მარკო პოლო აბრეშუმის გზით ჩინეთისაკენ
მარკო პოლო აბრეშუმის გზით ჩინეთისაკენ
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან
ვენეციის ნავმისადგომში სამი მამაკაცი დაეშვა გალერის გემბანიდან. არავინ გაქცეულა მათ შესახვედრად. მათი უცნაური გარეგნობა რომ არა, უცხო ქვეყნებში 24-წლიანი მოგზაურობიდან დაბრუნებულ მამაკაცებს ვერავინ შეამჩნევდა. ერთ დროს მშვენიერ, მაგრამ უკვე გაცვეთილ აბრეშუმის სამოსში მონღოლურად გამოწყობილი მამაკაცები „ყოველმხრივ — მანერებითა თუ თავისებური აქცენტით — საოცრად წააგავდნენ თათრებს. მათ თითქმის დავიწყებული ჰქონდათ მშობლიური ვენეციური დიალექტი“, — ნათქვამია ერთ წყაროში. ეს სამი მოგზაური გახლდათ მარკო პოლო, მამამისი და ბიძამისი. იდგა 1295 წელი.
მარკო პოლოს მიერ შორეულ ჩინეთში მოგზაურობის შესახებ მოთხრობილი ამბები მის თანამედროვეებს დაუჯერებლად მიაჩნდათ. „მარკო პოლოს წიგნის“ სახელით ცნობილ მემუარებში ის მოგვითხრობს უცნობი ცივილიზაციების დიდძალ სიმდიდრესა და ქონებაზე, რომლის მოსაპოვებლად დასავლეთელი ვაჭრები ძალას არ იშურებდნენ. მისმა წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი ხალხის შეხედულებებზე. მარკო პოლოს დაბრუნებიდან 25 წელიწადში მისი მემუარების ხელნაწერები უკვე გავრცელებული იყო ლათინურ, ძველ ფრანგულ და, შესაძლოა, ძველ ზემოგერმანულ ენებსა და გალურ-იტალიურ, ტოსკანურ და ვენეციურ დიალექტებზე, რაც შუა საუკუნეებისთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ორი საუკუნის განმავლობაში მის წიგნს ხელით იწერდნენ. 1477 წლიდან ის უფრო და უფრო მეტ ენაზე ხდებოდა ხელმისაწვდომი. მარკო პოლო, ალბათ, ყველაზე ცნობილია იმ ევროპელთაგან, რომლებიც აბრეშუმის დიდი გზით გაემგზავრნენ ჩინეთში. რატომ წამოიწყო მან ეს მოგზაურობა? ყველაფერი დასაჯერებელია მისი მონათხრობიდან იმის შესახებ, რაც ნახა და გააკეთა?
ვენეციელი ვაჭრები
XIII საუკუნეში ბევრი ვენეციელი ვაჭარი დასახლდა კონსტანტინოპოლში (ახლანდელი სტამბოლი), სადაც ძალიან გამდიდრდნენ. მათ შორის იყვნენ ნიკოლო და მათეო პოლოები — მარკოს მამა და ბიძა. დაახლოებით 1260 წელს მათ მთელი თავიანთი ქონება ადგილზევე გაყიდეს, სახსრები ძვირფასეულობაში დააბანდეს და გაემართნენ მონღოლეთის იმპერიის დასავლეთი საყაენოს დედაქალაქ სარაისკენ, რომელიც მდინარე ვოლგას სანაპიროზე მდებარეობდა. ვაჭრობის მიზნით წამოწყებული მათი მოგზაურობა წარმატებით დაგვირგვინდა, რის შედეგადაც თავიანთი ქონება გააორმაგეს. ომმა ხელი შეუშალათ, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ, რის გამოც აღმოსავლეთისკენ იბრუნეს პირი. მათ დიდი კომერციული ქალაქის, ბუხარისკენ (უზბეკეთი), აიღეს გეზი და, როგორც ჩანს, ცხენზე ამხედრებულები გაემგზავრნენ ამ მიმართულებით.
