„კონკორდი“ ავიაციის ისტორიას ჩაჰბარდა
„კონკორდი“ ავიაციის ისტორიას ჩაჰბარდა
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის საფრანგეთიდან
27 წლის შემდეგ „კონკორდმა“ — „მსოფლიოს ერთადერთმა ზებგერითმა სამგზავრო თვითმფრინავმა“ — ფრენა შეწყვიტა. ავიაბილეთების ფასების ზრდისა და მგზავრთა რაოდენობის შემცირების გამო ავიაკომპანია „ბრიტანეთის ავიახაზების“ კუთვნილი „კონკორდის“ ტიპის შვიდი თვითმფრინავი 2003 წლის ოქტომბერში უკანასკნელად აფრინდა. ხუთი თვით ადრე ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“, რომელიც აგრეთვე ამ გამორჩეული, სამკუთხა ფრთიანი თვითმფრინავის ტიპს იყენებდა, თანდათანობით შეწყვიტა თავისი ხუთი „კონკორდის“ რეისში გაშვება.
ასე დასრულდა ავიაციის ისტორიაში ერა, რომელიც დაიწყო 1962 წელს, როდესაც ბრიტანელი და ფრანგი ინჟინრების თანამშრომლობის წყალობით შეიქმნა შორ მანძილზე მფრენი ზებგერითი თვითმფრინავი. ამ ტიპის თვითმფრინავი ცაში პირველად 1969 წელს აიჭრა, ხოლო კომერციული რეისების შესრულება 1976 წლის იანვრიდან დაიწყო. მაშინ ის ასრულებდა რეისს ბაჰრეინი — რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით.
ტექნიკური თვალსაზრისით „კონკორდი“ წარმატებულ მოდელად ითვლებოდა, კომერციულით კი მომგებიანი არ იყო. XX საუკუნის 70-იან წლებში საწვავთან დაკავშირებულმა კრიზისმა სირთულეები გამოიწვია, რადგან თვითმფრინავს საათში 25 600 ლ საწვავი სჭირდებოდა. ეს სამჯერ აღემატებოდა საწვავის იმ რაოდენობას, რომელსაც სტანდარტული საჰაერო ხომალდი ერთ მგზავრზე ხარჯავდა. „კონკორდის“ კიდევ ერთი ნაკლი ის იყო, რომ მას მხოლოდ განსაზღვრულ მანძილზე შეეძლო ფრენა — არა უმეტეს 7 000 კმ-ისა, და მხოლოდ 100 მგზავრი გადაჰყავდა. ამიტომ, როგორც თვითმფრინავი, ის არაეკონომიური იყო. სხვა დაბრკოლება, რომელმაც ხელი შეუშალა „კონკორდის“ გავრცელებას, იყო ის, რომ მისი ექსპლუატაციაში გამოსვლისთანავე შეერთებულ შტატებში მასზე შეზღუდვები დააწესეს, რის მიზეზადაც მის ხმაურიანობას ასახელებდნენ.
სხვა პრობლემას წარმოადგენდა მგზავრობის ღირებულება. ავიაბილეთები ათასობით დოლარი ღირდა. ამის გამო ცოტას თუ შეეძლო „კონკორდით“ მგზავრობა. მას ჰქონდა პირველი კლასის მენიუ, რომელშიც შედიოდა შამპანური, ბატის ღვიძლისგან დამზადებული პაშტეტი და ხიზილალა, რის გამოც, ერთი ბიზნესმენის თქმით, „კონკორდით“ „მგზავრობა საუკეთესო იყო; ყველაზე დიდი ფუფუნება, რომელსაც ის გჩუქნიდა, იყო დრო. მართალია ყველაზე კომფორტულად ვერ იმგზავრებდით, მაგრამ ნამდვილად საოცარი გრძნობა დაგეუფლებოდათ“.
მზეზე სწრაფი?
„კონკორდმა“ თავისი არსებობის განმავლობაში დაახლოებით ოთხი მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც არცთუ ისე ბევრია. „ბოინგ-747“-ს იმავე რაოდენობის მგზავრი გადაჰყავს რამდენიმე კვირაში. მაშ, რით გამოირჩეოდა „კონკორდი“?
„კონკორდის“ ფრენის სიჩქარე 2 150 კმ/სთ-ს შეადგენდა, რაც ორჯერ აღემატებოდა ბგერის სიჩქარეს, ფრენის სიმაღლე კი 18 კმ-ზე მეტი იყო. ის ისე სწრაფად დაფრინავდა, რომ ხახუნი იწვევდა მის გახურებას და 62 მეტრი სიგრძის თვითმფრინავი ჰაერში დაახლოებით 24 სმ-ით იჭიმებოდა. პარიზიდან ნიუ-იორკში „კონკორდით“ გადაფრენა შესაძლებელი იყო სულ რაღაც 3 საათსა და 55 წუთში. ჩვეულებრივი თვითმფრინავი ამავე რეისს ორჯერ მეტ დროს ანდომებდა. ფრენა ისე სწრაფად სრულდებოდა, რომ პარიზიდან წამოსული მგზავრები, დროის განსხვავებულობის გამო, ნიუ-იორკში უფრო ადრე ჩადიოდნენ, ვიდრე გამოფრინდნენ პარიზიდან!
„კონკორდის“ ისტორიაში მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი. 2000 წლის 25 ივლისს შარლ დე გოლის სახელობის პარიზის აეროპორტიდან აფრენის დროს ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის დროსაც დაიღუპა 113 ადამიანი, მათ შორის 4 — ხმელეთზე. უსაფრთხოების მიზნით ჩატარებული მოდიფიკაციის შემდეგ „კონკორდმა“ კვლავ განაახლა ფრენა ერთი წლის შემდეგ. მაგრამ დიდი დანახარჯების გამო ბოლოს მაინც შეწყვიტეს მისი გამოყენება.
„კონკორდი“, რომელსაც არც კონკურენტები ჰყოლია და არც შემცვლელი, დამსახურებულად მიემართება მსოფლიო ავიაციის მუზეუმში. ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ პრეზიდენტი ჟან სირილ სპინეტა ასეთ კომენტარს აკეთებს: «სინამდვილეში „კონკორდი“ არასოდეს შეწყვეტს ფრენას, რადგან ის სამუდამოდ დარჩება ხალხის მეხსიერებაში».
[სურათები 10 გვერდზე]
ზემოთ: შამპანურით მომსახურება.
ცენტრში: უფროსი პილოტი თვითმფრინავის კაბინაში.
ქვემოთ: „კონკორდის“ საცდელი მოდელი, საფრანგეთი, 1968 წელი.
[საავტორო უფლება]
All photos except prototype: NewsCast; prototype: AFP/Getty Images