არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბრძოლა ღვთის სახელის წინააღმდეგ

ბრძოლა ღვთის სახელის წინააღმდეგ

ბრძოლა ღვთის სახელის წინააღმდეგ

ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის იუდეველ სწავლულს, ანანია ბენ თერადიონს, იცნობდნენ როგორც კაცს, რომელიც საჯაროდ ქადაგებდა და ასწავლიდა „სეფერ თორადან“, ანუ ბიბლიის პირველი ხუთწიგნეულის ხელნაწერიდან. ის იმითაც იყო ცნობილი, რომ ღვთის პირად სახელს იყენებდა და ამ სახელს სხვებსაც ასწავლიდა. განა შეეძლო მას, თორა ღვთის სახელის გარეშე ესწავლებინა, როცა ეს სახელი ბიბლიის პირველ ხუთ წიგნში 1 800-ზე მეტჯერ მოიხსენიება?

დრო, რომელშიც ბენ თერადიონი ცხოვრობდა, იუდეველ სწავლულებს საფრთხეს უქადდა. როგორც იუდეველი ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომის იმპერატორმა სიკვდილით დასჯის მუქარით აკრძალა იუდაიზმის სწავლება და მისი რელიგიური ტრადიციების დაცვა. საბოლოო ჯამში, რომაელებმა შეიპყრეს ბენ თერადიონი. დაპატიმრების დროს მას ხელში „სეფერ თორა“ ეჭირა. ბრალმდებლების საპასუხოდ მან გულწრფელად თქვა, რომ სხვებისთვის ბიბლიის სწავლებით ის, უბრალოდ, ღვთის ბრძანებას ემორჩილებოდა. მიუხედავად ამისა, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

განაჩენის აღსრულების დღეს ბენ თერადიონს ტანზე სწორედ ის გრაგნილი შემოახვიეს, რომელიც დაპატიმრების დროს ხელში ეჭირა, ამის შემდეგ კი კოცონზე დაწვეს. ენციკლოპედია „ჯუდაიკაში“ ნათქვამია, რომ „აგონიის გასახანგრძლივებლად მას გულთან დასველებული მატყლის ქულები დაუმაგრეს“. სასჯელი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა: მისი ცოლიც სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ქალიშვილი საროსკიპოში გაყიდეს.

თუმცა ბენ თერადიონი ასე მხეცურად რომაელებმა დასაჯეს, თალმუდის * თანახმად, „სასჯელი მას იმიტომ დაატყდა, რომ სრულად წარმოთქვამდა ღვთის სახელს“. დიახ, ღვთის სახელის წარმოთქმას ებრაელები სერიოზულ დანაშაულად მიიჩნევდნენ.

მესამე მცნება

როგორც ჩანს, ახ. წ. პირველ და მეორე საუკუნეებში ღვთის სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით იუდეველებში ცრურწმენა გავრცელდა. მიშნაში (რაბინების მიერ შედგენილი განმარტებების კრებული, რომელიც საფუძვლად დაედო თალმუდს) ნათქვამია, რომ „ის, ვინც წარმოთქვამს ღვთის სახელს ისე, როგორც იწერება“, ვერ დაიმკვიდრებს ღვთის მიერ დაპირებულ მომავალ მიწიერ სამოთხეს.

საიდან აიღო საწყისი ამ აკრძალვამ? ზოგის აზრით, ებრაელები ღვთის სახელს იმდენად წმინდად მიიჩნევდნენ, რომ არასრულყოფილი ადამიანის ბაგეს ის არ უნდა წარმოეთქვა. საბოლოოდ, ასეთი დამოკიდებულება ღვთის სახელის დაწერაზეც კი გავრცელდა. როგორც ერთ წყაროშია მითითებული, ეს შიში წარმოიშვა იმ მოსაზრებიდან, რომ ღვთის სახელის შემცველი ტექსტი ვინმეს შეიძლება ნაგავში გადაეგდო, რითაც ღვთის სახელი გაუწმინდურდებოდა.

ენციკლოპედია „ჯუდაიკაში“ ნათქვამია, რომ „სახელ ჲჰვჰ-ს წარმოუთქმელობა . . . გამოიწვია მესამე მცნების არასწორმა გაგებამ“. ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემული ათი მცნებიდან მესამე ასე ჟღერს: «არ წარმოთქვა უფლის [„იეჰოვას“, აქ], შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი [„იეჰოვა“, აქ] დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს» (გამოსვლა 20:7). ღვთის განკარგულება იმის თაობაზე, რომ მისი სახელი შეუფერებლად არ გამოეყენებინათ, დროთა განმავლობაში დამახინჯდა და ცრურწმენად იქცა.

