არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საბურავები თქვენი სიცოცხლე შეიძლება მათზე იყოს დამოკიდებული!

საბურავები თქვენი სიცოცხლე შეიძლება მათზე იყოს დამოკიდებული!

საბურავები თქვენი სიცოცხლე შეიძლება მათზე იყოს დამოკიდებული!

წარმოიდგინეთ, რომ ფოლადისა და მინისგან აწყობილ ყუთში ხართ დაბმული და გარშემო მჟავითა და აალებადი სითხით სავსე კონტეინერები გიწყვიათ. ახლა ეს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში კონსტრუქცია მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრზე ასწიეთ და წამში დაახლოებით 30 მეტრის სიჩქარით გააქანეთ. ყველაფერ ამასთან ერთად, ეს მექანიზმი მოათავსეთ სხვა ამგვარ მექანიზმებს შორის, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დაქრიან!

სინამდვილეში, სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით ყოველთვის, როცა ავტომობილში სხდებით და გზას მიუყვებით. რა გეხმარებათ მანქანის მართვასა და უსაფრთხოების დაცვაში? ამაში დიდ როლს ასრულებს თქვენი მანქანის საბურავები.

რა დანიშნულება აქვს საბურავებს?

საბურავები რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. ისინი არა მარტო მანქანის სიმძიმეს უძლებენ, არამედ პატარა ორმოებში ჩავარდნისას და უსწორმასწორო გზებზე სიარულისას მანქანას რყევისგან იცავენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბურავების წყალობით მანქანა გზას ეჭიდება, რაც სიჩქარის განვითარების, მართვის, დამუხრუჭებისა და ნებისმიერ საგზაო პირობებში მანქანის დამორჩილების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, დროის გარკვეულ მონაკვეთში მიწის ზედაპირს ეხება საბურავის მხოლოდ პატარა ნაწილი, რომელიც დაახლოებით საფოსტო ბარათის ზომისაა.

რამდენადაც საბურავები ასე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ ისინი უსაფრთხოდ და დიდხანს მოგემსახუროთ? თუ მათი გამოცვლის დრო დადგა, როგორ უნდა შეარჩიოთ შესაფერისი საბურავები? სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებდეთ, მოდი საბურავების ისტორიას გადავხედოთ.

რეზინის პირველი საბურავები

თუმცა ბორბლებს ათასობით წლის განმავლობაში იყენებენ, მის გარეთა ფერსოზე რეზინის მიმაგრების იდეა არცთუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა. ბუნებრივი რეზინი (კაუჩუკი) პირველად XIX საუკუნის დასაწყისში მიამაგრეს ხისა თუ ფოლადის ბორბლებს. მაგრამ ასეთი საბურავები მალე ცვდებოდა. ამიტომ, ფიქრობდნენ, რომ რეზინგადაკრულ ბორბლებს მომავალი არ ჰქონდა — ეს ასეც იყო, სანამ საქმეს არ შეუდგა ჩარლზ გუდიერი, ენთუზიაზმით აღსავსე გამომგონებელი კონექტიკუტიდან (აშშ). 1839 წელს გუდიერმა აღმოაჩინა ვულკანიზაციად ცნობილი პროცესი, რისი მეშვეობითაც კაუჩუკს გოგირდთან ერთად დიდ ტემპერატურაზე და მაღალი წნევის ქვეშ ამუშავებდნენ. ამ პროცესის შედეგად რეზინი უფრო ადვილად დამუშავებადი და გამძლე გახდა. რეზინის საბურავები, რომლებიც უფრო დიდხანს ძლებდა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მგზავრობისას სატრანსპორტო საშუალებების ჯანჯღარს იწვევდა.

1845 წელს შოტლანდიელმა ინჟინერმა რობერტ თომსონმა პირველი პნევმატიკური, ჰაერით დატუმბული, საბურავების გამოშვების პატენტი მიიღო. მაგრამ, პნევმატიკური საბურავი მხოლოდ მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც სხვა შოტლანდიელმა, ჯონ ბოიდ დანლოპმა, თავისი ვაჟის ველოსიპედისთვის ახალი საბურავები შექმნა, რათა ველოსიპედით გასეირნება უფრო სასიამოვნო გაეხადა მისთვის. თავისი გამოგონება მან 1888 წელს დააპატენტა და საბურავების წარმოება დაიწყო. მიუხედავად ამისა, პნევმატიკურ საბურავს არაერთი ცვლილება ელოდა, რომ საბოლოო სახე მიეღო.

