არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევძლო თავისუფლად ლაპარაკი?

როგორ შევძლო თავისუფლად ლაპარაკი?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შევძლო თავისუფლად ლაპარაკი?

„ვფიქრობდი, რომ ყველა ყურადღებას აქცევდა ჩემს თითოეულ შეცდომას და ამჩნევდა ჩემს მღელვარებას. მიჭირდა იმაზე კონცენტრირება, რასაც ვამბობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ნათქვამზე ყველა გულში იცინოდა“ (სენდი a).

საკლასო ოთახი თანაკლასელებითაა სავსე. უცბად მასწავლებელი შენს გვარს კითხულობს და ყველას ყურადღება შენკენაა მოპყრობილი. დაფამდე რამდენიმე ნაბიჯია, შენ კი კილომეტრებად გეჩვენება. ოფლს გასხამს, ფეხებში ძალა გერთმევა და პირი გიშრება. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს დასახვრეტად მიჰყავდე ვინმეს.

გულწრფელად რომ ვთქვათ, უმეტესობას საუბრის დაწყებამდე შიში გვიპყრობს (იერემია 1:5, 6). ზოგიერთებს კი საჯაროდ ლაპარაკს სიკვდილი ურჩევნიათ! იმისდა მიუხედავად, მიეკუთვნები მათ რიცხვს თუ არა, ერთი რამ ცხადია: არსებობს მრავალი მიზეზი, რატომაც უნდა დაეუფლო თავისუფლად საუბრის ხელოვნებას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი და გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ გაუმჯობესება.

როცა სხვების წინაშე ვლაპარაკობთ

„ყველას უნდა შეეძლოს საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა“. ეს სიტყვები აღებულია სარეკლამო განცხადებიდან, რომელიც ორატორული ხელოვნების დასაუფლებელ კურსებზე იწვევდა ხალხს. ადრე თუ გვიან, მოგიწევს მსმენელების წინაშე წარდგომა. მაგალითად, სიტყვით გამოსვლა, ხშირად, სკოლაშია საჭირო. ერთი ახალგაზრდა, სახელად ტატიანა, იხსენებს: „ხშირად მიწევდა თანაკლასელების წინაშე გამოსვლა“. მოსწავლეები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად კლასის წინაშე სასაუბროდ, მაგალითად გაკვეთილის მოსაყოლად, წაკითხული წიგნის შესახებ აზრის გამოსათქმელად და ა.შ.

როდესაც სამსახურში მოეწყობი, შეიძლება გთხოვონ, რომ ასწავლო რომელიმე თანამშრომელს ესა თუ ის საქმე, უპასუხო კლიენტის კითხვებს ან ანგარიში ჩააბარო ხელმძღვანელობას. კომუნიკაბელობა ბევრი პროფესიის წარმომადგენლებს ესაჭიროებათ, მაგალითად, ჟურნალისტებს, მენეჯერებს და სავაჭრო სფეროში მომუშავეებს.

დაგჭირდება თავისუფლად ლაპარაკის უნარი, თუ უბრალო მუშად ან რომელიმე ფირმის ოფისში დაიწყებ მუშაობას? ხშირად კარგად ლაპარაკის უნარზეა დამოკიდებული, მიგიღებენ თუ არა სამუშაოზე გასაუბრების დროს. თავისუფლად საუბრის უნარი სამსახურშიც დაგეხმარება. კორინი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ 3 წელი ოფიციანტად მუშაობდა, ამბობს: „თუ კარგად ლაპარაკი გეხერხება, უფრო მოწიფულად და უნარიანად ჩაგთვლიან და უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოგანდობენ. ამის წყალობით შეიძლება უკეთესი სამსახური იშოვო, უფრო მაღალი შემოსავალი გქონდეს ან უფრო მეტი პატივისცემა დაიმსახურო“.

გარდა ამისა, ახალგაზრდა ქრისტიანები ხშირად ესაუბრებიან სხვებს თავისი რწმენის შესახებ (ებრაელთა 10:23). „მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს აზრების თავისუფლად ჩამოყალიბება, — ამბობს ტანიშა. — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენთვის დიდი პატივია“ (მათე 24:14; 28:19, 20). ახალგაზრდა ქრისტიანებს არ შეუძლიათ, კრებაში თუ სამქადაგებლო მსახურებაში ‘არ ილაპარაკონ ის, რაც იხილეს და მოისმინეს’ (საქმეები 4:20; ებრაელთა 13:15).

