ცხოველები ღვთისგან ბოძებული ძღვენი
ცხოველები ღვთისგან ბოძებული ძღვენი
ყოფილხართ ზოოპარკში ან ცირკში? რომელიმე ლამაზი ცხოველის — მაგალითად, დიდებული ლომის ან ვეება ამურის ვეფხვის — დანახვისას არ გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ ხელი გადაგესვათ ან ფრთხილად მოჰფერებოდით მას? შესაძლოა აღტაცებით შესცქეროდით ცხოველთა მწვრთნელებს ან მომვლელებს, რომლებიც ასე იქცეოდნენ. მართლაც, როგორც ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა დაახლოებით 2 000 წლის წინათ თქვა, „ყოველგვარი ბუნება მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ“ (იაკობი 3:7).
მზრუნველობასა და ყურადღებაზე ყველანაირი ცხოველი რეაგირებს. ნამდვილად სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ რეაგირებენ ისინი თავიანთი მზრუნველი მომთვინიერებლების მოპყრობაზე. რომაელი მწერალი პლინიუსი (რომელიც თითქმის იმავე დროს ცხოვრობდა, რა დროსაც იაკობი, ზემოხსენებული სიტყვების დამწერი) ლაპარაკობდა სპილოების, ლომების, ვეფხვების, არწივების, ნიანგების, გველებისა და თვით თევზების მოთვინიერებაზე.
ადამიანი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იმორჩილებდა ცხოველებს. იაკობისა და პლინიუსის დრომდე დიდი ხნით ადრე ეგვიპტელები ათვინიერებდნენ და აშინაურებდნენ გარეულ ცხოველებს. დღესდღეობით ბევრი ისეთი ცხოველი, რომლებსაც ზოოპარკში ხვდებით, ზოგ ქვეყანაში შეიძლება სახლშიც კი იხილოთ.
ადამიანებთან ურთიერთობის საწყისი
ბიბლია — კაცობრიობის ისტორიის უძველესი წიგნი — მოგვითხრობს, რომ პირველი მამაკაცი, ადამი, ცხოველებს სახელებს არქმევდა. „რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, — ნათქვამია ბიბლიაში, — იგი იქნებოდა სახელი მისი. და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს, ციურ ფრინველთ და მინდვრის ყველა ცხოველს“ (დაბადება 2:19, 20). ცხადია, ადამი დიდი ყურადღებით დააკვირდებოდა ცხოველებს, რათა მათთვის შესაფერისი სახელები დაერქვა. მას გარეული ცხოველებიც კი არ უქმნიდნენ საფრთხეს, რის გამოც არანაირი დაცვა არ სჭირდებოდა. მასსა და ცხოველებს შორის სრული მშვიდობა სუფევდა და ადამსაც, უეჭველია, დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მათ გარემოცვაში ყოფნა.
ღმერთმა ადამს და მის ცოლს, ევას, ცხოველებზე ზრუნვა დაავალა. როგორც ბიბლია გვატყობინებს, ღვთის მიზნის თანახმად, ადამიანებს უნდა ‘ებატონათ თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში’ (დაბადება 1:26).
ახლო ურთიერთობა გრძელდება
ცხოველებზე სწორად ბატონობის შედეგად ადამიანებმა შეიძლება სასიამოვნო შედეგებს მიაღწიონ. საყვარელ ცხოველს ზოგი შეიძლება ძალიან ძვირფას ოთხფეხა მეგობრად ან ოჯახის წევრადაც კი თვლიდეს. ადამიანებს ცხოველებისადმი ათასობით წლის წინათაც ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ. ამას ცხადყოფს ბიბლიაში ჩაწერილი მონათხრობი კაცზე, რომელსაც „ერთი ბატკანი“ ჰყავდა. ამ ბატკნისა და მისი ღარიბი პატრონის შესახებ 2 მეფეთა 12:1—3).
