„ათასვარსკვლავიანი სასტუმრო“
„ათასვარსკვლავიანი სასტუმრო“
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის საფრანგეთიდან
ვფიქრობ, ჩემს მსგავსად, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში ყოფნას ბევრი უდაბნოში ღამის გატარებას ამჯობინებდა, სადაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით დატკბებოდა. ასეთი აზრი მაშინ მომივიდა, რაც საუცხოო ქვეყნის, ტუნისის (ჩრდილოეთი აფრიკა) სამხრეთ ნაწილში ვიმოგზაურე. ეგრეთ წოდებულ „ათასვარსკვლავიან სასტუმროში“ — მომთაბარე მწყემსების კარავში — გატარებულმა დრომ დიდი სიამოვნება მომანიჭა.
უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ისეთი დაშორებული ადგილების მკვიდრი მილიონობით ადამიანი, როგორიცაა აზიის სტეპები, საჰარა და ჩრდილოეთი ამერიკა, ასეთ „ათასვარსკვლავიან სასტუმროებში“ ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ საუკუნეში მრავალი ტომი იძულებული გახდა, მიეტოვებინა კარვებში ცხოვრება, ათასობით მომთაბარე კვლავაც აგრძელებს უდაბნოში მოგზაურობას. ამ ხალხის შეუდარებელი სტუმართმოყვარეობა მათთან გატარებულ დღეს დაუვიწყარს ხდის.
„შალის სახლები“
მომთაბარეთა კარვის — ანუ „დუარის“, როგორც ჩრდილოეთ აფრიკაში უწოდებენ — სანახავად მე და ჩემი გიდი ძველი ავტომობილით, „ლენდ როვერით“, უდაბნოსკენ მივემგზავრებით. მას შემდეგ, რაც მწყემსებმა გზა მიგვასწავლეს, როგორც იქნა, სადღაც შორს რამდენიმე მუქი ყავისფერი კარვის სილუეტი შევამჩნიეთ. მანქანიდან გადმოსვლისთანავე ვიგრძენით, რამდენად მდუმარეა უდაბნო. როგორც ბედუინები ამბობენ, სიწყნარე გონებას ამშვიდებს. მასპინძელი გულთბილად გვესალმება და გვეპატიჟება კარავში, რომელიც დაახლოებით 12 მეტრი სიგრძის, 5 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლისაა. ჩვენ
შევდივართ კარვის იმ ნაწილში, რომელიც მამაკაცებისა და სტუმრებისთვისაა განკუთვნილი და ვსხდებით ლამაზ ნოხებზე. კარვის მეორე ნაწილი არ ჩანს, რადგან სტუმრების მოსვლის დროს ფარდებით ფარავენ; ის განკუთვნილია ოჯახის წევრებისთვის და საჭმლის მოსამზადებლად. სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, დიასახლისი გვიმასპინძლდება ტრადიციული პიტნის ჩაით, ქალიშვილები კი ამ დროს „სამზარეულოში“ პურის ფქვილს ზელენ კვერების გამოსაცხობად. გემრიელ კვერებს ცეცხლზე დადგმულ კეცში აცხობენ.საუბარში მასპინძელს ვეკითხები, როგორ კეთდება კარვის სახურავი და კედლები. ამ შეკითხვამ ის ძალიან გაახარა. როგორც მან აგვიხსნა, კარვის დასადგმელად იყენებენ არა მთლიან ქსოვილს, არამედ დაახლოებით 15 მეტრი სიგრძისა და 50 სანტიმეტრი სიგანის ნაჭრებს, რომლებსაც ერთმანეთზე აკერებენ. დიდი კარვებისთვის საჭიროა დაახლოებით 12-13 ასეთი ნაჭერი. მაგრამ როგორ აკეთებენ მათ?
შუადღისით ვხედავ კარვის წინ ქვიშაზე მჯდომ მასპინძლის ერთ-ერთ ქალიშვილს თითისტარით ხელში. ის მოხერხებულად ძახავს მატყლს და აქცევს მას სქელ ნართად; შემდეგ კი ჰორიზონტალურ „საქსოვ დაზგაზე“ იქსოვება ქსოვილის გრძელი ნაჭრები. თავისუფალი ნაქსოვი ვენტილაციის როლს ასრულებს. წვიმის დროს ძაფი სქელდება, ნაქსოვი მჭიდროვდება და ქსოვილი წყალგაუმტარი ხდება. კარვებისთვის მართლაც რომ შესაფერისია არაბული სახელწოდება „ბეით იშარი“, რაც „შალის სახლს“ ნიშნავს.
