არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თითებიდან დაღვრილი მუსიკა

თითებიდან დაღვრილი მუსიკა

თითებიდან დაღვრილი მუსიკა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან

„მუსიკალური საკრავებიდან ის ყველაზე დიდებულია“, — ასე აღწერს ზოგი ფორტეპიანოს. ამ უნივერსალურ და გრძნობების გამომხატველ ინსტრუმენტზე ერთნაირად კარგად შეიძლება აჟღერდეს როგორც კლასიკური, ასევე ჯაზური და პოპულარული მუსიკა. სცენაზე ის დიდებული სოლისტის როლში გამოდის, მაგრამ მომღერლის უფაქიზესი ბგერების რბილი აკომპანირებაც შეუძლია. ის ორკესტრის ჟღერადობითაც გამოირჩევა, მაგრამ ნებისმიერ საკრავსაც ადვილად ეწყობა. ამ ინსტრუმენტისთვის, რომელსაც ხშირად მხატვრის პალიტრას ადარებენ, დაწერილია ულამაზესი ნაწარმოებები — მუსიკალური ხელოვნების შედევრები. ვინ გამოიგონა ფორტეპიანო და რატომაა ის დღესაც ასე პოპულარული? *

ფორტეპიანოს წინამორბედნი

არფა და ქნარი უძველესი საწკმეტი საკრავებია (დაბადება 4:21, აქ). მოგვიანებით გაჩნდა წინწილები, რომელზე დაკვრის დროსაც შემსრულებელი სიმებს პატარა ჩაქუჩებს ურტყამს. შუა საუკუნეების ევროპაში გამოიგონეს სიმებიან-კლავიშებიანი საკრავები, რომელთა სიმების აჟღერება ხდებოდა ბრწკენის ან დარტყმის შედეგად. ამ საკრავებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა კლავიკორდი და კლავესინი. კლავიკორდი იყო ოთხკუთხა ყუთის ფორმის თავსახურიანი საკრავი, რომლის სიმებსაც ქვემოდან ურტყამდა ლითონის თხელი ფირფიტები — ტანგენტები. მისი ჟღერადობა საკმაოდ გამომხატველობითი იყო, მაგრამ სუსტ ხმას ადვილად ფარავდა სხვა ინსტრუმენტი ან მომღერალი. კლავესინს, რომელიც ზომით მასზე დიდი იყო და გარეგნულად თანამედროვე როიალს ჰგავდა, ჰქონდა გრძელი სიმები; მათ რხევას იწვევდა ფრინველის ფრთის ან პლექტრის შეხება. ის გამოსცემდა მკვეთრ, რეზონირებად ბგერას, მაგრამ მისი სიმძლავრის ვარიირება შეუძლებელი იყო.

1700 წლისთვის, როცა ახალი დრამატული და ექსპრესიული ნაწარმოებები იქმნებოდა, საჭირო გახდა ისეთი კლავიშებიანი ინსტრუმენტის არსებობა, რომელიც კლავიკორდის მსგავსად გამოხატავდა გრძნობებს, მაგრამ კლავესინივით ძლიერი ბგერა ექნებოდა.

ფორტეპიანოს გამოგონება

იტალიელმა ოსტატმა ბართოლომეო კრისტოფორიმ შეაერთა კლავესინის ძირითადი გარეგნული იერსახე და კლავიკორდის ჩაქუჩიანი მექანიზმი. ამ ახალ საკრავში მან პატარა ხის ჩაქუჩებს ტყავი გადააკრა. თავის გამოგონებას კრისტოფორიმ უწოდა „gravicembalo col piano e forte“ (კლავესინი ჩუმი და ხმამაღალი ხმით), შემოკლებით ფორტეპიანო. ეს იყო უფრო მძლავრი და მდიდარი ჟღერადობის კლავიშიანი ინსტრუმენტი, რომელსაც სუსტი და ძლიერი ბგერების გამოცემა შეეძლო.

სამწუხაროდ, კრისტოფორის სიცოცხლეში მისი ახალი ინსტრუმენტი სათანადოდ ვერ შეაფასეს. იმის გამო, რომ მხოლოდ ცოტანი დაინტერესდნენ ამ საკრავით, ის ისევ კლავესინის წარმოებას დაუბრუნდა. კრისტოფორის მიერ პირველი ფორტეპიანოს შექმნიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ გერმანელი ოსტატი გოტფრიდ ზილბერმანი, რომელიც ორგანებს აკეთებდა, დაინტერესდა ამ ახალი ინსტრუმენტით და მისი გამოშვება დაიწყო. გერმანელმა და ავსტრიელმა ოსტატებმა განაგრძეს ფორტეპიანოს მოდელის დახვეწა, რათა შეექმნათ უფრო პატარა, მსუბუქი ოთხკუთხა საკრავი.

