რა უნდა და რა ესაჭიროება ბავშვს
რა უნდა და რა ესაჭიროება ბავშვს
დაბადებიდანვე ახალშობილს ნაზად მოპყრობა, ალერსი და მოფერება ესაჭიროება. ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ბავშვის სიცოცხლის პირველი 12 საათი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მშობიარობის შემდეგ დედასაც და ბავშვსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ და სურთ კიდეც „არა დაძინება ან ჭამა, არამედ ნაზი შეხება, ჩახუტება, ერთმანეთის ცქერა და მოსმენა“ a.
მშობლებს ბუნებრივი მოთხოვნილება აქვთ, ბავშვი გულში ჩაიკრან, მოეხვიონ და მოეფერონ. ბავშვიც, თავის მხრივ, სიმშვიდეს გრძნობს, ეჩვევა მშობლებს და თავისებურად ეხმაურება მათ სიყვარულსა და ყურადღებას. მათ შორის არსებული ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ თავიანთ პატარაზე ზრუნვისთვის მშობლები ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად არიან მზად.
მეორე მხრივ, მშობლების მხრიდან ასეთი დიდი სიყვარულის გარეშე ჩვილი შეიძლება პირდაპირი გაგებით დასუსტდეს და მოკვდეს. ამ მიზეზის გამო, ზოგიერთი ექიმი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ბავშვი დაბადებისთანავე დაუყოვნებლივ მისცენ დედას. ისინი თვლიან, რომ დედისა და ჩვილის ეს პირველი კონტაქტი, სულ მცირე, 30—60 წუთი მაინც უნდა გრძელდებოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სპეციალისტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დედა-შვილის ასეთ უშუალო კონტაქტს, სამშობიაროებში შეიძლება
რთული ან შეუძლებელიც კი იყოს ამის გაკეთება. ხშირად ახალშობილს დედისგან განცალკევებით ამყოფებენ, რათა თავი აარიდონ ბავშვისთვის რაიმე ინფექციის გადადებას. თუმცა კი, იმის მტკიცებებიც არსებობს, რომ დედასთან დარჩენის შედეგად ახალშობილები ნაკლებად ავადდებოდნენ სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტ სამშობიარო სახლში დედებს ახალშობილთან პირველი კონტაქტის გახანგრძლივების საშუალებას აძლევენ.შეშფოთების მიზეზი
ზოგიერთი დედა ბავშვის პირველი დანახვისას არ გრძნობს მისდამი დიდ სიყვარულს, ამიტომაც ნერვიულობენ და ებადებათ კითხვა: „ნუთუ ვერ შევიყვარებ?“ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის უჩვეულო მოვლენა და ამის გამო არ ღირს შეშფოთება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი ბავშვისადმი არ გრძნობს დედობრივ სიყვარულს, ის მოგვიანებით გაიღვიძებს. „მშობიარობის დროინდელი განცდები არ ახდენს გავლენას იმაზე, განგივითარდებათ თუ არა ბავშვისადმი სიყვარული“, — შენიშნავს ერთი გამოცდილი დედა. და მაინც, თუ ბავშვს ელოდებით და ასეთი შიში გეუფლებათ, კარგი იქნება, წინასწარ გაესაუბროთ თქვენს მეანს. უთხარით მას, თუ როდის და რამდენი ხნით გსურთ ახალშობილთან უშუალო კონტაქტის დამყარება.
„დამელაპარაკეთ!“
როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული ასაკობრივი პერიოდი, როდესაც ბავშვი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული დროის მანძილზე გრძელდება. მაგალითად, პატარა ბავშვის ტვინი ადვილად ითვისებს ერთ ან რამდენიმე ენას, მაგრამ დაახლოებით ხუთი წლის ასაკიდან ეს უნარი უკვე უქვეითდება.
12—14 წლის ასაკიდან უცხო ენის შესწავლა მისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს. პედიატრისა და ნევროლოგის, პეტერ ჰუტენლოხერის, თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ ამ ასაკიდან „ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ენის ათვისების უნარზეა პასუხისმგებელი, სინაფსების კონცენტრაცია და რაოდენობა მცირდება“. პირველი წლები, აშკარაა, ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ენის ათვისების უნარის განსავითარებლად!
