არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამაკვალენდზე გაზაფხული სასწაულებს ახდენს

ნამაკვალენდზე გაზაფხული სასწაულებს ახდენს

ნამაკვალენდზე გაზაფხული სასწაულებს ახდენს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან

მთელი მინდვრები, საითაც გაიხედავ, ნაირფეროვანი ყვავილებით დაჩითულ საბანშია გახვეული. ნამაკვალენდის დამთვალიერებლები ხშირად თავს ვერ იკავებენ აღტაცების შეძახილებისგან, როდესაც მათ თვალწინ ასეთი სილამაზე იშლება. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ერთი შეხედვით, ყვავილები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მიწის გულიდან ნელ-ნელა ამომავალი მდუღარე ლავა ნარინჯის ფერით ავსებს მის ყველა კუთხე-კუნჭულსა და ნაპრალს“.

და მაინც, რით არის გაზაფხულზე ასეთი გარდაქმნა განსაკუთრებით აღსანიშნავი? ნამაკვალენდი ფართო, ხრიოკი რეგიონია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით, მთების მიღმა, მდინარე ორანჟის სანაპიროზე გადის მისი ჩრდილოეთი საზღვარი. ნამაკვალენდი ტერიტორიის სიდიდით შვეიცარიას აღემატება (50 000 კვ/კმ) და გადაჭიმულია სამხრეთით 200 კილომეტრზე, მდინარე ორანჟიდან კეიპტაუნისკენ მიმავალ თითქმის ნახევარ გზაზე. წლის უმეტეს დროს გრანიტის ნატეხებით მოფანტულ ამ უდაბურ ადგილას ტემპერატურა დღისით +40°C-ს აღწევს, ხოლო ღამით -8°C-მდე ეცემა. ნამაკვალენდზე თითქმის არ არის ტბები და მდინარეები, მას მხოლოდ მიწისქვეშა მლაშე წყლების მწირი მარაგი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება, გაზაფხულობით აქ ნამდვილი სასწაული ხდება!

ყოველ წელს, ხანმოკლე წვიმების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისსა და სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვეულებრივ უნაყოფო ნამაკვალენდზე უეცრად ნაირნაირ ყვავილთა გამოფენა ეწყობა. მინდვრები ირთვება ნარინჯისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი, შინდისფერი, ლურჯი და იისფერი ყვავილებით. ეს სანახაობა ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება და ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტები წინასწარ ემზადებიან, რომ ყვავილთა ამ უზარმაზარი თაიგულის მშვენიერებით დატკბნენ.

ნამაკვალენდზე ყვავილთა ამ სანახაობის საიდუმლოება საჭირო რაოდენობით მოსულ ნალექებსა და მზის სხივებში იმალება. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ აღმოსავლეთის ხორშაკი ქარები აქამდე ვერ მოაღწევს, თორემ სწრაფად დააჭკნობს ყვავილთა ნაზ ფურცლებს და მათ ნაირფეროვან საღებავსაც გადაახუნებს.

ნამაკვალენდის სასწაული ყვავილებისგან დიდი რაოდენობით ჩაბნეული ნაყოფიერი თესლის დამსახურებაცაა. ყვავილთა უმეტესობა ყოველ წელს როდი გვხიბლავს თავისი სილამაზით. ისინი მხოლოდ განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებში იწყებენ აღმოცენებას. ზოგი თესლი ერთი წლის შემდეგ იზრდება, ზოგიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში მოთმინებით ელის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს. „ზოგიერთ თესლს, — გვიხსნის ერთი ტურისტი, — დამცავი მექანიზმი აქვს, რაც ხელს უშლის ყვავილის ნაადრევად აღმოცენებას. სიცხეში, პირველივე წვიმის შემდეგ, ისინი არ იძლევიან ამონაყარს; იზრდებიან მხოლოდ გრილ და ნესტიან კლიმატში, რაც ძალიან სჭირდება მცენარეს ასეთ მკაცრ პირობებში საარსებოდ“.

აქ ყოველ წელს შეიძლება განუმეორებელი სანახაობის ხილვა, რომელიც ხანდახან განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ საჭირო რაოდენობით ნალექი მოდის და ხორშაკი ქარებიც არ უშლის ხელს. ერთ წიგნში ნათქვამია: „რადგან სხვადასხვა სახეობის თესლის გასაღივებლად განსაზღვრული ტემპერატურაა საჭირო, პირველი წვიმები კი შეიძლება აპრილ-ივლისის პერიოდში დაიწყოს (ეს განსხვავებული ტემპერატურის თვეებია), ამიტომ წლიდან წლამდე აქ ყვავილთა სხვადასხვა სახეობა იზრდება, რაც დაკავშირებულია იმასთან, თუ გვალვის შემდეგ როდის მოვა პირველ წვიმები (Namaqualand—South African Wild Flower Guide)“.

რანაირ ყვავილებს არ ნახავთ აქ! მათი სახეობა 4 000-ს აჭარბებს, რომელთაგან თითოეული თავისებური ფორმითა და ფერით გამოირჩევა და განსაკუთრებულ პირობებში იზრდება. ზოგ ადგილას ერთ კვადრატულ მეტრზე 10—20-მდე სახეობის სხვადასხვა ყვავილს შეხვდებით. ამ ადგილის მშვენიერებასთან შედარებით ნებისმიერი მხატვრის პალიტრა ერთფეროვანი და მოსაწყენია. ყველაზე მაღალფარდოვანი სიტყვებითაც კი შეუძლებელია ნამაკვალენდის ამ გამაოგნებელი სილამაზის გადმოცემა.

ყვავილთა ეს უჩვეულო გამოფენა მხატვრებს, პოეტებსა და მწერლებს შემოქმედებისკენ აღძრავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოეტმა დ. ოპერმანმა დაწერა: „და იყო თესვის დღე უდიდესი, როცა მიწამაც გადახსნა გული, რათა ღვთის კალთით ჩამოცვენილი მიეღო ნარჩევ ყვავილთა თესლი“. ასეთი სილამაზით აღფრთოვანებულმა ერთმა მამაკაცმა თქვა: „თითქოს ამ უდაბურ ადგილს ცისარტყელამ გადაუარა და თვალისმომჭრელი ფერებით მხატვრის პალიტრასავით მოხატა ის“. ერთმა ქალბატონმა ასე გამოხატა თავისი გრძნობები: „ასეთი მშვენიერება გვეხმარება, დავაფასოთ ჩვენი შემოქმედის, იეჰოვას, უსაზღვრო გულუხვობა და სიბრძნე“.

უფრო მეტიც, ნამაკვალენდზე გაზაფხულის ეს გრანდიოზული სასწაული იმაშიც გვარწმუნებს, რომ ჩვენს შემოქმედს სხვადასხვა ბიოლოგიური ძალების გამოყენებით შეუძლია დედამიწაზე სამოთხის აღდგენა; სამოთხისა, სადაც ღვთის ერთგული და მადლიერი ადამიანები მარადიულად გაიხარებენ სასწაულებრივი სილამაზით (ფსალმუნები 36:10, 11, 29). იმ დროს მსოფლიო მასშტაბით „გამხიარულდება ტრამალი და გაიფურჩქნება, როგორც მთის შროშანი“ (ესაია 35:1).

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ყვავილებით დაჩითული მინდვრები 50 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული.