მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
დიაბეტი. მთელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტატიათა სერიისთვის „ცხოვრება დიაბეტით“ (8 ივნისი, 2003). 4 წლიდან დიაბეტი მაქვს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დაქორწინება და სრული დროით მსახურება ჩემთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ ამ სტატიების წაკითხვის შემდეგ იმედი მომეცა. ახლა 17 წლის ვარ და მიზნად დავისახე სრული დროით მსახურება. ყველანაირად ვეცდები, რომ მიზანი განვახორციელო.
თ. ა. (იაპონია).
მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დიაბეტიანებს ისეთი საკვების მიღებისკენ არ უბიძგონ, რომელიც მათთვის არ შეიძლება. ჩემთვის ძალიან რთულია, როდესაც ვერ ვჭამ იმას, რასაც ოჯახის წევრებისთვის ვამზადებ. ვისაც დიაბეტი არ აწუხებს, შეიძლება ეს ნაკლებად მნიშვნელოვნად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არც ისე უმნიშვნელოა.
ვ. ნ. (იტალია).
ვმუშაობ მედდად და მასწავლებლად. მომდევნო სემესტრის დასაწყისში ჩემს სტუდენტებს დიაბეტის შესახებ უნდა ვასწავლო. მათთან გამოვიყენებ მე-8 და მე-9 გვერდებზე მოცემულ სურათებს, რომლებიც იოლად აღსაქმელია. გმადლობთ, რომ სამედიცინო საკითხებზე ასეთ გამარტივებულ სტატიებს აქვეყნებთ.
კ. ბ. (საფრანგეთი).
გმადლობთ დიაბეტის შესახებ გამოქვეყნებული სტატიებისთვის. ეს დაავადება მე არა მაქვს, მაგრამ აწუხებს ჩემს უმცროს დას, რომელიც 14 წლისაა. ახლა მესმის, თუ რას განიცდის ჩემი დაიკო. მართალია, მისთვის მსხვერპლის გაღება მიწევს, მაგრამ ეს ისეთი რთული არ არის, როგორც დიაბეტით ცხოვრება!
ე. დ. მ. (იტალია).
დედაჩემს უკვე ხუთი წელია, რაც დიაბეტი აქვს. ვინაიდან მისგან საკმაოდ შორს ვცხოვრობ, მისი ჯანმრთელობის ამბავი ძალიან მაწუხებს. გადავწყვიტე, ამ ჟურნალის ერთი ეგზემპლარი დედას გავუგზავნო. აქ მოცემული ინფორმაცია ჩემი არყოფნის დროს დაეხმარება მას.
რ. ვ. (ინდონეზია).
წყალი. გმადლობთ სტატიისთვის „უძვირფასესი სითხე — წყალი“ (8 ივნისი, 2003). სტატიაში ციტირებული იყო დიეტოლოგის რჩევა, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელმა ადამიანმა ყოველდღე 8—10 ჭიქა წყალი უნდა დალიოს. თუმცა, როდესაც ადამიანს გულის დაავადება აწუხებს ან თირკმელების ფუნქცია აქვს დარღვეული, ექიმები არ ურჩევენ ძალიან ბევრი წყლის დალევას.
თ. ა. (იაპონია).
„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში წყლის მიღება უნდა შეიზღუდოს. გონივრული იქნება, თუ რჩევების მისაღებად ექიმს გაესაუბრებით.
გრძნობები. გმადლობთ სტატიათა სერიისთვის „ჩვენი გასაოცარი გრძნობები — აფასებთ მათ?“ (8 მარტი, 2003). გრძნობები უთუოდ გვეხმარება სიცოცხლისა და გარემოს დაფასებაში. ასეთი სტატიები გვიძლიერებს ღვთისადმი სიყვარულს. გმადლობთ მათი გამოქვეყნებისთვის.
ჯ. ნ. (ბურუნდი).
მატერიალიზმი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „რა არის მატერიალიზმი?“ რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 აპრილი, 2003). გეთანხმებით, დღეს ბევრი ადამიანია შეპყრობილი გამდიდრების სურვილით და სამწუხაროა, რომ მათ შორის ქრისტიანებიც არიან. ეს სტატია დამეხმარა, უკეთესად დამენახა, თუ რა არის მატერიალიზმი და როგორ ავირიდო მისი ზეგავლენა. ახლა მთელ ყურადღებას სულიერზე გადავიტან და არა მატერიალურზე. დიდი მადლობა ასეთი სასარგებლო სტატიისთვის!
ჟ. კ. (რუსეთი).