დღეს აღარავინ ამბობს იმას, რომ ღმერთი მოისურვებდა ვინმეს დაწვას კოცონზე მისი სახელის წარმოთქმის გამო. და მაინც, ღვთის პირად სახელთან დაკავშირებით იუდეველთა შორის ჯერ კიდევ გავრცელებულია ცრურწმენა. ტეტრაგრამატონს ბევრი კვლავაც „გამოუთქმელ სახელად“ მოიხსენიებს. ტრადიცია რომ არ დაარღვიონ, ზოგ წრეში ღვთის სახელს ან იმ სიტყვებს, რომლებიც ამ სახელს შეიცავს, შეგნებულად წარმოთქვამენ არასწორად. ზოგი ადამიანი სიტყვა „ღმერთსაც“ კი არ წერს სრულად და ერთი ან რამდენიმე ასოს მაგივრად დეფისს სვამს.

სახელის დამალვის შემდგომი მცდელობები

ცხადია, მხოლოდ იუდაიზმში არ ცდილობენ ღვთის სახელისთვის გვერდის ავლას. გავიხსენოთ რომის პაპ დამასუს I-ის მდივნის, კათოლიკე მღვდლის, იერონიმეს, ისტორია. ახ. წ. 405 წელს მან დაასრულა ლათინურ ენაზე მთლიანი ბიბლიის თარგმანი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც ლათინური „ვულგატა“. იერონიმემ თავის თარგმანში არ გამოიყენა ღვთის სახელი. იმ დროს მიღებული ტრადიციისამებრ, ღვთის სახელი მან შეცვალა სიტყვებით „უფალი“ და „ღმერთი“. ლათინური „ვულგატა“ გახდა ბიბლიის კათოლიკური თარგმანის პირველი ოფიციალური ვერსია, რომელიც ბევრ სხვა თარგმანს დაედო საფუძვლად.

მაგალითად, 1610 წელს კათოლიკური ეკლესიის მიერ გამოცემული „დუეს ბიბლია“, ძირითადად, „ვულგატის“ ინგლისური თარგმანი იყო. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ მასში ღვთის სახელი საერთოდ არ მოიხსენიება. არადა, „დუეს ბიბლიას“ უბრალო ადგილი როდი ეკავა; ინგლისურენოვანი კათოლიკეებისთვის ის ბიბლიის ერთადერთი ოფიციალური თარგმანი იყო XX საუკუნის 40-იან წლებამდე. ასწლეულების მანძილზე ღვთის სახელი დაფარული იყო მილიონობით ღვთისმოშიში კათოლიკესგან.

გავიხსენოთ, აგრეთვე, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“. 1604 წელს ინგლისის მეფე ჯეიმზ I-მა შეკრიბა სწავლულთა ჯგუფი, რომელთაც ბიბლიის ინგლისურ ენაზე თარგმნა დაავალა. დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ მათ გამოსცეს „მეფე ჯეიმზის თარგმანი“.

მთარგმნელებმა აქაც აარიდეს თავი ღვთის სახელის დაწერას და მხოლოდ რამდენიმე მუხლში მოიხსენიეს. ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის სახელის მაგივრად, უმეტეს შემთხვევაში, მთავრული ასოებით ეწერა სიტყვები „უფალი“ ან „ღმერთი“. ეს ნაშრომი მილიონობით ადამიანისთვის ყველაზე ავტორიტეტულ თარგმანად იქცა. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია, რომ «„მეფე ჯეიმზის თარგმანის“ გამოქვეყნების შემდეგ 200-ზე მეტი წლის მანძილზე ინგლისურ ენაზე არ გამოცემულა ბიბლიის სხვა ავტორიტეტული თარგმანი. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ყველაზე ფართოდ იყენებდა „მეფე ჯეიმზის თარგმანს“».

