არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავარიული დაფრენა!

ავარიული დაფრენა!

ავარიული დაფრენა!

მოგვითხრო სესარ მუნიოსმა

ქალაქ მონტერეიში (მექსიკა) ნათესავებთან ერთად სასიამოვნო შვებულების გატარების შემდეგ, გავემზადე, რომ დავბრუნებულიყავი მეხიკოში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, სადაც ვმსახურობ. ეს მოხდა კვირას, 2002 წლის 1 დეკემბერს. გამოვფრინდი რეისით №190, საღამოს 7 საათზე.

მშვიდობიანი ფრენის შემდეგ, რაც დაახლოებით საათ-ნახევარი გრძელდებოდა, თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო. მაგრამ, უეცრად მაღლა აიწია და ყველა შეგვაშინა იმ საშინელმა ხმაურმა, რომელიც თვითმფრინავის კორპუსის ქვემოდან ისმოდა. შემდეგ პილოტმა გამოაცხადა, რომ შასის კარი არ იღებოდა. იგი გაიჭედა! ზოგი შეშინებული მგზავრი ატირდა. ზოგმა ხმამაღლა დაიწყო ლოცვა. მე კი გაოგნებული ველოდებოდი, რა მოხდებოდა.

პილოტმა თქვა, რომ ყველაფერს იღონებდა იმისათვის, რათა შასის კარი გახსნილიყო. სანამ მეხიკოს ირგვლივ დავფრინავდით, თვითმფრინავი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ხან ზემოთ აიწეოდა, ხან ქვემოთ დაიწეოდა, ხან კი ირყეოდა. ასეთი ფრენა, ნებისმიერ ატრაქციონს აღემატებოდა, რაც კი ოდესმე მინახავს. მაგრამ ეს გართობა ნამდვილად არ იყო! რამდენიმე ხნის შემდეგ პილოტმა თქვა: „სამწუხაროდ, უნდა შეგატყობინოთ, რომ შასის კარი არ გაიხსნა. ერთადერთი გამოსავალი — შასის გარეშე ავარიული დაფრენაა“. ყველამ აღელვებით შევხედეთ ერთმანეთს და ყველაზე უარესისთვის მოვემზადეთ.

მოგვცეს მითითებები, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით ავარიული დაფრენის დროს. გავიძრეთ ფეხსაცმელი, მოვიშორეთ ისეთი ნივთები, რაც სხვებს დააზიანებდა და ისე დავდექით, როგორც გვითხრეს. ვიფიქრე, რომ დასაფრენ ბილიკზე დაშვების დროს ავფეთქდებოდით. მაშინვე ლოცვით მივმართე იეჰოვას და შვება ვიგრძენი (ფილიპელთა 4:6, 7).

არაერთხელ მსმენია, როცა ადამიანი სიკვდილის პირას იმყოფება, მის გონებაში მთელი მისი ცხოვრება ცოცხლდება და ფიქრობს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება ვერ მოასწრო. ვინანე, რომ ჩემ გვერდით მჯდომ გოგონას არ ვესაუბრე ღვთის სამეფოს შესახებ. მტკიცედ გადავწყვიტე, თუ გადავრჩებოდი, ყოველთვის ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებდი, რომ დამემოწმებინა. უცებ გავაანალიზე, თუ რამდენს ვაკეთებდი იეჰოვასადმი მსახურებაში.

როცა თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო, შევნიშნე, რომ ქვემოთ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები იდგა; იქვე კი უამრავ ხალხს მოეყარა თავი. შემდეგ ვიგრძენით ძლიერი დარტყმა — თვითმფრინავი „მუცლით“ დავარდა დასაფრენ ბილიკზე და გაცურდა; ლითონის ხახუნის გამო ირგვლივ ნაპერწკლები მიმოიფანტა. სახანძრო ბრიგადის მანქანებმა დასაფრენი ბილიკის ორივე მხრიდან დაუყოვნებლივ შეასხურეს დიდი რაოდენობის წყალი, რათა თვითმფრინავს ცეცხლი არ გასჩენოდა.

ამდენი მღელვარე მოვლენის შემდეგ, როგორც იქნა თვითმფრინავი გაჩერდა. გაისმა ტაშისცემის ხმა. ბედნიერებით აღსავსე მგზავრებმა შვებით ამოვისუნთქეთ, რადგან პილოტმა შეძლო ავარიული დაფრენა წარმატებით დაესრულებინა. შემდეგ კი გვიბრძანეს, დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა სალონი. ყველანი გასასვლელებისკენ გავეშურეთ და თვითმფრინავიდან გამოსვლის შემდეგ გაზონებზე გადავედით.

მოშორებით, უსაფრთხო ადგილას დავდექი და გაოგნებული ვუყურებდი თვითმფრინავს, რომელიც ლოდივით იდო დასაფრენ ბილიკზე. საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე მგზავრი დაშავდა და ისიც მსუბუქად. იქვე, სასწრაფო დახმარების მანქანებში, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მათ, რომლებმაც ემოციური ტრავმა მიიღეს.

სახლში დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ 4 საათით დამაგვიანდა. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, მადლიერი ვიყავი, რომ გადავრჩი! ამ შემთხვევამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. საკუთარ თავზე გამოვცადე, რამდენად არამდგრადია ცხოვრება. თავმდაბლობას გვინერგავს იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დავკარგოთ ყველაფერი. როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დადგები, შეიძლება უკვე ძალიან გვიანი იყოს, რამე შეცვალო ცხოვრებაში ან ღვთის წინაშე კეთილი სახელი დაიმკვიდრო. ახლა უფრო მეტად ვაფასებ იმის შესაძლებლობას, რომ გონივრულად გამოვიყენო სიცოცხლის წლები და ყოველი დღე იეჰოვასადმი მსახურებაში გავატარო (ფსალმუნები 89:12).