რატომ გრძნობს მრავალი ადამიანი თავს მარტოდ?
რატომ გრძნობს მრავალი ადამიანი თავს მარტოდ?
დღევანდელ საზოგადოებაში მრავალი გრძნობს თავს მარტოდ. მარტოობას განიცდიან ყველა ასაკისა და რასის, სოციალური ფენისა და რელიგიის წარმომადგენლები. თქვენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა? ახლაც ხომ არ განიცდით მარტოობას? მართლაც, დროდადრო თითოეულს გვესაჭიროება მეგობრული ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც მოგვისმენს, დაგვამშვიდებს, ან, შესაძლოა, ჩაწვდება ჩვენს ყველაზე ღრმა გრძნობებსა თუ ფიქრებს, და ადამიანურად გაგვიგებს. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვისთვისაც სულერთი არ იქნება ჩვენი გრძნობები.
თუმცა კი, მარტოდ ყოფნა მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე თავს მარტოდ გრძნობს. ადამიანი შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყოს მარტო, მაგრამ ყველაფერს ხალისით აკეთებდეს და საერთოდ არ განიცდიდეს მარტოობას. ამის საპირისპიროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც უჭირთ მარტოდ ყოფნა.
მარტოობა ძლიერი გრძნობაა. ის შეიძლება ძალიან მტკივნეულიც იყოს. ესაა შინაგანი სიცარიელის შეგრძნება, როდესაც სხვებისგან განცალკევებით, გარიყულად ვგრძნობთ თავს. შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე გავხდეთ და შიშიც დაგვეუფლოს. თქვენც ხომ არ განგიცდიათ მსგავსი რამ? რა იწვევს სიმარტოვის გრძნობას?
მრავალნაირი პრობლემა, სიტუაცია თუ პირობები, რომლებშიც ადამიანები იმყოფებიან, სხვადასხვაგვარად მოქმედებს მათზე. შესაძლოა, გარეგნობის, ეროვნების ან რელიგიის გამო გარეშეთა მხრიდან თავს უარყოფილად გრძნობთ. ისეთი ვითარებები, როგორიცაა სკოლის ან სამსახურის
შეცვლა, საცხოვრებლად სხვა რაიონში, ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა შეიძლება თქვენში მარტოობის გრძნობას იწვევდეს, რადგან ძველი მეგობრები უნდა დატოვოთ. მშობლების ან მეუღლის სიკვდილის გამო ზოგი შეიძლება წლების მანძილზე განიცდიდეს მარტოობას. ამასთანავე, ასაკთან ერთად, მეგობრებისა და ნაცნობების წრე იცვლება, მცირდება ან საერთოდ ქრება.ქორწინება ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მარტოობის გრძნობა აღარ დაეუფლება. მეუღლეებს შორის გაუგებრობით ან შეუთავსებლობით გამოწვეულმა დაძაბულობამ შეიძლება გაურკვევლობა წარმოქმნას ან მეუღლეებსა და ბავშვებს შორის გაუცხოებაც კი გამოიწვიოს. მაგრამ, საყვარელი ადამიანის სიკვდილით, განქორწინებით ან ფიზიკური თუ ემოციური იზოლირებით გამოწვეული მარტოობის გარდა არსებობს მარტოობის ისეთი ფორმა, რომელმაც შეიძლება ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს ჩვენზე. ეს ხდება მაშინ, როცა ღმერთთან ურთიერთობა გვიფუჭდება და მისგან გარიყულად ვგრძნობთ თავს.
განგიცდიათ მსგავსი რამ, რაზეც ამ სტატიაში იყო საუბარი? შესაძლებელია მარტოობის გრძნობის დაძლევა?
[სურათები 4 გვერდზე]
ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა — სხვა სკოლაში გადასვლამ თუ მეუღლის დაკარგვამ — შეიძლება მარტოობის გრძნობა გამოიწვიოს.