რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ბაქტერიები წყლის ბოთლებში
კალგარის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „წყლის ბოთლებში აღმოჩენილი ბაქტერიების რაოდენობა საგანგაშოა, რადგან მეორადი გამოყენების დროს ბოთლები სათანადოდ არ ირეცხება“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (Better Homes & Gardens). დაწყებითი სკოლის ბავშვების მიერ გამოყენებული წყლის ბოთლების 13 პროცენტში აღმოჩენილი იყო ბაქტერიების ჭარბი რაოდენობა. მათ შორის იყო ფეკალური ბაქტერიები — ალბათ, იმიტომ რომ მოსწავლეებს ხელების დაბანა არ უყვართ. ერთი მკვლევარი გვირჩევს, რომ წყლის ბოთლები რეგულარულად გავრეცხოთ ცხელი წყლითა და საპნით და გამოყენებამდე კარგად გავაშროთ.
მუსიკის გაკვეთილები და მეხსიერება
ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „იმ ბავშვებს, რომლებიც მუსიკას სწავლობენ, გაცილებით უკეთესი მეხსიერება და მდიდარი სიტყვათა მარაგი აქვთ, ვიდრე სხვა ბავშვებს“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“. ჩინეთის ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დოქტორი აგნესა ჩანი კი ამბობს, რომ მუსიკის შესწავლა ააქტიურებს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას და ტვინი უკეთესად ართმევს თავს სხვა დავალებებს, მაგალითად, როგორიცაა სიტყვების დამახსოვრება. 6—15 წლამდე ასაკის 90 მოსწავლეს ჩაუტარდა მეტყველებითი და მხედველობითი მეხსიერების ტესტები. მათ, რომლებიც მუსიკას სწავლობდნენ, გაცილებით მეტი სიტყვები დაიმახსოვრეს, ვიდრე სხვებმა. რაც უფრო დიდხანს მეცადინეობდნენ ბავშვები მუსიკაში, მით უკეთესად იმახსოვრებდნენ სიტყვებს. „ეს ტვინის ვარჯიშის მსგავსია“, — თქვა დ-მა ჩანმა. ის ფიქრობს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც მუსიკაში მეცადინეობენ, „სკოლაშიც გაუადვილდებათ სწავლა“.
რამდენი ვარსკვლავია ცაზე?
„ასტრონომების გამოთვლით, არსებობს 70 ათასი მილიონი მილიონი მილიონი ვარსკვლავი (შვიდი ოცდაორი ნულით), რომელთა დანახვაც დედამიწიდან შეიძლება“ ტელესკოპით, — ნათქვამია ლონდონის გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. ამერიკის, ავსტრალიისა და შოტლანდიის ასტრონომებმა „აღრიცხეს დედამიწასთან ახლომდებარე ყველა გალაქტიკის ვარსკვლავი, რომლებიც სამყაროს მცირე ნაწილს შეადგენს“ და გამოთვალეს, რამდენი ვარსკვლავი იყო თითოეულ გალაქტიკაში. ამის მიხედვით ივარაუდეს მათი საერთო რაოდენობა ცაზე. „ეს ვარსკვლავთა სრული რიცხვი არ არის. ტელესკოპით მხოლოდ ამდენის დანახვა შევძელით, — თქვა ავსტრალიელმა დ-მა სიმონ დრივერმა, რომელიც ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. — პროფესიონალი ასტრონომებიც კი, რომლებიც შეეჩვივნენ გიგანტურ ციფრებს, ძნელად თუ წარმოიდგენდნენ, რომ ცაზე ამდენი ვარსკვლავია“. დედამიწის ყველაზე ბნელი ადგილებიდან შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ რამდენიმე ათასი ვარსკვლავის დანახვა შეიძლება, დიდი განათებული ქალაქებიდან კი — მხოლოდ 100-ის.
ცუდად დაბერილი ბორბლები
„ავტოავარიების ყოველი მე-17 შემთხვევა, რომელიც სიკვდილით მთავრდება, გამოწვეულია იმით, რომ მანქანის ბორბლები კარგად არ არის დაბერილი“, — ნათქვამია ერთ ფრანგულ ჟურნალში (Valeurs actuelles). ავტონაწილების კომპანია „მიშელინის“ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „2002 წლის განმავლობაში სამიდან ორ მანქანას, სულ ცოტა ერთი ბორბალი მაინც არ ჰქონდა კარგად დაბერილი“. „მიშელინის“ ერთ-ერთი დირექტორის, პიერ მენენდესის, განცხადებით, „მძღოლები შეცდომით ფიქრობენ, რომ უფრო უსაფრთხოა, თუ ბორბალში დაბალი წნევაა, რადგან, მათი აზრით, მაღალი წნევის გამო ბორბალი შეიძლება გასკდეს. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა“. როცა ბორბლები კარგად არ არის დაბერილი, მანქანა ცუდად ამუხრუჭებს, მოსახვევში გზასთან ჩაჭიდება მცირდება და „საჭის მოულოდნელი დატრიალების შემდეგ მძღოლმა შეიძლება მანქანა ვეღარ დაიმორჩილოს“. უფრო მეტიც, ცუდად დაბერილი ბორბალი ფორმას კარგავს. ეს კი იწვევს შემადგენელი ნაწილების გაცხელებას, რის გამოც ბორბალი შეიძლება უეცრად მწყობრიდან გამოვიდეს.