წინასწარმეტყველმა ნათანმა მეფე დავითს უთხრა: „მის ლუკმას ჭამდა [ბატკანი], მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, და თავისი ქალიშვილივით ჰყავდა“ (დღეს ბევრისთვის სავსებით გასაგებია ის, რომ ცხოველი შეიძლება ისეთივე ძვირფასი იყოს პატრონისთვის, როგორც ოჯახის წევრი. აი, რა შეემთხვა ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეს მახლობლად მცხოვრებ ერთ ოჯახს: მშობლებმა თითოეულ ბავშვს თავ-თავისი ძაღლი უყიდეს. როდესაც ერთ-ერთი ბავშვი, რვა წლის ბიჭუნა, თავის ძაღლთან ერთად სეირნობდა, ხიდან მოულოდნელად დიდი შხამიანი გველი, მამბა, ჩამოვარდა და პირდაპირ ბიჭუნას წინ დაეცა. მამბამ ბავშვისკენ გაიწია, მაგრამ ძაღლი ელვის სისწრაფით ეცა გველს და ბიჭუნა სიკვდილს გადაარჩინა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად ძვირფასი იქნებოდა ეს ძაღლი ოჯახისთვის?
განსაკუთრებით ძვირფასი არიან სმენადაქვეითებულებისთვის ძაღლები, რომლებსაც სპეციალურად მათ დასახმარებლად წვრთნიან. ერთი ქალი ყვება: „ზარის ხმის გაგონებაზე ტვინკი მოდის, ფეხზე მითათუნებს და კართან მიმიძღვის. ასევე, როცა ჰაერღუმლის ტაიმერის ხმა ესმის, ჩემკენ გამორბის და მეც მივყვები. ოთახში კვამლის დაგროვებისას ან სახანძრო სიგნალიზაციის ჩართვისას ტვინკი ცდილობს, ჩემი ყურადღება მიიპყროს, ხოლო შემდეგ იატაკზე წვება, რითაც მოსალოდნელი საშიშროების შესახებ მაფრთხილებს“.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, თუ რა დიდ სამსახურს უწევენ გამყოლი ძაღლები უსინათლოებს. ძაღლების მწვრთნელი და წიგნ „გამყოლი თვალების“ ავტორი, მაიკლ ტაკერი, თვლის, რომ ბრმის გამყოლ ძაღლს შეუძლია, უსინათლო ადამიანის წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაშალოს — მიანიჭოს „თავისუფლება, დამოუკიდებლობა, შეაძლებინოს გადაადგილება და გაუწიოს მეგობრობა“. მართლაც, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, როგორი ურთიერთგაგებაა ასეთ ძაღლებსა და მათ პატრონებს შორის!
ოთხფეხა მეგობრები ასევე დიდ დახმარებას უწევენ სხვა ინვალიდებსაც. ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ერთი ქალის ძაღლს ნასწავლი ჰქონდა ტელეფონის ყურმილის აღება და კონვერტზე მარკის დაკვრა! ერთ ძაღლს კი 120 ბრძანების შესრულება შეეძლო, მათ შორის სუპერმარკეტის თაროებიდან კონსერვის ქილებისა და პაკეტების აღება. ინვალიდ პატრონს აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც უშვებს ლაზერის სხივს და ძაღლს უჩვენებს, რა ნივთები სჭირდება, ძაღლი კი იღებს მათ და პატრონთან მიაქვს.
შინაური ცხოველები ხანში შესულებსაც ეხმარებიან. ერთმა ვეტექიმმა თქვა, რომ ეს ცხოველები, მათ შორის ძაღლები, „ხანში შესულთა ცხოვრებას მიზანმიმართულს ხდიან და აზრს სძენენ სწორედ იმ პერიოდში, როცა ისინი ხშირად თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ“. „ტორონტო სტარში“ ნათქვამი იყო: „ისინი, რომელთაც გვერდით ჰყავთ საყვარელი ცხოველები, ნაკლებად ექვემდებარებიან სტრესულ მდგომარეობას, ნაკლებად უწევთ ექიმებთან სიარული და, გულის შეტევის შემთხვევაში, უფრო მალე ჯანმრთელდებიან“.
