არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ გვჭირდება იმედი?

რატომ გვჭირდება იმედი?

რატომ გვჭირდება იმედი?

რა მოხდებოდა, თუ წინა სტატიაში მოხსენიებული კიბოთი დაავადებული პატარა დენიელი მტკიცე იმედს შეინარჩუნებდა? განიკურნებოდა? დღესაც ცოცხალი იქნებოდა? იმ აზრის ყველაზე გულმოდგინე მხარდამჭერებიც კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ იმედს დიდი ძალა აქვს, ალბათ, თავს შეიკავებდნენ ამგვარი განაცხადებისგან. სწორედ რომ ესაა მნიშვნელოვანი — იმედის ძალა არ უნდა გაზვიადდეს. ის უებარი წამალი არ არის, არ არის პანაცეა.

ტელე-რადიომაუწყებლობის კორპორაცია სი-ბი-ეს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დ-რმა ნეითან ჩერნიმ აღნიშნა, რამდენად საშიშია იმედის ძალის გაზვიადება, როცა საქმე მძიმე ავადმყოფებს ეხება: „იყო შემთხვევები, როცა ქმრები საყვედურობდნენ ცოლებს იმის გამო, რომ მათ საკმარისი ოპტიმისტური განწყობილება არ ჰქონდათ“. დ-რმა ჩერნიმ დასძინა: „ასეთმა აზროვნებამ შექმნა ილუზია, თითქოს ავადმყოფს სიმსივნის განვითარების გაკონტროლება შეუძლია; და თუ ის თავს ცუდად გრძნობს, ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ კარგად ვერ აკონტროლებს თავის დაავადებას. ასეთი დასკვნის გამოტანა უსამართლობაა“.

სინამდვილეში, უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები დამქანცველ, ძალ-ღონის გამომცლელ ბრძოლაში არიან ჩართული. ავადმყოფის ახლობლები არავითარ შემთხვევაში არ მოისურვებდნენ მისი ისედაც მძიმე ტვირთის კიდევ იმით დამძიმებას, რომ დანაშაულის გრძნობაც გაუჩინონ. მაშ, უნდა დავასკვნათ, რომ იმედს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს?

სრულებითაც არა. მაგალითად, ზემოთ მოხსენიებული ექიმი სპეციალიზებულია პალიატიურ მკურნალობაზე, რომელიც გამიზნულია არა უშუალოდ დაავადებასთან საბრძოლველად ან სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმისთვის, რომ მთელი ის პერიოდი, როდესაც ავადმყოფი დაავადებას ებრძვის, შეძლებისდაგვარად, შეამსუბუქოს და სასიამოვნო გახადოს. ასეთ ექიმებს მტკიცედ სჯერათ, რომ მკურნალობა, რომელიც აუმჯობესებს ავადმყოფის განწყობას, ნამდვილად ფასეულია. ის მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი მნიშვნელოვანია. ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ იმედს შეუძლია ეს — და უფრო მეტიც.

იმედის ძალა

„იმედს ძლიერმოქმედი სამკურნალო ძალა აქვს“, — ამბობს ჟურნალისტი, დ-რი უ. გიფერდ-ჯონზი, რომელიც სამედიცინო თემებს აშუქებს. მან მიმოიხილა სხვადასხვა გამოკვლევა, რომლებიც ჩატარდა იმის განსასაზღვრავად, თუ რა გავლენას ახდენს ემოციური მხარდაჭერა უკურნებელი სენით დაავადებულებზე. როგორც ჩანს, ასეთი მხარდაჭერა მათ იმედს უნერგავს და დადებითი აზროვნების შენარჩუნებაში ეხმარება. 1989 წელს ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ ასეთი მხარდაჭერის მქონე ავადმყოფები მეტხანს ცოცხლობდნენ, მაგრამ ბოლოდროინდელი გამოკვლევა ნაკლებად უჭერს მხარს ამ აზრს. თუმცა კი, გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ სხვებთან შედარებით ემოციური მხარდაჭერის მქონე ავადმყოფები ნაკლებად იტანჯებოდნენ ტკივილებისგან და დეპრესიაშიც ნაკლებად ვარდებოდნენ.

