„გახსოვდეს შენი გამჩენი“
„გახსოვდეს შენი გამჩენი“
«გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში, სანამ არ მოსულა ავი დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „არა მწადიან ისინი!“» (ეკლესიასტე 12:1).
ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლი ღრმა გაანალიზებას მოითხოვს. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხარ ახალგაზრდა. გავა დრო და როცა მოზარდობის წლებს გაიხსენებ, ან კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლება, ან ტკივილნარევი სინანული. შენ რა გრძნობა დაგეუფლება? რა შეგიძლია გააკეთო, რომ წლების შემდეგ კმაყოფილება იგრძნო?
„გახსოვდეს შენი გამჩენი“, — მოგვიწოდებს ბიბლია, როგორც ზემოთ მოყვანილ მუხლშია ნათქვამი. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული კანონებისა და პრინციპების დაცვით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რელიგიური ფანატიკოსივით ასკეტურად უნდა იცხოვრო და ყველა სიამოვნებაზე უარი თქვა. პირიქით, თუ ყოველთვის გემახსოვრება შემოქმედი, ამან შეიძლება დიდი ბედნიერება მოგიტანოს. როგორ?
თვალსაჩინოებისთვის წარმოიდგინე, რომ გყავს მანქანა და მართვის მოწმობაც აიღე. შენ ახლა თავისუფლად შეგიძლია გადაადგილება. შენ წინაშე სრულიად ახალი, საინტერესო შესაძლებლობების ფართო არეალი ჩნდება, რაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებს. მხოლოდ დაფიქრდი, რამდენ საუცხოო ადგილს ნახავ! მაგრამ, ასეთ თავისუფლებას გარკვეული პასუხისმგებლობაც ახლავს. მანქანის მართვისას მოძრაობის წესები უნდა დაიცვა, ყურადღება მიაქციო შუქნიშანსა და საგზაო ნიშნებს, და არ გადააჭარბო სიჩქარეს. განა ამ პასუხისმგებლობის გამო ნაკლებად სასიამოვნოა მანქანის მართვა? სულაც არა! სინამდვილეში, ის გიცავს. ავარიაში მოყოლა ნამდვილად არავის უნდა, ხომ ასეა?
მსგავსად დგას საქმე იმ თავისუფლებასთან, რომელსაც ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, გვანიჭებს. სრულწლოვანებს ის უფლებას აძლევს, თავად აირჩიონ თავიანთი ცხოვრების გზა. ეს შენს შემთხვევაშიც ასეა (მეორე რჯული 30:19; იგავები 27:11). რა შესანიშნავი უპირატესობაა! მაგრამ ამ თავისუფლებას სერიოზული პასუხისმგებლობაც ახლავს. თავის სიტყვაში იეჰოვა ადგენს „მოძრაობის წესებს“ — ნორმებს, რომელთა მიხედვითაც სურს, რომ იცხოვრო. გართმევს ეს ნორმები სიხარულს? სრულებითაც არა! პირიქით, ისინი გიცავს იმ გულისტკივილისა და მწუხარებისგან, რომლებსაც დღეს ბევრი ახალგაზრდა განიცდის.
30 წლის ფედერიკომ საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. მოზარდობის
წლებში ის ხედავდა, რომ თანაკლასელების მსგავსად არ უნდა მოქცეულიყო. „ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს ისინი კარგ დროს ატარებდნენ, — ამბობს ის, — მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ნამდვილად ბედნიერები იყვნენ“. ფედერიკო წარსულს როცა იხსენებს, უხარია, მოზარდობის წლებში რომ ბიბლიური ნორმებით ხელმძღვანელობდა. „მართალი გითხრათ, სხვა ახალგაზრდების მსგავსად მეც მქონდა პრობლემები, — ამბობს ის, — მაგრამ ბიბლიამ ნამდვილად დამიცვა. ამასთანავე, ყოველთვის შემეძლო თანაქრისტიანისთვის მიმემართა დახმარებისთვის. ბიბლიური პრინციპების დაცვამ ისეთი ბედნიერება მომანიჭა, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდი!“იეჰოვა ღმერთს უნდა, რომ შენ ბედნიერი იყო — ნამდვილად ბედნიერი. ამაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ გარეგნულად მხიარული ჩანდე, შინაგანად კი იტანჯებოდე. ბიბლიაში ნათქვამია: „იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ“. მაგრამ იმავე მუხლში მოცემულია გაფრთხილება: „ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი“ (ეკლესიასტე 11:9, სსგ).
„გახსოვდეს შენი გამჩენი“ ნიშნავს, რომ გონივრულად გამოიყენო ღვთისგან ბოძებული თავისუფლება. თუ ასე მოიქცევი, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ შემოქმედს ემახსოვრები და წარმოუდგენლად დიდ ბედნიერებას მოგანიჭებს. ბიბლიაში ნათქვამია: „უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას“ (იგავები 10:22).
მოზარდობის წლებში წამოჭრილ სირთულეებთან გასამკლავებლად იეჰოვას მოწმეებმა ახალგაზრდებისთვის გამოსცეს 320-გვერდიანი წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. დღეისათვის, ამ წიგნის დაახლოებით 34 მილიონი ეგზემპლარია გამოცემული 77 ენაზე. შენც შეგიძლია მიიღო ეს წიგნი, თუ დაუკავშირდები შენს მეზობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
რა დაგეხმარება მოზარდობის წლებში?
გამოყავი დრო ღვთის სიტყვის წასაკითხად.
დაკავდი მსახურებით.
მოერიდე ცუდ საზოგადოებას.
შეინარჩუნე ახლო ურთიერთობა მშობლებთან.
[საავტორო უფლება]
Brochure cover: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.