როგორ ითვისებენ ბავშვები ენას, რის ცოდნაც ასე მნიშვნელოვანია მათი შემდგომი გონებრივი განვითარებისთვის? უპირველეს ყოვლისა, მშობლებთან „საუბრით“. ჩვილები განსაკუთრებულად რეაგირებენ ადამიანების ხმაზე. „პატარა . . . ბაძავს დედის ხმას“, — შენიშნავს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი, ბერი ერონსი. საინტერესოა, რომ ისინი ყველა ხმას როდი ბაძავენ. როგორც ბ-ნი ერონსი ამბობს, პატარა „არ იმეორებს აკვნის რწევის ხმას, რომელიც დედის ხმასთან ერთად ჩაესმის“.
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მშობლები თავიანთ შვილებს ერთსა და იმავე რიტმული, სასაუბრო სტილით ელაპარაკებიან, რასაც ზოგიერთი „მშობლების ენას“ უწოდებს. როდესაც მშობელი სიყვარულით ელაპარაკება, ჩვილს გულისცემა უხშირდება. თვლიან, რომ ასეთი ლაპარაკის დროს პატარა უფრო მალე იჭერს კავშირს სიტყვებსა და ამ სიტყვებით განსაზღვრულ საგნებს შორის. ის სიტყვის უთქმელად მოუხმობს მშობლებს: „დამელაპარაკეთ!“
„შემომხედეთ, რა!“
დამტკიცებულია, რომ სიცოცხლის პირველ წელს ჩვილი განსაკუთრებით ეჩვევა მას, ვინც მასზე ზრუნავს — ჩვეულებრივ, დედას — და იყვარებს მას. როდესაც ბავშვი ასეთ უშფოთველ გარემოში იზრდება, სხვებთანაც უფრო ადვილად შედის კონტაქტში, იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც მოკლებულნი არიან ასეთ სიმშვიდესა და სითბოს. სპეციალისტები თვლიან, რომ დედასთან ასეთი მჭიდრო კავშირი ბავშვს განსაკუთრებით სამ წლამდე ესაჭიროება.
რა შეიძლება მოხდეს, თუ ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც ჩვილის გონებას საოცარი ათვისების უნარი აქვს, ბავშვს არ ექცევა სათანადო ყურადღება? მართა ფარელ ერიქსონი, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა 267 დედას და მათ შვილებს, ამბობს: „ბავშვის უყურადღებოდ დატოვება ნელ-ნელა ართმევს მას ხალისს და თითქმის უკარგავს სხვებთან ურთიერთობისა თუ გარემოს გაცნობის სურვილს“.
ბავშვის ემოციური მოთხოვნილებების უგულებელყოფით გამოწვეული სერიოზული შედეგების აღსაწერად ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმს, ბრიუს პერის, შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „თუ მომიყვანთ ექვსი თვის ბავშვს და მკითხავთ, რა უფრო ნაკლებად საშიშია მისთვის — სხეულის ყველა ძვლის გადატეხა თუ ორი თვის მანძილზე მისი ემოციური მოთხოვნილებების უგულებელყოფა, გიპასუხებთ: უმჯობესი იქნებოდა, ბავშვისთვის ყველა ძვალი გადაგემტვრიათ“. რატომ? როგორც პერი ამბობს, „ძვლები შეიძლება გამთელდეს, მაგრამ თუ ხელიდან გაუშვებთ იმ ორ თვეს, როდესაც ჩვილის ტვინს განსაკუთრებული სტიმულირება ესაჭიროება, ეს სამუდამოდ დაარღვევს ტვინის უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს“. ყველა არ თვლის, რომ ბავშვს ეს სამუდამო ზიანს მიაყენებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, ჩვილის გონებისთვის აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მის ემოციურ მოთხოვნილებებს ყოველთვის გულისხმიერებით ეკიდებიან.
«მოკლედ რომ ვთქვათ, — ნათქვამია წიგნში „ჩვილი ბავშვები“, — [პატარებს] თავადაც შეუძლიათ შეყვარება და სხვისი სიყვარულის მისაღებადაც მზად არიან». როცა პატარა ტირის, ხშირად ამით მშობლებს ეხვეწება: „შემომხედეთ, რა!“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა სიყვარულითა და თანაგრძნობით უპასუხონ ბავშვს. ასეთი ურთიერთობის წყალობით ბავშვი გრძნობს, რომ შეუძლია გააგებინოს სხვებს, თუ რა უნდა. ამით ის ურთიერთობას სწავლობს.