„სახლის“ მოვლა
რამდენ ხანს ძლებს ასეთი კარავი? მომთაბარეები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ სახლებს. მასპინძლის სიტყვების თანახმად, მისი მეუღლე და ქალიშვილები, სულ მცირე, ქსოვილის ერთ ნაჭერს მაინც ქსოვენ წელიწადში. შემდეგ კი, ყველაზე მეტად გაცვეთილ ზოლს ცვლიან ახლით. ამგვარად, რვა ასეთი ნაჭრისგან ანუ ზოლისგან შეკერილი კარვის „რემონტისთვის“ 8 წელია საჭირო. რამდენიმე ადგილზე ზოლი შეიძლება გაცვდეს, ამიტომ მათ უკეთესად შენახულ მხარეზე აბრუნებენ.
რას ეყრდნობა კარავი? გარგარის ხისგან დამზადებულ ოთხ ბოძს, თუმცა ზოგჯერ სხვა ხეებსაც იყენებენ. ორი მთავარი ბოძი დაახლოებით 2, 5 მეტრი სიგრძისაა. თითოეული ბოძის ერთი ბოლო მიწაში მაგრდება, მეორე კი 45—60 სანტიმეტრი სიგრძის დეკორატიულ განმბჯენში (ჰორიზონტალურ ძელში). ყველა განმბჯენი ოდნავაა მოღუნული, რის გამოც კარვის ზედა ნაწილი აქლემის კუზს წააგავს. კარვის გვერდები და უკანა მხარე რამდენიმე პატარა ბოძს ეყრდნობა. გარეთ გამოვედით, რომ გვენახა, როგორ მაგრდება კარავი თხის მატყლისგან დამზადებული თოკებით.
კარვის უკან გამხმარი ბუჩქებისგან გაკეთებული სქელი ღობეა, რაც ოჯახს მტაცებელი ცხოველებისგან იცავს. იქვე ახლოს პალოზე მიბმულია აფრიკული გარეული ვირი. ცოტა მოშორებით კი, მასპინძლის ქალიშვილები შემოღობილ ადგილში მყოფ ცხვრებსა და თხებს უვლიან.
უბრალო ცხოვრება
კვერები უკვე მზადაა; სქელ ზეითუნის ზეთში ამოწებული, მართლაც რომ ძალიან გემრიელია. მომთაბარეთა უბრალო ცხოვრებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათი ავეჯი ერთი ხის ყუთის, რამდენიმე ნაქსოვი ჩანთის, ნოხებისა და საბნებისგან შედგება. მასპინძლის ქალიშვილები სიამოვნებით მაჩვენებენ მატყლის უბრალო საჩეჩ და სართავ მოწყობილობებს. ამ ავეჯის გარდა მათ ცოტა რამ თუ გააჩნიათ. მათმა უბრალო ცხოვრებამ გამახსენა დავითის — რომელიც ერთ დროს თავადაც კარავში ცხოვრობდა — ბრძნული გამონათქვამი: „[ადამიანი] ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება (ფსალმუნები 38:7).
ბუნების ამ საუცხოო პეიზაჟებით გარემოცული ბევრი მომთაბარე ლექსებს წერს და დიდი სიამოვნებით მონაწილეობს პოეტურ პაექრობებში; ამასთანავე იგავ-არაკებისა თუ ისტორიის მოყოლაც ძალიან უყვართ. როცა ჩემი ჯერი დადგა, რამდენიმე იგავი მოვყევი საღვთო წერილიდან — სრულყოფილი სიბრძნით აღსავსე წიგნიდან, რომლის ავტორმაც „გადაჭიმა ცა ფარდასავით და გაშალა საცხოვრებლად, როგორც კარავი“ (ესაია 40:22). დამშვიდობების დროც დადგა. მადლობა გადავუხადე სტუმართმოყვარეობისა და სასიამოვნო წუთებისთვის. ნეტავი კიდევ თუ მომეცემა საშუალება, რომ ერთ-ერთ ასეთ მყუდრო, „ათასვარსკვლავიან სასტუმროს“ ვესტუმრო!
[სურათი 26 გვერდზე]
კვერებს ცეცხლზე აცხობენ
[სურათის საავტორო უფლებები 26 გვერდზე]
Musée du Sahara à Douz, avec l’aimable autorisation de l’Agence de mise en valeur du patrimoine et de promotion culturelle de Tunisie; camels: ZEFA/ROBERTSTOCK.COM