არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოველები ადამიანებთან ჰარმონიაში

ცხოველები ადამიანებთან ჰარმონიაში

ცხოველები ადამიანებთან ჰარმონიაში

რა მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო! თითოეული ცხოველი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით გამოირჩევა. მათ მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა ადამიანს შემოქმედისკენ იზიდავს. ასე მოხდა მარიას შემთხვევაში.

დაახლოებით სამი წლის წინ, როდესაც მარია ლისაბონში (პორტუგალია) ცხოვრობდა, მისი საყვარელი ძაღლი დაიკარგა. მარიამ ამის შესახებ რადიოთი განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ აღწერილი ძაღლი ნახა, მარიას დაუკავშირდა. ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ მათ ძაღლი იპოვეს. იეჰოვას მოწმემ მარიასთან საუბარში აღნიშნა, რომ, რადგან მას ასე უყვარს ცხოველები, უეჭველია, დიდ სიხარულს მიანიჭებდა ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება. მოწმემ აუხსნა, რომ იმ დროს ადამიანებსა და ცხოველებს შორის სრული მშვიდობა იქნება.

იეჰოვას მოწმემ მარია კრების შეხვედრაზე მიიწვია, რაზეც ის დათანხმდა. მოსმენილმა და ნანახმა მას ინტერესი გაუღვივა და აღძრა, ბიბლიის შესწავლა დაეწყო. შესწავლის პროცესში მარიას გულს ღრმად შეეხო ის, რასაც იგებდა იეჰოვა ღმერთისა და მის მიერ დაპირებული ახალი სამართლიანი ქვეყნიერების შესახებ, სადაც ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ (ფსალმუნები 36:29; იოანე 17:3). 2002 წლის 16 თებერვალს, იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად, მარია წყალში მოინათლა.

ღვთის თავდაპირველი განზრახვა

მარიას მსგავსად, ბევრი აღაფრთოვანა იმ ბიბლიური ცნობის გაგებამ, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვა, რომელიც სამოთხეში დედამიწაზე ადამიანების მარადიულ ცხოვრებასა და ცხოველებზე ზრუნვას ეხება, საბოლოოდ შესრულდება (დაბადება 1:28). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთს დედამიწა „საუკაცრიელოდ არ შეუქმნია“, არამედ „დასასახლებლად გამოსახა“. აშკარაა, რომ ადამიანებს მარადიულად უნდა გაეხარათ დედამიწაზე ცხოვრებით და ცხოველებიც მხოლოდ სიხარულს მიანიჭებდნენ მათ (ესაია 45:18, სსგ).

ბიბლია ხაზს უსვამს, რომ ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, შეასრულოს თავისი თავდაპირველი განზრახვა და დედამიწა სამოთხედ აქციოს. „მე ვთქვი, — ამბობს ღმერთი და დასძენს, — და მოვაწევ კიდეც ამას“. იეჰოვა კვლავ იმეორებს: „ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე“ (ესაია 46:11; 55:11).

ნათელია, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანებს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე მარადიულად უნდა ეცხოვრათ და სიცოცხლით გაეხარათ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს განზრახვა აუცილებლად განხორციელდება. მოდი მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ აღგვიწერს ბიბლია ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას. ჩვენ დავინახავთ, რომ ყველა ცხოველი, შინაური თუ გარეული, ერთმანეთთანაც და ადამიანებთანაც მშვიდობიანად იქნებიან (ესაია 65:17, 21—25; 2 პეტრე 3:13).

ცხოველები ღვთის ახალ ქვეყნიერებაში

იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში ადამიანებს შეეძლებათ ხელი გადაუსვან ფაფარაშლილ ლომს, ზურგზე მოუთათუნონ ვეფხვს და ტყეშიც კი დაიძინონ შიშის გარეშე, რადგან ცხოველები მათ ზიანს არ მიაყენებენ. ნახეთ, რას გვპირდება ღმერთი: „მოვსპობ ბოროტ ცხოველს ამ ქვეყნიდან. და იცხოვრებენ უდაბნოში უსაფრთხოდ და ტყეებში დაიძინებენ“ (ეზეკიელი 34:25; ოსია 2:20).

იმ დროს მხეცები დაემორჩილებიან ადამიანებს, თვით პატარა ბავშვებსაც კი! ბიბლია გვეუბნება: „მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ“.

მაგრამ, ამით როდი ამოიწურება ყველაფერი! ღვთის სიტყვაში შემდგომ ნათქვამია: „ძროხა და დათვი ერთად დაიმწყემსება, და მათი შვილები ერთად წამოწვებიან, და ლომი ხარივით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი ასპიტის ხვრელზე ითამაშებს და ძუძუს მოწყვეტილი ხელს გაიშვერს გველგესლას ბუნაგზე. არ იბოროტებენ და არ დაღუპავენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, რადგან ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით, როგორც ზღვაა დაფარული წყლებით“ (ესაია 11:6—9).

იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში აღარ იქნება მჭიდროდ დასახლებული დიდი ქალაქების პრობლემა; ქალაქებისა, რომლებიც როგორც ადამიანებს, ისე მათ შინაურ ცხოველებს არახელსაყრელ საცხოვრებელ პირობებს უქმნის. უკვე დღეს ბევრი სიხარულს განიცდის ცხოველებთან ურთიერთობით და გაწონასწორებულად ზრუნავს მათზე. აბა წარმოიდგინეთ ის შესანიშნავი დრო, როცა სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოველები ადამიანებს მხოლოდ სიხარულს მიანიჭებენ! მათ მიმართ გამოვლენილი სიყვარული და მზრუნველობა ჭეშმარიტად პატივს მიაგებს ყველა ცოცხალი არსების დიდებულ შემოქმედს.

თუ თქვენ, მარიას მსგავსად, გიყვართ ცხოველები და ჯერ არ გაგიგიათ ღვთის შესანიშნავი აღთქმების შესახებ, გიწვევთ დაუკავშირდეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს ან იეჰოვას რომელიმე მოწმეს. ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან ღვთის განზრახვების გაცნობაში.

[სურათი 10 გვერდზე]

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოველები ადამიანებს მხოლოდ სიხარულს მიანიჭებენ.