არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დემოგრაფია, ბიბლია და მომავალი

დემოგრაფია, ბიბლია და მომავალი

დემოგრაფია, ბიბლია და მომავალი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის შვედეთიდან

მეოცე საუკუნის დასაწყისში კაცობრიობა 1,65 მილიარდი იყო, საუკუნის ბოლოს კი 6 მილიარდს მიაღწია. კვლავ გამრავლდება დედამიწის მოსახლეობა ასეთი გამაოგნებელი სისწრაფით? ამ ათასწლეულშიც მოხდება დემოგრაფიული აფეთქება? სპეციალისტებს, რომლებიც ამ საკითხებს იკვლევენ, დემოგრაფები ჰქვიათ, მათ შესასწავლ სფეროს კი — დემოგრაფია.

„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მიხედვით, დემოგრაფია არის „სტატისტიკის დარგი, რომელიც მოსახლეობის შემადგენლობასა და მოძრაობას შეისწავლის“. დემოგრაფები სწავლობენ მოსახლეობის ზრდის სამ ძირითად ფაქტორს: შობადობას (ახალდაბადებულთა რიცხვი), სიკვდილიანობას (გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი) და მიგრაციას (სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასულთა რიცხვი).

ისტორიული დემოგრაფია შეისწავლის მოსახლეობის ზრდასა და განვითარებას წარსულში. ისტორიკოსი დემოგრაფები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ ძველი ცივილიზაციების შესახებ, რისთვისაც გულდასმით იკვლევენ წერილობით წყაროებს, ნანგრევებს, ადამიანთა ნაშთებსა და მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებს. ისტორიული დემოგრაფია ნაწილობრივ ვარაუდებსა და ნაწილობრივ მეცნიერულ მონაცემებს ეყრდნობა. ერთ ატლასში ნათქვამია: „ისტორიკოსი დემოგრაფების მიერ წამოყენებული ჰიპოთეზების შემოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია და მათ სტატისტიკურ სიზუსტეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“ (Atlas of World Population History). მიუხედავად ამისა, დემოგრაფიული ვარაუდები ბიბლიის შემსწავლელებში დიდ ინტერესს იწვევს. ხშირად ისინი ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას ემთხვევა.

მოსახლეობის ზრდა წარღვნის შემდეგ

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნოეს დროს წარღვნას მხოლოდ რვა ადამიანი გადაურჩა. ზოგი დემოგრაფის აზრით, 1 400 წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა, შესაძლოა, 50 მილიონამდე გაიზარდა. შეუძლებელი იყო 1 400 წლის განმავლობაში მოსახლეობის რვა კაციდან 50 მილიონამდე გაზრდა?

უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ რიცხვი 50 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ სავარაუდოა. თუმცა ისიც ყურადსაღებია, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი, კერძოდ დაბადების 9:1-ში: «და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი, და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და აღავსეთ მიწა“». ამავე წიგნის მეათე და მეთერთმეტე თავებში მოთხრობილია იმ 70 ოჯახზე, რომლებიც ნოეს ვაჟებისგან — სემის, ქამისა და იაფეთისგან — წარმოიშვნენ. შემდეგ ვკითხულობთ საგვარეულო ნუსხას სემიდან აბრაამამდე, რომელთაც ‘შვეს ძენი და ასულნი’. შესაძლოა, ამ დროს მაღალი შობადობა იყო, რაც ეთანხმებოდა ღვთის ბრძანებას: „აღავსეთ მიწა“.

რა შეიძლება ითქვას სიკვდილიანობის შესახებ? ბიბლიის იმავე თავებში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც საოცრად დიდხანს ცოცხლობდნენ, რაც წარღვნის შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა *. მაღალი შობადობა დაბალი სიკვდილიანობის დროს სწრაფად ზრდის მოსახლეობის რიცხვს.

