არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთს აქვს სახელი!

ღმერთს აქვს სახელი!

ღმერთს აქვს სახელი!

რა ჰქვია ღმერთს? ყველა ადამიანს აქვს სახელი. შინაურ ცხოველებსაც კი არ ტოვებენ სახელის გარეშე! განა გონივრული არაა, რომ ღმერთს სახელი ჰქონდეს? პირადი სახელის არსებობა და გამოყენება, უდავოდ, ადამიანთა ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. ნუთუ ღმერთთან ურთიერთობისას საქმე სხვაგვარად უნდა იდგეს? საოცარია, მაგრამ მილიონობით ადამიანი, რომელთაც სწამთ ღმერთი, არ იყენებს მის პირად სახელს. არადა, ღვთის სახელი უკვე საუკუნეებია, რაც ცნობილია. სტატიათა ამ სერიის წაკითხვისას შეიტყობთ, რომ წარსულში ღვთის სახელს ფართოდ იყენებდნენ. და რაც მთავარია, გაიგებთ, რას ამბობს ბიბლია ღვთის სახელის ცოდნის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჭრიდნენ მონეტებს, რომლებზეც ღვთის სახელი იყო გამოსახული. მაგალითად, გერმანიაში 1634 წელს მოჭრილ მონეტებზე მკაფიოდ ჩანდა სახელი „იეჰოვა“. ეს მონეტები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო ბრუნვაში, „იეჰოვას ტალერების“, ანუ „იეჰოვას მონეტების“, სახელით იყო ცნობილი.

სახელი „იეჰოვა“ * ღვთის სახელის ქართული ეკვივალენტია. ამ ფორმით ის საუკუნეების განმავლობაშია ცნობილი. ებრაულ ენაზე, რომელზეც მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ, ეს სახელი გადმოიცემა ოთხი თანხმოვნით — יהוה. ამ ოთხ ებრაულ ასოს, რომლებიც ტრანსლიტერაციით გადმოდის როგორც ჲჰვჰ, ტეტრაგრამატონი ეწოდება. ღვთის სახელი ათწლეულების მანძილზე ამ სახითაც ჩნდებოდა ევროპულ მონეტებზე.

ღვთის სახელის ხილვა შეიძლება შენობებზე, მონუმენტებზე და ხელოვნების ნიმუშებზე; ის აგრეთვე გვხვდება ბევრ საეკლესიო საგალობელში. როგორც გერმანიაში გამოცემულ ენციკლოპედია „ბროკჰაუზშია“ ნათქვამი, პროტესტანტი მმართველები ერთ დროს ატარებდნენ ემბლემას, რომელზეც აღბეჭდილი იყო ტრადიციულ სტილში გამოსახული მზე და ტეტრაგრამატონი. ამ სიმბოლოს, რომლებსაც დროშებსა და მონეტებზეც გამოსახავდნენ, „იეჰოვა-მზის ემბლემას“ უწოდებდნენ. აშკარაა, XVII—XVIII საუკუნეებში მცხოვრებმა ღრმად მორწმუნე ევროპელებმა იცოდნენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს ჰქონდა სახელი. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ ამ სახელის გამოყენების არ ეშინოდათ.

ღვთის სახელი არც საქართველოში იყო უცნობი. მაგალითად, 1893 წელს აკაკი წერეთელმა მანგანუმის ერთი მწარმოებლისგან, ვინმე დავით ბაქრაძისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: «უძვირფასესო აკაკი. გუშინ ჩამომივიდა მარგანეცში პირველად აღებული 50 მანეთი . . . დამიდევს შენს საკურთხეველზე ნათაური შემოსავლისა, როგორც ძველად იჰეღოვას [ხელნაწერში „იეჰღოვას“] სწირავდნენ ყოველს . . . პირველს ნაკრეფს» (ა. წერეთლის თხზულებათა სრული კრებული, ტ. 15, გვ. 145). გარდა ამისა, XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ბავშვები სკოლის ასაკიდანვე ეცნობოდნენ ღვთის სახელს. არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილ სასკოლო სახელმძღვანელოში „საღვთო სჯულის სწავლებაზე“, მოთხრობაში ილია (ელია) წინასწარმეტყველის შესახებ, მოყვანილია ღვთის სახელი, როგორც „იეგოვა“ (მაგალითად 1910 წლის გამოცემა, პარაგრაფი 19). არაერთმა ქართველმა მწერალმა, პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ გამოიყენა თავის ნაწარმოებებში სახელი „იეჰოვა“ (ან „იეღოვა“) *.