1891 წლის ერთ მშვენიერ დღეს ფრანგ ველოსიპედისტს საბურავი დაეშვა. ის ბევრს ეცადა, შეეკეთებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა — საბურავი ისე იყო მიმაგრებული ბორბალზე, რომ მათი განცალკევება შეუძლებელი იყო. დახმარებისთვის მან მიმართა თავის თანამემამულეს, ედუარდ მიშლენს, რომელიც ვულკანიზებული რეზინის დამუშავებით იყო ცნობილი. საბურავის შეკეთებას მიშლენმა ცხრა საათი მოანდომა. ამ შემთხვევამ ის აღძრა, რომ გაეუმჯობესებინა პნევმატიკური საბურავი, რათა შეკეთების გასაადვილებლად შესაძლებელი ყოფილიყო ბორბლიდან მისი მოცილება.

მიშლენის საბურავებმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მომდევნო წელს 10 000 ველოსიპედისტი სიამოვნებით იყენებდა მათ. მალევე, ფრანგი მგზავრების გულის გასახარებლად, პნევმატიკური საბურავები პარიზის ქუჩებში მავალი ეკიპაჟების ბორბლებსაც დაუყენეს. იმის საჩვენებლად, რომ პნევმატიკური საბურავები მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებებშიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო, 1895 წელს ედუარდმა და მისმა ძმამ, ანდრემ, საბურავები ავტორბოლაში მონაწილე მანქანას დაუყენეს. მაგრამ, ფინიშთან ის ყველაზე ბოლოს მივიდა. მიუხედავად ამისა, ხალხი იმდენად გაოცებული იყო ამ უჩვეულო საბურავებით, რომ მათი გაჭრაც კი სცადეს იმის სანახავად, თუ რა ჰქონდათ ძმებ მიშლენებს შიგნით დამალული!

XX საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში ახალმა გამძლე მასალამ — ვისკოზამ, ნეილონმა და პოლიესტერმა — შეცვალა ისეთი მყიფე ნედლეული, როგორიცაა ბამბა და ნატურალური კაუჩუკი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი სამუშაო ჩატარდა ისეთი საბურავების შესაქმნელად, რომლებიც ბორბალთან შეერთების ადგილზე ჰერმეტულად შემჭიდროებული იქნებოდა და დასაბერი კამერის გამოყენების საჭიროება მოიხსნებოდა. მოგვიანებით, მან მეტი პროგრესი განიცადა.

დღესდღეობით, 200-ზე მეტი დასახელების ნედლეულს იყენებენ საბურავების დასამზადებლად. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ზოგ საბურავს შეუძლია თავისი არსებობის მანძილზე 130 000 კმ-ის ან მეტის გარბენა, სხვები კი ავტორბოლების დროს ასობით კმ/სთ სიჩქარეს უძლებენ. დროთა განმავლობაში, საბურავები უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის.

საბურავების შერჩევა

ავტომობილი თუ გყავთ, შეიძლება ახალი საბურავების შერჩევის რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ. რით საზღვრავთ, რომ საბურავები შესაცვლელია? იმით, რომ რეგულარულად ამოწმებთ საბურავებს, აქვთ თუ არა ცვეთისა და დაზიანების აშკარა ნიშნები *. მწარმოებლები საბურავზე აყოლებენ ცვეთის ინდიკატორს იმის დასადგენად, თუ როდის უმთავრდება საბურავს გამოყენების ვადა. ცვეთის ინდიკატორები მყარი რეზინის ზოლის სახით გასდევს პროტექტორის ზედაპირს. ასევე კარგი იქნება, თუ შეამოწმებთ: პროტექტორს რომელიმე ნაწილი ხომ არ მოსძვრა? დისკის გარშემო მავთულები ხომ არ გამოჩნდა? საბურავს გვერდზე ადგილები ხომ არ ამოებურცა? ან სხვა უწესრიგობანი ხომ არ შეიმჩნევა? თუ ნებისმიერ ასეთ უწესრიგობას აღმოაჩენთ, ნუ მიუჯდებით საჭეს, სანამ არ შეაკეთებთ ან არ შეცვლით საბურავს. თუკი ახალი საბურავები საგარანტიო ვადის გასვლამდე გაცვდა, გამყიდველს შეუძლია ნაკლებ ფასად შეგიცვალოთ ის.

უმჯობესია საბურავების შეცვლისას ერთ ღერძზე ერთნაირი საბურავები დააყენოთ; თუ მხოლოდ ერთის შეცვლას აპირებთ, მეწყვილედ ისეთი შეურჩიეთ, რომლის პროტექტორიც ნაკლებად გაცვეთილია, რათა დამუხრუჭებისას გზასთან ჩაჭიდება დაბალანსდეს.

