რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
კბილის ფხვნილის ძველი ეგვიპტური რეცეპტი
«ვენის მუზეუმის სარდაფში, მტვრიან პაპირუსზე აღმოაჩინეს კბილის ფხვნილის უძველესი რეცეპტი, — იუწყება „ელექტრონიკ ტელეგრაფი“. — საინტერესოა, რომ ამ კბილის ფხვნილით სარგებლობდნენ ჯერ კიდევ „ქოლგეითის“ გამოჩენამდე 1500 წელზე მეტი ხნით ადრე („ქოლგეითი“ ბაზარზე პირველად 1873 წელს გამოვიდა). წყალშერეული მურისა და გუმიარაბიკისგან დამზადებული მქრქალი შავი ფერის მელნით, ძველმა ეგვიპტელმა მწერალმა დაწვრილებით აღწერა რეცეპტი, რომელსაც „ქათქათა თეთრი და იდეალური კბილების ფხვნილი“ უწოდა. ნერწყვთან შერევისას ეს ფხვნილი „შესანიშნავ კბილის პასტად“ იქცევა». ახ. წ. მეოთხე საუკუნით დათარიღებულ ამ ხელნაწერში ჩამოთვლილია ფხვნილის ინგრედიენტები, კერძოდ: ქვამარილი, პიტნა, ხმელი ზამბახის ყვავილი და შავი პილპილი. ყველაფერ ამას ფხვნიდნენ და ერთმანეთში ურევდნენ. ამ აღმოჩენამ ნამდვილი სენსაცია გამოიწვია ვენაში ჩატარებულ სტომატოლოგთა კონფერენციაზე. „სტომატოლოგები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ძველად ასეთი მაღალი ხარისხის კბილის ფხვნილის რეცეპტი არსებობდა“, — თქვა ექიმმა ჰაინც ნიუმენმა. მან პირადად გამოიყენა ეს ფხვნილი და აღმოაჩინა, რომ „ის კარგად წმენდს კბილებს და ასუფთავებს პირის ღრუს“. სტატიაში ნათქვამია: „ბოლო დროს სტომატოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ზამბახს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და ის ძალიან ეფექტურია პაროდონტოზის სამკურნალოდ. ზამბახზე ამჟამად დიდი მოთხოვნილებაა“.
ეკლესიებმა ნდობა დაკარგეს
„გერმანელები იმედს ამყარებენ პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებზე, მაგრამ არა ეკლესიებზე“, — ნათქვამია გაზეთ „ლაიფციგერ ფოლკსცაიტუნგში“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 17 უდიდესი საზოგადოებრივი ინსტიტუტიდან ეკლესიები ყველაზე ნაკლებ ნდობას იმსახურებდნენ. როგორც სოციოლოგმა არმენ ნასეხიმ აღნიშნა, დღესდღეობით, არასტაბილურობის ზრდის პერიოდში, გერმანელები უფრო იმ ორგანიზაციებს ენდობიან, რომლებიც „განასხვავებენ კეთილსა და ბოროტს“; ასეთებად ისინი მიიჩნევენ, მაგალითად, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ რატომ გამოუცხადეს მათ ეკლესიებს უნდობლობა? აი, რას ამბობს ნასეხი: „რელიგიურობის აღორძინების მიუხედავად, ხალხი თვლის, რომ ეკლესიებს მათი საჭირბოროტო პრობლემების გადაჭრა არ ძალუძს“. როგორც მან აღნიშნა, გერმანიაში არსებული ეკლესიები „მრევლს რელიგიური რიტუალების მეტს არაფერს სთავაზობს“.
სიცილის ძალა
„გამოკითხულთაგან 74 პროცენტი არ ისურვებდა, ერთ საქმეში ჩაბმულიყო მოღუშულ ადამიანთან, 69 პროცენტი კი ვერ შეძლებდა ასეთ ხალხთან დამეგობრებას“. როგორც ჟურნალ „ვპროსტშია“ ნათქვამი, ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩაატარა იაგელოს უნივერსიტეტთან არსებულმა სოციოლოგიის ინსტიტუტმა (კრაკოვი, პოლონეთი). ამის ერთ-ერთ მიზეზად ჟურნალი ასახელებს იმას, რომ მოღუშულ ადამიანს ხშირად იდუმალებით მოცულ ადამიანად აღიქვამენ, და ეს კარგად იციან მათ, ვინც გამუდმებით ყურადღების ცენტრში იმყოფება. ამიტომაცაა, რომ „პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, პოპ-ვარსკვლავები, ტელეწამყვანები, საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირები, მარკეტინგით დაკავებული ხალხი და ვაჭრობის სფეროში მომუშავეები [ასე ხშირად] იცინიან“, — ნათქვამია „ვპროსტში“. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გაღიმების დროს ტვინს დიდი რაოდენობით სისხლი მიეწოდება და ეს კარგ ხასიათზე გვაყენებს. ერთმა საქმიანმა ქალბატონმა აღნიშნა: „ვცდილობ მაშინაც გავიღიმო, როცა არ მეღიმება. როცა ვიღიმი, ვგრძნობ, რომ ჩემში რაღაც იცვლება და თავს უკეთესად ვგრძნობ“.
რამდენიმე რჩევა უცხო ენის შემსწავლელთათვის
გსურთ უცხო ენის შესწავლა? პოლონურ ჟურნალ „პორადნიკ დომოვიში“ სასარგებლო რჩევებია მოცემული: „შეცდომების დაშვების გარეშე ენის შესწავლა შეუძლებელია. ამის აღიარება პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ“. გარდა ამისა, „მზად უნდა ვიყოთ რისკზე წასასვლელად“. თუ არ ვიცით, როგორ ვთქვათ ესა თუ ის სიტყვა ან ფრაზა, „ზოგჯერ ინტუიციას უნდა ვენდოთ“, — არაფრის თქმას ასე მოქცევა სჯობს. „ყოველთვის ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი ძირითადი პრობლემა, შესაძლოა, შიში ან მორიდებულობა იყოს, — ნათქვამია ჟურნალში. — თუ ასეთი სისუსტეების დაძლევას შევძლებთ, უეჭველია, უფრო სწრაფად წავიწევთ წინ“. კარგ მასწავლებელსაც შეუძლია დაგვეხმაროს, რომ დავძლიოთ შიში და სწრაფად ავითვისოთ ახალი ენა.