არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ვქნა, რომ და-ძმების სახელმა არ დამჩრდილოს?

რა ვქნა, რომ და-ძმების სახელმა არ დამჩრდილოს?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა ვქნა, რომ და-ძმების სახელმა არ დამჩრდილოს?

„მინდოდა, ინდივიდუალობით ვყოფილიყავი გამორჩეული, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უფროსი დების სახელის შესაბამისად უნდა მოვქცეულიყავი. ვატყობდი, რომ ვერასოდეს გავუტოლდებოდი ჩემს დებს“ (კლერი).

შენც ხომ არა გყავს ისეთი ძმა ან და, რომელსაც, როგორც ჩანს, თითქმის ყველაფერი, რასაც ხელს ჰკიდებს, კარგად გამოსდის? მშობლებიც განუწყვეტლივ ხომ არ გიბიძგებენ იმისკენ, რომ მას მიჰბაძო? თუ ასეა, შეიძლება შიშობდე, რომ ყოველთვის მისი სახელით იქნები დაჩრდილული — შენს მიღწევებს მისას შეადარებენ და მისი მიღწევებით შეგაფასებენ.

ბერის * ორივე უფროსმა ძმამ დაამთავრა „მსახურებაში დახელოვნების სკოლა“ *, რომლის კურსის გავლასაც ბევრი დიდ პატივად მიიჩნევს. მისი ძმები შესანიშნავი ქრისტიანების რეპუტაციით სარგებლობენ. ბერი აღიარებს: „თვითრწმენას ვკარგავდი, რადგან ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ ვერასოდეს შევძლებდი მათსავით ქადაგებას ან საჯარო მოხსენებით გამოსვლას. ვერავის ვუმეგობრდებოდი, რადგან ყველგან ჩემს ძმებს დავყვებოდი და თითქმის არავისთან მქონდა ახლო ურთიერთობა. ვფიქრობდი, რომ ხალხი მხოლოდ მათ გამო მექცეოდა მეგობრულად“.

ძნელია, გულისწყრომამ არ შეგიპყროს, როდესაც შენს ძმას ან დას ხშირად აქებენ. ბიბლიურ დროში ახალგაზრდა იოსები თავისი ძმებისგან გამოირჩეოდა. როგორ მოქმედებდა ეს მათზე? „მოიძულეს იგი, და არ შეეძლოთ მასთან ლაპარაკი მშვიდობიანად“ (დაბადება 37:1—4). იოსები, რასაკვირველია, თავმდაბალი და მოკრძალებული იყო, მაგრამ შესაძლოა, მისგან განსხვავებით, შენი ძმა ან და ამ თვისებებით არ გამოირჩეოდეს. თავიანთი მიღწევების განუწყვეტელი შეხსენებებით მათ შეიძლება მეტოქეობის ან უკმაყოფილების სული გაგიღვივონ.

ასეთ დროს ზოგი ახალგაზრდა პროტესტს გამოხატავს — შესაძლოა, სწავლას უკლებს და უფრო დაბალ ნიშნებს იღებს, ნაკლებად მონაწილეობს ქრისტიანულ მსახურებაში ან აღმაშფოთებლად იქცევა. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ რაკი საქმე ისე კარგად არ გამოსდით, როგორც თავიანთ და-ძმებს, არც ღირს მისთვის ხელის მოკიდება. და თუ შენც ასე იქცევი, გახსოვდეს: საბოლოო ჯამში, ასეთი საქციელი ისევ შენთვის იქნება საზიანო. როგორ უნდა მოიქცე, რომ შენი და-ძმების სახელით არ დაიჩრდილო და საკუთარი თავის პატივისცემაც იქონიო?

ნუ დააყენებ მათ კვარცხლბეკზე

როდესაც ხედავ, რომ შენი ძმა ან და მუდამ ყურადღების ცენტრშია, შეიძლება ჩათვალო, რომ ის სრულყოფილია, შენ კი ვერასდროს გაუტოლდები მას. მაგრამ ასეა ეს სინამდვილეში? ბიბლია პირდაპირ პასუხობს ამ კითხვას: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23).

დიახ, როგორი დახელოვნებული და ნიჭიერი და-ძმებიც უნდა გყავდეს, ისინი მაინც ჩვენსავით „უძლური ადამიანები“ არიან (საქმეები 14:15, აქ). არ ღირს მათი კვარცხლბეკზე დაყენება ან გაკერპება. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სრულყოფილი მაგალითი დატოვა, იესო ქრისტეა (1 პეტრე 2:21).

ისწავლე მათგან!