სხვადასხვა ტიპის, ზომისა და მოდელის საბურავებში სათანადო საბურავის ამორჩევა შეიძლება რთული იყოს. მაგრამ, რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის რეკომენდაციებს. მხედველობაში უნდა მიიღოთ მანქანის საბურავისა და ბორბლის ზომა, კლირენსი (მანძილი ავტომობილის აგრეგატების ყველაზე დაბალ წერტილებსა და გზის ჰორიზონტალურ სიბრტყეს შორის) და ტვირთამწეობა. ასევე, გასათვალისწინებელია მანქანის მოდელი. თანამედროვე ავტომობილებს, რომლებსაც მუხრუჭების ანტიბლოკირებისა (AGS) და გზასთან ჩაჭიდების კონტროლის სისტემები ან ორი ხიდი აქვთ, სპეციალური საბურავები სჭირდებათ. ის, თუ როგორი საბურავი გამოადგება თქვენს მანქანას, შეგიძლიათ ნახოთ მწარმოებლის ინსტრუქციაში.

სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორი გზის მდგომარეობაა. უმეტესწილად მოუკირწყლავ თუ მოასფალტებულ გზაზე მოგიწევთ ავტომობილის მართვა? წვიმიან თუ მშრალ ამინდში? ალბათ, სხვადასხვა პირობებში იმგზავრებთ. ამ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ ისეთი საბურავები, რომლებიც ყველანაირ გზაზე და ამინდში გამოგადგებათ.

ასევე, მხედველობაში უნდა მიიღოთ საბურავის გამძლეობა და ჩაჭიდების ძალა. რაც უფრო რბილი მასალისგან არის დამზადებული პროტექტორი, მით მეტია მისი ჩაჭიდების ძალა, მაგრამ უფრო მალე ცვდება. მეორე მხრივ, თუ პროტექტორი შედარებით მაგარი მასალითაა დამზადებული, საბურავს ნაკლები ჩაჭიდების ძალა აქვს, სამაგიეროდ, უფრო დიდხანს ძლებს. საინფორმაციო ლიტერატურა საბურავების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ იქ, სადაც საბურავებს ყიდიან. გახსოვდეთ, რომ მწარმოებლები სხვადასხვანაირ შეფასებას აძლევენ თავიანთ ნაწარმს.

თუ რამდენიმე მოდელის საბურავი უკვე შეარჩიეთ, თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება ფასმა განსაზღვროს. ცნობილი მწარმოებლები მომხმარებელს, ჩვეულებრივ, უკეთესი ხარისხის საბურავებს სთავაზობენ და გარანტიასაც აძლევენ.

საბურავების მოვლა

საბურავები რომ კარგ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ, სამი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჰაერის სათანადო წნევის შენარჩუნება, საბურავების რეგულარული მონაცვლეობა და მათი სწორად დაბალანსება. საბურავში ჰაერის სათანადო წნევის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საბურავი ზედმეტადაა დაბერილი, პროტექტორი შუაში ნაადრევად გაცვდება. მეორე მხრივ, თუ საბურავში ჰაერის წნევა დაბალია, ის ნაპირებში გაცვდება და მეტი საწვავიც დაიხარჯება.

რეზინის ზედაპირიდან ჰაერის გაპარვის შედეგად საბურავებში წნევა ყოველთვე, ჩვეულებრივ, 5 ან მეტი კილოპასკალით ეცემა. ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ საბურავების ფორმით შეძლებთ იმის განსაზღვრას, არის თუ არა ისინი სათანადოდ დაბერილი. რეზინის მწარმოებელთა ასოციაციის თანახმად, „საბურავში წნევა შეიძლება თითქმის განახევრდეს, მაგრამ გარეგნულად არაფერი შეეტყოს!“ ამიტომ, საბურავში წნევის შესამოწმებლად, სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც გამოიყენეთ მანომეტრი. მოსახერხებელი გამოყენებისთვის ბევრ მძღოლს მანომეტრი ხელმისაწვდომ ადგილას აქვს შენახული. საბურავები შეამოწმეთ ყოველთვის, როცა სამანქანო ზეთს ცვლით; თანაც შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა საბურავები ცივია — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მგზავრობის შემდეგ სულ მცირე სამი საათი მაინც უნდა იყოს გასული, ან მანქანას კილომეტრნახევარზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გავლილი. მწარმოებლის ინსტრუქციაში ან ავტომობილის სალონში, ჩვეულებრივ, მითითებულია, თუ რა წნევა უნდა იყოს საბურავში. თუ გსურთ, რბილად იაროთ, ნუ დაბერავთ საბურავებს მაქსიმალურ დონემდე, რადგან ამ შემთხვევაში საბურავს გვერდები გამოებერება.

