არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალი სახე მაილინისთვის

ახალი სახე მაილინისთვის

ახალი სახე მაილინისთვის

მოგვითხრო მაილინის დედამ

რატომ დასჭირდა მაილინს, ჩემს საყვარელ 11 წლის გოგონას, ახალი სახე? ნება მომეცით, აგიხსნათ.

მაილინი ჩემი მეორე ქალიშვილია. ის 1992 წლის 5 აგვისტოს დაიბადა ქალაქ ოლგინში (კუბა). მამამისი, მისი დაიკო და მე ძალიან გაგვახარა მისმა დაბადებამ. მაგრამ ჩვენი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მშობიარობიდან რამდენიმე დღეში ჩუტყვავილა შემხვდა, ერთ თვეში კი ის მაილინსაც გადაედო.

თავიდან მისი მდგომარეობა ერთი შეხედვით საგანგაშო არ იყო, მაგრამ თანდათან გაუარესდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში დაწვენა. მაილინს მედპერსონალი ყურადღებას არ აკლებდა, მაგრამ იმუნური სისტემა იმდენად დასუსტებული ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა. მისი პატარა ცხვირის ერთ მხარეს უჩვეულო სიწითლე შევნიშნე. ექიმებმა დაადგინეს, რომ სიწითლე იშვიათი და, ამასთანავე, ძალიან აგრესიული ბაქტერიით იყო გამოწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ მაილინს დაუყოვნებლივ დაუნიშნეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რამდენიმე დღეში ბაქტერიამ მისი სახის დამახინჯება დაიწყო. იმ დროისთვის, როცა ექიმებმა ინფექციის შეჩერება შეძლეს, მაილინს თითქმის აღარ ჰქონდა ცხვირი, ტუჩები და ღრძილებისა და ნიკაპის ნაწილი. აგრეთვე ერთ თვალთან მას რამდენიმე ნახვრეტი გაუჩნდა.

როდესაც მე და ჩემმა ქმარმა ვნახეთ ბავშვი, მწარედ ავტირდით. როგორ უნდა დამართოდა ასეთი რამ ჩვენს პატარას? რამდენიმე დღის განმავლობაში მაილინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. ჩემი ქმარი მეუბნებოდა: „ყველაფრისთვის მზად იყავი“. მაგრამ, როცა ხელი შევყავი ინკუბატორში და მაილინის პატარა ხელს შევეხე, ისე მომეჭიდა, რომ ვიგრძენი — ის იცოცხლებდა. მეუღლეს ვუთხარი: „ჩვენი გოგონა არ მოკვდება. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რა ცხოვრება ექნება?“ ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძებდით, რომ ეს მხოლოდ ღამის კოშმარი იყო.

საავადმყოფოში ყოფნის დროს, ჩვენი უფროსი ქალიშვილი მაიდელისი, რომელიც მაშინ ექვსი წლის იყო, ჩემს მშობლებთან იმყოფებოდა. ის მოუთმენლად ელოდა პატარა დაიკოს სახლში დაბრუნებას. მას მაილინი ახსოვდა, როგორც ლამაზი ცისფერთვალება „თოჯინა“. მაგრამ, როცა მაიდელისმა ბავშვი ნახა, მაილინი შემზარავი სანახავი იყო.

„რატომ უნდა იტანჯებოდეს ჩემი შვილი ასე ძალიან?“

თვენახევრის შემდეგ მაილინი საავადმყოფოდან გამოწერეს. სახლში ვერ დავბრუნდით, რადგან არ გვინდოდა, ის ვინმეს ენახა. გადავსახლდით ქალაქგარეთ, ჩემი მშობლების მეურნეობასთან ახლოს, სადაც განმარტოებით ცხოვრებას შევძლებდით.

თავიდან მაილინს ძუძუდან რძეს ვაწვეთებდი იმ პატარა ნახვრეტში, სადაც ადრე პირი ჰქონდა. ძუძუს წოვა მას საერთოდ არ შეეძლო. მაგრამ, როცა მისმა სახემ მოშუშება დაიწყო, ეს ნახვრეტიც თითქმის ჩაიკეტა. მხოლოდ თხევადი საკვების მიცემაღა შემეძლო ბოთლით. მაილინი ერთი წლის იყო, როცა ოლგინში დავბრუნდით, სადაც ექიმებმა ოთხი ოპერაცია გაუკეთეს ამ პატარა ხვრელის გასაფართოებლად.

ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „რატომ უნდა იტანჯებოდეს ჩემი შვილი ასე ძალიან?“ პასუხს სპირიტულ ცენტრებში ვეძებდი და რელიგიური გამოსახულებების წინაშე ვლოცულობდი. მაგრამ შვება ვერსად ვიპოვე. ზოგიერთი ნათესავისა და მეგობრის მწარე სიტყვები უფრო მიკლავდა გულს. ისინი მეუბნებოდნენ: „ღმერთმა იცის, თუ რატომ უშვებს ამას“, „ეს ნამდვილად ღვთის სასჯელია“. იმაზეც ბევრს ვნერვიულობდი, რას ვეტყოდი მაილინს, როცა გაიზრდებოდა. ერთხელ, პატარა მაილინმა ჰკითხა მამამისს: „რატომ არა მაქვს ცხვირი სხვებივით?“ ჩემმა მეუღლემ ვერაფერი უპასუხა, გარეთ გავარდა და ატირდა. მე შევეცადე, ამეხსნა მისთვის, რა გადახდა წარსულში. მას ახლაც ახსოვს ჩემი სიტყვები, რომ პატარა ჭიამ შეუჭამა ცხვირ-პირი.

იმედის საფუძველი

სწორედ იმ დროს, როცა უკიდურესად გულგატეხილი ვიყავი, გამახსენდა, რომ ჩემს მეზობლად იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა. ვთხოვე მას, ბიბლიიდან ეჩვენებინა, რატომ დაუშვა ღმერთმა ჩემი გოგონას ასეთი ტანჯვა. ასევე ვკითხე: „თუ ეს დაავადება ნამდვილად ღვთისგან მოვლენილი სასჯელია, ჩემი დანაშაულის გამო მაილინი რატომ უნდა იტანჯებოდეს?“

მეზობელმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო ჩემთან წიგნით „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ *. თანდათანობით გავიგე, რომ ღმერთი დამნაშავე არ არის იმაში, რაც მაილინს დაემართა და, რომ ის ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე (იაკობი 1:13; 1 პეტრე 5:7). დავაფასე საოცარი იმედი იმის შესახებ, რომ იესო ქრისტეს მმართველობით ზეციერი სამეფო ტანჯვა-წამებას აღმოფხვრის (მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:3, 4). ამ ცოდნამ ძალები შემმატა და აღმძრა, იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ შეხვედრებს დავსწრებოდი. თავიდან ჩემს ქმარს არ მოსწონდა, რომ ახალმა რელიგიამ გამიტაცა. მაგრამ არც ხელს მიშლიდა ბიბლიის შესწავლაში, რადგან ხედავდა, ეს ტრაგედიასთან გამკლავებაში მეხმარებოდა.

დახმარება უცხოეთიდან

მაილინი ორი წლის იყო, როდესაც ცნობილმა მექსიკელმა ქირურგმა, რომელიც პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებდა, მისი ამბავი შეიტყო და სრულიად უსასყიდლოდ შემოგვთავაზა დახმარება. მაილინს პირველი ოპერაციები 1994 წელს გაუკეთდა. ჩემს გოგონასთან ერთად ერთი წელი დავრჩი მექსიკაში. თავიდან იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ამიტომ ქრისტიანულ შეხვედრებსაც ვერ ვესწრებოდით. ამან სულიერად დამასუსტა. შემდეგ ერთმა ადგილობრივმა მოწმემ მოგვაკითხა და შეძლებისდაგვარად განვაახლეთ თანამორწმუნეებთან ურთიერთობა. კუბაში დაბრუნების შემდეგ გავაგრძელე ბიბლიის შესწავლა და სულიერად გამოვჯანსაღდი.

იმ დროს ჩემს ქმარს ჯერ კიდევ არ აინტერესებდა ბიბლია. მასში ინტერესის აღსაძვრელად, ვთხოვდი ხოლმე, ჩემთვის ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან გარკვეული მონაკვეთები წაეკითხა, რათა უკეთ ჩავწვდომოდი მათ. ბოლოს და ბოლოს ისიც აღიძრა, ბიბლიის შესწავლა დაეწყო, რადგან აწუხებდა, რომ ხშირ და ხანგრძლივ მოგზაურობას ჩვენი ოჯახური ურთიერთობები არ გაეფუჭებინა. ის ფიქრობდა, რომ სულიერი ერთობა უკეთ აგვატანინებდა განშორების პერიოდებს. ეს ასეც იყო. ჩემი მეუღლე, უფროსი ქალიშვილი და მე 1997 წელს მოვინათლეთ და იეჰოვას მოწმეები გავხდით.