ერთ-ერთი გამოკვლევა, მაგალითად, მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა გავლენას ახდენს ოპტიმიზმი და პესიმიზმი გულის კორონარული დაავადების განვითარებაზე. 1 300-ზე მეტ ადამიანს ტესტირება ჩაუტარეს იმის დასადგენად, თუ როგორი შეხედულება ჰქონდათ ცხოვრებაზე — ოპტიმისტური თუ პესიმისტური. ათი წლის შემდეგ იმავე ჯგუფის გამოკვლევამ უჩვენა, რომ 12 პროცენტზე მეტს გულის კორონარული დაავადების ესა თუ ის ფორმა ჰქონდა. ამ ჯგუფის წევრთაგან პესიმისტები ოპტიმისტებზე დაახლოებით ორჯერ მეტი იყვნენ. ჰარვარდის სკოლის ჯანდაცვის კათედრის დოცენტი ლორა კუბზანსკი, რომელიც სწავლობს ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებს, ამბობს: «წარმოდგენა იმაზე, რომ „დადებითი აზროვნება“ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, უმეტესწილად, არ ყოფილა მეცნიერულად დასაბუთებული — ეს გამოკვლევა იძლევა პირველ ნამდვილ სამედიცინო მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ეს მართლაც ასეა, რაც გულის დაავადებებთან დაკავშირებით გამოვლინდა».

ზოგი გამოკვლევა აჩვენებს, რომ მათ, ვინც თავს სუსტი ჯანმრთელობის პატრონად თვლის, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი უფრო უხანგრძლივდებათ, ვიდრე მათ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ოპტიმიზმს დღეგრძელობასაც კი უკავშირებენ. ერთი გამოკვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს ხანდაზმულებზე ასაკში შესვლასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი შეხედულებები. მოხუცებულებს მონიტორზე წამიერი გაელვებების დროს ისეთ სიტყვებს უჩვენებდნენ, რომლებიც დაბერების პროცესს სიბრძნესთან და გამოცდილებასთან აკავშირებდა. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ სიარულისას მათ უფრო მეტი ძალა და ენერგია ჰქონდათ. ასეთი მიღწევა 12-კვირიანი ვარჯიშის შედეგებს უტოლდებოდა!

იმედი, ოპტიმიზმი და დადებითი აზროვნება, როგორც ჩანს, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. საინტერესოა, რატომ? შესაძლოა, მეცნიერები და ექიმები ჯერ ბოლომდე ვერ ერკვევიან ადამიანის გონებასა და ორგანიზმში, რომ ამაზე საბოლოო პასუხები გაგვცენ. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხს იკვლევენ, ფაქტებზე დაყრდნობით გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. მაგალითად, ერთი პროფესორი ნევროლოგიის დარგში ამბობს: „სასიამოვნოა, როცა ბედნიერი და იმედით სავსე ხარ. ასეთ მდგომარეობაში გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდი, ორგანიზმზე კი ეს დადებითად აისახება. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, რითაც ადამიანებს ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლიათ“.

ზოგმა ექიმმა, ფსიქოლოგმა და მეცნიერმა ეს აზრი შეიძლება ნოვატორულად ჩათვალოს, მაგრამ ბიბლიის შემსწავლელებისთვის ის ახალი არ არის. დაახლოებით 3000 წლის წინათ ბრძენმა მეფე სოლომონმა ღვთის შთაგონებით ეს აზრი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს“ (იგავები 17:22). ყურადღება მიაქციეთ, რა გაწონასწორებული თვალსაზრისია აქ გამოთქმული. ამ მუხლში არაა ნათქვამი, რომ მხიარული გული ნებისმიერ დაავადებას განკურნავს, არამედ ის, რომ „ხელს უწყობს კურნებას“.

მართლაც, იმედი რომ სამკურნალო საშუალება ყოფილიყო, რომელი ექიმი არ გამოუწერდა მას ავადმყოფს? გარდა ამისა, იმედი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო.