არეულობის გამო მათ სამი წლით მოუწიათ ბუხარაში დარჩენა. სამი წლის დამლევს ქალაქში გაიარა რამდენიმე დესპანმა. ისინი
მონღოლთა დიდი ყაენის, ყუბილაის, სამსახურში იყვნენ, რომლის სამფლობელოც გადაჭიმული იყო კორეიდან პოლონეთამდე. მათ ნიკოლოს და მათეოს შესთავაზეს, თან გაჰყოლოდნენ, რადგან, როგორც მარკო პოლო მოგვითხრობს, დიდ ყაენს არასოდეს უხილავს სამხრეთში მცხოვრები ევროპელები და დიდი სიამოვნებით გაესაუბრებოდა მათ. ერთი წლის მოგზაურობის შემდეგ, პოლოები წარდგნენ მონღოლეთის იმპერიის ფუძემდებლის, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, ყუბილაი-ყაენის სამეფო კარზე.დიდმა ყაენმა გულითადად მიიღო ძმები პოლოები და დასავლეთის შესახებ ბევრი კითხვა დაუსვა. ძმები რომ ევროპაში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ, მან ოქროს ფილა უბოძა მათ. ასევე, ყაენმა ძმებს გაატანა წერილი რომის პაპთან, სადაც სთხოვდა, გამოეგზავნა „ქრისტეს რჯულში განსწავლული და ხელოვნების შვიდი დარგის მცოდნე დაახლოებით ასი ბრძენი მამაკაცი, რათა [ყუბილაის] ხალხისთვის ექადაგათ“.
ამასობაში მარკო პოლო უკვე მოევლინა ქვეყანას. მამა პირველად მან 15 წლის ასაკში ნახა. ეს მოხდა 1269 წელს. როდესაც ნიკოლომ და მათეომ ფეხი დადგეს „ქრისტიანულ“ მიწაზე, შეიტყვეს, რომ პაპი კლემენტ IV მომკვდარა. ისინი მისი მემკვიდრის გამოჩენას უცდიდნენ, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არავინ აურჩევიათ პაპის ტახტზე, რაც ისტორიას არ ახსოვდა. ორი წლის შემდეგ, 1271 წელს, მათ დიდ ყაენთან დაბრუნება გადაწყვიტეს და თან 17 წლის მარკოც გაიყოლეს.
მარკო პოლოს მოგზაურობა
აკრაში (პალესტინა) ცნობილმა საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწემ, ტეობალდო ვისკონტიმ, ძმებს გაატანა წერილები დიდ ყაენთან, სადაც უხსნიდა, თუ რატომ ვერ შეძლეს პოლოებმა მისი თხოვნის შესრულება და ასი განსწავლული მამაკაცის წარგზავნა. მცირე აზიაში ჩასვლისას ძმებმა შეიტყვეს, რომ პაპის თანამდებობაზე თავად ვისკონტი აურჩევიათ, ამიტომ ისინი ისევ აკრაში დაბრუნდნენ. ასი ბრძენკაცის ნაცვლად, ახალმა პაპმა, გრიგოლ X-ემ, ყაენთან მხოლოდ ორი ბერი გაგზავნა, რომლებსაც თან რწმუნების სიგელი გაატანა, მღვდლებისა და ეპისკოპოსების დანიშვნის უფლებით აღჭურვა და საჩუქრებით ხელდამშვენებული გაუშვა. ჯგუფი კვლავ გზას გაუდგა, მაგრამ ომების გამო, რომლებმაც ის რეგიონები ააოხრა, ორივე ბერი მალევე უკან დაბრუნდა. პოლოებმა კი გზა განაგრძეს.
ამ სამმა კაცმა გზად განვლო ტერიტორიები, რომლებიც ახლა თურქეთისა და ირანის სახელითაა ცნობილი, და სპარსეთის ყურისკენ დაეშვა, რათა მოგზაურობა ზღვით გაეგრძელებინათ. მაგრამ გემების დათვალიერებისას ჩათვალეს, რომ ნაოსნობისთვის ისინი გამოუსადეგარი, „უვარგისი [იყო] . . . რადგან მხოლოდ ბაწრებით იყო დამაგრებული“. ამიტომ მათ სახმელეთო გზა არჩიეს და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იბრუნეს პირი. გზად მათ გადაკვეთეს უშველებელი ყამირი მიწები, შთამბეჭდავი მთაგრეხილები,
მწვანე პლატოები და ავღანეთისა და პამირის მდიდარი საძოვრები, და მიადგნენ კაშგარს (ამჟამად სინძიანის უიღურთა ავტონომიური რაიონი ჩინეთში). შემდეგ, უძველეს ქარავანთა მარშრუტის გამეორებით, მდინარე ტარიმის აუზის სამხრეთით იმოგზაურეს და გობის უდაბნოს გავლით მიაღწიეს ხანბალიკს (ამჟამინდელი პეკინი). მთელი ამ გზის მანძილზე, რომელიც ვენეციელებმა სამწელიწად-ნახევარში განვლეს, ხშირად მათ ავდარში უწევდათ მოგზაურობა; მარკომაც რაღაც დაუდგენელი დაავადება გადაიტანა.მარკო პოლო მოგვითხრობს იმ საოცრებებზე, რასაც გზად ხვდებოდნენ — სომხეთის მთაზე, რომელზეც, როგორც ამბობდნენ, ნოეს კიდობანი უნდა გაჩერებულიყო; მოგვების სავარაუდო