საუბარში დახელოვნება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამოგადგება. მიუხედავად ამისა, საჯაროდ საუბარი შესაძლებელია, შენში მაინც იწვევდეს შიშს. არსებობს გამოსავალი? რა თქმა უნდა, არსებობს.

როგორ დავძლიოთ შიში?

„წარმატებისთვის სულაც არ არის საჭირო, იყო შეუდარებელი ან უნაკლო, — ამბობს ექიმი მორტონ ორმანი, რომელიც სტრესთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლის და, ამასთანავე, პროფესიონალი ორატორია. — სიტყვით გამოსვლის ძირითადი მიზანი მსმენელამდე სასარგებლო ინფორმაციის მიტანაა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყურადღება გადაიტანე იმაზე, რის თქმასაც აპირებ და არა საკუთარ თავზე ან შიშზე. პირველ საუკუნეში ზოგიერთები თვლიდნენ, რომ მოციქული პავლე არ იყო მჭევრმეტყველი, მაგრამ რამდენადაც ის ყოველთვის სასარგებლო ინფორმაციას გადასცემდა სხვებს, მის საუბრებს სულაც არ აკლდა ეფექტურობა (2 კორინთელთა 11:6). მსგავსად ამისა, თუ დარწმუნებული ხარ, რომ სასარგებლო ინფორმაციას გადასცემ, დაძაბულობა მალევე მოგეხსნება.

სხვა ცნობილი ორატორი და მასწავლებელი რონ სატხოფი გვირჩევს: სიტყვით გამოსვლა წარმოდგენა არ არის. მას, როგორც საუბარს, ისე მიუდექი. შეეცადე ყურადღება მთელ აუდიტორიას კი არ მიაპყრო, არამედ ერთ ან ორ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვეულებრივი საუბრის დროს აკეთებ. მსმენელებისადმი გულწრფელი ინტერესი გამოავლინე და ილაპარაკე თავისუფლად, ისე როგორც ყოველთვის საუბრობ (ფილიპელთა 2:3, 4). რაც უფრო ბუნებრივად ისაუბრებ, მით უფრო შეინარჩუნებ სიმშვიდეს.

აღელვების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს შიში იმისა, რომ არ დაიბნე ან აუდიტორიამ არ გაგაკრიტიკოს. ლენი ლასკოვსკი, შესანიშნავი ორატორი და მასწავლებელი, შეგვახსენებს, რომ, ჩვეულებრივ, მსმენელები ყოველი მოხსენების მოსასმენად დადებითად არიან განწყობილნი. „მათ შენთვის კარგი სურთ“, — ამბობს ლასკოვსკი. ასე რომ, დადებითად განეწყვე. რამდენადაც შესაძლებელია, პროგრამის დაწყებამდე მიესალმე ზოგიერთ დამსწრეს. უყურე მათ, როგორც მეგობრებს და არა როგორც მტრებს.

ისიც გახსოვდეს, რომ მღელვარება ყოველთვის ცუდი არ არის. „ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, — ამბობს ერთი სპეციალისტი, — მღელვარება სასარგებლოა შენთვისაც და შენი გამოსვლისთვისაც“. რატომ? მცირეოდენი მღელვარება მოკრძალებულობის ნიშანია, რაც თავდაჯერებულობისგან დაგიცავს (იგავები 11:2). ბევრი სპორტსმენი, მუსიკოსი და მსახიობი თვლის, რომ მცირეოდენი მღელვარება დადებითადაც კი მოქმედებს მათ გამოსვლებზე, ის მეტ სტიმულს აძლევს მათ. იმავეს თქმა შეიძლება ორატორებზე.

სასარგებლო რჩევები

ქვემოთ მოცემული რჩევების მიყოლით ზოგიერთმა ქრისტიანმა ახალგაზრდამ უკვე შეიძინა გარკვეული გამოცდილება და წარმატებით გაართვა თავი აუდიტორიის წინაშე გამოსვლას სკოლაში, სამსახურსა და კრებაში. ზოგი რჩევა, შესაძლოა, შენც დაგეხმაროს.

ჯედი: „მასალა საკუთარი სიტყვებით გადაეცი. დაფიქრდი, რამდენად სასარგებლო ინფორმაციას გადასცემ. თუ დარწმუნებული ხარ, რომ რასაც ამბობ, მნიშვნელოვანია, მსმენელიც ასე იფიქრებს“.