ოპტიმიზმი, პესიმიზმი და თქვენი ცხოვრება

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ოპტიმისტების დადებითი თვალთახედვა მრავალმხრივ სასარგებლოა მათთვის. ისინი უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში, უფრო კარგი მუშა-მოსამსახურეები არიან და სპორტულ სარბიელზეც უკეთესი მიღწევები აქვთ. მაგალითად, გამოკვლევა ჩაუტარდა მძლეოსან ქალთა ჯგუფს. მწვრთნელებმა გულდასმით შეაფასეს მათი წმინდა სპორტული მონაცემები. ამავე დროს, თავად ქალების ხასიათიც გამოიკვლიეს იმის გასაგებად, თუ ვინ რამდენად ოპტიმისტი იყო. როგორც შედეგებმა აჩვენა, ოპტიმიზმის დონე მათი მიღწევების უფრო ზუსტი განმსაზღვრელი აღმოჩნდა, ვიდრე მწვრთნელების მიერ შეფასებული მათი მონაცემები. რატომ აქვს იმედს ასეთი დიდი ძალა?

ბევრი რამ გამოირკვა ოპტიმიზმის საწინააღმდეგო განწყობილების — პესიმიზმის შესწავლით. XX საუკუნის 60-იან წლებში ცხოველების ქცევებთან დაკავშირებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მკვლევარები მოულოდნელ აღმოჩენამდე მიიყვანა, რის შემდეგაც მათ შემოიღეს ტერმინი „შეთვისებული უმწეობა“. მათ დაადგინეს, რომ ეს სინდრომი შეიძლება ადამიანებსაც ჰქონდეთ. მაგალითად, ჩატარდა ტესტი, რომლის დროსაც ტესტირებულთა პირველ ჯგუფს არასასიამოვნო ხმაურს ასმენინებდნენ და უთხრეს, რომ რამდენიმე ღილაკზე თანმიმდევრული დაჭერით შეეძლოთ ამ ხმაურის შეწყვეტა. ტესტირებულებმა შეძლეს ამ დავალების შესრულება.

მეორე ჯგუფის წევრებსაც იგივე დავალება მისცეს, მაგრამ ღილაკებზე დაჭერამ შედეგი არ მოიტანა. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ბევრს ამ ჯგუფიდან უმწეობის გრძნობა გაუჩნდა. მომდევნო ტესტების დროს ისინი ლამის ყველაფერზე ხელს იქნევდნენ, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რაც უნდა გაეკეთებინათ, შედეგს არაფერი მოიტანდა. თუმცა, მეორე ჯგუფშიც კი, ოპტიმისტები მაინც არ ყრიდნენ ფარ-ხმალს.

დ-რმა მარტინ სელიგმენმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ პირველი ექსპერიმენტებიდან ზოგის მომზადებაში, ოპტიმიზმისა და პესიმიზმის უფრო ღრმად შესწავლა მოისურვა. ის საფუძვლიანად იკვლევდა იმ ადამიანების აზროვნებას, რომლებიც საკუთარ თავს არაფრის მაქნისებად თვლიდნენ. ასეთი პესიმისტური განწყობილება, — დაასკვნა მან, — ადამიანს ცხოვრების მრავალ სფეროში ხელს უშლის საკუთარი ძალების მოსინჯვაში ან საერთოდ ხელს აღებინებს ყველაფერზე. სელიგმენი პესიმისტურ აზროვნებასა და მის შედეგებს ასეთ შეფასებას აძლევს: „გამოკვლევების ოცდახუთმა წელმა დამარწმუნა იმაში, რომ თუ ჩვევად გავიხადეთ წარუმატებლობის დროს საკუთარი თავის დადანაშაულება, როგორც ეს პესიმისტების შემთხვევაშია, თუ ვფიქრობთ, რომ წარუმატებლობა განუწყვეტლივ თან გვდევს და რასაც უნდა მოვკიდოთ ხელი, მაინც არაფერი გამოგვივა, უფრო მეტჯერ მოგვიწევს მარცხის განცდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აზროვნება არ გვექნებოდა“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი დასკვნები ზოგისთვის შეიძლება დღეს ახალი იყოს, მაგრამ ბიბლიის შემსწავლელთათვის ისინი უცხოდ არ ჟღერს. ყურადღება მიაქციეთ ამ იგავს: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10, აქ). ბიბლია გასაგებად ხსნის, რომ გულგატეხილობა, მისთვის დამახასიათებელ უარყოფით აზრებთან ერთად, დაგასუსტებთ. მაშ, როგორ შეიძლება დაძლიოთ პესიმიზმი და ცხოვრებას ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შეხედოთ?

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

იმედს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.