საბურავები უფრო დიდხანს მოგემსახურებათ და უფრო თანაბრად გაცვდება, თუ დროდადრო „შეასვენებთ“. საბურავები შეგიძლიათ შეცვალოთ ყოველი 10 000—13 000 კმ-ის გავლის შემდეგ, თუკი ავტომობილის მწარმოებელი სხვა მითითებებს არ გაძლევთ. მაგრამ კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, რას გირჩევთ მწარმოებელი საბურავების შეცვლასთან დაკავშირებით.

დაბოლოს, ყოველ წელს შეამოწმეთ, რამდენად დაბალანსებულია საბურავები, ან მაშინ, როცა მანქანის მართვისას ნებისმიერ უჩვეულო ვიბრაციას ან უწესრიგობას შენიშნავთ. თუმცა თქვენი ავტომობილის საამორტიზაციო სისტემა საბურავებს სხვადასხვა წონის ქვეშ აბალანსებს, ზომიერი ცვეთისთვის აუცილებელია საბურავების პერიოდული შემოწმება და დაბალანსება. ავტოტექმომსახურებაში ამორტიზაციისა და ბორბლების დაბალანსების მცოდნე კვალიფიცირებულ თანამშრომელს თქვენი ავტომობილის სწორად დაბალანსება უნდა შეეძლოს, რათა საბურავები უფრო დიდხანს მოგემსახურონ და მგზავრობაც უფრო სასიამოვნო იყოს.

„ჭკვიანი“ საბურავები

კომპიუტერების დახმარებით ზოგი მანქანა „აფრთხილებს“ მძღოლს, როცა საბურავებში წნევა იმდენად ეცემა, რომ უსაფრთხოების ზღვარს სცდება. ზოგი საბურავი მოკლე პერიოდის განმავლობაში ძლებს ჰაერის წნევის გარეშე, სხვები კი გახვრეტის დროს თავისით ილუქება. მართლაც, ინჟინერ-მექანიკოსები ქმნიან საბურავებს, რომლებიც ფართო შესაძლებლობებით გამოირჩევა.

მასალების, პროტექტორის ფორმის, საამორტიზაციო, მართვისა და სამუხრუჭო სისტემების გაუმჯობესების წყალობით თანამედროვე ავტომობილების საბურავები არა მხოლოდ აადვილებს მართვას, მგზავრობასაც უფრო უსაფრთხოს ხდის.

[სქოლიო]

^ აბზ. 15 იხილეთ ჩარჩო 29-ე გვერდზე, რომელიც დაგეხმარებათ საბურავების შემოწმებაში.

[ცხრილი⁄სურათები 29 გვერდზე]

რა უნდა გაითვალისწინოთ საბურავების შემოწმებისას?

გარე დათვალიერება:

□ საბურავს გვერდები ხომ არ გამოებურცა?

□ პროტექტორის ზედაპირზე მავთულები ხომ არ გამოჩნდა?

□ ჯერ არ გადასცდა პროტექტორის ცვეთის დონე უსაფრთხოების ზღვარს, თუ უკვე ჩანს ცვეთის ინდიკატორი?

ასევე ყურადღება მიაქციეთ:

□ შეესაბამება საბურავში ჰაერის წნევა მწარმოებლის რეკომენდაციას?

□ ხომ არ დადგა საბურავების შეცვლის დრო? (ისარგებლეთ ავტომობილის მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული რჩევებით საბურავების განარბენთან და მათ შეცვლასთან დაკავშირებით).

□ ხომ არაა საჭირო წელიწადის დროების მიხედვით განსხვავებული საბურავების დაყენება?

[სურათი]

ცვეთის ინდიკატორი

[დიაგრამა 28 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

საბურავის ნაწილები

პროტექტორი: უზრუნველყოფს ჩაჭიდებას გზასთან და მოსახვევებში.

ბრეკერები: ხელს უწყობს პროტექტორის მდგრადობასა და გამძლობას.

საბურავის გვერდი: იცავს საბურავის გვერდითა კედელს დაზიანებისაგან გზაზე და გზის ნაპირებზე.

კორდის ფენა: აძლიერებს და დრეკადს ხდის საბურავს.

კარკასი: საბურავში ჰაერს აკავებს.

ბორტი: უზრუნველყოფს ბორბალთან ჰერმეტულ მორგებას.

[სურათები 27 გვერდზე]

ერთ-ერთი პირველი ველოსიპედი და მანქანა დასაბერი საბურავებით; საბურავების ერთ-ერთი პირველი ქარხნის მუშები.

[საავტორო უფლება]

The Goodyear Tire & Rubber Company