არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

გაყიდვაშია ქადაგებები

ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ აღნიშნული იყო, რომ „ძალიან დაკავებულმა სამღვდელოების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქადაგების მომზადებას ვერ ასწრებდნენ, როგორც იქნა თავიანთ ლოცვებზე პასუხი მიიღეს, როცა ანგლიკანური ეკლესიის ერთმა წევრმა ინტერნეტში ნებისმიერ თემაზე მომზადებული ქადაგებების ვებ-საიტი გახსნა“. ვებ-საიტის ავტორმა, ბობ ოსტინმა, თქვა: „ჩვენს დროში მღვდლები სულ უფრო და უფრო დაკავებულები ხდებიან, რის გამოც ქადაგება უკანა პლანზე გადადის“. ოსტინი მათ სთავაზობს „გონივრულ მზა ქადაგებებს“, რომლებიც „დამაფიქრებელი, აღმაფრთოვანებელი და დამსწავლებლურია“. დღესდღეობით საიტზე მოცემულია „სხვადასხვა ბიბლიურ თემაზე მომზადებული და მღვდლის კათედრიდან უკვე წარმოთქმული 50-ზე მეტი ქადაგება, რომლებშიც ციტატები მოყვანილია ბიბლიიდან“. გაზეთში ნათქვამია, რომ ავტორი ერიდება უკიდურესობებსა და სადავო დოქტრინებს. თითოეული შემოთავაზებული „10—12-წუთიანი ქადაგება, რომელიც მრევლისთვის ადვილად აღსაქმელია“, 13 აშშ დოლარი ღირს.

ადამიანებზე მეტად ფასობენ ძროხები?

მსოფლიოში მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის უფსკრული იზრდება. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში (700 მილიონი მოსახლე) მთელი მსოფლიო ვაჭრობის საბაზრო წილი 1 პროცენტიდან 0, 6 პროცენტამდე ჩამოვიდა. ერთ ჟურნალში ფრანგი ეკონომისტი ფილიპ იურგენსენი აღნიშნავდა: „აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის უმეტესობა დღეს უფრო ღარიბია, ვიდრე მათი წინა თაობა“ (Challenges). მაგალითად, ეთიოპიაში მცხოვრები 67 მილიონი ადამიანი არსებობს იმ თანხით, რომელიც ლუქსემბურგის 400 000 მცხოვრების სიმდიდრის ერთ მესამედს შეადგენს. იურგენსენის სიტყვებით, ევროპელ ფერმერებს უფლება აქვთ დღეში ერთ ძროხაზე 3 დოლარის სუბსიდია მიიღონ, მაშინ როცა, დაახლოებით 2, 5 მილიარდი ადამიანი ყოველდღე უფრო ნაკლები თანხით ცხოვრობს. ასე რომ, მსოფლიოს ბევრ ნაწილში „ღარიბი უფრო ნაკლებად ფასობს, ვიდრე ძროხა“, — ამბობს იურგენსენი.

მუსიკა და აგრესია

აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტეხასის შტატის სოციალური მომსახურების დეპარტამენტის (აშშ) მკვლევარებმა 500 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებზე გამოიყენეს ხუთი ექსპერიმენტისგან შემდგარი სერია, რათა გამოევლინათ, როგორ გავლენას ახდენს ადამიანებზე ისეთი სიმღერები, რომელთა ტექსტიც სისასტიკისკენ მოუწოდებს. მას შემდეგ, რაც სტუდენტებს მოასმენინეს ერთი და იმავე მომღერლის მიერ შესრულებული რამდენიმე ასეთი სიმღერა და აგრეთვე ისეთი სიმღერები, რომლებიც სისასტიკისკენ არ მოუწოდებდნენ, მათი აგრესიულობის დონე შეამოწმეს. ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მოძალადეობრივი შინაარსის მქონე სიმღერებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლიათ გამოიწვიონ მტრული განწყობილება და აგრესიული აზრები (Journal of Personality and Social Psychology). გამოკვლევების ხელმძღვანელმა, კრეიგ ანდერსენმა, თქვა: „ამ და სხვა ექსპერიმენტების შედეგად, რომლებიც სასტიკ გართობებს იკვლევდა, გამოაშკარავდა, რომ სიმღერების შინაარსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და მოზარდების მშობლებმა.

საგზაო შეფერხებების ფიზიკა

დაინტერესებულხართ ოდესმე, რატომ მართავთ მანქანას ჩვეული სისწრაფით მას მერე, რაც გარკვეული დროის მანძილზე წყვეტილი რიტმით გადაადგილდებოდით? „არსებობს საგზაო შეფერხებების ასახსნელი ემპირიული მიზეზები, როცა ავარია არ ხდება ან გზა უსწორმასწოროა. მანქანების მოძრაობა ძალიან ჰგავს გაზის მოლეკულების მოძრაობას“, — ნაქვამია გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნელში“. სულ მცირე შეფერხებაც კი იწვევს „კუმშვის ტალღას“, რომელიც საწინააღმდეგო მიმართულებისაა, რის გამოც უკან მომავალი მანქანები, რომლებიც შორს არიან, იძულებულნი ხდებიან კუს ნაბიჯებით გადაადგილდნენ. „ზოგიერთი მონაცემებით, საგზაო შეფერხებების სამი მეოთხედი წარმოიშობა ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე, — ნათქვამია გაზეთში. — შეფერხების მიზეზი შეიძლება რამდენიმე საათის წინ დაიწყო და გამოსწორდა კიდეც, მაგრამ მისი შედეგები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება“. საგზაო შეფერხებების თავიდან ასაცილებლად მარშრუტის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დამხმარე, როცა ქალაქის გზები ძალიან გადატვირთული არ არის. მაგრამ ქუჩები თუ გადაჭედილია და სხვა მძღოლებიც შეიცვლიან მარშრუტს, „ყველაზე სწრაფად გადასაადგილებელი გზის პოვნის შანსი იმდენივე გაქვთ, რამდენიც სუპერმარკეტის სალაროებთან ყველაზე სწრაფად მოძრავი რიგისა. აუჩქარებელი მძღოლები უფრო უკეთ ართმევენ თავს საგზაო შეფერხებებს, ვიდრე ისინი, რომლებიც განუწყვეტლივ განაგრძობენ უფრო სწრაფად გადასაადგილებელი მარშრუტის ძებნას“, — ნათქვამია სტატიაში.