პირველ ხანებში, როცა მექსიკაში ჩავდიოდით, მაილინი სულ იმას მეუბნებოდა, პატარა ჭიას რომ არ შეეჭამა ჩემი სახე, მამიკოსთან და დაიკოსთან განშორება არ მოგვიწევდაო. ძალიან მტკივნეული იყო ოჯახთან დიდი ხნით განშორება. თუმცა მახსენდება ერთი განსაკუთრებული ვიზიტი მექსიკაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, რომელსაც ბეთელი ეწოდება. ამან ძალიან გაგვამხნევა. მაილინს ნათქვამი ჰქონდა, რომ აღარ უნდოდა ახალი ოპერაციის გაკეთება (ამ ვიზიტის დროს ეს ოპერაცია მეხუთე უნდა ყოფილიყო), რადგან მკურნალობის პროცესი ძალიან მტკივნეული იყო. მაგრამ ფილიალში მომსახურე ზოგიერთი მოწმე დაჰპირდა, რომ, თუ იყოჩაღებდა და ექიმებს ოპერაციას გააკეთებინებდა, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ზეიმს მოუწყობდნენ. მაილინი დათანხმდა ოპერაციაზე.

მოდი ახლა მაილინს მოვუსმინოთ, რას განიცდიდა იმ დროს: „გული ამიფანცქალდა, როცა გავიგე, რომ ბეთელში ზეიმს მომიწყობდნენ. ამიტომ ოპერაციის განმავლობაში თავი გაბედულად მეჭირა. არაჩვეულებრივი ზეიმი მომიწყვეს. იქ ძალიან ბევრი სულიერი და-ძმა გავიცანი, რომლებმაც უამრავი ბარათი მაჩუქეს. მათ დღესაც ვინახავ. მათგან მიღებულმა გამხნევებამ ძალები შემმატა, რომ მომდევნო ოპერაციებისთვისაც გამეძლო“.

მდგომარეობის გაუმჯობესება და ტკივილის ატანაში დახმარება

მაილინი ახლა 11 წლისაა და სახის აღსადგენად უკვე ოცი ოპერაცია აქვს გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციებმა მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესა, პირს ბოლომდე მაინც ვერ ხსნის. მაგრამ ყოველთვის მხნედ არის და დადებით განწყობილებას ინარჩუნებს. ის ძალიან აფასებს სულიერს. ექვსი წლიდან ჩაწერილია ჩვენი კრების თეოკრატიული მსახურების სკოლაში. მაილინი 2003 წლის 27 აპრილს მოინათლა. დღეისათვის ბიბლიის სამ შესწავლას ატარებს. ერთხელ, მექსიკაში ყოფნისას ის დაელაპარაკა ერთ მამაკაცს, რომელიც ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. მაილინმა ის უფლის საღამოზე და კრების სხვა შეხვედრებზეც დაპატიჟა. ეს მამაკაცი დიდი ინტერესით ესწრება ამ შეხვედრებს.

როდესაც მაილინი კარდაკარ ქადაგებს, ზოგი ეკითხება, სახე ხომ არ დაეწვა. მაილინი სარგებლობს ასეთი შემთხვევებით და ესაუბრება მათ ბიბლიაზე დაფუძნებული თავისი იმედის შესახებ, რომ მალე სამოთხეში იეჰოვა მას ახალ სახეს მისცემს (ლუკა 23:43).

ენით ვერ აღწერ იმ ტკივილს, რაც მაილინმა გადაიტანა ოპერაციების დროს, ან რას განიცდის, როცა სხვა ბავშვები დასცინიან. რა ეხმარება მას ამის ატანაში? მაილინი დამაჯერებლად გვპასუხობს: „იეჰოვა ნამდვილად რეალური პიროვნებაა ჩემთვის. ის ძალასა და გაბედულებას მაძლევს ამ ყველაფრის ასატანად. ოპერაციების გაკეთება აღარ მინდა, რადგან ექიმები ახლა დიდად მაინც ვერ დამეხმარებიან. ისინი ვერასდროს შეძლებენ ისეთი გამხადონ, როგორიც დაბადებისას ვიყავი. მაგრამ მე ვიცი, რომ ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა ახალ სახეს მომცემს და ისევ ლამაზი ვიქნები“.

[სქოლიო]

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 13 გვერდზე]

„ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა ახალ სახეს მომცემს“.

[ჩანართი 14 გვერდზე]

თანდათანობით გავიგე, რომ ღმერთი დამნაშავე არ არის.