არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა მიგვაჩნდეს ქორწინება წმინდა კავშირად?

რატომ უნდა მიგვაჩნდეს ქორწინება წმინდა კავშირად?

ბიბლიის თვალსაზრისი

რატომ უნდა მიგვაჩნდეს ქორწინება წმინდა კავშირად?

ადამიანთა უმეტესობა დღეს ამტკიცებს, რომ მათთვის ქორწინება წმინდა კავშირია. მაშ, რატომღა ინგრევა ამდენი ოჯახი? ზოგისთვის ქორწინება მხოლოდ რომანტიკულ გრძნობებზე დაფუძნებული დაპირება და კანონით განმტკიცებული შეთანხმებაა. მაგრამ პირობა შეიძლება დაირღვეს. ადამიანები, რომლებსაც ასეთი თვალსაზრისი აქვთ ქორწინებაზე, იოლად ანგრევენ ოჯახებს, როცა მათი მოლოდინი არ მართლდება.

როგორ უყურებს ღმერთი ქორწინებას? ამ კითხვაზე პასუხს ვპოულობთ მის სიტყვაში, ბიბლიაში, კერძოდ ებრაელთა 13:4-ში: „ქორწინება ღირსეული . . . იყოს ყველასი“ (სსგ). ბერძნული სიტყვა, რომელიც „ღირსეულად“ არის ნათარგმნი, ნიშნავს, რომ რაღაცა ძალიან ძვირფასი, უაღრესად დასაფასებელია. როდესაც რამეს ვაფასებთ, ვუფრთხილდებით, რომ შემთხვევითაც არ დავკარგოთ. მსგავსი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ქორწინებაზეც. ქრისტიანები მას ისე უნდა უყურებდნენ, როგორც ღირსეულ და ძვირფას კავშირს, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.

იეჰოვა ღმერთმა დააფუძნა ქორწინება, როგორც ცოლსა და ქმარს შორის არსებული წმინდა კავშირი. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ქორწინებაზე მის თვალსაზრისს ვიზიარებთ?

სიყვარული და პატივისცემა

ქორწინების დასაფასებლად საჭიროა, რომ წყვილი ურთიერთპატივისცემას ავლენდეს (რომაელთა 12:10). მოციქულმა პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა: «ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი საკუთარი თავივით. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა [„დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“, აქ]» (ეფესელთა 5:33).

დროდადრო მეუღლეთაგან ერთ-ერთი შეიძლება დიდი სიყვარულითა და პატივისცემით არ მოეპყროს მეორეს, მაგრამ ქრისტიანს მაინც მართებს ასეთი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა. პავლე წერდა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც“ (კოლასელთა 3:13).

დრო და ყურადღება

მეუღლეები, რომლებიც თავიანთ კავშირს წმინდად მიიჩნევენ, დროს გამოყოფენ ერთმანეთის ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამაში ინტიმური ურთიერთობაც შედის. ბიბლიაში ნათქვამია: „ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს“ (1 კორინთელთა 7:3).

ზოგი დაქორწინებული წყვილი თვლის, რომ საჭიროა, შემოსავლის გაზრდის მიზნით ქმარი დროებით სხვაგან გაემგზავროს. ხანდახან დაშორება უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ. ხშირად ასეთი დაშორებისას ქორწინებაში სირთულეები წამოიჭრება, ზოგჯერ კი ის მრუშობითა და გაყრით მთავრდება (1 კორინთელთა 7:2, 5). ამიტომ, ბევრ ქრისტიან წყვილს ურჩევნია, უარი თქვან მატერიალურ კეთილდღეობაზე, ვიდრე საფრთხის წინაშე დააყენონ ქორწინება, რომელსაც წმინდად მიიჩნევენ.

