არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გამოვნახო დრო საშინაო დავალებებისთვის?

როგორ გამოვნახო დრო საშინაო დავალებებისთვის?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გამოვნახო დრო საშინაო დავალებებისთვის?

„დამამთავრებელ კლასში ვარ და სტრესი ნამდვილად არ მაკლია . . . იმდენი თემა და მოხსენება მაქვს მოსამზადებელი, რომ ამოსუნთქვის საშუალება არა მაქვს. დრო არასდროს მყოფნის სამეცადინოდ“ (18 წლის გოგონა).

შენც ხომ არ გრძნობ, რომ საშინაო დავალებები, რომლებსაც ყოველდღიურად გაძლევენ, ტვირთად გაწევს? ასეთი გრძნობა მრავალ მოსწავლეს აქვს. „შეერთებული შტატების სკოლებში სტანდარტებისა და საერთო დონის ასაწევად მასწავლებლები ზრდიან საშინაო დავალებების რაოდენობას, — ნათქვამია ამერიკული პრესის ანგარიშში. — ზოგ ქვეყანაში უფროსკლასელებს დავალებების მოსამზადებლად დღეში სამ საათზე მეტი სჭირდებათ. მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად კი, 20 წლის წინანდელთან შედარებით, დღეს უმცროსკლასელებს თითქმის სამჯერ მეტად ტვირთავენ საშინაო დავალებებით“.

საშინაო დავალებების სიმძიმე მხოლოდ ამერიკელ მოსწავლეებს როდი აწევთ ტვირთად. ამერიკაში 13 წლის მოსწავლეთა დაახლოებით 30 პროცენტი დღეში ორ საათს ხარჯავს საშინაო დავალებების მომზადებაზე, მაშინ როცა ტაივანსა და კორეაში მათი რიცხვი 40 პროცენტს აღწევს, ხოლო საფრანგეთში 50 პროცენტზე მეტია. „ხანდახან საშინაო დავალებების მოცულობა იმდენად დიდია, რომ ქანცი მიწყდება“, — წუხს ქეითი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია. მსგავსი გრძნობები მერილინსა და ბელინდასაც აქვთ, რომლებიც მარსელის (საფრანგეთი) ერთ სკოლაში სწავლობენ. „თითქმის ყოველ საღამოს ორ საათს ან მეტს ვანდომებთ საშინაო დავალებების მომზადებას, — ამბობს მერილინი. — და სხვა მოვალეობებიც თუ გაკისრია, ძალიან ძნელია დროის პოვნა“.

სად ვიპოვო დრო?

ხომ კარგი იქნებოდა, რომ საშინაო დავალებების დასასრულებლად და სხვა საქმეების მოსასწრებად დღისთვის რამდენიმე საათის დამატება შეგვძლებოდა? სინამდვილეში, ეს შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ ეფესელთა 5:15, 16-ში (აქ) ჩაწერილ პრინციპს: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების დამწერს მხედველობაში არ ჰქონდა საშინაო დავალებები, ეს პრინციპი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. როდესაც რამეს ყიდულობ, მის საფასურს იხდი; ასევეა ამ შემთხვევაშიც: სწავლისთვის დრო რომ გამონახო, სანაცვლოდ რამე უნდა გაიღო. მაგრამ, რა?

„ჩამოწერეთ, პირველად რისი გაკეთებაა საჭირო“, — გვირჩევს ჯილიანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განსაზღვრე, რა უფრო მნიშვნელოვანია. ქრისტიანული კრების შეხვედრები და სულიერი საკითხები სიაში პირველ ადგილზე უნდა ეწეროს. მხედველობიდან არ გამოგრჩეს ოჯახური პასუხისმგებლობები, ყოველდღიური საქმეები და, რა თქმა უნდა, საშინაო დავალებების მომზადება.

შემდეგ, კვირის განმავლობაში ჩაიწერე, სინამდვილეში რაში ხარჯავ დროს. შედეგებით გაოცდები! რამდენი დრო მიაქვს ტელეგადაცემების ყურებას, ინტერნეტის ვებ-გვერდების თვალიერებას, კინოთეატრში სიარულს, ტელეფონზე საუბარს, მეგობრებთან შეხვედრას? ახლა შეადარე ეს შედეგები მნიშვნელოვანი საქმეების სიას. შეიძლება საჭირო იყოს, რომ კიდევ ერთხელ გადახედო, რამდენ დროს უთმობ ტელეგადაცემების ყურებას, ტელეფონზე საუბარს ან ინტერნეტის ვებ-გვერდების თვალიერებას, რათა განსაზღვრო, საიდან შეიძლება უფრო მეტი დროის „გამოსყიდვა“!