სამარხებზე სპარსეთში; მკაცრი ყინვებისა და მარადი სიბნელის ქვეყნებზე შორეულ აღმოსავლეთში. მარკო პოლო პირველი იყო, რომელმაც დასავლურ ლიტერატურაში მოიხსენია ნავთობი. ის ამბობს, რომ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, „სალამანდრა“ სულაც არ იყო ცეცხლგამძლე ცხოველის ბეწვი; ეს იყო მინერალი — აზბესტი, რომელიც სინძიანის უიღურთა რეგიონში მოიპოვებოდა. საწვავი შავი ქვა — ქვანახშირი — იმდენად დიდი რაოდენობითაა ჩინეთში, რომ ცხელი აბაზანების მიღება ყოველდღე შეიძლება. სადაც უნდა წავიდეს, ის ყურადღებას აქცევს ჩაცმულობას, საჭმელსა და სასმელს. ის განსაკუთრებულად მოიხსენიებს მონღოლების საყვარელ სასმელს — ფაშატის დადუღებული რძისგან დამზადებულ კუმისს. მარკო პოლოს ყურადღებიდან არ რჩება რელიგიური და სპირიტული რიტუალები, ვაჭრობა და გასაყიდად გამოტანილი საქონელი. მისთვის სრული სიახლეა ქაღალდის ფული, რომელიც დიდი ყაენის სამფლობელოში გამოიყენება.მარკო პოლო არასოდეს გვიმჟღავნებს თავის გრძნობებს, ის ყოველგვარი ემოციების გარეშე გვიყვება იმას, რასაც ხედავს და ისმენს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა უნდა ეგრძნო მას, როდესაც ერთი თავდასხმისას მძარცველებმა მისი თანამგზავრებიდან ზოგი დაატყვევეს, ზოგი კი მოკლეს.
ყუბილაი-ყაენის სამსახურში?
მარკო პოლო გვიყვება, რომ თვითონ, მამამისმა და ბიძამისმა 17 წელი გაატარეს დიდი ყაენის — ყუბილაის, სამსახურში. ამ პერიოდის განმავლობაში ყაენი ხშირად აგზავნიდა მარკოს იმპერიის შორეულ ადგილებში ცნობების შესაგროვებლად. მარკო პოლო იმ მხარის მმართველადაც კი იყო დანიშნული, რომელიც ამჟამად ძიანსუს პროვინციაში მდებარე ქალაქ იანჯოუს ტერიტორიას მოიცავს.
შეეფერება თუ არა ყველაფერი სინამდვილეს, რასაც მარკო პოლო მოგვითხრობს? ეს საკამათოა. მონღოლები არ ენდობოდნენ დაპყრობილ ჩინელებს, ამიტომაც თავიანთი იმპერიის მმართველებად უცხოელებს ნიშნავდნენ. მაგრამ საეჭვოა, რომ მარკო პოლო, გაუნათლებელი კაცი, მმართველი გამხდარიყო. შესაძლოა, მან თავისი წოდება გააზვიადა. მაგრამ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა მას „გარკვეული თანამდებობა“ ჰქონოდა.
მიუხედავად ამისა, მარკო პოლომ შეძლო დიდი ქალაქების აურაცხელი სიმდიდრის თვალწარმტაცი სურათის დახატვა და წარმართული და უცხო ჩვეულებების აღწერა, რაც მიეკუთვნებოდა მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელსაც დასავლეთი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ან მხოლოდ იგავ-არაკებითა და გადმოცემებით იცნობდა. რამდენად შესაძლებელი იყო ევროპაზე მდიდარი ხალხმრავალი ცივილიზაციების არსებობა? ერთი შეხედვით, ეს შეუძლებელი ჩანდა.
მარკო პოლოს თქმით, დიდი ყაენის სასახლე მსოფლიოში უდიდესი ნაგებობა იყო. „შენობა იმდენად დიდი, მდიდრული და ლამაზი იყო, რომ დედამიწაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ ააგებდა მასზე უკეთესს“. კედლები მოჭედილი იყო ოქრო-ვერცხლით და მოოქროვილი გველეშაპების, მხეცების, ფრინველების, რაინდებისა და კერპების გამოსახულებებით იყო დამშვენებული. მისი მაღალი სახურავი, რომელიც ალისფერ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებში იყო, ბროლივით ელვარებდა. მის საუცხოო პარკებში ყველანაირი ცხოველი ბინადრობდა.
