არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ მექცევა ის ასე უხეშად?

რატომ მექცევა ის ასე უხეშად?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ მექცევა ის ასე უხეშად?

„ხშირად ჩემი შეყვარებული უმნიშვნელო რამეებში მადანაშაულებს, მიუხედავად ამისა, ემოციურად მასზე ძალიან ვარ დამოკიდებული“ (კატრინი *).

„გარეგნულად არაფერი გეტყობა, მაგრამ შინაგანად გული გიკვდება“ (ანდრეა. მას შეყვარებულმა სილა გააწნა).

ეს ყველაფერი ჩვეულებრივი სცენარით ვითარდება: ქალიშვილი ხვდება ვაჟს, რომელიც ყველაზე მომხიბვლელი და თავაზიანი ჩანს. მაგრამ თანდათან ის იცვლება. სიყვარულით გამოთქმულ სიტყვებს გესლიანი შენიშვნები და დამამცირებელი კრიტიკა ცვლის. თავიდან გოგონა ამას ყურადღებას არ აქცევს და უწყინარ ხუმრობად მიიჩნევს. მაგრამ, თანდათანობით ეს სერიოზულ სახეს იღებს და გადადის განუწყვეტელ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, განრისხებასა და შემდეგ, მობოდიშებაში. გოგონა ამ დროს თავს იდანაშაულებს და ჩუმად იტანჯება იმ იმედით, რომ ყველაფერი გამოსწორდება. მაგრამ სიტუაცია არ იცვლება. მისი შეყვარებული ახლა თავს იმის უფლებას აძლევს, რომ უყვიროს! გოგონას ეშინია, რომ შემდგომ ის დაარტყამს კიდეც *.

ახალგაზრდა მამაკაცებმა და ქალებმა, რომლებიც რომანტიკული ურთიერთობების დროს ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შეიძლება უმოწყალოდ გააკრიტიკონ, უშვერი სიტყვებით ლანძღონ ერთმანეთი და განრისხდნენ. ხარ მსგავს მდგომარეობაში? (იხილე ჩარჩო „ყურადსაღები ნიშნები“). თუ ასეა, შეიძლება გულნატკენი და დაბნეული იყო იმიტომ, რომ უბრალოდ არ იცი, რა გააკეთო.

მსგავსი შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია. მკვლევარების ვარაუდით, ყოველმა მეხუთემ რაღაც ზომით მაინც გამოსცადა საკუთარ თავზე შეყვარებულისგან სასტიკი მოპყრობა. რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხუთიდან ოთხ ადამიანს ასე ექცევიან. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, მსხვერპლს მხოლოდ ქალები არ წარმოადგენენ. ტრფობის პერიოდში გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „მამაკაცებიცა და ქალებიც, რომელთა რაოდენობაც თითქმის ერთნაირი იყო“, თავიანთი პარტნიორების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შესახებ იუწყებოდნენ *“.

რატომ ხდება ასეთი რამ ტრფობის პერიოდში? როგორ უნდა მოიქცე, თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი?

გაიზიარე ღვთის თვალსაზრისი

თავდაპირველად, საჭიროა გაიგო, რამდენად სერიოზულად უყურებს ღმერთი შენს მდგომარეობას. ფაქტია, რომ არასრულყოფილ ადამიანებს მიდრეკილება აქვთ ისეთი საუბრებისა და მოქმედებებისკენ, რომლებიც გულს ტკენს სხვებს (იაკობი 3:2). ისიც სიმართლეა, რომ იმ ადამიანებს შორისაც კი, რომლებიც ენდობიან და დიდი სიყვარულით ეკიდებიან ერთმანეთს, დროდადრო უთანხმოებები წარმოიშობა. მაგალითად, მოციქული პავლე და ბარნაბა მოწიფული ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ერთხელ მათ შორისაც მოხდა „უთანხმოება“ (საქმეები 15:39). ასე რომ, თუ ვინმეს ხვდები, შეიძლება დროდადრო ურთიერთობა დაგეძაბოთ.

გარდა ამისა, არარეალურია მოელოდე, რომ შენი შეყვარებული არასდროს მოგცემს შენიშვნას. თქვენ ხომ უნდა დაქორწინდეთ, ამიტომ, თუ რომელიმე შენი თვისება ან ჩვევა არ მოსწონს და არ დაგელაპარაკა ამის შესახებ, განა იქნებოდა ეს სიყვარულის გამოვლენა? მართალია, როცა ვინმე შენიშვნას გვაძლევს, არ გვსიამოვნებს (ებრაელთა 12:11). მაგრამ, შენიშვნა თუ სიყვარულით გვეძლევა, ეს შეურაცხმყოფელ საუბრებს არ განეკუთვნება (იგავები 27:6).

