როგორ შეიძლება გაიცნოთ ღმერთი?
როგორ შეიძლება გაიცნოთ ღმერთი?
ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორმა მკითხველისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „მთელი ცხოვრება ვეძებ პასუხს ერთ კითხვაზე და ვიმედოვნებ, რომ თქვენ გეცოდინებათ. რა ჰქვია ღმერთს? ებრაელები ამბობენ, რომ საუკუნეების მანძილზე ღვთის სახელი დაიკარგა. ქრისტიანები მას იესოს უწოდებენ, მაჰმადიანები — ალაჰს. . . გთხოვთ გამაგებინოთ, რა ჰქვია მას?“ გაზეთმა გამოაქვეყნა კითხვა და თან დაურთო ასეთი პასუხი: „ძველი ებრაული სწავლების თანახმად, ღმერთი ყოვლადძლიერია, ამიტომ შეუძლებელია, მას სახელი ერქვას. თუმცა გარწმუნებთ, რომ ის გამოეხმაურება ნებისმიერ სახელს (კაცისა თუ ქალის), რომლითაც მოუხმობთ, მთავარია პატივისცემით მიმართოთ“.
ღვთის სახელის მიმართ ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება დღეს არცთუ იშვიათია. მორწმუნეებიც კი, რომლებიც ნდობით ეკიდებიან ბიბლიას, თითქმის არ უფიქრდებიან იმას, აქვს თუ არა ღმერთს სახელი. მაგრამ რას ფიქრობს ამაზე ღმერთი? მისთვისაც უმნიშვნელოა ეს საკითხი?
ეს საკითხი არ არის უმნიშვნელო
დაფიქრდით: ბიბლიაში ღვთის პირადი სახელი, იეჰოვა, რამდენიმე ათასჯერ მოიხსენიება. მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოცემულ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი 7 210-ჯერ გვხვდება *! თავად ღმერთმა შთააგონა მათ, რომლებმაც ბიბლიის წერაში მიიღეს მონაწილეობა, რომ მისი სახელი ასე ხშირად გამოეყენებინათ. ერთ-ერთი მათგანი, ფსალმუნმომღერალი ასაფი, წერდა: «მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე» (ფსალმუნები 82:19). დავითმაც დაწერა ფსალმუნში: «ჩვენ კი ჩვენი ღმერთის [„იეჰოვას“, აქ] სახელს ვიხსენებთ» (ფსალმუნები 19:8).
ბიბლია გვიჩვენებს, რომ იეჰოვა ღმერთი ამოწმებს ჩვენს გულებს, რათა დაადგინოს, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მისი სახელის მიმართ. ფსალმუნმომღერალმა თქვა: «ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა . . . განა ღმერთი არ გვაზღვევინებდა [„გამოააშკარავებდა“, აქ] ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა» (ფსალმუნები 43:21, 22). ესაია წინასწარმეტყველი წერდა: «მადლობა უთხარით უფალს [„იეჰოვას“, აქ], მოუხმეთ მის სახელს, ხალხებში აუწყეთ მისი საქმენი, ესაია 12:4).
გაიხსენეთ, რომ დიადია მისი სახელი» (ღმერთმა თავად თქვა: «გაიგებენ ისინი, რომ ჩემი სახელი უფალია [„იეჰოვაა“, აქ]» (იერემია 16:21). სხვა შემთხვევაში მან განაცხადა: «მე გავწმედ ჩემს დიდებულ სახელს, შებღალულს ხალხებში . . . და მიხვდებიან ხალხები, რომ მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ]!» (ეზეკიელი 36:23). ამ განაცხადებიდან ზოგი იმ დროზე მიანიშნებს, როდესაც იეჰოვა რისხვით გამოვა მათ წინააღმდეგ, ვინც მისი სახელის მიმართ უპატივცემულობას ავლენს. ღვთის პირადი სახელის პატივისცემისა თუ უპატივცემულობის საკითხი მისთვის უმნიშვნელო არ არის.
იეჰოვა ღმერთი არ არის თქვენგან შორს
როგორ შეიძლება გაიცნოთ ღმერთი? რას გულისხმობს მისი სახელის ცოდნა? ბიბლია გვპასუხობს: „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“ (ფსალმუნები 9:11). ცხადია, ღვთის სახელის ცოდნაში გაცილებით მეტი რამ იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ იცოდეთ, რა ჰქვია მას. თქვენ უნდა მიენდოთ იეჰოვას. ამისათვის კი უნდა გაიგოთ, როგორი ღმერთია ის და უნდა გაეცნოთ მის თვისებებსა და აზრებს. ეს მისდამი ნდობას ჩაგინერგავთ.
