდება.

ქოქოსის კაკალი. ძალიან მომეწონა სტატია „ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კაკალი ბუნებაში“ (8 მაისი, 2003). მე და ჩემი მეგობარი საპნის დამზადებით ვართ გატაცებულები. საპნის დასამზადებლად ქოქოსის ზეთს ვიყენებთ, რადგან კანისთვის ძალიან სასარგებლოა და კარგად ქაფდება. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად დავაფასე ქოქოსი.

კ. ბ. (კანადა).

სიტყვის თავისუფლება. ეს-ეს არის წავიკითხე სტატიათა სერია „აშშ-ის უზენაესი სასამართლო და სიტყვის თავისუფლება“ (8 იანვარი, 2003). სტატიებმა ზღვა ემოცია გამოიწვია ჩემში: გაკვირვება იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებში ამ საკითხზე ისევ კამათობენ; აღტაცება იმისგან, რომ ჩვენმა ძმებმა ასე კარგად დაასაბუთეს ჩვენი შეხედულებები; მადლიერება იმიტომ, რომ ამ უსამართლო ქვეყნიერებაშიც კი შეიძლება მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილებები. სასიხარულო ცნობის ქადაგება დიდ სიხარულს მანიჭებს. ასეთი სტატიები კი ჩვენს თვალთახედვას აფართოებს.

ო. ს. (ბელორუსია).

ძილი. ჩემთვის ძალიან დროული იყო სტატიათა სერია ძილთან დაკავშირებით (8 აპრილი, 2003). ჩემი ქალიშვილის მოულოდნელი ავადმყოფობის გამო უძილობა დამეწყო. ხუთი თუ ექვსი დღის შემდეგ, ახლომდებარე საავადმყოფოში მივედი და ახლა წამლების წყალობით ვიძინებ. თქვენი სტატიები გვირჩევს, რომ დღის განმავლობაში ვივარჯიშოთ და არა ძილის წინ. ვეცდები ეს რჩევა რაც შეიძლება მალე გავითვალისწინო.

ტ. მ. (იაპონია).

ამას წინათ საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი. ჩემი გასინჯვის შემდეგ ექიმმა დაასკვნა, რომ მიზეზი იყო უძილობა და, ამასთანავე, ეპილეფსიის წამალი, რომელსაც ვიღებდი. მისი დიაგნოზის სისწორეში ეჭვი შემეპარა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ თქვენი ჟურნალი მივიღე ძილთან დაკავშირებული სტატიებით. თვალი ვერ მოვწყვიტე, სანამ ბოლომდე არ წავიკითხე. მე-17 გვერდზე მოცემული ტესტის საშუალებით შევამოწმე საკუთარი თავი და მეც ის დავასკვენი, რაც ჩემმა ექიმმა. ახლა ვცდილობ სტატიაში მოცემული რჩევები გავითვალისწინო. გმადლობთ დროული ინფორმაციისთვის.

მ. ბ. (შეერთებული შტატები).