არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი პლანეტა რა ელის მას?

ჩვენი პლანეტა რა ელის მას?

ჩვენი პლანეტა რა ელის მას?

„კაცობრიობას ათასობით წელია, რაც ისეთი სტიქიური უბედურებები აშინებს, როგორიცაა წყალდიდობა და გვალვა, მაგრამ დღეს ის უფრო უარესი საშიშროების წინაშე დგას: მას ემუქრება ადამიანის ჩარევით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფები“, — იტყობინება კანადაში გამომავალი გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამით (იუნეპ) გამოქვეყნდა ვრცელი მოხსენება, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობის სასწრაფო გაუმჯობესებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. იუნეპის აღმასრულებელი დირექტორი კლაუს ტოპფერი ამბობს: „დღეს ჩვენ უკვე საკმარისი ცოდნა გაგვაჩნია იმისათვის, რომ განვჭვრიტოთ, ჩვენს მოქმედებებსა თუ უმოქმედობას რა გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენი შესანიშნავი ცისფერი პლანეტის გარემოსა და მოსახლეობაზე 2032 წლისთვის“.

იუნეპის დაარსებიდან, 1972 წლიდან, ზოგი რამ გაკეთდა ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც გაზეთი „ტორონტო სტარი“ იუწყება, „ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაუმჯობესდა მდინარეებში არსებული წყლის ხარისხი და ჰაერიც უფრო სუფთა გახდა. გამონაბოლქვი აირების გაკონტროლებამ შესაძლებელი გახადა დაზიანებული ოზონის ფენის შედარებით აღდგენა“. ასევე კანადაში, ნორვეგიაში, ფინეთსა და შეერთებულ შტატებში ტყის მოწყობის პროგრამები „იმის გარანტიას იძლევა, რომ შემცირდება ზიანი, რასაც ტყის გაჩანაგება ახდენს გარემოზე“. ყოველივე ამის მიუხედავად, იუნეპის მოხსენებაში ნათქვამია, რომ თუ ეკონომიკის ზრდა გაუკონტროლებლად მოხდება და ქალაქები ხმელეთის უფრო მეტ ნაწილს დაიკავებს, ეს კატასტროფულ გავლენას მოახდენს ცოცხალ ორგანიზმებსა და ბუნების ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. „გლოუბ ენდ მეილში“ ასევე აღნიშნულია: „მსოფლიოს მდინარეების დაახლოებით ნახევარი დაბინძურებული ან თითქმის დამშრალია. 80 ქვეყანა, რომლებშიც მსოფლიო მოსახლეობის 40 პროცენტი ცხოვრობს, წყლის სერიოზულ დეფიციტს განიცდის“.

ტოპფერი დარწმუნებულია, რომ „გადამწყვეტი ზომების მიღება დადებით შედეგებს მოიტანს“. ის ამატებს: „ჩვენ გვჭირდება მოქმედების კონკრეტული გეგმა . . . კონკრეტული პროექტები . . . და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობის ოფიციალური კურსი“. და მაინც, რისი იმედი უნდა გვქონდეს, როცა მსოფლიო ლიდერებს ნაკლებად აღელვებთ ჩვენი პლანეტის მომავალი?

არსებობს პიროვნება, რომელსაც უკვე აღებული აქვს ასეთი „ოფიციალური კურსი“ და რომელიც მალე „გადამწყვეტ ზომებს“ მიიღებს. ეს იეჰოვა ღმერთია. მან ყველასთვის გასაგონად განაცხადა, რომ ჩაერევა ადამიანთა საქმეებში და ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:8). ამის გარდა, ღმერთი გვარწმუნებს, რომ დედამიწის ეკოსისტემა სრულიად აღდგება. უდაბნოები აყვავდება (ესაია 35:1). დედამიწაზე უხვად იქნება საკვები. მდინარეები აღარ დაბინძურდება (ფსალმუნები 71:16; 97:8). ყოველ ცოცხალ არსებას ღმერთი კურთხევას ჰპირდება (ფსალმუნები 95:11, 12).

[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]

NASA photo