არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შინაური ცხოველები მათდამი გონივრული დამოკიდებულება

შინაური ცხოველები მათდამი გონივრული დამოკიდებულება

შინაური ცხოველები მათდამი გონივრული დამოკიდებულება

როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, ადამიანს უნდა ეზრუნა დედამიწაზე და მასზე მცხოვრებ ყველა ცოცხალ არსებაზე. ბიბლიაში ნათქვამია: ‘ყოველივე [ღმერთმა] მას დაუმორჩილა. ყველა პირუტყვი — წვრილფეხა და მსხვილფეხა და ასევე — ნადირი ველისა; ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა’ (ფსალმუნები 8:7—9; 113:24).

ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ეკიდებიან ამ პასუხისმგებლობას ადამიანები. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე“ (იგავები 12:10, სსგ). ისრაელი ერისთვის მიცემულ ღვთის კანონში არაერთხელ ესმებოდა ხაზი იმას, რომ ადამიანები ყურადღებით მოკიდებოდნენ პირუტყვს (მეორე რჯული 22:4, 10; 25:4). ცხოველებზე ზრუნვისას ადამიანები ხშირად შინაურ პირუტყვსაც იჩვევდნენ და გარეულ ცხოველებსაც კი აშინაურებდნენ (დაბადება 1:24).

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბლია ხაზს უსვამს ადამიანებსა და ცხოველებს შორის არსებულ სხვაობას. ადამიანები — და არა ცხოველები — იყვნენ შექმნილი ‘ღვთის ხატად და მსგავსად’ (დაბადება 1:26). ცხოველებს მხოლოდ გარკვეული დროის მანძილზე უნდა ეცოცხლათ, მაშინ როცა ადამიანები დედამიწაზე მარადიული ცხოვრების პერსპექტივით იყვნენ შექმნილნი (დაბადება 3:22, 23; ფსალმუნები 36:29). იესო ქრისტემ თქვა, რომ „საუკუნო სიცოცხლის“ მისაღებად უნდა ვავლენდეთ რწმენას და ვეცნობოდეთ ღმერთს — რის გაკეთებაც არ ძალუძთ ცხოველებს (იოანე 3:36; 17:3). ამასთანავე, მათ, ვინც არ იმსახურებს მკვდრეთით აღდგომას, ბიბლია ადარებს ‘პირუტყვ ცხოველებს, [რომლებიც] ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად [არიან] გაჩენილნი’ (2 პეტრე 2:9—12).

ადამიანის საკეთილდღეოდ შექმნილნი

ღმერთმა ცხოველები ადამიანის საკეთილდღეოდ შექმნა. მათი მეშვეობით ადამიანს შეუძლია გარკვეული საქმეების შესრულება; ცხოველმა მისთვის შეიძლება კომპანიონის როლიც შეასრულოს. ცხოველები ღვთის სიყვარულსა და სიბრძნეზე მეტყველებენ. რაოდენ სასიამოვნოა მათ სილამაზეზე დაკვირვება! მათი საოცარი ინსტინქტური სიბრძნის შეცნობით შემოქმედის შესახებ უფრო მეტს ვიგებთ (ფსალმუნები 103:24; იგავები 30:24—28; რომაელთა 1:20). შემოქმედის სიბრძნის დანახვა ბევრ რამეში შეიძლება; ამის ერთ-ერთი მაგალითია მწერების სამყარო. მართლაც საოცარია, თუ როგორ ამყარებენ ერთმანეთთან კონტაქტს ფუტკრები და მისდევენ მითითებებს, საით გაფრინდნენ საკვების ძიებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რანაირად აშენებენ რთული კონსტრუქციის მქონე ფიჭებს.

ადამიანებისთვის ცხოველები იმ მხრივაც არიან სასარგებლო, რომ მათი საკვებად გამოყენებაც შეიძლება. თავდაპირველად ღმერთმა ადამიანს საჭმელად მხოლოდ მცენარეული საკვები მისცა. მაგრამ გავიდა 1 600-ზე მეტი წელი და, ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ, ღმერთმა თქვა: „ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს“ (დაბადება 1:29; 9:3). ამგვარად, ღმერთმა დაუშვა, რომ ადამიანებს ხორციც ეჭამათ. როგორც ჩანს, ღმერთმა ეს ადამიანთა საკეთილდღეოდ დაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ხორცი არ შედიოდა მათი „კვების რაციონში“.