მაგრამ, სულ სხვანაირად დგას საქმე, როცა გიყვირიან, სილას გაწნავენ, ხელს გირტყამენ ან გლანძღავენ. ბიბლია განსჯის „რისხვას, მძვინვარებას, ბოროტებას, გმობას“ (კოლასელთა 3:8). იეჰოვა რისხდება, როცა ვინმე ძალას სხვების დასამცირებლად, დასაშინებლად ან დასაჩაგრად იყენებს (ეკლესიასტე 4:1; 8:9). სინამდვილეში, ღვთის სიტყვა მოუწოდებს ქმრებს, რომ „ისე უნდა უყვარდეთ . . . თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები . . . ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას“ (ეფესელთა 5:28, 29). მამაკაცი, რომელიც შეურაცხმყოფლად ელაპარაკება ან ცუდად ეპყრობა ქალს, თავისი მოქმედებით აჩვენებს, რომ ვერ იქნება კარგი მეუღლე. ამასთანავე, იეჰოვა არ იწონებს მის საქციელს!

შენი ბრალი არ არის!

ისინი, რომლებიც სხვებს ცუდად ექცევიან, ხშირად ამაში თავიანთ მსხვერპლს ადანაშაულებენ. გარდა ამისა, შეიძლება შენც დაიდანაშაულო თავი, როცა შენი შეყვარებული ბრაზდება. მაგრამ ის თუ ბრაზდება, ეს შენი ბრალი სულაც არ არის. ხშირად მკაცრი მოპყრობისკენ მიდრეკილნი არიან მამაკაცები, რომლებიც ისეთ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ძალადობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა ნორმალურად ითვლებოდა *. ზოგ ქვეყანაში ვაჟებზე დიდ გავლენას ახდენს საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულება, რომლის მიხედვითაც მამაკაცმა უნდა იბატონოს ოჯახში. ასევე, თანატოლების გავლენითაც ახალგაზრდას შეიძლება სურდეს, დაამტკიცოს თავისი „კაცობა“. თუ საკუთარ თავში მას დარწმუნებულობა აკლია, მაშინ შეიძლება შენმა თითოეულმა სიტყვამ და საქციელმა შეაშინოს ის.

რაც უნდა იყოს, სხვა თუ ბრაზიანია, ეს შენი ბრალი არ არის. სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძალადობის გამართლება არ შეიძლება.

შეიცვალე აზროვნება

თუმცა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება საკუთარი თვალსაზრისის შეცვლა დაგჭირდეს. როგორ? თუ გოგონა გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ამბავი იყო, შეყვარებულისგან სასტიკი მოპყრობა მან შეიძლება ნორმალურად ჩათვალოს. იმის მაგივრად, რომ შესძულდეს ასეთი არაქრისტიანული მოქცევა, ის შეიძლება ეგუებოდეს ამას და მიმზიდველადაც კი მიაჩნდეს. დიახ, ისინი, რომლებსაც ცუდად ეპყრობიან, აღიარებენ, რომ თავაზიან მამაკაცებთან ურთიერთობა მათთვის მოსაწყენია. სხვა გოგონები კი შეცდომით ფიქრობენ, რომ შეცვლიან თავიანთ შეყვარებულს.

ამ კატეგორიებიდან თუ რომელიმეს მიეკუთვნებით, თქვენთვის საჭიროა, რომ ‘განიახლოთ გონება და გარდაიქმნათ’ (რომაელთა 12:2, აქ). ლოცვა, ღვთის სიტყვის შესწავლა და ნასწავლზე დაფიქრებაა საჭირო, რომ იეჰოვას თვალსაზრისი გაიზიარო შეურაცხმყოფელ მოქმედებაზე და ისე უყურო მას, როგორც რაღაცა საძულველს. უნდა მიხვდე, რომ არ იმსახურებ ცუდ მოპყრობას. თავმდაბლობის განვითარება, ანუ საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობების გაანალიზება, დაგეხმარება იმის დანახვაში, რომ ვერ შეძლებ შენი ბრაზიანი შეყვარებულის შეცვლას. შეცვლა მისი პასუხისმგებლობაა! (გალატელთა 6:5).

ზოგ შემთხვევაში ახალგაზრდა ქალები იმიტომ იტანენ შეურაცხყოფას, რომ პირადი ღირსების გრძნობა არ გააჩნიათ. კეტრინი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მასზე უკეთესს, ალბათ, ვერასოდეს შევხვდები“. ახალგაზრდა ქალი, ჰელგა, მსგავს სიტყვებს ამბობს თავის შეყვარებულზე: „მირჩევნია მცემდეს, ვიდრე არავინ მაქცევდეს ყურადღებას“.

განა ასეთი თვალსაზრისი კარგი საფუძველია ჯანსაღი ურთიერთობებისთვის? სინამდვილეში, შეძლებ ვინმეს შეყვარებას, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს? (მათე 19:19). იმუშავე, რომ საკუთარი ღირსების გრძნობა განივითარო *. ამას ვერასოდეს შეძლებ, თუ ცუდ მოპყრობას შეეგუები. ახალგაზრდა ქალმა, ირენმა, საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ შეურაცხყოფის ატანამ შეიძლება „ღირსების გრძნობა მთლიანად დაგაკარგვინოს“.