ინგლისში ფორტეპიანოს მოდელის გასაუმჯობესებლად ოსტატთა სხვა ჯგუფი მუშაობდა. XVIII საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ისინი გერმანიიდან ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ერთ-ერთმა მათგანმა, იოჰანეს ცუმპემ, შექმნა ოთხკუთხა ფორტეპიანოს მოდელი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ფრანგმა სებასტიან ერარმა და ევროპელმა თუ ამერიკელმა ოსტატებმა დიდი წვლილი შეიტანეს ფორტეპიანოს შემდგომ განვითარებაში. გამჭრიახმა შოტლანდიელმა მეავეჯემ ჯონ ბროდვუდმა განჭვრიტა, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა იდეალური გასართობი იქნებოდა მზარდი საშუალო ფენის ახალგაზრდა ქალებისთვის. მალე მისი საწარმო შეუდგა ოთხკუთხა ფორტეპიანოსა და როიალების დიდი რაოდენობით დამზადებას.

შემდგომი მიზანი იყო უფრო კომპაქტური საკრავის შექმნა, რომელსაც უკეთესი, თანამედროვე როიალის მსგავსი ჟღერადობა ექნებოდა. ამიტომ დაიწყეს ვერტიკალური და არა ჰორიზონტალური კორპუსის მქონე ფორტეპიანოს წარმოება, რომელიც ზომით თავის წინამორბედებს აღემატებოდა. ბროდვუდის მიერ შექმნილ ერთ-ერთ მოდელში ვერტიკალურად განლაგებული სიმები კლავიატურიდან 2, 7 მეტრ სიმაღლეზე იყო აღმართული; ვინაიდან ძირითადი სიმძიმე ინსტრუმენტის ზედა ნაწილზე მოდიოდა, მასზე დაკვრა საკმაოდ სახიფათო იყო! პიანინოს სხვა მოდელი — „ჟირაფი“, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ვერტიკალურ როიალს, რომლის ბოლოც ზემოთ იყო აღმართული. 1800 წელს ინგლისელმა ჯონ აიზეკ ჰოკინზმა შექმნა პიანინოს პირველი წარმატებული მოდელი; მისი სიმების ქვედა ნაწილი მოთავსებული იყო იატაკთან ახლოს. ამ კონსტრუქციის პიანინომ თანდათანობით განდევნა ოთხკუთხა ფორტეპიანო.

აღმოჩენა კომპოზიტორებისთვის

ამასობაში, კომპოზიტორებიც დაინტერესდნენ ამ ინსტრუმენტით. 1777 წელს, როდესაც ახალგაზრდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ბავარიაში ახალი ინსტრუმენტის სანახავად იოჰან შტაინის სახელოსნოს ესტუმრა, ის აღტაცებული დარჩა. მალე მან სპეციალურად ფორტეპიანოსთვის დაიწყო მუსიკის წერა და სულ რაღაც ოთხ წელიწადში 15 საფორტეპიანო კონცერტი შექმნა! თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა ამ საკრავის ნამდვილი შესაძლებლობები გამოავლინა. მან გააცოცხლა, თითქმის აამღერა ფორტეპიანო. ეს სწორედ ის ინსტრუმენტი იყო, რომელსაც მუსიკის სამყარო ელოდა. ამიერიდან ახალი — რომანტიკული და მღელვარე — მუსიკა იღვრებოდა სცენიდან. „ფორტეპიანოს პოეტი“ ფრიდერიკ შოპენი მისი საშუალებით თავის ფიქრებსა და გრძნობებს გამოხატავდა. ფერენც ლისტმა ფორტეპიანოსთვის შექმნა ისეთი ამაღელვებელი და ორიგინალური მუსიკა, რომელიც მას მთელი ორკესტრივით აჟღერებდა. ის ვირტუოზული შესრულებითაც ატყვევებდა მსმენელს.

სამწუხაროდ, ფორტეპიანოს ხის ჩარჩო და წვრილი სიმები ვერ უძლებდა კონცერტზე შესრულებული მგზნებარე მუსიკის ხმის სიძლიერეს. ამიტომ, მწარმოებლებმა დროთა განმავლობაში ინსტრუმენტს რკინის სამაგრები გაუკეთეს, ბოლოს კი მთლიანად თუჯის ჩარჩო ჩამოასხეს. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა სქელი სიმებისა და მძიმე ჩაქუჩების გამოყენება უფრო მძლავრი ბგერების გამოსაცემად. მაგრამ ეს ბგერები საკმაოდ უხეში იყო, ამიტომ მათ შესარბილებლად ჩაქუჩებს ქეჩას აკრავდნენ. შედარებით გრძელი სიმები დაჭიმული იყო მოკლე სიმების დიაგონალურად, რამაც გააუმჯობესა საკრავის ჟღერადობა და ადგილიც დაზოგა. ასე გაჩნდა თანამედროვე ფორტეპიანო და მასთან ერთად დიდ პიანისტთა მთელი პლეადა; მათ კონცერტებზე დარბაზი სავსე იყო საფორტეპიანო მუსიკის მოყვარული აღტაცებული მსმენელებით, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ახალ რეპერტუარს. ამავე დროს, ევროპელმა და ამერიკელმა მწარმოებლებმა ფორტეპიანოს მასობრივი გამოშვება დაიწყეს, რათა ურიცხვ მსურველთა მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინათ.