შუა საუკუნეების ევროპის მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩებისგან განსხვავებით, ხანბალიკის ქუჩები იმდენად პირდაპირი და განიერი იყო, რომ ქალაქის ერთი კედლიდან მეორის დანახვა შეიძლებოდა. აქ „ბევრად უფრო ძვირფასი და იშვიათი საქონელი იყო შემოტანილი, თანაც იმაზე დიდი რაოდენობით . . . ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში, — ამბობს ვენეციელი.
— დღე ისე არ გავა, რომ ქალაქში მხოლოდ აბრეშუმით დატვირთული 1000 ურემი არ შევიდეს“.იმ ხომალდების რიცხვი, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გრძელ მდინარე იანძის კვეთდნენ, გამაოგნებელი იყო. სინჯუს ნავსადგურში, მარკო პოლოს აზრით, შეიძლებოდა 15 000 გემი დატეულიყო.
მონღოლური ადათ-წესებიდან მარკო პოლო მოიხსენიებს გარდაცვლილი ბავშვების დაქორწინების ჩვეულებას. თუკი ერთ ოჯახში სამ წელზე უფროსი ასაკის ვაჟი ჰყავდათ მკვდარი, ხოლო სხვა ოჯახში ამავე ასაკის გოგონა, მამებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ თავიანთი დაღუპული შვილების დაქორწინება. ამის შემდეგ ისინი საქორწინო ხელშეკრულებას დებდნენ და დიდ ნადიმს მართავდნენ. ნადიმის დროს ქაღალდისგან დამზადებული მონების, ფულისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოსახულებებს წვავდნენ, რადგან ღრმად სწამდათ, რომ საიქიოში „მეუღლეები“ ამ ყველაფერს მიიღებდნენ.
მარკო პოლოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მონღოლების სამხედრო მომზადებამ, მმართველობის მეთოდებმა და რელიგიურმა შემწყნარებლობამ. სოციალურ-ეკონომიკურ მიღწევებს შორის ის ასახელებს ღარიბებისა და ავადმყოფებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას; სახანძრო და წესრიგის დაცვის საგუშაგოებს; წყალდიდობით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად ბეღლების დაცვას; აგრეთვე საფოსტო სისტემას, რაც ხელს უწყობდა ინფორმაციის სწრაფ გადაცემას.
მარკო პოლომ იცოდა, რომ მონღოლეთმა რამდენჯერმე სცადა იაპონიის დაპყრობა, ამიტომ სიტყვაც არ დასცდენია იაპონიაში თავის მოგზაურობაზე. თუმცა, როგორც ამბობს, იქ იმდენად ბევრი ოქრო იყო, რომ იმპერატორის სასახლე მთლიანად ოქროთი იყო დაფარული. XVI საუკუნემდე მარკო პოლო ერთადერთი ევროპელი იყო, ვინც დასავლურ ლიტერატურაში იაპონია მოიხსენია.
მარკო პოლოს წიგნს საუკუნეების მანძილზე აღტაცებაც ხვდა წილად და დაცინვაც. დღეს, მეცნიერებმა ამ წიგნის ყველა უზუსტობის შეფასების შემდეგ დაასკვნეს, რომ მასში „შეუდარებლადაა აღწერილი“ ის პერიოდი, როცა ყუბილაის მმართველობამ მწვერვალს მიაღწია.
დაბრუნება ვენეციაში
პოლოებმა ჩინეთი დაახლოებით 1292 წელს დატოვეს. მარკო პოლო ამბობს, რომ მოგზაურობამ 21 თვე გასტანა. ისინი გავიდნენ ახლანდელი ციუანჯოუდან, ცოტა ხნით შეჩერდნენ ვიეტნამში და გეზი აიღეს მალაკის ნახევარკუნძულისკენ, გაიარეს კუნძული სუმატრა, შრი-ლანკა და შემდეგ, ინდოეთის სანაპიროს გავლით მიადგნენ სპარსეთს. თავიანთი მოგზაურობის დასასრულ ისინი კონსტანტინოპოლიდან ვენეციაში ჩავიდნენ. გასაკვირი არაა, რომ 24-წლიანი მოგზაურობის შემდეგ ისინი ძლივს იცნეს ნათესავებმა. იმ დროს მარკო პოლო 41 ან 42 წლის იყო.
რთული დასადგენია, თუ რამდენად შორს იყო მარკო პოლო წასული სამოგზაუროდ. ერთმა მწერალმა, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მარკო პოლოს მარშრუტის გამეორება სცადა, მხოლოდ ირანიდან ჩინეთამდე 10 000 კილომეტრი გაიარა. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებითაც კი გმირობა იყო ამ მარშრუტის გავლა, რადგან ის ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.