ახალ ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ შემდეგი საინტერესო აზრია გამოთქმული: „შინაურ ცხოველებზე ზრუნვა ბავშვებს ასწავლის, რომ რაიმე უპირატესობის მიღება დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის აღების უნარი. ისინი სქესობრივი ურთიერთობების
შესახებაც ზოგ რამეს სწავლობენ. ბავშვები მალევე ამჩნევენ, თუ როგორ წყვილდებიან ცხოველები; შემდეგ საშუალება აქვთ, თვალი ადევნონ მაკეობის პერიოდს, ასევე შთამომავლობის დაბადებასა და აღზრდასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საზრუნავს“.შინაური ცხოველებისადმი სიყვარული
ზოგ ქვეყანაში, ცხოველების მიერ პატრონისადმი გამოვლენილი ერთგულება ზოგიერთს იმისკენ აღძრავს, რომ შინაური ცხოველების მიმართ უფრო დიდი სიყვარული იქონიონ, ვიდრე ოჯახის წევრებისადმი. ზოგჯერ განქორწინების დროს ქონების გაყოფასთან ერთად შინაურ ცხოველზე მზრუნველობის საკითხიც განიხილება ხოლმე. ზოგიერთები თავიანთ ანდერძში დიდძალი სიმდიდრის მემკვიდრეებად შინაურ ცხოველებს ასახელებენ.
გასაკვირი არაა, რომ შინაურ ცხოველებზე დღეს კარგი მოგების ნახვა შეიძლება! გამოიცემა წიგნები და ჟურნალები, სადაც თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც შინაურ ცხოველებს ეხება, რჩევებია მოცემული. ოთხფეხა მეგობრების ზოგ პატრონს სურს, რომ საყვარელი ცხოველი ფუფუნებაში აცხოვროს, რის საპასუხოდაც კომერციის სამყარო მათ ყველანაირ მომსახურებას სთავაზობს.
ზოგს, მაგალითად, შინაური ცხოველი დაჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ვეტექიმებთან, რომლებიც თითქმის ყველა დაავადებას კურნავენ. არიან ასევე ვეტერინარ-ფსიქიატრები, რომლებიც ცხოველებს
ანტიდეპრესანტებს უნიშნავენ. გარდა ამისა, არსებობენ იურისტები და სადაზღვევო აგენტები, რომლებიც ცხოველებს ემსახურებიან. ასევე არსებობს ცხოველთა „სილამაზის სალონები“ და საწვრთნელი დაწესებულებები. ცხოველებისთვის ეწყობა დაკრძალვები. მათ კლონირებასაც კი ცდილობენ — და ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი თანხები ჯდება!აშკარაა, რომ ბევრს უყვარს შინაური ცხოველები. თავის წიგნში „რატომ გვიზიდავს ცხოველები“ დ-რი ჯონიკა ნიუბი ასკვნის: «როდესაც ჩვენს დანახვაზე ძაღლი კუდის ქიცინით გამორბის, გვლოკავს და ამით გვიჩვენებს, რომ ჩვენი სახლში დაბრუნება მისთვის ყველაზე საუკეთესო მოვლენა იყო მთელი დღის მანძილზე, ამას შეიძლება „სიყვარული“ დავარქვათ». გასაგებია, თუ რატომ არის ოთხფეხა მეგობრების ბევრი პატრონიც აღძრული, ასეთ „სიყვარულს“ სიყვარულითვე უპასუხოს.
თუმცა კი, ცხოველების „გაადამიანების“ მცდელობას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. სხვა თუ არაფერი, ცხოველს არ შეუძლია ვინმეს მოთხოვნილებების ისე დაკმაყოფილება, როგორც ამას ადამიანი შეძლებდა. გარდა ამისა, ქალაქში ცხოვრება და იქაურ გარემოსთან შეგუებაც ხშირად პრობლემებს უქმნის როგორც შინაურ ცხოველებს, ისე მათ პატრონებს. ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში შევეხებით.
[სურათი 3 გვერდზე]
ცხოველების მოთვინიერებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს.
[საავტორო უფლება]
A detail from The Great King of the Parthians Hunts With His Tame Panthers by Giovanni Stradanno: © Stapleton Collection/CORBIS
[სურათი 4 გვერდზე]
ისრაელი მწყემსები თანაგრძნობით ეპყრობოდნენ ბატკნებს.
[სურათები 5 გვერდზე]
შინაური ცხოველები ინვალიდებსა და ხანში შესულებს ეხმარებიან.