უფრო მნიშვნელოვანი

ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ შეწყვიტო ტელევიზორის ყურება ან კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყო. შეიძლება დაგჭირდეს, რომ წესად აქციო გამოთქმა „უფრო მნიშვნელოვანი“. ბიბლიაც მოგვიწოდებს, ‘შევამოწმოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (ფილიპელთა 1:10, აქ). სკოლაში სწავლა მნიშვნელოვანია. ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტე, რომ არ ჩართავ ტელევიზორს, სანამ არ დაასრულებ საოჯახო საქმეებს, კრების შეხვედრებისთვის მომზადებასა და საშინაო დავალებებს. მართალია, გულდასაწყვეტი იქნება საყვარელი ტელეგადაცემის გამოტოვება, მაგრამ გულწრფელად თქვი: რამდენჯერ დააპირე, მხოლოდ საყვარელი გადაცემა გენახა, საბოლოოდ კი მთელი საღამო გაატარე ტელევიზორთან და ამის მეტი ვეღარაფერი გააკეთე?

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, ქრისტიანული შეხვედრების დაფასება და მათზე დასწრება. მაგალითად, თუ იცი, მალე სერიოზული საკონტროლო წერა ან ძნელად შესასრულებელი საშინაო დავალება გექნება, შეგიძლია წინასწარ მოამზადო, კრების შეხვედრის გაცდენა რომ არ მოგიწიოს. შეგიძლია მასწავლებლებს დაელაპარაკო და აუხსნა შენი მდგომარეობა; უთხარი, რომ ძალიან მადლობელი დარჩები, წინასწარ თუ მოგცემენ საშინაო დავალებებს, რათა კრების შეხვედრების დღეებში თავისუფალი იყო. ზოგი მასწავლებელი, ალბათ, დაგთანხმდება ასეთ თანამშრომლობაზე.

ბიბლიიდან, კერძოდ კი მართასთან დაკავშირებული შემთხვევიდან, კიდევ ერთი სასარგებლო პრინციპის სწავლა შეგვიძლია. ის ძალიან დაკავებული და გამრჯე ადამიანი იყო, მაგრამ არ იცოდა, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ერთხელ მართა ძალიან დაიღალა, რადგან ცდილობდა იესოსთვის განსაკუთრებული სადილი მოემზადებინა. მისი და, მარიამი კი, დახმარების ნაცვლად, იესოს უსმენდა. როდესაც მართამ დაიჩივლა, იესომ უთხრა: „მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას“ (ლუკა 10:41, 42).

რას ვსწავლობთ აქედან? იმას, რომ ცხოვრება არ უნდა გავირთულოთ. როგორ შეგიძლია ამ პრინციპის გამოყენება შენს სიტუაციაში? ხომ არ „წუხხარ და ზრუნავ ბევრ რამეზე“? მაგალითად, ცდილობ, საშინაო დავალებებს ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო შეუთავსო? თუ მუშაობ, მართლა სჭირდება ოჯახს შენი ფული? სასურველი, მაგრამ არააუცილებელი ნივთების საყიდლად ხომ არ გინდა ფული?

ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ახალგაზრდებს მანქანის შეძენა სურთ. საშუალო სკოლის კონსულტანტი, კარენ ტერნერი, ამბობს, რომ „ახალგაზრდებისთვის დღეს ძირითადი საზრუნავია ის, თუ როგორ იშოვონ ან გამოიმუშაონ ფული, რადგან მანქანა ძვირი სიამოვნებაა“. ტერნერი დასძენს: „პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა მიუწვდომლის შეწვდომას ცდილობენ: დამატებით წრეებში მეცადინეობენ, სკოლის შემდეგ მუშაობენ და, ამასთანავე, ბევრი საშინაო დავალების მომზადება უწევთ. ეს ყველაფერი კი მძიმე ტვირთია“. რატომ იტვირთავ თავს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს? თუ შენი აკადემიური მოსწრება არც ისე სახარბიელოა, ალბათ, უკეთესი იქნება, სამუშაო დრო შეამცირო ან სამუშაოს თავი დაანებო.