ამბობენ, რომ 1298 წელს, გენუის ციხეში მარკო პოლოს კარნახით მისი წიგნი ჩაწერა ვინმე რუსტიჩანომ. გადმოცემის თანახმად, მოქიშპე ვენეციელებსა და გენუელებს შორის მომხდარი ერთ-ერთი საზღვაო შეტაკების დროს მარკო პოლო, რომელიც ვენეციურ გალერას მეთაურობდა, ტყვედ ჩავარდა. მასთან ერთად საპყრობილეში მჯდომ რუსტიჩანოს პროზაული ნაწარმოებების ძველ ფრანგულ ენასა და გალურ-იტალიურ დიალექტზე წერის გამოცდილება ჰქონდა. მარკო პოლოს მეზობლობამ კი ის აღძრა, ხელში კალამი აეღო.
მარკო პოლო, როგორც ჩანს, 1299 წელს გაათავისუფლეს, როცა ვენეციასა და გენუას შორის ზავი დაიდო. ის ვენეციაში დაბრუნდა, დაქორწინდა და სამი ქალიშვილის მამა გახდა. მარკო პოლო გარდაიცვალა თავის მშობლიურ ქალაქში 1324 წელს. ის 69 წლის იყო.
ზოგს დღესაც ეჭვი შეაქვს მარკო პოლოს ნაამბობში თავისი თავგადასავლების შესახებ. ისინი კითხულობენ: მართლაც გადახდა თავს ყველაფერი, რასაც გვიამბობდა? თუ, უბრალოდ, სხვა მოგზაურებისგან მოსმენილი ამბები მოგვითხრო? მაგრამ, რის საფუძველზეც უნდა დაწერილიყო „მარკო პოლოს წიგნი“, მეცნიერები აღიარებენ, რომ ის ფასეულია. „არც მანამდე და არც მას შემდეგ, — ამბობს ერთი ისტორიკოსი, — არც ერთ ადამიანს არ გაუმდიდრებია დასავლეთი ასეთი უხვი გეოგრაფიული ინფორმაციით“. მარკო პოლოს წიგნი იმის უტყუარი მოწმობაა, თუ რა ძალიან იზიდავს ადამიანს მოგზაურობა, სიახლეები და შორეული ქვეყნები.
[რუკა 16, 17 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მარკო პოლოს მოგზაურობა ჩინეთისაკენ (იხილეთ პუბლიკაცია)
ჩინეთში (იხილეთ პუბლიკაცია)
სამშობლოში დაბრუნება (იხილეთ პუბლიკაცია)
იტალია
გენუა
ვენეცია
თურქეთი
სტამბოლი (კონსტანტინოპოლი)
ტრაპიზონი
აკო (აკრა)
(სარაი)
საქართველო
არარატის მთა
ირანი (სპარსეთი)
სპარსეთის ყურე
ავღანეთი
უზბეკეთი
ბუხარა
პამირი
კაშგარი
ტარიმის აუზი
გობის უდაბნო
მონღოლეთი
(კორეა)
ჩინეთი
ინდოეთი
პეკინი (ხანბალიკი)
იანჯოუ
მდინარე იანძი
ციუანჯოუ
მიანმა
ვიეტნამი
მალაკის ნახევარკუნძული
სუმატრა
შრი-ლანკა
ინდოეთი
[საავტორო უფლება]
Map: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათი 16 გვერდზე]
ვენეცია
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
არარატის მთა
[საავტორო უფლება]
Robert Azzi/Saudi Aramco World/PADIA
[სურათი 16 გვერდზე]
მონღოლი ქალი
[საავტორო უფლება]
C. Ursillo/Robertstock.com
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
მენავე, მიანმა
[სურათი 17 გვერდზე]
ჩინეთის დიდი კედელი
[სურათი 17 გვერდზე]
პეკინი
[სურათი 17 გვერდზე]
ვიეტნამი
[სურათი 17 გვერდზე]
ინდური სანელებლები
[სურათები 18 გვერდზე]
ჩინელი მხედრები; ყუბილაი-ყაენი; მდინარე იანძი
[საავტორო უფლებები]
Horsemen: Tor Eigeland/Saudi Aramco World/PADIA; Kublai Khan: Collection of the National Palace Museum, Taiwan; Yangtze River: © Chris Stowers/Panos Pictures
[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]
© Michael S. Yamashita/CORBIS
[სურათის საავტორო უფლება 19 გვერდზე]
© 1996 Visual Language