ისრაელების ცხოვრება ეგვიპტეში

ზოგი მკვლევარი სკეპტიკურად უყურებს ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას, რომ ეგვიპტეში ყოფნისას ისრაელების რიცხვი სწრაფად გაიზარდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იაკობის ძეთა ცოლების გარდა „ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ მივიდნენ, სამოცდაათი იყო“ (დაბადება 46:26, 27). მაგრამ, როცა 215 წლის შემდეგ ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, გამაოგნებლად ბევრნი იყვნენ — „ექვსასი ათასამდე ქვეითი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა“ (გამოსვლა 12:37). ქალებისა და ბავშვების ჩათვლით ისრაელები, შეიძლება, დაახლოებით სამი მილიონი ყოფილიყვნენ! შესაძლებელი იყო ასეთი ზრდა?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ყურადღებით წავიკითხოთ, რას ამბობს ბიბლია ისრაელების გამრავლებაზე ეგვიპტეში: „ხოლო ისრაელის ძეთ ინაყოფიერეს და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აღივსო ის ქვეყანა მათით“. იმ დროს ისრაელთა რიცხვი უჩვეულო სისწრაფით იზრდებოდა (გამოსვლა 1:7).

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ ზოგ ქვეყანაში ჩვენს დროშიც შეინიშნება, მაგალითად 1980-იან წლებში კენიაში. ისრაელთა რიცხობრივ ზრდაში უჩვეულო ისიც იყო, რომ ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბიბლიაში მოხსენიებულია ასე სწრაფად გამრავლების კიდევ ერთი მიზეზი. ეგვიპტეში ყოფნისას ისრაელები საკვების ნაკლებობას არ განიცდიდნენ. ცნობილია, რომ შიმშილობის დროს ბევრი ადამიანი კვდება ახალგაზრდობის წლებში. შედეგად, ასეთ დროს შობადობა კლებულობს. მაგრამ ბიბლიიდან ჩანს, რომ ისრაელებს საკვები არ აკლდათ. როცა იოსების ოჯახი ეგვიპტეში ჩავიდა, ფარაონმა უთხარა იოსებს: „ეგვიპტის ქვეყანა შენს წინაშეა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. იცხოვრონ გოშენის მიწაზე“ (დაბადება 47:6). მას შემდეგაც კი, რაც ისრაელები ეგვიპტელების მონები გახდნენ, როგორც ჩანს, საკვები საკმარისი ჰქონდათ. მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი იხსენებდნენ, რომ მონობაში ყოფნის დროს ჭამდენენ პურს, თევზს, კიტრს, ნესვს, პრასს, მწვანე ხახვს, ნიორს, ხორცს (გამოსვლა 16:3; რიცხვნი 11:5).

ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში

დემოგრაფია აგრეთვე გვეხმარება ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უკეთ გაგებაში. მაგალითად, როცა ვკითხულობთ იესოს ბრძანებას — „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ — შეიძლება კითხვა დაგვებადოს: „რამდენად რთული იყო ეს დავალება?“ (მათე 28:19). რამდენი ადამიანი ცხოვრობდა პირველ საუკუნეში რომის იმპერიაში? ზოგი შეფასების თანახმად 50—60 მილიონამდე. ეს თუ მართლა ასეა, მაშინ პირველი საუკუნის ქრისტიან მქადაგებლებს საქმე ბევრი ჰქონდათ.

ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვისას ვიგებთ, რომ მოციქულმა პეტრემ სასიხარულო ცნობა შორეულ ბაბილონში იქადაგა (1 პეტრე 5:13). რატომ აირჩია მაინცდამაინც ბაბილონი? ამას ახალი ენციკლოპედია „ბრიტანიკადან“ ვიგებთ: „პალესტინის საზღვრებს გარეთ ებრაული წარმოშობის მოსახლეობის ძირითადი ცენტრები იყო სირიაში, მცირე აზიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში. თითოეულ მათგანში, ზოგიერთი შეფასებით, ცხოვრობდა სულ მცირე ერთი მილიონი ებრაელი“. რამდენადაც პეტრეს ძირითადად ებრაელებისთვის ქადაგება ჰქონდა დავალებული, გასაგებია, რომ წავიდა იქ, სადაც ბევრი ებრაელი ცხოვრობდა — ბაბილონში (გალატელთა 2:9). ებრაელი მოსახლეობის სიმრავლის გამო, მისთვის ეს სულაც არ იქნებოდა პატარა სამქადაგებლო უბანი!