მხოლოდ ბიბლიის გულმოდგინე კითხვითა და შესწავლით შეიძლება ჩაწვდეთ იმას, თუ როგორი ღმერთია იეჰოვა. ის გვპირდება, რომ დაიცავს მათ, ვისაც უყვარს ის და მისი სახელი. ასეთ ადამიანებზე ღმერთი ამბობს: «რაკი მოისურვა [„შემიყვარა“, აქ], გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო სახელი ჩემი. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ. დღეთა ხანგრძლიობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას» (ფსალმუნები 90:14—16).
იეჰოვა ღმერთს მართლაც რომ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მათთან, ვინც იცნობს მას! თქვენც შეგიძლიათ მასთან ასეთი ურთიერთობის განვითარება. ნურასოდეს დაიხევთ უკან იმისგან, რომ გულითად ლოცვებში სახელით მოუხმოთ იეჰოვას. ის გიპასუხებთ, რადგან, როგორც ბიბლია ამბობს, „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27).
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ძველი თარგმანების არქაული ენა თანამედროვე ენითაა შეცვლილი. ამ თარგმანის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა ისაა, რომ ღვთის სახელი აღდგენილია ყველა ადგილას, სადაც ის ბიბლიის ტექსტში უნდა იყოს. დღეისათვის ეს თარგმანი, მთლიანად თუ ნაწილობრივ, 45 ენაზეა გაკეთებული და 122 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გამოცემული.
[ჩარჩო/სურათი 11 გვერდზე]
ღმერთი სახელით გიცნობთ
ღმერთმა უთხრა მოსეს: „გიცნობ სახელით“ (გამოსვლა 33:12). ამას ადასტურებს ცეცხლის ალში გახვეული ბუჩქის ცნობილი შემთხვევა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ «დაუძახა მას ღმერთმა მაყვალის შუაგულიდან და უთხრა: „მოსე! მოსე!“» (გამოსვლა 3:4). ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ უამრავი შემთხვევიდან, როდესაც ღმერთი ადამიანებს სახელით მიმართავდა. ნათელია, რომ სამყაროს შემოქმედი თითოეული ჩვენგანით არის დაინტერესებული.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა მილიარდობით ვარსკვლავიდან თითოეულის სახელი იცის (ესაია 40:26). მაშ, რამდენად უნდა იყოს ის დაინტერესებული ადამიანებით, რომლებიც ეთაყვანებიან მას! პავლე მოციქული წერდა, რომ «იცის უფალმა [„იეჰოვამ“, აქ], რომელნიც არიან მისნი» (2 ტიმოთე 2:19, სსგ). ამაში სახელების დამახსოვრებაზე გაცილებით მეტი იგულისხმება. ღმერთი კარგად იცნობს თავის თაყვანისმცემლებს. ჩვენც, ჩვენის მხრივ, უნდა ვიცოდეთ ღვთის სახელი და კარგად გავეცნოთ მის თვისებებს.
ბიბლიის ბოლო წიგნში მოხსენიებულია სიმბოლური წიგნი, რომელშიც ღმერთი წერს იმ ადამიანთა სახელებს, ვინც მთელი ისტორიის მანძილზე თაყვანს სცემდა მას. ამ წიგნს „სიცოცხლის წიგნი“ ეწოდება, რადგან იეჰოვა ღმერთი მარადიული სიცოცხლით დაასაჩუქრებს მათ, ვისი სახელიც ამ წიგნშია ჩაწერილი (გამოცხადება 17:8). ღვთის სახელის მცოდნეებს ასეთი ბრწყინვალე მომავალი ელით.
[ჩარჩო/სურათი 12 გვერდზე]
ისინი ამცნობდნენ ღვთის სახელს
● აღთქმულ მიწაზე ისრაელის შესვლამდე მოსეს მიერ შესრულებული სიმღერა: «ვახსენებ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს» (მეორე რჯული 32:3).
● გოლიათისადმი მიმართული დავითის სიტყვები: «ცაბაოთ უფლის [„იეჰოვას“, აქ] . . . სახელით გამოვდივარ» (1 მეფეთა 17:45).
● მთელი ქონების დაკარგვისა და შვილების მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ იობის მიერ წარმოთქმული სიტყვები: «კურთხეულ იყოს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელი» (იობი 1:21).
● პეტრე მოციქული ებრაული წერილებიდან ციტირებს: «ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება» (საქმეები 2:21).
● ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: «მადლობა უთხარით უფალს [„იეჰოვას“, აქ], მოუხმეთ მის სახელს . . . გაიხსენეთ, რომ დიადია მისი სახელი» (ესაია 12:4).
● იესო ქრისტე თავის მოსწავლეებს ლოცვას ასწავლის: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9, 10).
● იესო ქრისტე ღმერთს ლოცვით მიმართავს: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“ (იოანე 17:6).
● ღმერთი თავის ხალხს ეუბნება: «მე უფალი [„იეჰოვა“, აქ] ვარ, ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას» (ესაია 42:8).