ფორტეპიანოს პოპულარობა

XX საუკუნის დასაწყისში პრესტიჟულად ითვლებოდა, თუ სახლში ფორტეპიანო იყო. ამიტომ ყველა ოჯახი ცდილობდა ამ ინსტრუმენტის შეძენას მიუხედავად იმისა, იცოდნენ ოჯახის წევრებმა მასზე დაკვრა თუ არა. მოთხოვნილება გაიზარდა პიანისტებზეც, რომლებიც გაართობდნენ მყიდველებსა თუ მგზავრებს, აკომპანირებას გაუწევდნენ მუნჯ ფილმებს ან დაკვრას ასწავლიდნენ მსურველებს, რომელთა რიცხვიც განუწყვეტლივ იზრდებოდა. ოჯახური საღამოები ფორტეპიანოს გარშემო იმართებოდა. არაპროფესიონალი პიანისტები საკუთარ მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ. კომპოზიტორები გამუდმებით ქმნიდნენ ახალ საფორტეპიანო მუსიკას. ასევე განვითარდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილი — ხალისიანი სინკოპირებული რეგტაიმი, ნელი ბლუზი, რიტმული ბუგი-ვუგი.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფორტეპიანოს წარმოება შემცირდა. 1910 წელს მთელ მსოფლიოში მისმა წარმოებამ უმაღლეს რიცხვს მიაღწია — იმ წელს 600 000 ინსტრუმენტი გამოუშვეს. მოგვიანებით ამ რიცხვმა თანდათანობით იკლო. გრამოფონი, რადიო, ფირსაკრავი და ტელევიზია უფრო პოპულარული გასართობი გახდა თავისუფალ დროს, მაგრამ ფორტეპიანოსადმი ინტერესი მაინც არ გამქრალა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალმა ტექნიკურმა მიღწევებმა ხელი შეუწყო ამ საკრავის უფრო მეტ პოპულარობას. 1980 წლისთვის გამოშვებული ინსტრუმენტების რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა. თანამედროვე მსუბუქი კონსტრუქციის ფორტეპიანოები დამზადებულია პლასტმასისა და სხვადასხვა ლითონის შენადნობისგან, მათ კლავიშებზე კი სპილოს ძვლის ნაცვლად სინთეტიკური მასალაა გადაკრული. იაპონია გახდა ფორტეპიანოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. ჩინეთშიც, სადაც მას „ინსტრუმენტების დედოფალს“ უწოდებენ, ის სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გსურთ, ისწავლოთ ფორტეპიანოზე დაკვრა?

ზოგ ინსტრუმენტზე მხოლოდ ერთი ბგერის ასაჟღერებლადაც კი შეიძლება ბევრი ვარჯიში დაგჭირდეთ, მაგრამ თუ ფორტეპიანოზე რამდენიმე სწორად შერჩეულ კლავიშს დააჭერთ, მელოდიას მიიღებთ! ცოტას თუ შეუძლია სმენით დაკვრა. მაგრამ, უმრავლესობამ მარტივი თვითმასწავლებლების დახმარებით მალევე შეძლო მარჯვენა ხელით მელოდიის შესრულება, მარცხენა ხელით კი — აკომპანირება. მხოლოდ წარმოიდგინე, რამხელა სიამოვნებას მიიღებ, როცა შეძლებ საყვარელი მელოდია ნოტებით დაუკრა! რას შეასრულებდი: გამომაცოცხლებელ მარშს, წყნარ ვალსს თუ საყვარელ ბალადას? იქნებ ლათინური ამერიკის რიტმულმა ჰანგებმა ან ჯაზმა მოგხიბლოს? წარმოიდგინე, რა სასიამოვნოა მეგობართან ერთად დუეტში დაკვრა! ასევე, მეგობრებისთვის აკომპანირების გაწევა, როცა ისინი მღერიან ან სხვა ინსტრუმენტებზე უკრავენ. არ გინდათ, თქვენ წინაშეც გადაიშალოს მუსიკის ეს სამყარო?

[სქოლიო]

^ აბზ. 3 იხილეთ 2002 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 23—25.