ეს სულ სამი მაგალითია გასულ საუკუნეებში გაკეთებული ბიბლიის იმ მრავალი თარგმანიდან, სადაც ღვთის სახელი საერთოდ ამოიღეს ან მხოლოდ რამდენიმე ადგილას მოიხსენიეს. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ დღეს მათი უმრავლესობა, ვინც თავს ქრისტიანად თვლის, თავს იკავებს ღვთის სახელის გამოყენებისგან ან საერთოდ არ გაუგია ის. მართალია, წლების განმავლობაში ბიბლიის ზოგმა მთარგმნელმა ჩართო ღვთის პირადი სახელი თავის თარგმანში, მაგრამ მათი უმეტესობა მხოლოდ ბოლო დროს გამოქვეყნდა და მცირე გავლენა იქონია ხალხის საერთო დამოკიდებულებაზე ღვთის სახელის მიმართ.

ტრადიცია, რომელიც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება

ღვთის სახელის გამოუყენებლობის ფართოდ გავრცელებული ტენდენცია წმინდა წყლის ადამიანური ტრადიციაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ბიბლიასთან. „თორაში არსადაა აკრძალული ღვთის სახელის წარმოთქმა. საღვთო წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ღვთის სახელის ხსენება ჩვეულებრივი რამ იყო“, — ხსნის ვებ-საიტ „იუდაიზმი 101“-ის ავტორი, ებრაელი მკვლევარი ტრეისი რიჩი. დიახ, ბიბლიურ დროში ღვთის თაყვანისმცემლები იყენებდნენ მის სახელს.

აშკარაა, რომ ღვთის სახელის ცოდნა და გამოყენება დაგვაახლოებს ღვთისთვის მოსაწონ თაყვანისმცემლობასთან, როგორც ეს ბიბლიურ დროში იყო. ასე ჩვენ შევძლებთ პირველი ნაბიჯის გადადგმას შემოქმედთან პირადი ურთიერთობის დასამყარებლად, რაც ბევრად აღემატება იმას, რომ უბრალოდ ვიცოდეთ, რა ჰქვია მას. სინამდვილეში, იეჰოვა ღმერთი გვიწვევს კიდეც, რომ ვიქონიოთ მასთან ასეთი ურთიერთობა. მისი შთაგონებით ბიბლიაში შემდეგი თბილი მოწვევაა ჩაწერილი: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8). მაგრამ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: როგორ შეიძლება, რომ მოკვდავ ადამიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ყოვლისშემძლე ღმერთთან? მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ შეგიძლიათ განავითაროთ იეჰოვასთან ურთიერთობა.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 თალმუდი ძველ ებრაულ გადმოცემათა კრებულია. ის იუდაიზმის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა და მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ალილუია

რა გაგონდებათ, როდესაც გესმით სიტყვა „ალილუია“? შესაძლოა, გახსენდებათ XVIII საუკუნის დასაწყისში შექმნილი ჰენდელის მუსიკალური შედევრი, ორატორია „მესია“, რომელშიც გუნდი ამაღელვებლად მღერის „ალილუიას“. ან შეიძლება გახსენდებათ ჰანგები ამერიკის ცნობილი პატრიოტული სიმღერიდან „რესპუბლიკის საბრძოლო ჰიმნი“, რომელიც ცნობილია, აგრეთვე, როგორც „დიდება, ალილუია“. უდავოდ, ხშირად გექნებათ მოსმენილი ეს სიტყვა. შესაძლოა, ზოგჯერ თავადაც კი იყენებთ. მაგრამ იცით თუ არა, რას ნიშნავს ის?

ალილუია — ესაა ებრაული გამოთქმის „ჰალელუ-იაჰ“-ის ტრანსლიტერაცია, რაც ნიშნავს „ადიდეთ იაჰ“.

იაჰ — ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული პოეტური ფორმაა, რომელიც ბიბლიაში 50-ზე მეტჯერ გვხვდება. ხშირად ის ჩნდება როგორც გამოთქმა „ალილუიას“ ნაწილი.

[ჩარჩო 7 გვერდზე]

ღვთის სახელი თქვენს სახელში?

ბევრი ბიბლიური სახელი დღესაც პოპულარობით სარგებლობს. ებრაულ ენაზე ეს სახელები გარკვეულ მნიშვნელობას ატარებდა. ზოგ მათგანში ღვთის სახელიც იყო ჩართული. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ასეთი სახელი თავისი მნიშვნელობებითურთ. შესაძლოა, აქ თქვენი სახელიც შეგხვდეთ.

ელია (ილია) — „ჩემი ღმერთი იეჰოვაა“.

იოანა (ჟანა, ჟანეტა)/იოანე (ივანე, ჯონი) — „იეჰოვა მწყალობელია“.

