არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარტოობის გრძნობის დაძლევა

მარტოობის გრძნობის დაძლევა

მარტოობის გრძნობის დაძლევა

მარტოობასთან გამკლავება ადვილი არ არის. ის ძლიერ გრძნობებს უკავშირდება. როგორ შეუძლია ადამიანს მოერიოს მარტოობას? როგორ დაძლია ზოგმა ეს ძლიერი გრძნობა?

მარტოობასთან ბრძოლა

ჰელენს * ზოგჯერ გადაწყვეტილების მისაღებად განმარტოება უყვარს, მაგრამ გრძნობს, რომ მარტოობა შეიძლება სახიფათო იყოს. ბავშვობაში ის მშობლებთან ურთიერთობის ნაკლებობას განიცდიდა. მან არ იცოდა, როგორ მიეპყრო მათი ყურადღება, ამიტომ ოთახში იკეტებოდა. ჰელენი იხსენებს: «კვების მოშლილობა დამეწყო. დეპრესიაში ჩავვარდი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „რატომ უნდა ვინერვიულო მშობლების პრობლემებზე, როცა მათ გულთან ახლოს არ მიაქვთ ის, რაც მე მაწუხებს?“ შემდეგ ვიფიქრე, რომ ქორწინება მარტოობით გამოწვეულ სიცარიელეს შემივსებდა. გათხოვებაში ვეძებდი გამოსავალს, მაგრამ მალევე მივხვდი: „რატომ უნდა გავაუბედურო სხვა ადამიანი? უპირველეს ყოვლისა, აზროვნება მაქვს შესაცვლელი!“ იეჰოვას ლოცვაში ვთხოვდი დახმარებას და გულისტკივილს ვუზიარებდი.

ბიბლიაში ბევრი ისეთი მანუგეშებელი სიტყვა ვიპოვე, როგორიც, მაგალითად, ესაიას 41:10-შია ჩაწერილი: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით“. ეს სიტყვები ძალიან დამეხმარა, რადგან თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მამა არ მყავდა. დღესდღეობით, რეგულარულად ვკითხულობ ბიბლიას და ლოცვით ვესაუბრები ჩემს ზეციერ მამას. ახლა უკვე ვიცი, როგორ დავძლიო მარტოობა».

საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული მწუხარების გამო შეიძლება მარტოობის გრძნობა დაგვეუფლოს. 16 წლის ლუისა თავის გულისტკივილს გვიზიარებს: «ხუთი წლის ვიყავი, როცა მამა მომიკლეს. ნუგეშს ბებიასთან ვეძებდი, მაგრამ არასდროს მიგრძნია მისგან სიყვარული. ბავშვობაში ყველაზე მეტად მჭირდებოდა სითბო, მაგრამ არ მიმიღია. რვა-ცხრა წლის ასაკში სამჯერ ვცადე თავის მოკვლა. ვფიქრობდი, რომ ჩემი ოჯახისთვის ეს უკეთესი იქნებოდა, რადგან დედას უჭირდა ოთხი შვილის რჩენა. შემდეგ იეჰოვას მოწმეები გავიცანით. ახალგაზრდა წყვილმა ჩემ მიმართ გულწრფელი ინტერესი გამოავლინა. ისინი ხშირად მეუბნებოდნენ: „ძალიან გაფასებთ და ძალიან გვჭირდები“. სიტყვებმა „ძალიან გვჭირდები“ ძალები შემმატა. ზოგჯერ მიჭირს ჩემი გრძნობების სხვებისთვის გაზიარება, მაგრამ, როცა „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებულ სტატიებს ვკითხულობ, მადლობას ვუხდი იეჰოვას, რადგან ამ პუბლიკაციების წყალობით მის სიყვარულს ვგრძნობ. ბევრი ცვლილება მოვახდინე ჩემს ცხოვრებაში. ახლა შემიძლია გავიღიმო და დედასთან მწუხარებაცა და სიხარულიც გამოვხატო. ხანდახან წარსული თავს მახსენებს, მაგრამ არა ისე მწვავედ, როგორც ადრე, როცა თავის მოკვლას ვცდილობდი ან ახლობლებთან საუბარს გავურბოდი. ყოველთვის ვიხსენებ ფსალმუნმომღერალ დავითის სიტყვებს: „ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო ვამბობ: ‘მშვიდობა შენ!’“» (ფსალმუნები 121:8).