[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]

მექანიკური ფორტეპიანო.

მექანიკური ფორტეპიანო კარგი გამოსავალი იყო მათთვის, რომლებსაც ფორტეპიანოს კლავიატურასთან ნაკლები შეხება ჰქონდათ. ეს იყო რაღაც საშუალო მუსიკალურ ზარდახშასა და ფორტეპიანოს შორის. მის კლავიშებს ხელის დაჭერა არ სჭირდებოდა, რადგან ისინი მოძრაობაში მოჰყავდა გორგოლაჭებზე დახვეულ პერფორირებული ქაღალდის ლენტებს. XIX საუკუნის 90-იან წლებში შექმნილ პირველ მოდელებში ფორტეპიანოს წინ მიდგმული იყო სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ხის ჩაქუჩების მეშვეობით აწვებოდა კლავიშებს, მაშინ როცა ადამიანი პედლებს აჭერდა. მომდევნო მოდელებში ეს მექანიზმი თვითონ ინსტრუმენტში იყო ჩამონტაჟებული. სხვა, უფრო დახვეწილი, რეპროდუცირებისთვის განკუთვნილი ფორტეპიანო დიდ პიანისტთა ცოცხალი შესრულების კვლავ მოსმენის საშუალებას იძლეოდა. პერფორირებულ ლენტებზე გაკეთებული ამ ჩანაწერების შეძენა ისევე შეიძლებოდა, როგორც დღეს დისკებისა და აუდიოკასეტების ყიდვა. 1925 წლისთვის შეერთებულ შტატებში უფრო მეტ მექანიკურ ფორტეპიანოს უშვებდნენ, ვიდრე ჩვეულებრივს. მიუხედავად ამისა, რადიოსა და გრამოფონის გავრცელების შედეგად XX საუკუნის 30-იანი წლებისთვის მექანიკური ფორტეპიანო პრაქტიკულად გამოვიდა ხმარებიდან.

[ჩარჩო⁄დიაგრამა 22, 23 გვერდებზე]

ფორტეპიანოს მექანიკა

200-ზე მეტი ერთმანეთის პარალელურად მაგრად დაჭიმული ფოლადის სიმი 88 ბგერას გამოსცემს. მოკლე, წვრილი სიმები, რომლებიც სწრაფად ვიბრირებს, წარმოქმნის მაღალ ბგერებს, მაშინ როცა გრძელი, მსხვილი სიმები, რომლებზეც ხშირად სპილენძის მავთულია შემოხვეული, დაბალ ბგერებს გამოსცემს. ყველა ბგერას, ბანის ყველაზე დაბალი ბგერების გამოკლებით, წარმოქმნის უნისონში აწყობილი ორი ან სამი სიმი.

როდესაც პიანისტი აჭერს კლავიშს (1), ბერკეტებს მოძრაობაში მოჰყავს ჩაქუჩი, რომლის პირზეც რბილი მასალაა დაკრული. შედეგად ჩაქუჩი ურტყამს ამ კლავიშის შესატყვის ერთ ან მეტ სიმს და მყისვე უკან ხტება. თუ თითი კლავიშზე რჩება, სიმი (ან სიმები) განაგრძობს ვიბრირებას, ბგერა კი ნელ-ნელა ქრება. როდესაც შემსრულებელი კლავიშიდან თითს იღებს (2), დემპფერი (ხმის ჩამხშობი) აწვება სიმს და ბგერას ახშობს. თუ პიანისტი მარჯვენა პედალს აჭერს ფეხს, ყველა დემპფერი სიმებს შორდება, რის შედეგადაც მიყოლებით აღებული კლავიშები ერთმანეთის ჟღერადობას ავსებს და ამდიდრებს.

სიმები დაჭიმულია ხის დეტალებზე, რომლებსაც ეწოდება ჯორაკები (3). ისინი მიმაგრებულია ხის დეკაზე (4), რომელიც ირხევა სიმთან ერთად და აძლიერებს წარმოქმნილ ბგერასა და რეზონანსს. ხის კორპუსი კიდევ უფრო აძლიერებს ხმის ძალას.

სიმები დამაგრებულია თუჯის ჩარჩოზე ფოლადის მოქლონებით (5). როიალის ჩარჩო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ გაუძლოს სიმების საერთო დაჭიმულობას, რომელიც შეიძლება 30 ტონამდე აღწევდეს.

[დიაგრამა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

დემპფერი

სიმი

ჩაქუჩი

დაჭერილი კლავიში

უძრავი კლავიში

[სურათი]

კრისტოფორის პირველი ფორტეპიანო (1720 წ.).

[საავტორო უფლება]

The Metropolitan Museum of Art, The Crosby Brown Collection of Musical Instruments, 1889. (89.4.1219) Photograph ©1983 The Metropolitan Museum of Art