„ვაითუ გავანებივრო?“
„ხომ არ გავანებივრებ ბავშვს, თუ ყველა მის წამოტირებაზე ვირბენ?“, — შეიძლება იკითხოთ. შესაძლოა, ასეც მოხდეს. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებს საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ყველა ბავშვი თავისებურია, ამიტომაც მშობლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიუდგნენ მას. თუმცა კი, ბოლო დროს ჩატარებული ზოგიერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ახალშობილი როცა მშიერია, რამე აწუხებს ან უხასიათოდაა, ის სისტემები, რომლებიც სტრესზე ახდენს რეაგირებას, მის სხეულში სტრესის ჰორმონების გამომუშავებას იწყებს. ის თავის გრძნობებს ტირილით გამოხატავს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ როცა მშობელი ყურადღებით ექცევა და აკმაყოფილებს შვილის მოთხოვნილებებს, ბავშვის ტვინში იქმნება უჯრედების ქსელები, რომლებიც იმის სწავლაში ეხმარება, თუ როგორ დაიმშვიდოს თავი. გარდა ამისა, როგორც ექიმი მეგან გუნარი ამბობს, იმ ბავშვის ორგანიზმი, რომელზეც კარგად ზრუნავენ, ნაკლებად გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს, ჰიდროკორტიზონს. და მაშინაც კი, როცა რამე აწუხებს, ის უფრო მალე ერევა სტრესს.
„სინამდვილეში, — ამბობს ქ-ნი ერიქსონი, — ის ბავშვები, რომელთა ტირილზეც, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი 6—8 თვის განმავლობაში, ყოველთვის დაუყოვნებლივ რეაგირებდნენ, უფრო ნაკლებად ტირიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც ყურადღებას არ აქცევდნენ“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ტირილზე
სხვადასხვანაირად რეაგირებდეთ. თუ მის ყოველ წამოტირებაზე ერთნაირად მოიქცევით, მაგალითად, ყოველთვის აჭმევთ ან ხელში აიყვანთ, შეიძლება მართლაც განებივრდეს. ზოგჯერ შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს მხოლოდ ხმა გასცეთ ან მიუახლოვდეთ და ყურში ნაზად ჩასჩურჩულოთ. ასევე, შეიძლება ეფექტური იყოს ხელის მოსმა ზურგზე ან მუცელზე.„ბავშვის საქმე ტირილია“, — ამბობენ ხოლმე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ძირითადად, ჩვილი ტირილის საშუალებით გვაგებინებს, რა უნდა. როგორ იგრძნობდით თავს, თუ ყოველ თქვენს თხოვნას უყურადღებოდ დატოვებდნენ? მაშ, როგორ უნდა იგრძნოს თავი თქვენმა პატარამ, რომელიც მომვლელის გარეშე სრულიად უმწეოა, თუ ყოველთვის, როცა ყურადღებას ითხოვს, ყურსაც არ ათხოვებთ? მაგრამ, ვინ უნდა გამოეხმაუროს მის ტირილს?
ვინ უნდა იზრუნოს პატარაზე?
შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვების 54 პროცენტზე დაბადებიდან დაახლოებით 8-9 წლამდე, ძირითადად, ზრუნავდნენ არა მათი მშობლები, არამედ სხვები. ბევრ ოჯახში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ ორივე მშობელი იძულებულია იმუშაოს. ბევრი დედა, თუ ამის შესაძლებლობა აქვს, დეკრეტულ შვებულებას იღებს, რომ პირველი კვირებისა თუ თვეების მანძილზე ახალშობილს მოუაროს. ამ პერიოდის შემდეგ კი ვინ უნდა იზრუნოს პატარაზე?
ცხადია, ასეთი სიტუაციებისთვის არ არსებობს მკაცრად დადგენილი წესები, მაგრამ კარგი იქნება, გახსოვდეთ, რომ თავისი სიცოცხლის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ორივე მშობელმა სერიოზულად უნდა შეხედოს ამ მდგომარეობას. გადაწყვეტილების მიღებისას საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ ყველაფერი.
„რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საუკეთესო ბაგა-ბაღიც კი ვერ შეცვლის იმ დროს, რომელსაც დედები და მამები უნდა ატარებდნენ შვილებთან“, — ამბობს ამერიკის პედიატრიის აკადემიის წევრი, ექიმი ჯოზეფ ზანგა. ზოგი სპეციალისტი წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ასეთ დაწესებულებებში ბავშვს მომვლელის მხრიდან არ ექცევა იმდენი ყურადღება, რამდენიც ესაჭიროება.
ზოგ მომუშავე დედას კარგად ესმის ბავშვის მოთხოვნილებები და არჩევს, შეწყვიტოს მუშაობა, ვიდრე სხვებს მიანდოს ბავშვის ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა. ერთი ქალი ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი სამუშაო ვერ მომანიჭებდა იმ უდიდეს სიამოვნებასა და კმაყოფილებას, რაც ჩემს პატარაზე ზრუნვისგან მივიღე“. ცხადია, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ყველა დედას არ შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ბევრ მშობელს სხვა გამოსავალი არა აქვს და შვილს ბაგა-ბაღში აბარებს. სამაგიეროდ, იმ დროს, როცა ბავშვთან არიან, უფრო მეტ ყურადღებასა და სიყვარულს გამოხატავენ მის მიმართ. მსგავსად, ბევრ მომუშავე მარტოხელა მშობელსაც არა აქვს ამ მხრივ დიდი არჩევანი, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად ისინი შესანიშნავ შედეგებს აღწევენ ბავშვების აღზრდაში.
ახალშობილზე ზრუნვა და მისი აღზრდა სიხარულის მომტანი საქმეა, მაგრამ ის სირთულეებთანაც არის დაკავშირებული და ბევრი რამის მსხვერპლად გაღებასაც მოითხოვს. როგორ შეძლებდით ამ საპასუხისმგებლო ამოცანის შესრულებას?
[სქოლიო]
a სტატიების ამ სერიით „გამოიღვიძეთ!“ წარმოადგენს ავტორიტეტული სპეციალისტების აზრს, რომლებიც ბავშვთა ზრდა-განვითარების პრობლემებზე მუშაობენ. მათი გამოკვლევების შედეგები მშობლებისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. თუმცა კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ბიბლიური ნორმებისგან განსხვავებით, რომლებსაც „გამოიღვიძეთ!“ მთლიანად ემხრობა, ხშირად ასეთი შეხედულებები გადამოწმების შედეგად იცვლება.
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
მდუმარე ბავშვები
იაპონიაში ზოგი ექიმი იტყობინება, რომ იზრდება ისეთი ჩვილების რიცხვი, რომლებიც არც ტირიან და არც იღიმებიან. პედიატრი სატოში იანაგისავა მათ „მდუმარე ბავშვებს“ უწოდებს. რატომ არ გამოხატავენ ეს პატარები თავიანთ გრძნობებს? ზოგი ექიმი თვლის, რომ ამის მიზეზი მშობლებთან არასაკმარისი ურთიერთობაა. ბავშვის ასეთ მდგომარეობას ისინი „იძულებით უმოქმედობას“ უწოდებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვილის ემოციური მოთხოვნილებების გამუდმებით უგულებელყოფის ან არასწორად გაგების შედეგად, ის, საბოლოოდ, აღარც ცდილობს კონტაქტზე წასვლას.
ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების უფროსი, დ-რ ბრიუს პერი, ფიქრობს, რომ თუ ბავშვი სათანადო გარემოში არ არის იმ დროს, როცა განსაკუთრებით მგრძნობიარეა, შეიძლება არ განვითარდეს ტვინის ის ნაწილი, რომელიც მას გულისხმიერს ხდის. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ჩვილის ემოციურ მოთხოვნილებებს არანაირი ყურადღება არ ექცევა, მასში შეიძლება სამუდამოდ ჩაიკლას თანაგრძნობისა და გულისხმიერების უნარი. დ-რი პერი თვლის, რომ ნარკოტიკებითა თუ ალკოჰოლით გატაცებისა და მოზარდობის ასაკში ძალადობის აქტების ჩადენის ზოგი შემთხვევა შეიძლება პირდაპირ უკავშირდებოდეს ჩვილობის ასაკს, როდესაც მათ ემოციურ მოთხოვნილებებს ყურადღება არ ექცეოდა.
[სურათი 7 გვერდზე]
მშობლებსა და შვილს შორის კავშირი ურთიერთობის შედეგად მტკიცდება.