არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

საქმიანი მაიმუნები

ზოგი ევოლუციონისტის აზრით, თუ მაიმუნთა უსაზღვრო რაოდენობას მისცემდნენ უსაზღვრო რაოდენობის საბეჭდ მანქანებს, ისინი შექსპირის ნაწარმოებების მთელ კრებულს დაბეჭდავდნენ. ინგლისში პლიმუთის უნივერსიტეტში ჩაატარეს გამოკვლევა და ექვს მაიმუნს ერთი თვით კომპიუტერი დაუდგეს. მაიმუნებმა „ვერც ერთი სიტყვა ვერ დაბეჭდეს“, — ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში მდებარე პეინთონის ზოოპარკში ექვსმა მაიმუნმა „მხოლოდ ხუთგვერდიანი ტექსტი დაბეჭდა“, რომელიც უმთავრესად ერთი ასოსგან შედგებოდა, ბოლოში კი რამდენიმე სხვა ასოთი იყო გამრავალფეროვნებული. კლავიატურას მაიმუნებმა სხვა დანიშნულებაც მოუძებნეს, ისინი მას საზოგადოებრივ საპირფარეშოდაც იყენებდნენ.

სილამაზის მსხვერპლნი

ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალიის შტატი) „ყოველ წელს კანის კიბოთი დაავადების 2850 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 340 კი ამ დაავადებით კვდება“, — ნათქვამია ერთ გაზეთში (The Sydney Morning Herald). ვიქტორიის შტატის კიბოსთან ბრძოლის საბჭოს გამოკვლევების თანახმად, ავსტრალიის მოსახლეობის მეოთხედი აქტიურად ცდილობს გარუჯვას, რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ. ასეთ ადამიანთა რიცხვი უკანასკნელ სამ წელიწადში 10 პროცენტით გაიზარდა. „საგანგაშო ისაა, რომ გამოკითხულ ახალგაზრდათა 60 პროცენტი შეგნებულად ცდილობს გარუჯვას, მათი მესამედი კი ამტკიცებს, რომ ასე თავს უფრო ჯანმრთელად გრძნობენ“, — ნათქვამია ამავე გაზეთში. გასულ წელს სუპერმარკეტებში გაყიდული გასარუჯი ლოსიონების რაოდენობა 18 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა გარუჯვისგან დამცავი ლოსიონების რაოდენობა იგივე დარჩა. ავსტრალიის დერმატოლოგთა კოლეგიის წევრი რობინ მარქსი შენიშნავს, რომ ზოგის აზრით, თანდათანობით გარუჯვა სახიფათო არ არის. მაგრამ გაზეთში ნათქვამია: „კანის კიბოს ექსპერტების სიტყვების თანახმად, აშკარად მცდარია ის აზრი, რომ უსაფრთხოა ნებისმიერი გარუჯვა — მათ შორის მზის ვანები, რომლის დროსაც დამწვრობის გარეშე თანდათანობით ხდება გარუჯვა“. დოქტორი მარქსი გვაფრთხილებს: „გარუჯული კანი კოჟრის მსგავსია, რომლის გამოჩენაც, ჩვეულებრივ, იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაცა წესრიგში არა გვაქვს“.

იაპონური ენის კრიზისი

იაპონური ენა წალეკა უცხო სიტყვების ნიაღვარმა, რამაც ასაკოვანი იაპონელებისთვის მშობლიური ენა დამაბნეველი გახადა, — აღნიშნულია გაზეთ „ჯაპან ტაიმსში“. დღესდღეობით ზოგი ლექსიკონის 10 პროცენტს შეადგენს უცხო ენებიდან, უმეტესწილად ინგლისურიდან, ნასესხები სიტყვები. „[იაპონური] იმდენად გაუგებარი გახდა ჩემთვის, რომ ხანდახან თარჯიმანი მჭირდება მშობლიური ენის გასაგებად“, — წუხს 60 წლის ქალბატონი. ახალგაზრდების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სპორტსმენების, მოდელიორებისა და უმაღლესი ტექნოლოგიების სპეციალისტების ლექსიკაში სწრაფად იკიდებს ფეხს უცხო სიტყვები, რომლებსაც „სიახლე და უკმაყოფილება შემოაქვთ“. თუმცა, ეს ახალი სიტყვები იწერება კატაკანის ანბანით, რომელიც უმთავრესად უცხო სიტყვების დასაწერად გამოიყენება. ამიტომაც, ეს ტერმინები „დიდი ხნის განმავლობაში დარჩება უცხო სიტყვებად“, — ნათქვამია გაზეთში. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ თანახმად კი, ბევრ იაპონელს „არ მოსწონს, როცა თანამედროვე იაპონურზე დაწერილ მთელ წინადადებებში, ზოგი იაპონური ნაწილაკისა და ზმნის გარდა, მხოლოდ დასავლური წარმოშობის სიტყვებია გამოყენებული“. ეს ხელს უშლის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებს.

ბრაზიან ბავშვებს გული უავადდებათ

„მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში, რომლებიც სხვების მიმართ აგრესიულები არიან, რბილი ხასიათის თანატოლებთან შედარებით, სამჯერ უფრო მეტია ალბათობა, განუვითარდეთ მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის დარღვევა) სინდრომი — გულის დაავადების წინამორბედი“, — იტყობინება მონრეალში გამომავალი ერთი გაზეთი (The Gazette). ამერიკელმა და ფინელმა მკვლევარებმა, რომლებმაც 134 მოზარდსა და ბავშვში აგრესიულობის დონე გამოიკვლიეს, აღმოაჩინეს, რომ ბრაზიან ბავშვებსა და მოზარდებში 22 პროცენტით მეტია გულით დაავადების საშიშროება, ვიდრე ნაკლებად აგრესიულ ბავშვებში. „50 წლის ჯანმრთელ ადამიანებს გული ერთ დღეში არ უავადდებათ, — ამბობს გამოკვლევის თანაავტორი კრისტენ სალომონი. — გულ-სისხლძარღვთა დაავადება ადრეულ ასაკში იწყება“.