შემდეგ, ეცადე შეხედო შენს მდგომარეობას როგორც ისეთს, საიდანაც რაიმეს სწავლა შეიძლება. მაგალითად, დაფიქრდი იესო ქრისტეს ძმებსა და დებზე (მათე 13:55, 56). წარმოიდგინე, რამდენი რამის სწავლა შეეძლოთ მათ თავიანთი სრულყოფილი ძმისგან! და მაინც, „მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი“ (იოანე 7:5). შესაძლოა, სიამაყემ და შურმა შეუშალა მათ ხელი იესოსადმი რწმენის გამოვლენაში. მხოლოდ იესოს სულიერი ძმები — მისი მოწაფეები — გამოეხმაურნენ მის გულთბილ მოწვევას: „ისწავლეთ ჩემგან“ (მათე 11:29). იესო თავისმა ხორციელმა ძმებმა მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დააფასეს (საქმეები 1:14). არადა, მანამდე ხელიდან გაუშვეს ის ძვირფასი წუთები, როდესაც თავიანთი გამოჩენილი ძმისგან უამრავი რამის სწავლა შეეძლოთ.

კაენმაც მსგავსი შეცდომა დაუშვა. მისი ძმა, აბელი, ღვთის გამორჩეული მსახური იყო. ბიბლია მოგვითხრობს, რომ „გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს“ (დაბადება 4:4). გარკვეული მიზეზის გამო ღმერთმა „კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა“. კაენს შეეძლო თავმდაბლობის გამოვლენა და საკუთარი ძმისგან რამის სწავლა, მაგრამ, ნაცვლად ამისა, «ძალზე ეწყინა კაენს [„განრისხდა კაენი“, აქ]» და მოკლა აბელი (დაბადება 4:5—8).

ცხადია, ასე არასოდეს განურისხდები შენს ძმას ან დას, მაგრამ გამორიცხული არაა, შენც ხელიდან უშვებდე მათგან სწავლის ძვირფას შესაძლებლობას, თუკი სიამაყესა და შურიანობას გასაქანს აძლევ. თუ შენი ძმა ან და შესანიშნავად ერკვევა მათემატიკაში, ბრწყინვალედ ფლობს ისტორიას, დაოსტატებულია სპორტის რომელიმე სახეობაში, მშვენივრად ერკვევა საღვთო წერილში ან კარგად გამოდის საჯაროდ, არ დაუშვა, რომ შენს გულში შურიანობამ დაიბუდოს! სხვა თუ არაფერი, ‘შური ძვალთა ხრწნაა’ და მხოლოდ ზიანს მოგიტანს (იგავები 14:30; 27:4). წყენის ნაცვლად, ეცადე ისწავლო მისგან. შეეგუე იმ ფაქტს, რომ ზოგ რამეში შენი ძმა ან და შენზე ნიჭიერი და უფრო დახელოვნებულია. დააკვირდი, როგორ ასრულებს ის სხვადასხვა საქმეს ან, რაც უკეთესია, დახმარება სთხოვე.

ბერიმ, რომელიც დასაწყისში იყო მოხსენიებული, საბოლოო ჯამში, ბევრი რამ ისწავლა თავისი ძმების კარგი მაგალითიდან. ის ამბობს: „ვხედავდი, რა ბედნიერები იყვნენ ჩემი ძმები, რადგან კრებაშიც და ქადაგების დროსაც ძალიან უნდოდათ ხალხის დახმარება. ამიტომაც გადავწყვიტე, მიმებაძა მათთვის და სამეფო დარბაზებისა და ბეთელის სამშენებლო პროექტებში ჩავები. გამოცდილებამ, რომელიც მივიღე, თვითრწმენა ჩამინერგა და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაშიც დამეხმარა“.

მოსინჯე საკუთარი ძალები

შეიძლება შიშობდე, რომ და-ძმების კარგი თვისებების არეკვლით საკუთარ ინდივიდუალობას დაკარგავ, მაგრამ შენი შიში უსაფუძვლოა. მოციქული პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანებს მოუწოდებდა: „მომბაძეთ მე“ (1 კორინთელთა 4:16). რაზე მიანიშნებს ეს სიტყვები: სურდა პავლეს, რომ მათ საკუთარი ინდივიდუალობა დაეკარგათ? სულაც არა. ინდივიდუალობის გამოხატვის უამრავი საშუალება არსებობს. და თუ ისე კარგად არ ერკვევი მათემატიკაში, როგორც შენი ძმა ან და, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩამორჩენილი ხარ. შენ, უბრალოდ, სხვანაირი ხარ.

პავლე ასეთ პრაქტიკულ რჩევას იძლევა: «ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით [„საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“, აქ]» (გალატელთა 6:4). განა არ ღირს საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების განვითარება? უცხო ენის დაუფლებას, რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრისა თუ კომპიუტერის გამოყენების სწავლას შეუძლია საკუთარ ძალებში დაჯერებულობა შეგმატოს და რომელიმე დარგში დაგახელოვნოს კიდეც. ნუ ინერვიულებ, თუ საქმე სრულყოფილად არ გამოგდის! გულდასმით შეისწავლე ამორჩეული საგანი, კეთილსინდისიერად შეასრულე დავალებები და გაუმჯობესებისკენ ისწრაფე (იგავები 22:29). შესაძლოა, რომელიმე სფეროში განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდე, მაგრამ გახსოვდეს, რომ, როგორც იგავების 12:24–შია ნათქვამი, „ბეჯითი ხელი იბატონებს“.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი სულიერობის განვითარებაა. სულიერობა გაცილებით ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი ნიჭი, რომელიც, შესაძლოა, უფრო მეტად იპყრობდეს ყურადღებას. დაფიქრდი ტყუპი ძმების, ესავისა და იაკობის, შემთხვევაზე. ესავს მამამისი უფრო მეტად აქებდა, რადგან ის „მარჯვე მონადირე, ველების კაცი“ იყო (სსგ). თავდაპირველად, მისი ძმა, იაკობი, ალბათ უფრო ნაკლებად იქცევდა ყურადღებას, ვინაიდან ის იყო „სათნო კაცი და არ შორდებოდა კარვებს“ (დაბადება 25:27). ესავი არ ზრუნავდა თავის სულიერობაზე, რის გამოც კურთხევები დაკარგა. იაკობმა კი სულიერი საკითხებისადმი სიყვარული განავითარა და იეჰოვამაც უხვად აკურთხა (დაბადება 27:28, 29; ებრაელთა 12:16, 17). რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? განივითარე სულიერობა, რათა ‘ანათებდეს შენი ნათელი ადამიანთა წინაშე’ და „ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება“ (მათე 5:16; 1 ტიმოთე 4:15).

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კლერი ამბობს: „ასე თუ ისე ვეგუებოდი იმას, რომ ჩემი უფროსი დების სახელით ვიყავი დაჩრდილული, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, გამეთვალისწინებინა ბიბლიური რჩევა და თბილი გრძნობების გამოხატვაში ‘გავშლილიყავი’. კრების სხვადასხვა წევრთან გავდიოდი მსახურებაში და ვცდილობდი, პრაქტიკული დახმარება აღმომეჩინა მათთვის, ვისაც უჭირდა. სხვადასხვა ასაკის ძმებსა და დებს ვპატიჟებდი ხოლმე სახლში და მათთვის ერთ–ორ კერძს ვამზადებდი. ახლა უფრო მეტი მეგობარი მყავს და საკუთარ თავშიც უფრო დაჯერებული ვარ“ (2 კორინთელთა 6:13).

დროდადრო შენი მშობლები შეიძლება მაინც მიგითითებდნენ იმაზე, რომ შენს ძმას ან დას მიჰბაძო, მაგრამ თუ გემახსოვრება, რომ მათ შენთვის მხოლოდ კარგი უნდათ, ნაკლებად გეტკინება გული (იგავები 19:11). თუმცა კი, ალბათ, ღირს მშობლებს პატივისცემით დაელაპარაკო იმაზე, თუ როგორ მოქმედებს შენზე ასეთი შედარებები. შესაძლოა, შემდგომ ისინი სხვანაირად მოგიდგნენ.

არასოდეს დაივიწყო, რომ თვით იეჰოვა ღმერთი მოგაქცევს ყურადღებას, თუკი მას ემსახურები (1 კორინთელთა 8:3). ბერის ასეთი დასკვნა გამოაქვს: „რაც დრო გადის, იეჰოვას მსახურება უფრო და უფრო მეტ ბედნიერებას მანიჭებს. ადამიანები ხედავენ, როგორი ვარ და ისევე მაფასებენ, როგორც ჩემს ძმებს“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 5 ორგანიზებას უწევენ იეჰოვას მოწმეები.

[სურათი 22 გვერდზე]

შენი ძმა ან და ხშირად არის ყურადღების ცენტრში?

[სურათი 23 გვერდზე]

შეეცადე გაერკვე, რისი ნიჭი უფრო გაქვს და ინტერესების სფერო გაიფართოვე.

[სურათი 23 გვერდზე]

განავითარე სულიერობა, რათა ‘ანათებდეს შენი ნათელი’.