თვალი გაუსწორე სინამდვილეს

არაჯანსაღი ურთიერთობების აღიარება ზოგისთვის შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერი რომანტიკული გრძნობები უკვე გაუჩნდათ. მაგრამ, ნუ დახუჭავ თვალს სინამდვილეზე. ბიბლიური იგავი ამბობს: „გონიერმა დაინახა ბოროტი და გაერიდა, ბრიყვებმა კი გადაიარეს და დაისაჯნენ“ (იგავები 22:3). ახალგაზრდა ჰანა იხსენებს: „როცა ვინმე გიყვარდება, ბრმავდები და კარგის მეტს ვერაფერს ხედავ მასში“. ამიტომაც, თუ შენი შეყვარებული ცუდად გეპყრობა, მნიშვნელოვანია დაინახო მისი ნამდვილი სახე; და, თუ შენი შეყვარებულის საქციელის გამო შიში გეუფლება ან დამცირებულად გრძნობ თავს, ეს უკვე სერიოზული პრობლემების ნიშანია. ნუ ეცდები საკუთარი გრძნობების უკუგდებას, მის გამართლებას ან საკუთარი თავის დადანაშაულებას. გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ დამოკიდებულებას თუ უყურადღებოდ დატოვებ, სასტიკი მოპყრობა უფრო გამწვავდება. შესაძლოა ამან შენს კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნას!

რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ ურთიერთობა არ გექნებოდა ისეთ ადამიანთან, ვისაც თავშეკავება აკლია (იგავები 22:24). ამიტომ, თუ ისეთი ვინმე მოინდომებს შენთან შეხვედრას, ვისაც კარგად არ იცნობ, უმჯობესი იქნებოდა, რამე გაგეგო მის შესახებ. ხომ არ შეგეთავაზებინა თავიდან ხალხმრავალ ადგილებში შეხვედრა? ეს დაგეხმარება მის კარგად გაცნობაში. გარდა ამისა, მალევე არ გაგიღვივდება რომანტიკული გრძნობები. დაუსვი საკუთარ თავს მნიშვნელოვანი კითხვები: ვინ არიან მისი მეგობრები? როგორი მუსიკა, ფილმები და კომპიუტერული თამაშები უყვარს? სპორტის რომელი სახეობა იტაცებს? აჩვენებს მისი საუბრები რომ სულიერი საკითხებითაა დაინტერესებული? ესაუბრე ისეთ ხალხს, რომლებიც მას იცნობენ, მაგალითად, მისი კრების უხუცესებს. ისინი გეტყვიან, ახასიათებენ თუ არა სხვები დადებითად მოწიფულობისა და ღვთისმოსაწონი ქცევების გამო (საქმეები 16:2, აქ).

მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე მაშინ, თუ რომანტიკული გრძნობები უკვე გაგიჩნდა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შეურაცხყოფას გაყენებს? ეს საკითხი შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 5 ეს სტატია განკუთვნილია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლთათვის. რჩევები მათთვის, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს, მოცემულია 1997 წლის იანვარი-მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილ სტატიათა სერიაში „გულსატკენი სიტყვებიდან მალამოსავით სიტყვებამდე“, და 22 მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რატომ არის ცუდი, იყო შარიანი?“ (რუს.).

^ აბზ. 7 სტატიაში ვისაუბრებთ მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე, მათზე, რომლებიც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი არიან. თუმცა აქ განხილული პრინციპები ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.

^ აბზ. 14 იხილე სტატია „გმობის მიზეზის გამოაშკარავება“, 1997 წლის იანვარი-მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში.

^ აბზ. 20 იხილე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, თავი 12. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო 22 გვერდზე]

ყურადსაღები ნიშნები

▪ მარტო ხართ თუ სხვებთან ერთად, ის დამამცირებლად მოგმართავს ან ამგვარად მოიხსენიებს შენი ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს.

▪ არ ითვალისწინებს შენს სურვილებსა და გრძნობებს.

▪ ცდილობს, ცხოვრების ყველა სფეროში გაგაკონტროლოს; ყოველთვის მოითხოვს, რომ უთხრა, სად იმყოფები; შენს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს.

▪ გიყვირის, ხელს გკრავს ან გემუქრება.

▪ ცდილობს, დაგითანხმოს გრძნობების გამომხატველ მიუღებელ ურთიერთობებზე.

▪ რაც უნდა გააკეთო, შიშობ, ნებისმიერმა შენმა მოქმედებამ მისი უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.

[სურათი 21 გვერდზე]

მუდმივი კრიტიკა ან შეურაცხყოფა შეიძლება არაჯანსაღი ურთიერთობების მაჩვენებელი იყოს.