22 წელია, რაც მარტა ქმარს გაეყარა და ამ ხნის მანძილზე მარტო ზრდიდა შვილს. „უღირსობისა და მარტოობის გრძნობა მიპყრობს, როცა ვფიქრობ იმაზე, რაც არ გამომდის“, — ამბობს ის. როგორ უმკლავდება მარტა ამ გრძნობას? ის ხსნის: „მივხვდი, რომ ამ გრძნობის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა, მაშინვე მიმართო იეჰოვა ღმერთს. როცა ვლოცულობ, ვიცი, რომ მარტო არა ვარ. იეჰოვას უკეთ ესმის ჩემი, ვიდრე თავად მე. ამასთანავე, ყველანაირად ვცდილობ, სხვების მიმართ ინტერესი გამოვავლინო. სრული დროით მსახურება მძლავრი იარაღია უარყოფითი გრძნობების დასაძლევად. სხვებთან ღვთის სამეფოს კურთხევების შესახებ საუბრისას ხედავ, რომ ბევრს იმედი საერთოდ არა აქვს და თავიანთ პრობლემებს მუდმივ პრობლემებად თვლიან. ამ დროს ხვდები, რომ ნამდვილად ღირს, იცოცხლო და იბრძოლო“.

93 წლის ელბა, რომლის ერთადერთი შვილი სხვა ქვეყანაში მისიონერად მსახურობს, გვიამბობს, როგორ უმკლავდება მარტოობას: «როდესაც ჩემი ქალიშვილი და მისი მეუღლე „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ მიიწვიეს, სიხარულისგან სახე უბრწყინავდათ. მათთან ერთად მეც მიხაროდა. მოგვიანებით კი, როცა ისინი მსახურებისთვის სხვა ქვეყანაში დანიშნეს, ცოტა გული დამწყდა. ვიცოდი, რომ ახლოს აღარ მეყოლებოდნენ და დავნაღვლიანდი. ამ სიტუაციამ იფთახისა და მისი ქალიშვილის მდგომარეობა გამახსენა, რომელიც აღწერილია მსაჯულთა წიგნის მე-11 თავში. თვალცრემლიანი ვევედრებოდი იეჰოვას პატიებას. ჩემი შვილები ყოველთვის მეხმიანებიან. ვიცი, რომ ძალიან დაკავებულები არიან, მაგრამ სადაც უნდა მსახურობდნენ, ყოველთვის გამოყოფენ ხოლმე დროს წერილის მოსაწერად, სადაც ქადაგებისას მომხდარ შემთხვევებს მიყვებიან. მათ წერილებს ხშირად ვკითხულობ. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს ისინი ყოველკვირა მელაპარაკებიან, რაზეც ძალიან მადლობელი ვარ. ამასთანავე, ხანდაზმულებსა და დაუძლურებულებს კრების უხუცესებიც არ გვაკლებენ ყურადღებას. ისინი ყოველთვის ზრუნავენ ჩვენს საჭიროებებზე და იმაზეც, რომ კრებაზე ტრანსპორტით მივიდეთ. იეჰოვას კურთხევაა, რომ სულიერი და-ძმები მყავს».

თქვენც შეგიძლიათ მარტოობის დაძლევა

ახალგაზრდა ხართ თუ ასაკოვანი, დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, მშობლები გყავთ თუ ობოლი ხართ, და ახლობლის დაკარგვით ან სხვა მიზეზებით მარტოობას განიცდით, თქვენს გრძნობებთან გამკლავება შესაძლებელია. 18 წლის ხოკაბედი, რომლის მამამაც ექვსი წევრისგან შემდგარი ოჯახი მიატოვა და სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად, ამბობს: „ილაპარაკეთ! მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გრძნობები გამოვხატოთ. თუ ასე არ მოვიქცევით, ვერავინ გაგვიგებს“. ის გვირჩევს: „ბევრს ნუ იფიქრებთ საკუთარ თავზე. დახმარებისთვის მიმართეთ უფროსებს და არა ახალგაზრდებს, რომლებიც შეიძლება თქვენზე უარეს მდგომარეობაში არიან“. ლუისა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „იეჰოვასადმი გულწრფელი ლოცვა გვეხმარება, რომ თავი დავაღწიოთ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობას“. ხორხე, რომელსაც მეუღლე დაეღუპა, გვიამბობს, როგორ ებრძვის მარტოობას: «საჭიროა შეუპოვრობა. სხვებისადმი ინტერესის გამოვლენა ძალიან მეხმარება. ადამიანებთან ურთიერთობისას თუ „გულშემატკივრობას“ გამოვავლენთ, შეიძლება ჩვენი საუბრები უფრო აზრიანი გახდეს და სხვებშიც შინაგანი სილამაზე აღმოვაჩინოთ» (1 პეტრე 3:8).

მარტოობის დასაძლევად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მაგრამ, დადგება დრო, როდესაც მარტოობა აღარავის დატანჯავს? თუ დიახ, როგორ მოხდება ეს? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 8 გვერდზე]

„იეჰოვასადმი გულწრფელი ლოცვა გვეხმარება, რომ თავი დავაღწიოთ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობას“ (ლუისა).

[ჩარჩო/სურათები 7 გვერდზე]

როგორ შეიძლება დაძლიოთ მარტოობა?

▪ გახსოვდეთ: თქვენი მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, ის მუდმივი არ არის. მსგავს სიტუაციაში სხვებიც არიან.

▪ საკუთარ თავს შესაძლებლობაზე მეტს ნუ მოსთხოვთ.

▪ კმაყოფილი იყავით საკუთარი თავით.

▪ განავითარეთ კვებისა და ვარჯიშის კარგი ჩვევები და საკმარისად იძინეთ.

▪ მარტოდ ყოფნის დროს შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდით და ახალ ხელობებს დაეუფლეთ.

▪ ფრთხილად იყავით, რომ თქვენი წარსული გამოცდილების საფუძველზე არ განსაჯოთ სხვები.

▪ დააფასეთ მეგობრები და მათი განსაკუთრებული თვისებები. შეეცადეთ, კარგი მეგობრები შეიძინოთ. რჩევებისთვის მიმართეთ თქვენზე უფროს, გამოცდილ ადამიანებს.

▪ იზრუნეთ სხვებზე — აჩუქეთ ღიმილი, უთხარით კეთილი სიტყვა, გაუზიარეთ აზრი ბიბლიიდან. იმის ცოდნა, რომ სხვებს სჭირდებით, მარტოობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

▪ მოერიდეთ ფანტაზიებს, რომლებშიც კინოვარსკვლავებთან, ინტერნეტისა თუ ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟებთან ურთიერთობებს წარმოიდგენთ.

▪ თუ დაქორწინებული ხართ, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ მეუღლე ყველა თქვენს ემოციურ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. ისწავლეთ დათმობა, ერთმანეთის დახმარება და მხარდაჭერა.

▪ იყავით კარგი მოსაუბრე და მსმენელი. ყურადღება გადაიტანეთ სხვა ადამიანებზე და მათ ინტერესებზე. გამოავლინეთ თანაგრძნობა.

▪ გაათვითცნობიერეთ, რომ თავს მარტოდ გრძნობთ და გაესაუბრეთ მოწიფულ მეგობარს, რომელსაც ენდობით. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში.

▪ ნუ დალევთ ბევრს ან საერთოდ მოერიდეთ სასმელს. ალკოჰოლი ვერ გადაჭრის თქვენს პრობლემებს — დროთა განმავლობაში ისინი კვლავ იჩენს თავს.

▪ ნუ იქნებით ამაყი. აპატიეთ მწყენინებლებს და გაიუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა. ნუ ეცდებით საკუთარი თავის გამართლებას.

[სურათი 6 გვერდზე]

როგორ შეუძლია ადამიანს გაუმკლავდეს მარტოობას?