იორამი — „იეჰოვა დიადია“.

იოსები (სოსო) — „იაჰმა შემატოს“ *.

ზაქარია (ზაქრო) — „იეჰოვას ახსოვს“.

[სქოლიო]

^ აბზ. 33 „იაჰ“ „იეჰოვას“ შემოკლებული ფორმაა.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

ღვთის წოდებები ბიბლიაში

წმინდა წერილების ებრაულ ტექსტში ღმერთთან მიმართებაში ბევრი წოდებაა გამოყენებული, მაგალითად: ყოვლისშემძლე, შემოქმედი, მამა და უფალი. მაგრამ, რაც შეეხება ღვთის პირად სახელს, ბიბლიაში ის გაცილებით მეტჯერ გვხვდება, ვიდრე ყველა სხვა წოდება ერთად აღებული. აშკარაა, რომ ღმერთს სურს, გამოვიყენოთ მისი სახელი. ნახეთ, რამდენჯერ გამოიყენება ებრაული წერილების დედანში ღვთის სახელი და წოდებები.

იეჰოვა — 6 973

ღმერთი — 2 605

ყოვლისშემძლე — 48

უფალი — 40

შემქმნელი — 25

მამა — 7

შემოქმედი — 7

ძველი დღეთა — 3

დიდებული მოძღვარი — 2

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ღმერთი, რომელიც ასრულებს თავის განზრახვებს

მეცნიერებს შორის არ არის სრული თანხმობა ღვთის სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობასთან დაკავშირებით. საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად ბევრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს სახელი წარმოადგენს ებრაული ზმნის „ჰავაჰ“-ის („გახდომა“, „გადაქცევა“) კაუზატიურ ფორმას, რაც ნიშნავს „აქცევინებს“.

ამიტომაც, „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ * გამოსვლის 3:14, სადაც მოსე ღმერთს მისი სახელის შესახებ ეკითხება, შემდეგნაირად ითარგმნა: «ღმერთმა უთხრა მოსეს: „მე ვიქნები ის, ვინც ვიქნები“. და დასძინა: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს, მე ვიქნებიმ გამომგზავნა თქვენთან“».

ასეთი თარგმანი სავსებით მართებულია, რადგან ღმერთს შეუძლია იქცეს იმად, რადაც ჩათვლის საჭიროდ. მას ვერანაირი ძალა ვერ გადაეღობება და ვერ შეაცვლევინებს იმ როლს, რომელსაც ის თავისი ნების შესასრულებლად დაიკისრებს. მისი მიზნები და აღთქმები ყოველთვის რეალობად იქცევა. მაგალითად, ღმერთი გახდა შემოქმედი. მისი უსაზღვრო ძალით გაჩნდა ყოველივე. მან შექმნა ფიზიკური სამყარო, ასევე ურიცხვი სულიერი ქმნილება. მართლაც, ის არის ღმერთი, რომელიც ყოველთვის ასრულებს თავის განზრახვებს!

[სქოლიო]

^ აბზ. 52 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მსოფლიოს მრავალ ენაზე.

[სურათი 5 გვერდზე]

რელიეფი, რომელზეც გამოსახულია ანანია ბენ თერადიონის სიკვდილით დასჯა.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

ადგილები, სადაც ღვთის სახელი გვხვდება

1. ლომბორგის ეკლესია (დანია, XVII საუკუნე).

2. ვიტრაჟი ბერნის საკათედრო ტაძარში (შვეიცარია).

3. მკვდარი ზღვის ერთ-ერთი ხელნაწერი ძველ ებრაულ ენაზე (ისრაელი, ახ. წ. დაახლოებით 30—50 წწ.).

[საავტორო უფლება]

Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem

4. შვედური მონეტა (1600 წ.).

[საავტორო უფლება]

Kungl. Myntkabinettet, Sveriges Ekonomiska Museum

5. გერმანულ ენაზე გამოცემული ლოცვანი (1770 წ.).

[საავტორო უფლება]

From the book Die Lust der Heiligen an Jehova. Oder: Gebaet-Buch, 1770

6. ქვაზე შესრულებული წარწერა (ბავარია, გერმანია).

7. მეშას ქვა (პარიზი, საფრანგეთი, ძვ. წ. 830 წ.).

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris

8. ეკლესიის თაღის მოხატულობა (ოლტენი, შვეიცარია).