‘გამოისყიდე’ დრო სკოლაში

ნაცვლად იმისა, რომ დროის გამონახვას მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ ეცადო, დაფიქრდი, რამდენად საუკეთესოდ იყენებ დროს სკოლაში. „ვცდილობ საშინაო დავალებების უმეტესობა სკოლაშივე მოვამზადო, — ამბობს ჯოშუა, — რადგან შემიძლია ვკითხო მასწავლებელს, თუ გაკვეთილზე რამე ვერ გავიგე“.

შემდეგი, რაზეც შეგიძლია დაფიქრდე, არასავალდებულო საგნების შემცირებაა. აგრეთვე, შეიძლება ზოგიერთ წრეში მეცადინეობის შეწყვეტაც ღირდეს. დღის განრიგში ცვლილებების შეტანის შემდეგ სამეცადინოდ დამატებითი დრო გამოგიჩნდება.

დრო უფრო ეფექტურად გამოიყენე

დავუშვათ, შენს გეგმებს გადახედე და უფრო მეტი დრო გამონახე საშინაო დავალებებისთვის. როგორ შეიძლება ამ დროის უფრო ეფექტურად გამოყენება? თუ განსაზღვრულ დროში, ჩვეულებრივთან შედარებით, 50 პროცენტით მეტ საშინაო დავალებას გააკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ დრო 50 პროცენტით მოგემატება. ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე რჩევა დროის ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარება.

დაგეგმე. სანამ გაკვეთილებისთვის მზადებას დაიწყებ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვი: რომელი საგანი მოვამზადო პირველად? რამდენ ხანს მოვანდომებ მას? რა წიგნები დამჭირდება მასალის მოსამზადებლად? დამჭირდება ქაღალდი, საწერ-კალამი ან კალკულატორი?

შეარჩიე მეცადინეობისთვის შესაფერისი ადგილი. კარგი იქნება, თუ ყურადღებას არაფერი გაგიფანტავს. „საწერი მაგიდა თუ გაქვს, გამოიყენე, — გვირჩევს ელისი, — რადგან უფრო ყურადღებით იქნები, ვიდრე წამოწოლილი“. თუ შენი ოთახი არა გაქვს, სთხოვე ოჯახის წევრებს, ხელი არ შეგიშალონ გაკვეთილების მომზადებაში. პარკში ან საჯარო ბიბლიოთეკაშიც შეგიძლია წახვიდე და იმეცადინო. თუ შენი ოთახი გაქვს, ეცადე ტელევიზორსა და მუსიკას ხელი არ შეაშლევინო მეცადინეობაში.

დროდადრო შეისვენე. თუ შეატყობ, რომ დაიღალე და გონება გეფანტება, ცოტა ხნით შესვენება დაგეხმარება ძალების აღდგენასა და მეცადინეობის გაგრძელებაში.

ნუ გადადებ! „ქრონიკულად მედღეხვალიე ვარ“, — ამბობს ქეითი, რომლის სიტყვებიც ზემოთაა მოყვანილი. — დავალების მომზადებას ყოველთვის ბოლო წუთამდე ვაჭიანურებ“. თუ ატყობ, რომ შენც იგივე პრობლემა გაქვს, შეადგინე საშინაო დავალებების მომზადების გეგმა და ზედმიწევნით შეასრულე.

საშინაო დავალებების მომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც იესომ უთხრა მართას, სულიერი საქმეები ყველაზე მნიშვნელოვანია. არ დაუშვა, რომ საშინაო დავალებებმა ისეთ მნიშვნელოვან საქმეებში შეგიშალოს ხელი, როგორიც ბიბლიის კითხვა, ქადაგება და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაა. მხოლოდ ეს საქმეები მოგიტანს მარადიულ კეთილდღეობას (ფსალმუნები 1:1, 2; ებრაელთა 10:24, 25).

[სურათები 15 გვერდზე]

თუ რამდენიმე საქმის შეთავსებას ცდილობ, გაგიჭირდება საშინაო დავალებებისთვის დროის გამონახვა.

[სურათი 15 გვერდზე]

კარგი დაგეგმვა დაგეხმარება, რომ მეტი დრო დაუთმო საშინაო დავალებებს.