რისი თქმა შეიძლება დღევანდელობაზე? ხომ არ მიეცა დავიწყებას ღვთის სახელი? შეიძლება ითქვას, რომ არა. ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში ღვთის პირადი სახელი ბევრ მუხლში გვხვდება *. თუ ბიბლიოთეკას ეწვევით ან რამდენიმე წუთით საკუთარ ლექსიკონებში ჩაიხედავთ, მშობლიურ ენაზე ხშირად შეხვდებით სახელ იეჰოვას (ან იაჰვეს), როგორც ტეტრაგრამატონის ეკვივალენტს. მაგალითად, ენციკლოპედია „ინტერნეშნლში“ პირდაპირაა ნათქვამი, რომ სახელი „იეჰოვა“ „ღვთის წმინდა სახელის თანამედროვე ფორმაა“. ახალი ენციკლოპედია „ბრიტანიკის“ ბოლოდროინდელ გამოცემაში ნათქვამია, რომ იეჰოვა „ღვთის სახელია, რომელიც ცნობილია როგორც იუდაიზმში, ისე ქრისტიანობაში“.

„მაგრამ, — შეიძლება იკითხოთ, — რამდენად არის დაინტერესებული დღევანდელი ხალხი ღვთის სახელით?“ ამა თუ იმ ფორმით გამოსახული ღვთის სახელის ხილვა დღესაც შეიძლება ბევრ საზოგადოებრივ ადგილას. მაგალითად, სახელი იეჰოვა ჩანს ნიუ-იორკის ერთ-ერთი შენობის კუთხის ქვაზე. ამავე ქალაქის ერთ-ერთი ხალხმრავალი მეტროს სადგურის ფერად მოზაიკას ამშვენებს ღვთის სახელი, რომელიც ებრაულ ენაზეა გამოსახული. მსგავს წარწერას ვხვდებით თბილისში კათოლიკური ეკლესიის შენობაზე. თუმცა კი, ალბათ მაინც მართალია, რომ ამ ადგილებში მოხვედრილ ათასობით ადამიანთაგან ცოტა თუ უფიქრდება ზემოაღნიშნული წარწერების მნიშვნელობას.

ანიჭებს თუ არა თქვენს მხარეში მცხოვრები ხალხი ღვთის სახელს რაიმე მნიშვნელობას? ხომ არ მიმართავს უმრავლესობა შემოქმედს წოდებით „ღმერთი“, თითქოს ეს მისი პირადი სახელი იყოს? ალბათ, თავადაც შეგიმჩნევიათ, რომ ბევრი საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, აქვს თუ არა ღმერთს სახელი. რა შეიძლება ითქვას თქვენზე? გეუცხოებათ ღვთისთვის მიმართვისას სახელის — იეჰოვას — გამოყენება?

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 სტატიათა ამ სერიაში იეჰოვას სახელი ნაჩვენებია 39 სხვადასხვა ფორმით, რომლებსაც 95-ზე მეტ ენაში იყენებენ.

^ აბზ. 6 საკმარისია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: ი. ჭავჭავაძე (ბაირონის „კაენი“), კ. გამსახურდია („დავით აღმაშენებელი“, „აპოლოგია რუსთაველისა“, „ლეონარდო და ვინჩი“), მ. ჯავახიშვილი („ჯაყოს ხიზნები“), ტ. ტაბიძე („ებრაული მელოდია“, „უკვდავი არის ამაოება!..“).

^ აბზ. 7 1992 წლის „საქართველოს საეკლესიო კალენდარში“, 203-ე გვერდზე ნათქვამია, რომ ბიბლიის ქართულ თარგმანებში ღვთის სახელი „იეჰოვა“ ნათარგმნია როგორც „უფალი“.

[ჩარჩო/სურათი 4 გვერდზე]

მეფე, რომელმაც იეჰოვას სახელი ცნობილი გახადა

1852 წელს მისიონერების ჯგუფმა ჰავაის კუნძულებიდან მიკრონეზიის კუნძულებისკენ აიღო გეზი. მათ ჰავაის კუნძულების მაშინდელი მმართველის, მეფე კამეჰამეჰა III-ის მიერ ბეჭედდასმული ოფიციალური წერილი მიჰქონდათ. წერილში, რომლის დედანიც ჰავაიურ ენაზე იყო დაწერილი და წყნარი ოკეანის კუნძულების სხვადასხვა მმართველისადმი იყო მიმართული, ნათქვამი იყო: „თქვენს კუნძულებს ესტუმრება რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც უზენაესი ღმერთის, იეჰოვას, მსახურები არიან. ისინი გამცნობენ მის სიტყვას თქვენი მარადიული გადარჩენისთვის . . . იმედი მაქვს, რომ მეგობრულად და პატივისცემით მოექცევით ამ კეთილ მასწავლებლებს. მოგიწოდებთ, რომ მოუსმინოთ მათ . . . გირჩევთ, მოიშოროთ თქვენი კერპები და მიიღოთ უფალი იეჰოვა როგორც თქვენი ღმერთი; ეთაყვანეთ მას და გიყვარდეთ, ის კი გაკურთხებთ და დაგიცავთ“.

[სურათი]

მეფე კამეჰამეჰა III

[საავტორო უფლება]

Hawaii State Archives

[სურათი 3 გვერდზე]

ტეტრაგრამატონით, რაც „ოთხ ასოს“ ნიშნავს, ებრაულ ენაზე ღვთის პირადი სახელი გადმოიცემა.