რას გვიქადის მომავალი?

როგორც დავინახეთ, დემოგრაფებს აინტერესებთ ფაქტები ადამიანთა წარსულზე. რას ამბობენ ისინი მომავლის შესახებ? ისინი მნიშვნელოვან კითხვას წამოჭრიან: ამ ათასწლეულშიც იქნება დემოგრაფიული აფეთქება? ზუსტი პასუხი არავინ იცის. როგორც ზოგი სპეციალისტი ვარაუდობს, გარკვეულ ქვეყნებში შობადობის შემცირების გამო მთელ მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვი თანდათან დარეგულირდება.

თუმცა, ამ ვარაუდს ყველა სპეციალისტი არ ეთანხმება. ერთ გამოცემაში ნათქვამია: „მოსახლეობის რაოდენობის ზრდით დღეს მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა: ქვეყნები, სადაც თითოეულ ოჯახზე საშუალოდ ორი ან ნაკლები ბავშვი მოდის და ქვეყნები, სადაც შობადობა მაღალია. ორ და ნაკლებ-შვილიან ქვეყნებში შედის ევროპა, შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია და სხვა სწრაფად განვითარებადი ქვეყნები . . . მათ საპირისპიროდ, მაღალი შობადობის მქონე ქვეყნებში შედის აფრიკის ქვეყნები, აზია, ლათინური ამერიკა, სადაც ბევრ ოჯახში ორზე მეტი ბავშვია. ასეთ ქვეყნებში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, ყოველ ქალზე საშუალოდ ოთხი ბავშვი მოდის“ (Population Today).

ზოგ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიუხედავად, სხვა ქვეყნებში ის გაიზარდა ან იგივე დარჩა. იმავე გამოცემაში მომავლის შესახებ ნათქვამია: «მრავალ განვითარებად ქვეყანაში მოსახლეობის სწრაფი რიცხობრივი ზრდა არ წყდება. მთელ მსოფლიოში „დემოგრაფიული აფეთქების“ პრობლემის რეალური და არა წარმოსახვითი გადაჭრა განპირობებულია იმით, თუ რამდენად სწრაფად და რამდენი ქვეყანა გაატარებს პროგრამებს პატარა ბავშვების სიკვდილიანობის აღმოსაფხვრელად, ქალებისთვის ცოდნის მისაცემად და ოჯახის დაგეგმარების გასაუმჯობესებლად».

საგრძნობლად გადააჭარბებს თუ არა მოსახლეობის რიცხვი მსოფლიოში დღეს მცხოვრებ ექვს მილიარდს? ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ, ჩვენ ვიცით ღვთის განზრახვის შესახებ, რომ დედამიწა აივსება ხალხით — და არა გადაივსება (დაბადება 1:28). ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ეს ასეც მოხდება (ესაია 55:10, 11).

[სქოლიო]

^ აბზ. 9 მოგვიანებით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 70—80 წლამდე ჩამოვიდა, როგორც ამის შესახებ ძვ. წ. დაახლოებით 1500 წელს დაწერა მოსემ (ფსალმუნები 89:10).

[სურათი 13 გვერდზე]

დღეს მცხოვრები ექვსი მილიარდი ადამიანი წარღვნას გადრჩენილებისგან გამრავლდა.

[სურათი 15 გვერდზე]

ეგვიპტეში მცირე რაოდენობით ჩასულმა ისრაელებმა 215 წლის განმავლობაში დაახლოებით სამ მილიონს მიაღწიეს.