ქალაქში ცხოვრებასთან დაკავშირებული სირთულეები

როგორც ისტორიიდან ჩანს, ცხოველებს იშვიათად აჩერებდნენ სახლში. ზოგ ქვეყანაში დღესაც ასე იქცევიან. მაგრამ ბოლო დროს, ქალაქში გადასვლასთან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ბევრმა ცხოველებსაც გაუღო სახლის კარი. ამან გარკვეული პრობლემები შექმნა განვითარებულ ქვეყნებში.

სახლებში მცხოვრები 500 მილიონი ცხოველიდან დიდი ნაწილი — დაახლოებით 40 პროცენტი — შეერთებულ შტატებშია. მათ რიცხვს მიეკუთვნება დაახლოებით 59 მილიონი ძაღლი და 75 მილიონი კატა. თუმცა კი ლონდონში, ისევე როგორც პარიზში, საშუალოდ, ერთ ოჯახზე უფრო მეტი შინაური ცხოველი მოდის, ვიდრე ნიუ-იორკში.

რამდენიმე წლის წინ პარიზში გამოიყენეს „კანინეტებად“ წოდებული დაახლოებით 70 მოტოროლერი, რომლებიც ვაკუუმის მეშვეობით ასუფთავებდნენ ტროტუარებს ძაღლების ექსკრემენტებისგან. ცნობილია, რომ პარიზის ქუჩებში მოსიარულე დაახლოებით 250 000 ძაღლი ყოველდღიურად 25 ტონა ფეკალიებს ტოვებს ქუჩებში; „კანინეტების“ მეშვეობით კი ამის ნახევარსაც ვერ ასუფთავებდნენ. როგორც იტყობინებოდნენ, ძაღლების ფეკალიებზე ფეხის დაცურების შედეგად ერთ წელიწადში ასობით ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ქმნიან ცხოველები — ხმაურია. ძაღლის პატრონთაგან ზოგი შემწყნარებლურად უყურებს თავიანთი ოთხფეხების ისეთ ქცევას, რასაც ადამიანებს არასოდეს მოუთმენდნენ. ერთ ვებ-საიტზე ნათქვამი იყო, რომ „მყეფარა ძაღლების პატრონებს, როგორც ჩანს, ხმაურის იგნორირების ჩვევა უვითარდებათ“. მაგალითად, ზოგი არც კი ცდილობს ძაღლის გაჩუმებას, მაშინაც კი, როდესაც ყეფა მნიშვნელოვანი საუბრის წარმართვაში უშლის ხელს.

მეორე მხრივ კი, პატრონის თანდასწრებით ძაღლი შეიძლება საკმაოდ მშვიდი იყოს, მაგრამ მის არყოფნაში სამეზობლოს იკლებდეს. მართალია, ამ ყველაფრის მიუხედავად, ძაღლის პატრონს შეიძლება მაინც უყვარდეს თავისი ოთხფეხა მეგობარი, მაგრამ საეჭვოა, რომ ასეთივე მომთმენი აღმოჩნდეს ღამის ცვლიდან დაბრუნებული მეზობელი ან დედა, რომელიც ბავშვს აძინებს. ამასთანავე, უმოქმედოდ დატოვებულ ცხოველებს შეიძლება ავი ზნე განუვითარდეთ, გაღიზიანებულები და აგრესიულები გახდნენ.

სისწრაფე, რომლითაც ცხოველები მრავლდებიან, განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ქალაქებში. სტატისტიკის თანახმად, შეერთებულ შტატებში ყოველ წელს 17 მილიონი ძაღლი და 30 მილიონი კატა იბადება. აქედან მილიონები ბოლოს უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში ხვდებიან, სადაც მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად ოთხიდან ექვს მილიონამდე მათგანს ხოცავენ.

