არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაზღვრავს სისხლის ჯგუფი თქვენს ხასიათს?

განსაზღვრავს სისხლის ჯგუფი თქვენს ხასიათს?

ბიბლიის თვალსაზრისი

განსაზღვრავს სისხლის ჯგუფი თქვენს ხასიათს?

ზოგ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ადამიანის ხასიათი დამოკიდებულია სისხლის ჯგუფზე. მაგალითად, იაპონიაში საუბრის წამოსაწყებად ზოგიერთისთვის ჩვეულებრივია ასეთი კითხვის დასმა: „რა ჯგუფის სისხლი გაქვთ“? ამ იდეის მხარდამჭერები ამბობენ, რომ A ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან მშვიდნი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონენი და ეჭვიანები; B ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები კი — გულწრფელნი, სევდიანები, გულუბრყვილონი და ა. შ. ზოგი ფიქრობს, რომ ერთი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს ან, პირიქით, გაუადვილდეს ურთიერთობა სხვა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანთან.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სისხლის ჯგუფის განსაზღვრა მნიშვნელოვანია სკოლაში ბავშვების კლასებში განაწილებისას, კომპანიის ხელმძღვანელების თუ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. ნამდვილად სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული ადამიანის ხასიათი? არის ბიბლიაში რაიმე ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით?

რა არის სისხლის ჯგუფი?

ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) მემბრანა შეიცავს ცილებს, რომლებსაც ანტიგენები ეწოდება. ერითროციტების 300-ზე მეტი ანტიგენია ცნობილი“ (The World Book Multimedia Encyclopedia). ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ანტიგენები გვხვდება, მაშიც როცა სხვების ორგანიზმში — არა; ზოგი ანტიგენი ერთმანეთს არ ეთავსება. ამიტომ, როგორც ზემოაღნიშნულ ენციკლოპედიაშია ნათქვამი, „მეცნიერებმა ანტიგენების საფუძველზე დაყვეს სისხლი სხვადასხვა ჯგუფებად“.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისხლის ჯგუფების სისტემა — ABO სისტემაა, რომლის მიხედვითაც სისხლი 4 ჯგუფად იყოფა. აგრეთვე საკმაოდ ცნობილია რეზუსის სისტემა. დღესდღეობით არსებობს სისხლის ჯგუფებად დაყოფის დაახლოებით 20 სისტემა. ეს ცხადყოფს იმას, რომ სისხლი ძალიან რთული შედგენილობისაა. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „რამდენადაც ერითროციტებში არსებობს მრავალგვარი ანტიგენი, მცირეა იმის ალბათობა, რომ სხვადასხვა ადამიანს, ერთკვერცხისეული ტყუპების გარდა, ერთი და იმავე შედგენილობის სისხლი ჰქონდეთ“.

ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი, ყველასგან განსხვავებული „სისხლის ჯგუფი“. ამიტომ უსაფუძვლოა იმის მტკიცება, თითქოს ერთი და იმავე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს ერთნაირი თვისებები აქვთ. ცხადია, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული ჩვენი პიროვნული თვისებები.

რა განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს?

ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია, რომ „პიროვნება — თანდაყოლილი და შეძენილი ინდივიდუალური თვისებების მქონე ადამიანია“. გარდა თანდაყოლილი თვისებებისა, პიროვნების ჩამოყალიბებაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, ოჯახური გარემო, განათლება, საზოგადოება და ცხოვრებისეული გამოცდილება. ასე რომ, გენეტიკური მემკვიდრეობა პიროვნების ხასიათის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არ არის. ერთკვერცხისეული ტყუპებიც კი, რომელთაც ერთნაირი გენეტიკური ნიშნები აქვთ, ხშირად განსხვავდებიან ერთმანეთისგან თვისებებით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პიროვნება შეიძლება შეიცვალოს. მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა, რომ ქრისტიანულ სწავლებას შეუძლია ადამიანის შეცვლა. მან დაწერა: „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“ (კოლასელთა 3:9, 10, აქ). ქრისტიანებს ესმით, რომ ცოდვილები არიან და მემკვიდრეობით მიიღეს ცოდვილი მიდრეკილებები. ღვთის მოწონების დასამსახურებლად ისინი უნდა შეიცვალონ.

როგორ შეიძლება ადამიანის შეცვლა? ღვთის სიტყვის მეშვეობით. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე ღვთის სიტყვა, ბიბლია, პავლე წერდა: „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12). ადამიანი შეძლებს თანდათანობით შეცვლას, თუ ღვთის სულს საკუთარი თავის შეცვლის საშუალებას აძლევს და ცდილობს, შეესაბამებოდეს ბიბლიაში მოცემულ ზნეობრივ ნორმებს. ამგვარად ქრისტიანი განავითარებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა „მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“ (კოლასელთა 3:12).

ქრისტიანული კეთილგონიერება

ცხადია, ბიბლიაში არ არის მოცემული სისხლის ჯგუფების კვლევის ამკრძალავი პრინციპი; თუმცა, სულ სხვა საკითხია, ახდენს თუ არა სისხლის ჯგუფი ადამიანის ქცევაზე გავლენას. როგორც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ამ საკითხშიც უნდა ვცდილობდეთ, რომ ჩვენი ნაბიჯები ღვთის სიტყვას შევუთანხმოთ (ფსალმუნები 118:105). ძალიან მნიშვნელოვანია კეთილგონიერების გამოვლენა (ფილიპელთა 4:5, აქ).

რა თქმა უნდა, არაგონივრული იქნებოდა, სისხლის ჯგუფი თავის გასამართლებლად გამოგვეყენებინა და არ გვეცადა საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორება. გენეტიკური მემკვიდრეობის მიუხედავად, ქრისტიანებს ესაჭიროებათ, განუწყვეტლივ იმუშაონ საკუთარი თვისებების გასაუმჯობესებლად, რათა შეძლებისდაგვარად აირეკლონ იეჰოვასა და იესოს თვისებები (ეფესელთა 5:1).

გარდა ამისა, ქრისტიანები ცდილობენ, სხვებს იეჰოვას თვალით უყურონ. „ღმერთი მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10:34, 35). იეჰოვა სიხარულით იღებს ყველანაირ ადამიანს. არაგონივრული და, ამასთანავე, ქრისტიანისთვის შეუფერებელი მოქმედება იქნებოდა, თავი აგვერიდებინა ვინმესთან ურთიერთობისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მას სხვა ჯგუფის სისხლი აქვს. იმავეს თქმა შეიძლება მხოლოდ „შეთავსებადი“ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებთან ურთიერთობაზე. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ ხალხს ასხვავებთ, ცოდვას სჩადიხართ“ (იაკობი 2:9, სსგ).

რამდენადაც მეცნიერებამ და ტექნიკამ დიდ პროგრესს მიაღწია, დღესდღეობით ბევრი ახალი აღმოჩენა და თეორია არსებობს ადამიანის ორგანიზმთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ახალი იდეები ინტერესს იწვევს. და მაინც, ქრისტიანები კარგად იქცევიან, როცა აზროვნებას მიმართავენ არა ადამიანური თეორიებისკენ, არამედ — ღვთის სიტყვისკენ. ქრისტიანებს ცხოვრების ყველა სფეროში ესაჭიროებათ, რომ ‘ყველაფერი შეამოწმონ და კარგს ჩაეჭიდონ’ (1 თესალონიკელთა 5:21, აქ).