არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად ცუდია ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღება?

ნამდვილად ცუდია ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღება?

ბიბლიის თვალსაზრისი

ნამდვილად ცუდია ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღება?

გულკეთილი ლოთი, რომელიც გარშემომყოფთა გულიან სიცილს იწვევს, მრავალი კინოფილმისა და თეატრალური წარმოდგენის გამორჩეული პერსონაჟია წლების განმავლობაში. თუმცა მსახიობები მხოლოდ თამაშობენ, ის ეპიზოდები, სადაც ლოთებს დასცინიან, გაორებულ დამოკიდებულებას იწვევს ლოთობისადმი — ყველას ესმის, რომ ეს სისუსტეა, მაგრამ საკმაოდ უვნებლად მიაჩნიათ.

სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ამაში სასაცილო არაფერია. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) მონაცემების თანახმად, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას მთელ მსოფლიოში. ჯდმო-ს შეტყობინებით, თუ არ ჩავთვლით თამბაქოზე დამოკიდებულებას, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებით უფრო მეტი ადამიანი კვდება და უფრო მეტი ავადდება, ვიდრე სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების შედეგად; და ყოველ წელს შეერთებული შტატების ეკონომიკას ის 184 მილიარდ დოლარზე მეტ ზარალს აყენებს.

მიუხედავად ამისა, ბევრი თვლის, რომ ეს პრობლემა არცთუ ისე სერიოზულია. შეიძლება ისინი აცნობიერებენ კიდეც, რა დამღუპველი შედეგები მოაქვს სისტემატურ სმას, მაგრამ ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ ხანდახან დათვრნენ. ზოგ ქვეყანაში მოზარდის პირველ სიმთვრალეს მისი „დავაჟკაცების“ ნიშნად აღიქვამენ. მიუხედავად ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გატარებული მკაცრი ზომებისა, სხვადასხვა ასაკის ადამიანებში არნახული სისწრაფით იზრდება სასმელის უზომოდ მიღების შემთხვევები, როცა ერთ ჯერზე ხუთ ჭიქაზე მეტს სვამენ. გასაგებია, რომ ბევრს აინტერესებს, ნამდვილად ცუდია თუ არა დათრობა. რას გვეუბნება ბიბლია ამასთან დაკავშირებით?

ღვინო და მაგარი სასმელები ღვთისგან ბოძებული ძღვენია

ღვინო და მაგარი სასმელები ბიბლიაში არაერთხელაა მოხსენიებული. სოლომონ მეფე წერდა: „წადი, სიხარულში ჭამე შენი პური და გულმხიარულად სვი შენი ღვინო, რადგან ღმერთმა უკვე მოიწონა შენი საქმენი“ (ეკლესიასტე 9:7). ფსალმუნმომღერალი აღიარებდა, რომ იეჰოვა ღმერთმა გვიბოძა ‘ღვინო, რომელიც ამხიარულებს გულს კაცისას’ (ფსალმუნები 103:14, 15). დიახ, ღვინო იეჰოვას მიერ კაცობრიობისთვის ბოძებული ერთ-ერთი ძღვენია.

ღვინის სმა იესოსთვისაც მისაღები იყო. მისი პირველი სასწაული საქორწილო ნადიმზე წყლის საუკეთესო ღვინოდ გადაქცევა იყო (იოანე 2:3—10). ამასთანავე, მან ღვინო თავის სისხლს შეადარა, როცა უფლის გახსენების საღამო დააწესა (მათე 26:27—29). ღვინო ბიბლიაში სამკურნალო საშუალებადაც კი მოიხსენიება; მოციქული პავლე ტიმოთეს ურჩევდა: „ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო“ (1 ტიმოთე 5:23; ლუკა 10:34).

მნიშვნელოვანია ზომიერება

ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე მხოლოდ „ცოტა ღვინის“ დალევაზე ლაპარაკობდა. ბიბლია აშკარად ამხელს ყველას, ვინც ალკოჰოლს გადაჭარბებით იღებს. იუდეველ მღვდლებს შეეძლოთ ზომიერად მიეღოთ სასმელი, როცა არ მსახურობდნენ. მაგრამ მღვდელმსახურების შესრულების დროს ნებისმიერი დამათრობელი სასმელის მიღება ეკრძალებოდათ (ლევიანები 10:8—11). მრავალი წლის შემდეგ, პირველი საუკუნის ქრისტიანებს მიეცათ გაფრთხილება, რომ ლოთები „ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10).

გარდა ამისა, ტიმოთესთვის მიცემულ მითითებაში პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია კრებაში, „არ უნდა იყოს ლოთი და აყალმაყალის ამტეხი“ ან „ღვინოს მიძალებული“ * (1 ტიმოთე 3:3, 8, აქ). ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ მოუნანიებელი ლოთები უნდა გაირიცხონ ქრისტიანული კრებიდან (1 კორინთელთა 5:11—13). საღვთო წერილი კარგად შენიშნავს, რომ „ღვინო კაცს ამასხრებს“ (იგავები 20:1, სსგ). ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება მსმელს თავშეკავება დააკარგვინოს და საღი აზროვნების უნარი დაუქვეითოს.

რატომ განსჯის ღვთის სიტყვა ლოთობას?

იეჰოვამ, რომელიც ‘დამმოძღვრავია ჩვენდა სასიკეთოდ’, იცის, რომ რაიმეს ბოროტად გამოყენებისას ჩვენს თავსაც ვაყენებთ ზიანს და სხვებსაც (ესაია 48:17, 18, სსგ). ეს ასეა ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაშიც. ღვთის სიტყვაში დასმულია კითხვები: „ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?“ და იქვე გაცემულია პასუხიც: „ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის“ (იგავები 23:29, 30, სსგ).

სიმთვრალეში ადამიანები ბევრად დაუფიქრებლად იქცევიან, რაც სახიფათოა: არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან სხდებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავსაც და სხვებსაც; ეარშიყებიან სხვების მეუღლეებს და ურთიერთობას იფუჭებენ ახლობლებთან; უგუნურად ლაპარაკობენ და უწესოდაც კი იქცევიან (იგავები 23:33). ტყუილად არ უწოდეს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას თანამედროვე საზოგადოების ყველაზე საშინელი სენი. გასაკვირი არაა, რომ ღმერთი გვაფრთხილებს: „ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის“ (იგავები 23:20).

გალატელთა 5:19—21-ში (აქ) პავლე გადამეტებულ სმასა და ღრეობას „ხორცის საქმეებს“ უკავშირებს და ღვთის სულის ნაყოფთან აპირისპირებს. ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება ადამიანს ღმერთთან ურთიერთობას აკარგვინებს. ამიტომ, სავსებით ნათელია, რომ ქრისტიანები უნდა მოერიდონ ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღებას.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 რამდენადაც უხუცესები და თანაშემწეები საღი აზროვნებითა და ქცევით კრებისთვის მაგალითი უნდა იყვნენ, იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა თითოეულ ქრისტიანსაც სამართლიანად მოეთხოვება.