რატომ ხვდება ამდენი ცხოველი უპატრონო ცხოველთა თავშესაფრებში? ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ შინაური ცხოველისადმი სიყვარული პატრონს მალე უქრება. საყვარელი ლეკვი ან პატარა კნუტი იზრდება და უფრო მეტ ყურადღებასა და ზრუნვას საჭიროებს. ამ დროს კი ოჯახში არავის სცალია ან მოთმინება არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ ეთამაშოს მას ან გაწვრთნას. ჯონიკა ნიუბი, რომელიც შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს, აღნიშნავს: „გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული გამოკვლევები განუწყვეტლივ ცხადყოფს, რომ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ძაღლების ნახევარი უპატრონო არ არის — ისინი თავად პატრონებმა მიიყვანეს იქ, რადგან ვეღარ აიტანეს მათი ყეფა, საგნების გაფუჭების ჩვევა, და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ მოზღვავებულ ენერგიას“.

ინტერნეტის ერთ ვებ-საიტზე, რომელშიც შინაურ ცხოველთა მომრავლების საკითხია გაშუქებული, ეს სიტუაცია შემდეგნაირადაა შეჯამებული: „ცოცხალ არსებებს უყურებენ როგორც ერთჯერადი გამოყენების საგნებს; უყვართ და ეფერებიან, როცა პატარები და საყვარლები არიან, და ტოვებენ, როდესაც ბევრ საზრუნავს ქმნიან. ცხოველთა სიცოცხლისადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულება დამანგრევლად მოქმედებს საზოგადოების კულტურაზე“.

დასაფიქრებელი ფაქტორები

შინაური ცხოველის ყოლა, განსაკუთრებით კი ქალაქში, ბევრი რამის სერიოზულად გათვალისწინებას მოითხოვს. აქტიურ ცხოველებს ჯანმრთელობისთვის ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა ესაჭიროებათ. ავსტრალიაში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, „ძაღლის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სეირნობა და სხვა აქტიური მოქმედებები; ძაღლები, რომლებიც არასაკმარისად მოძრაობენ, შეიძლება ძნელად სამართავები გახდნენ“ („National People and Pets Survey“). თუმცაღა, ძაღლების პატრონთაგან ბევრი იმდენად დაღლილია რთული სამუშაო დღის შემდეგ, რომ ძაღლთან გასეირნების თავი აღარა აქვს, ძაღლს კი მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის დაცლა სჭირდება.

ამიტომ, მათ, ვისაც შინაური ცხოველის შეძენა სურს, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დაუსვან: „შევძლებ თუ არა მისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას? ჩემი განრიგის გამო დღის უმეტეს ნაწილში ცხოველი უყურადღებოდ ხომ არ იქნება დატოვებული? მექნება იმის დრო, რომ გავასეირნო და ვეთამაშო ხოლმე? თუ ჩემს ძაღლს გაწვრთნა დასჭირდა, ვარ მზად იმისთვის, რომ გავწვრთნა ან კინოლოგიურ (ძაღლების საწვრთნელ) სკოლაში ვატარო? ხომ არ წამართმევს ცხოველზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის განკუთვნილ დროს?“

სხვა დასაფიქრებელი ფაქტორი ისაა, რომ შინაურ ცხოველზე ზრუნვა შეიძლება ძვირი დაჯდეს. როგორც შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, ძაღლების ვეტერინარული მომსახურება ერთი წლის მანძილზე საშუალოდ 196 დოლარი ჯდებოდა, ხოლო კატებისა —104 დოლარი. ამასთანავე, ამაში არ შედის მათი კვებისა და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის გაღებული ხარჯები. ზოგან კი ცხოველის რეგისტრაციისთვის გადასახადიცაა დაწესებული.