როშელი: „მე ვიდეოჩანაწერის გაკეთება მეხმარება. საკუთარი შეცდომების დანახვა სასიამოვნო არ არის, მაგრამ სასარგებლოა. ამასთანავე, ის თემა აირჩიე, რომელიც მოგწონს. ეს გამოსვლის ხარისხსაც დაეტყობა“.

მარგარეტი: „როცა გამოსვლას სიტყვასიტყვით არ ვწერ და მისთვის გეგმას ვადგენ, უფრო მიადვილდება ბუნებრივად და თავისუფლად ლაპარაკი. საუბრის დაწყებამდე ღრმად ჩასუნთქვა დამშვიდებაში მეხმარება“.

კორინი: „საკუთარ შეცდომებს იუმორით შეხედე. ყველა უშვებს შეცდომებს. გააკეთე იმდენი, რამდენიც შეგიძლია“.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ სფეროში, სპორტი იქნება, ფერწერა თუ მუსიკა, გამოცდილებასა და კარგ მომზადებას ვერაფერი შეედრება. ტატიანა გვირჩევს, თემა გამოსვლამდე კარგა ხნით ადრე მოვამზადოთ, რომ რეპეტიციებისთვის საკმარისი დრო დაგვრჩეს. თუ თავიდან არ გამოგდის, არ დანებდე. „რაც უფრო ხშირად ვსაუბრობ სხვებთან, — ამბობს იგი, — მით ნაკლებად ვნერვიულობ“. ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ არსებობს დახმარების კიდევ ერთი წყარო, რომელიც განსაკუთრებით ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გადაცემის დროს დაგჭირდება.

საუკეთესო მასწავლებლის დახმარება

ისრაელის მომავალი მეფე დავითი ახალგაზრდობაში „სიტყვაგონიერ“ კაცად იყო ცნობილი (1 მეფეთა 16:18). როგორ მიაღწია ამას? როცა დავითი ცხვარს მწყემსავდა და დროის უმეტეს ნაწილს ბუნების წიაღში ატარებდა, მან ახლო ურთიერთობა განავითარა საუკეთესო მასწავლებელთან, იეჰოვა ღმერთთან (ფსალმუნები 64:3). ეს დაეხმარა მას, რომ მძიმე ვითარებებშიც კი გასაგებად, მტკიცედ და დაბეჯითებით ესაუბრა (1 მეფეთა 17:34—37, 45—47).

დარწმუნებული იყავი, დავითის მსგავსად, იეჰოვა შენც დაგეხმარება, რომ როგორც მისმა თაყვანისმცემელმა, დამაჯერებლად ისაუბრო; ის შენც მოგცემს „მცოდნეთა ენას“ (ესაია 50:4; მათე 10:18—20). დიახ, თუ ყველანაირ შესაძლებლობას გამოიყენებ, ნამდვილად შეძლებ თავისუფლად ლაპარაკში დახელოვნებას.

[სქოლიო]

a ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 18 გვერდზე]

დახმარება თავისუფლად ლაპარაკში გასაუმჯობესებლად

მთელ მსოფლიოში, იეჰოვას მოწმეთა კრებებში ყოველკვირეულად ტარდება ბიბლიაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა, რომელსაც თეოკრატიული სამსახურის სკოლა ეწოდება. მოსწავლეები მონაწილეობენ საკლასო განხილვებში, სიტყვით გამოდიან კრების წინაშე და, აგრეთვე, თითოეულს ინდივიდუალურად ეხმარებიან, რომ გაუმჯობესდნენ. ეფექტურია ასეთი სწავლება? აი, რას ამბობს 19 წლის კრისი:

„სანამ ამ სკოლაში ჩავეწერებოდი, საზოგადოებაში თავს უხერხულად ვგრძნობდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე შევძლებდი გამოსვლას. მაგრამ კრების წევრები მამხნევებდნენ; ისინი მეუბნებოდნენ, ბორძიკით რომ წამეკითხა, მაინც ძალიან გაახარებდათ ჩემი გამოსვლა, რადგან იცოდნენ რამხელა ძალისხმევა დამჭირდებოდა ამისთვის. ისინი ყოველი მოხსენების შემდეგ მაქებდნენ. მათ უდიდესი დახმარება აღმომიჩინეს“.

ახლა, სკოლაში 5 წლის მონაწილეობის შემდეგ, კრისი ემზადება პირველი 45-წუთიანი ლექციის წასაკითხად. შენც სწავლობ ამ სკოლაში?

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

თავისუფლად ლაპარაკის უნარი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დაგეხმარება.