არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა თქვენი ბავშვი შეუწყვეტლივ ტირის

როცა თქვენი ბავშვი შეუწყვეტლივ ტირის

როცა თქვენი ბავშვი შეუწყვეტლივ ტირის

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კანადიდან

ექიმმა ზუსტად ის დაადასტურა, რასაც დედა ეჭვობდა. მის ბავშვს კოლიკას (მუცლის ტკივილი) გავრცელებული ფორმა ჰქონდა. კანადაში გამომავალი გაზეთის „გლოუბ ენდ მეილის“ თანახმად, ეს სინდრომი „ყოველ მეოთხე ბავშვში“ აღინიშნება. კოლიკის ერთ-ერთი სიმპტომი ისაა, რომ ბავშვი, კვირაში სამი ან მეტი დღე, რამდენიმე საათი ტირის. როგორ უნდა მოიქცეს აფორიაქებული მშობელი? პედიატრების აზრით, ბევრ შემთხვევაში როგორც მშობლებმა, ასევე ბავშვებმა უნდა მოითმინონ. მაგრამ რამდენ ხანს?

კანადაში ახლახან ჩატარებულმა დედების გამოკითხვამ, რომელთა ბავშვებსაც კოლიკა აქვთ, აჩვენა, რომ ამ სინდრომის 85 პროცენტზე მეტ შემთხვევაში ტკივილები მაშინ იკლებს, როცა ბავშვი სამი თვის ხდება. აღმოსავლეთ ონტარიოს კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა საავადმყოფოს ეპიდემიოლოგიის განყოფილების დირექტორის, ტამი კლიფორდის, მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აგრეთვე ცხადყო, რომ ბავშვების ასეთი მდგომარეობა, დედების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას არ ახდენს. „მშობიარობიდან ექვსი თვის შემდეგ, ისინი არაფრით არ განსხვავდებიან იმ დედებისგან, რომელთა შვილებსაც არა აქვთ კოლიკა — ამბობს დოქტორი კლიფორდი. — დედა თითქმის სრულიად ივიწყებს ყველაფერს, როცა ბავშვი ტირილს წყვეტს“.

როგორც „გლოუბ ენდ მეილი“ აღნიშნავს, ახალი გამოკვლევა, რომლის შედეგებიც გამოაქვეყნეს ტამი კლიფორდმა და მისმა კოლეგებმა, „მნიშვნელოვან ახალ ინფორმაციას გვაძლევს კოლიკის შესახებ. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა დაავადებულთა 3 ჯგუფი. პირველი ჯგუფის ბავშვებს კოლიკის სინდრომი პერიოდულად აქვთ დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში. მეორე ჯგუფში შედიან ისეთი ბავშვები, რომელთაც ეს სინდრომი ინტენსიურად უგრძელდებათ რამდენიმე თვის განმავლობაში. მესამე ჯგუფის მცირე რაოდენობის ბავშვებს კი შედარებით გვიან, დაბადებიდან რამდენიმე თვეში ეწყებათ კოლიკა“. ამჟამად ტარდება გამოკვლევა ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ კოლიკა ზრდის პერიოდში. ამ დროს, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მესამე ჯგუფის ბავშვები.

ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ ხანგრძლივმა ტირილმა შეიძლება ე. წ. „შერყევის სინდრომი“ გამოიწვიოს. „გლოუბ ენდ მეილში“ ნათქვამია, რომ „თავად ტირილს ბავშვისთვის ზიანი არ მოაქვს, მაგრამ ამ დროს თუ ძლიერ აკანკალებს, მცირე ხნითაც კი, ამან შეიძლება სერიოზული ნევროლოგიური დარღვევა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს“.

გარკვეულწილად, ბავშვის ტირილს დადებითი მხარეებიც აქვს, მაშინაც კი, თუ ის შეუჩერებლივ ტირის. როგორც ზემოაღნიშნულ გაზეთშია ნათქვამი, „გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც დიდხანს ტირიან, უფრო მეტ ყურადღებას იღებენ მისგან, ვინც მათზე ზრუნავს. მათ უფრო ხშირად ეხებიან, უღიმიან, ესაუბრებიან და გულში იხუტებენ“.