გაწონასწორებული შეხედულების შენარჩუნება რთულია

ჩვენს შემოქმედს სიამოვნებს, როდესაც მისი ქმნილებები — ცხოველები — სიხარულს გვანიჭებენ და ჩვენც სიყვარულით ვზრუნავთ მათზე. აქედან გამომდინარე, ალბათ, დაეთანხმებით იმას, რომ არ იქნებოდა სწორი მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა. და მაინც, ადამიანები ხშირად გართობის მიზნით ულმობლად ექცევიან ცხოველებს, როდესაც ხარების, ძაღლების, მამლების და სხვათა ბრძოლებს აწყობენ, რის შედეგადაც ცხოველები იხოცებიან. სამწუხაროდ, ადამიანები ყოველთვის არ ეპყრობიან ცხოველებს თანაგრძნობით, როგორც ეს ღმერთს სურდა.

მეორე მხრივ კი, ზოგი ადამიანი იმდენად არის შთანთქმული ცხოველებზე ზრუნვით, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები უყურადღებოდ რჩება. და თუ ცხოველისადმი სიყვარული გონიერების ფარგლებს სცდება, ზოგისთვის ცხოველის სიცოცხლე შეიძლება ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასიც კი იყოს. ერთხელ, სავეტერინარო კლინიკაში გაჩენილი ხანძრის დროს, როცა ცხოველების პატრონები ალმოდებული შენობის გარეთ იმყოფებოდნენ, ზოგი მათგანი „ცდილობდა გაერღვია მეხანძრეების ალყა, რათა თავიანთ საყვარელ ცხოველებთან ერთად მომკვდარიყვნენ“.

რა თქმა უნდა, დასანანი და მტკივნეულია, როცა საყვარელი ოთხფეხა მეგობარი გვიკვდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი გონიერება გვმართებს. როგორც აღნიშნული იყო, ცხოველები არ ყოფილან შექმნილი ღვთის მსგავსად და, ადამიანებისგან განსხვავებით, მათ მარადიულადაც არ უნდა ეცოცხლათ. ადამიანების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა „მარადიულობა ჩადო მათ გულებში“, ცხოველებთან დაკავშირებით კი მსგავსი არაფერია ნათქვამი (ეკლესიასტე 3:11).

ამგვარად, ბიბლია არ ამბობს, რომ ცხოველების დაკვლა არასწორია — დღესდღეობით მილიონობით ადამიანი იკვებება ხორცით. მაგრამ რისი თქმა შეიძლება იმ შემთხვევაზე, როცა პატრონი იძულებულია მოკლას ცხოველი, რომელიც, მაგალითად, ავადმყოფობის გამო ძლიერ იტანჯება? პატრონისთვის ამის გაკეთება შეიძლება ძალიან რთული, მტკივნეული იყოს! მაგრამ მან შეიძლება არჩიოს, რომ სწრაფად და უმტკივნეულოდ მოკლას ცხოველი, ვიდრე ძვირი მკურნალობის წყალობით ერთგულ მეგობარს ტანჯვა გაუხანგრძლივოს და ოჯახსაც დამატებითი ფინანსური სირთულეები შეუქმნას.

ღმერთს ძალიან უყვარს ადამიანები — თავისი ქმნილებები; და განა ჩვენ, ჩვენის მხრივ, არ უნდა ვზრუნავდეთ ცხოველებზე და არ უნდა გვიყვარდეს ისინი, რომელთა პატრონობაც მან მოგვანდო? მათ, ვინც ასეთ სიყვარულს ავლენს ცხოველებისადმი, იზიდავს შესანიშნავი მომავალი, როდესაც, შემოქმედის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ცხოველები ადამიანებს მხოლოდ სიხარულს მიანიჭებენ. ამ სერიის დასკვნით სტატიაში სწორედ ამაზე იქნება საუბარი.

[სურათი 7 გვერდზე]

რატომ ხვდება მილიონობით ცხოველი უპატრონო ცხოველთა თავშესაფრებში, სადაც მათ ხოცავენ?

[საავტორო უფლება]

© Hulton-Deutsch Collection/CORBIS

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

ქალაქელებისთვის ცხოველის შინ ყოლა გაცილებით დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

[სურათი 9 გვერდზე]

ჩვენს შემოქმედს სიამოვნებს, როდესაც ცხოველებზე ვზრუნავთ.