არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

შეუძლია დიპლომატიას მშვიდობის დამყარება?

შეუძლია დიპლომატიას მშვიდობის დამყარება?

ისურვებდით, რომ ომებს ბოლო მოღებოდა? ხომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, დიპლომატიური გზით მოგვარდეს ეროვნული თუ საერთაშორისო კონფლიქტები? ბევრი ფიქრობს, რომ მსოფლიო ლიდერები თუ ითანამშრომლებენ, ომები აღარ იქნება. მაგრამ ამ მხრივ, ალბათ, არაერთხელ გაგცრუებიათ იმედი. საუკუნეების მანძილზე დიპლომატები დებენ ხელშეკრულებებს, იღებენ რეზოლუციებს და აწყობენ სამიტებს, მაგრამ თითებზე ჩამოითვლება მათ მიერ გადაჭრილი პრობლემები.

ბიბლიაში ბევრია ნათქვამი დიპლომატიასა და მშვიდობაზე. ის პასუხობს შემდეგ კითხვებს: რა უშლით ხელს დიპლომატებს, რომ მშვიდობას მიაღწიონ? უნდა ერეოდნენ ქრისტიანები დიპლომატიურ საკითხებში? როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტი მშვიდობის მიღწევა?

რა უშლის ხელს მშვიდობას?

რამდენიმე ბიბლიური შემთხვევა ცხადყოფს, თუ როგორ უწყობს ხელს მშვიდობას უშუალო ურთიერთობა. მაგალითად, აბიგაილმა გონივრულად დაარწმუნა დავითი და მისი მეომრები, შური არ ეძიათ მის ოჯახზე (1 მეფეთა 25:18—35). იესომ მაგალითი მოიყვანა მეფეზე, რომელსაც სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ელჩები გაგზავნა და ზავი ითხოვა (ლუკა 14:31, 32). დიახ, ბიბლია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დიპლომატიურ მოლაპარაკებას კონფლიქტების გადაჭრა შეუძლია. მაშ, რატომ არის მშვიდობიანი მოლაპარაკება ხშირად წარუმატებელი?

ბიბლიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დღეებში მძიმე დრო დადგებოდა. სატანის ბოროტი ზეგავლენის გამო ადამიანები იქნებოდნენ «შეურიგებელნი [„მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება“, აქ] . . . სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი» (2 ტიმოთე 3:3, 4; გამოცხადება 12:12). გარდა ამისა, იესომ იწინასწარმეტყველა, რომ თანამედროვე სისტემის აღსასრულისას მოისმენდნენ „ომებზე და ომების ამბებს“ (მარკოზი 13:7, 8). განა ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ყოველივე ეს ფართოდაა გავრცელებული? და ვინაიდან ეს ასეა, განა გასაკვირია, რომ ერებს შორის მშვიდობის დამყარების მცდელობა ხშირად ფუჭად მთავრდება?

დაფიქრდით შემდეგზეც: თუმცა დიპლომატები არ იშურებენ ძალისხმევას, რათა თავიდან აირიდონ უთანხმოებები, მათი მთავარი მიზანი საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ წაწევაა. ეს დიპლომატებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. უნდა ერეოდეს ქრისტიანი ასეთ საკითხებში?

კეთილი სურვილების მიუხედავად, მსოფლიოში არც ერთ დიპლომატს არ შესწევს ძალა, სამუდამოდ გადაჭრას საკაცობრიო პრობლემები.

ქრისტიანობა და დიპლომატია

ბიბლია გვირჩევს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“ (ფსალმუნები 145:3). ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად მათი კეთილი სურვილებისა, მსოფლიოში არც ერთ დიპლომატს არ შესწევს ძალა, სამუდამოდ გადაჭრას საკაცობრიო პრობლემები.

როდესაც პონტოელი პილატეს წინაშე წარადგინეს იესო, მან თქვა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“ (იოანე 18:36). მშვიდობიანი ურთიერთობები ხშირად ექცევა ნაციონალური სიძულვილისა და პოლიტიკური ეგოიზმის გავლენაში. აქედან გამომდინარე, ქრისტიანები უნდა მოერიდონ მსოფლიო კონფლიქტებსა და დიპლომატიურ გარიგებებში ჩარევას.

ნიშნავს ეს, რომ ქრისტიანები მსოფლიო მოვლენებს გულგრილად ადევნებენ თვალყურს? ან არ ადარდებთ ადამიანთა ტანჯვა? არა. პირიქით, ბიბლია აღწერს, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემლები ‘კვნესიან და მოთქვამენ’ იმ ბოროტების გამო, რაც მათ ირგვლივ ხდება (ეზეკიელი 9:4). ქრისტიანებს სწამთ, რომ ღმერთი დაამყარებს მშვიდობას. რას ნიშნავს თქვენთვის მშვიდობა? თუ თქვენთვის მშვიდობა ომებისთვის წერტილის დასმაა, რა თქმა უნდა, ღვთის სამეფოს შეუძლია ამის გაკეთება (ფსალმუნები 45:9, 10). გარდა ამისა, ის სრულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტანს მთელ დედამიწაზე (მიქა 4:3, 4; გამოცხადება 21:3, 4). ასეთი აღმატებული მშვიდობის მიღწევას ვერასოდეს შეძლებენ დიპლომატები ან „სამშვიდობო“ ორგანიზაციები.

ბიბლიური წინაწარმეტყველებები და ისტორია ცხადყოფს, რომ იმედის დამყარება დიპლომატებზე, როგორც მშვიდობის წყაროზე, არასაიმედოა. ისინი, რომლებიც იმედს ამყარებენ იესო ქრისტეზე და მხარს უჭერენ ღვთის სამეფოს, იხილავენ, თუ როგორ დამყარდება ჭეშმარიტი მშვიდობა. უფრო მეტიც, ისინი მარადიულად იცხოვრებენ მშვიდობიან პირობებში! (ფსალმუნები 36:11, 29).