როდესაც პრობლემები წამოიჭრება

ქრისტიანები, რომლებიც აფასებენ თავიანთ ქორწინებას, სირთულეების წამოჭრისას ნაჩქარევად არ ეყრებიან ერთმანეთს და არც განცალკევებით ცხოვრების გადაწყვეტილებას იღებენ (მალაქია 2:16; 1 კორინთელთა 7:10, 11). იესომ თქვა: „ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს“ (მათე 5:32). წყვილი თუ ბიბლიური საფუძვლის გარეშე გადაწყვეტს გაყრას ან განცალკევებით ცხოვრებას, ეს შეურაცხყოფს ქორწინებას.

ქორწინებაზე ჩვენი თვალსაზრისი იმაშიც ვლინდება, თუ როგორ რჩევებს ვაძლევთ მათ, რომლებსაც ქორწინებაში სერიოზული პრობლემები აქვთ. მაშინვე ხომ არ ვურჩევთ განცალკევებით ცხოვრებას ან გაყრას? ზოგჯერ შეიძლება საფუძვლიანი მიზეზიც კი არსებობდეს განცალკევებით ცხოვრებისთვის, მაგალითად, როცა ერთ-ერთი უკიდურეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეორეს ან ქმარი შეგნებულად არ არჩენს ოჯახს *. გარდა ამისა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბიბლია გაყრის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთს მრუშობაში ედება ბრალი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქრისტიანებმა სხვის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინონ. ბოლოს და ბოლოს, ამ გადაწყვეტილების შედეგი გავლენას მოახდენს იმ ადამიანის ცხოვრებაზე, ვისაც პრობლემები აქვს ქორწინებაში და არა იმისაზე, ვინც რჩევას იძლევა (გალატელთა 6:5, 7).

მოერიდეთ ზედაპირულ დამოკიდებულებას

ზოგან ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრების კანონიერი უფლების მისაღებად ადამიანები იმ ქვეყნის მოქალაქეზე ქორწინდებიან. ძირითადად, ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეს ამის სანაცვლოდ თანხის მიცემაზე უთანხმდებიან. ქორწინების მიუხედავად, ასეთი წყვილები ხშირად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ისინი შესაძლოა მეგობრულ ურთიერთობასაც არ ინარჩუნებენ და სასურველი მოქალაქეობის მიღებისთანავე ეყრებიან ერთმანეთს. ასეთი წყვილები თავიანთ ქორწინებას ისე უყურებენ, როგორც მხოლოდ საქმიან შეთანხმებას.

ბიბლია არ იწონებს ასეთ ზედაპირულ დამოკიდებულებას. მოტივების მიუხედავად, ადამიანები, რომლებიც ქორწინდებიან, შედიან წმინდა კავშირში, რომელსაც ღმერთი მუდმივად მიიჩნევს. ამ კავშირით შეერთებულნი უკვე ცოლ-ქმარი არიან და, ბიბლიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ უსაფუძვლოდ გაყრა და სხვაზე დაქორწინება (მათე 19:5, 6, 9).

მსგავსად იმისა, რასაც მთელი ძალ-ღონის მოხმარება სჭირდება, წარმატებული ქორწინებაც ძალისხმევასა და შეუპოვრობას მოითხოვს. ისინი, რომლებიც არ აფასებენ ქორწინების სიწმინდეს, იოლად ანგრევენ ოჯახებს, ან შეიძლება ეგუებიან იმ აზრს, რომ ქორწინებაში არ გაუმართლათ. სხვა მხრივ, იმ წყვილებს, რომლებიც ქორწინებას წმინდად მიიჩნევენ, კარგად ესმით, რომ ღმერთი მათგან ერთად დარჩენას მოელის (დაბადება 2:24). მათ ისიც იციან, რომ, თუ ორივენი მთელ ძალ-ღონეს მოახმარენ ქორწინებაში ურთიერთობების გაუმჯობესებას, ამით პატივს მიაგებენ მის დამფუძნებელს (1 კორინთელთა 10:31). ეს თვალსაზრისი აღძრავს მათ, რომ ყველაფერი გააკეთონ ბედნიერი ქორწინებისთვის.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 იხილეთ 1989 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14, 15 (რუს.); 2002 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 10.