„მუნიციპალური საბჭო არ უნდა იქცეოდეს დიქტატორის მსგავსად“
„მუნიციპალური საბჭო არ უნდა იქცეოდეს დიქტატორის მსგავსად“
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კანადიდან
კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია იცავს იქ მცხოვრები ხალხის უფლებებს. კონსტიტუციურად აღიარებულია სიტყვის, პრესისა და რწმენის თავისუფლება, რომელთა დაცვასაც უზრუნველყოფს სასამართლო ინსტანციები.
ამიტომ, როცა მონრეალიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ბლენვილის მუნიციპალურმა საბჭომ განსახილველად წარადგინა საკითხი ადგილობრივ კანონში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით — ნებართვის მიცემის გარეშე აეკრძალათ უნებართვო ‘რელიგიური ხასიათის ვიზიტები’ კარდაკარ — ამან ააღელვა იეჰოვას მოწმეები. ეს საკითხი პირდაპირ შეეხებოდა მათ მსახურებას კარდაკარ (საქმეები 20:20, 21). მაგრამ, რატომ გაუჩნდა მუნიციპალურ საბჭოს ასეთი შესწორების შეტანის სურვილი? ქალაქის ხელმძღვანელობის თქმით, მრავალი ჩიოდა იეჰოვას მოწმეთა კარდაკარ მსახურების გამო. თუმცა პოლიციის სამმართველოს ცნობის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობასთან დაკავშირებით მათთან არც ერთი საჩივარი არ ყოფილა შესული!
მიუხედავად ამისა, კანონში შეტანილი ცვლილება ძალაში შევიდა 1996 წელს. ქალაქ ბლენვილში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა ადვოკატებმა მუნიციპალურ საბჭოს აცნობეს, რომ კონსტიტუციური გარანტიის თანახმად, რომელიც ეხება რწმენის თავისუფლებას, არაკანონიერად ჩაითვლებოდა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის შესაფერხებლად ახლად შემუშავებული კანონის მიხედვით მოქმედება. მუნიციპალურმა საბჭომ უგულებელყო ეს განცხადება და 17 სასამართლო უწყება გასცა. ამის საპასუხოდ კი იეჰოვას მოწმეთა ადვოკატებმა აღძრეს სარჩელი, რათა ბლენვილში არ შეზღუდულიყო რწმენისა და სიტყვის თავისუფლება — რაც ყველა კანადელი მოქალაქის უფლებაა.
ეს საქმე განიხილებოდა კვებეკის უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ჟან კრეპოს მიერ 2000 წლის 3 და 4 ოქტომბერს. სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლემ იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. მოსამართლე კრეპომ თქვა, რომ «იეჰოვას მოწმეები, რომლებიც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად მიდიან თავიანთ სამეზობლოში მცხოვრებ ხალხთან, რათა აღძრან ისინი, რომ მაღალზნეობრივი და სულიერი ნორმები შეინარჩუნონ . . . ვიზიტები, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება, მათი ქრისტიანული მსახურების ნაწილია. იეჰოვას მოწმეები დაახლოებით 4 თვეში ერთხელ ინახულებენ ბლენვილის მოსახლეობას და ისეთ საკითხებზე ესაუბრებიან, რაც სარგებლობას
მოუტანს მათ და რაც აინტერესებთ კიდეც“. მოსამართლე კრეპოს განჩინებაში ნათქვამი იყო: „[სასამართლოს] გადაწყვეტილებით იეჰოვას მოწმეები თავისუფლდებიან იმ მოთხოვნისგან, რომ მსახურების შესასრულებლად ნებართვა მიიღონ“.ბლენვილის მუნიციპალურმა საბჭომ გაასაჩივრა მოსამართლე კრეპოს გადაწყვეტილება კვებეკის სააპელაციო სასამართლოში. საჩივარი განხილულ იქნა 2003 წლის 17 ივნისს და ამავე წლის 27 აგვისტოს გამოტანილ იქნა განჩინება, რომლის მიხედვითაც ძალაში დარჩა მოსამართლე კრეპოს გადაწყვეტილება. კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტიაზე დაყრდნობით გაკეთდა ციტირება რწმენის თავისუფლების დაცვის თაობაზე, რომელშიც ასევე შედის რელიგიური მრწამსის სხვებისთვის გაცხადების უფლება ქადაგებისა და სწავლების მეშვეობით. სასამართლომ მიიღო ასეთი დადგენილება: „აქ განხილული ადგილობრივი კანონი უხეშად არღვევს იეჰოვას მოწმეთა რწმენის, ასევე ბლენვილის მოქალაქეების სიტყვის, აღმსარებლობის, შეხედულებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას . . . ფაქტები აჩვენებს, რომ ბლენვილის მოსახლეობა ჩიოდა არა იეჰოვას მოწმეების, არამედ საქონლის დამტარებელი მრავალი მოვაჭრისა და აგიტატორის მომაბეზრებელ ვიზიტებზე. დაჟინებულ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, და არც განსაკუთრებული ზომების მიღება იყო საჭირო, რომ შეზღუდულიყო რელიგიური მიზნით კარდაკარ სიარული. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული წერილობითი ბრძანებულება წინდაუხედავად იქნა შედგენილი და გადაწყვეტილებაც წინასწარი კონსულტაციის გარეშე სწრაფად იქნა მიღებული. ასევე უსაფუძვლო და გადაჭარბებულია მათ მიერ მითითებული მიზანი — დაიცვან თავიანთი მოქალაქეების მყუდროება . . . თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში მუნიციპალური საბჭო არ უნდა იქცეოდეს დიქტატორის მსგავსად და ქალაქის მცხოვრებლების მაგივრად არ უნდა წყვეტდეს, ვისი მიღება მართებთ მათ სახლში საღამოობით თუ გამოსასვლელ დღეებში და ვისი არა. მოსამართლე, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობდა, მართალი იყო, როცა ზემოაღნიშნული დადგენილება იეჰოვას მოწმეთა მისამართით ბათილად ცნო“.
იეჰოვას მოწმეები მოხარულები არიან, რომ კვებეკის სასამართლოებმა გამოიყენეს უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია, რათა დაეცვათ კვებეკის მოქალაქეთა რელიგიური თავისუფლება ყოველგვარი შევიწროებისაგან.
[რუკა 24 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კანადა
ბლენვილი
მონრეალი
აშშ
[სურათი 24 გვერდზე]
კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია იცავს იქ მცხოვრები ხალხის თავისუფლებას.
[სურათი 25 გვერდზე]
მოწმეებს ახლა შეუძლიათ თავისუფლად იქადაგონ ბლენვილში. ჩანართი: მათი შეხვედრა სამეფო დარბაზში.