არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რა მემართება?“

„რა მემართება?“

„რა მემართება?“

„ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი შეცვლილიყო. სულ სხვა ადამიანი ვიყავი განსხვავებული სხეულით“ (სემი).

რა პერიოდია მოზარდობის წლები? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა საფეხური ბავშვობასა და სრულწლოვანებას შორის. ეს არის დრო, როცა დრამატულ ცვლილებებს განიცდი — სხეულში, გრძნობებსა და ურთიერთობებში. ერთი სიტყვით, მოზარდობის წლები ამაღელვებელი ხანაა. ამ დროს შენ სრულწლოვანებისკენ მიმავალ გზას ადგახარ. შენში ახალი გრძნობები იღვიძებს, რომელთაგან ზოგი შეიძლება გაბნევს ან გაშინებს კიდეც.

მაგრამ, მოზარდობის წლებმა არ უნდა შეგაშინოს. თუმცა ამ პერიოდს გარკვეული გულისტკივილიც ახლავს, გარდატეხის ასაკი იმის საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევს, რომ სრულწლოვანებამდე ეს ხანა სასიამოვნოდ გაატარო. ამისათვის საჭიროა გააანალიზო ზოგი სირთულე, რომელთა წინაშეც მოზარდები დგანან.

სქესობრივი მომწიფების დასაწყისი

გარდატეხის ასაკში შენს ორგანიზმში მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებიც გამრავლების უნარს გძენს. ეს პროცესი, რომელსაც სქესობრივი მომწიფება ეწოდება, წლების განმავლობაში გრძელდება და როგორც ვნახავთ, მხოლოდ გამრავლების ორგანოების განვითარებას არ ეხება.

გოგონებს სქესობრივი მომწიფება, ჩვეულებრივ, 10—12 წლის ასაკში ეწყებათ, ბიჭებს კი — 12—14 წლის ასაკში. მაგრამ, ეს პროცესი ზოგს შეიძლება უფრო ადრე ან გვიან დაეწყოს. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, „თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ბიოლოგიური საათი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როდის უნდა მოხდეს სხვადასხვა ცვლილება სქესობრივი მომწიფების დროს“ (The New Teenage Body Book). იქვე გრძელდება: „გარდატეხის ასაკში არსებობს დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, რომელშიც სქესობრივი მომწიფების დაწყება შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს“. ამიტომ, არაფერია საგანგაშო იმაში, თუ სქესობრივი მომწიფება თანატოლებზე ადრე ან გვიან დაგეწყო.

რა დროსაც უნდა მოხდეს ეს, სქესობრივმა მომწიფებამ შეიძლება იმოქმედოს შენს გარეგნობაზე, გრძნობებსა და შეხედულებებზე. განვიხილოთ ცხოვრების ამ უნიკალური პერიოდის ზოგი საინტერესო, მაგრამ ამასთანავე თავისებურ სირთულეებთან დაკავშირებული მხარე.

„რა ემართება ჩემს სხეულს?“

სქესობრივი მომწიფება იწყება ჰორმონების დონის ზრდით. გოგონებში მატულობს ესტროგენები, ხოლო ბიჭებში — ტესტოსტერონი. იწყება საოცარი ფიზიკური გარდაქმნა, რომელსაც, ნაწილობრივ, ჰორმონალური ცვლილებები განაპირობებს. ფაქტობრივად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ძალიან სწრაფად იზრდები.

ამ დროს საბოლოოდ გიყალიბდება გამრავლების ორგანოები, მაგრამ ეს შენი ფიზიკური განვითარების მხოლოდ ერთი მხარეა. გარდა ამისა, შეიძლება ძალიან სწრაფად აიყარო ტანი. მაშინ როცა ბავშვობისას წელიწადში დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდი, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ამაზე ორჯერ უფრო სწრაფად გაიზრდები.

გარდატეხის ასაკში შეიძლება შეამჩნიო, რომ რამდენადმე მოუქნელი ხდები. ეს ნორმალურია. გახსოვდეს: შენი სხეულის სხვადასხვა ნაწილი შეიძლება განსხვავებული ტემპით იზრდებოდეს. მოუქნელობა სწორედ ამით აიხსნება. მაგრამ, ცოტაც მოითმინე — მოუქნელობა მთელი ცხოვრება არ გაგყვება. მოზარდობის წლებისთვის დამახასიათებელი სიტლანქე მალე დაგავიწყდება.

სქესობრივი მომწიფების დროს გოგონებს ეწყებათ მენსტრუალური ციკლი, რომლის დროსაც საშვილოსნოდან ყოველთვე სისხლთან ერთად ლორწოვანას ნაფლეთები გამოედინება *. მენსტრუალურ ციკლს, ჩვეულებრივ, თან ახლავს სპაზმები და ჰორმონების დონის დაცემა. რამდენადაც მენსტრუაცია გოგონებზე ფიზიკურადაც და ემოციურადაც ახდენს გავლენას, მისი დაწყება შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო იყოს. „მოულოდნელად სრულიად ახალი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, — იხსენებს 17 წლის ტერეზა. — ამან ემოციურად მომშალა, თან ტკივილებიც მაქვს, რაც ყოველთვე მეორდება!“

ნუ შეგეშინდება, როცა მენსტრუალური ციკლი დაგეწყება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ შენი ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებს. დროთა განმავლობაში ისწავლი, როგორ გაუმკლავდე ციკლის უსიამოვნო მხარეებს. ზოგი, მაგალითად, რეგულარულად ვარჯიშობს, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას. მაგრამ ყველა ადამიანი განსხვავებულია. შენთვის შეიძლება უმჯობესი იყოს, ამ პერიოდში ფიზიკურად არ დაიტვირთო. „მოუსმინე“ საკუთარ ორგანიზმს და საჭიროებისამებრ მოიქეცი.

გარდატეხის ასაკში გოგონებსა და ბიჭებს ძალიან აღელვებთ საკუთარი გარეგნობა. „ამ დროს დიდ ყურადღებას ვაქცევდი იმას, თუ რას ფიქრობდნენ სხვები ჩემს გარეგნობაზე, — გვიზიარებს ტერეზა. — ვგრძნობ, რომ უმეტესწილად ახლაც უკმაყოფილო ვარ საკუთარი გარეგნობით. თმას ვერაფერს ვუხერხებ, ტანზე ვერაფერს ვირგებ და ჩემი მოსაწონი ტანსაცმელიც ვერსად მიპოვია!“

შენმა სხეულმა შეიძლება სხვა მხრივაც შეგიქმნას დისკომფორტი. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების დროს საოფლე ჯირკვლები განსაკუთრებით აქტიურდება, რის გამოც შეიძლება ჭარბოფლიანობამ შეგაწუხოს. რეგულარული შხაპი და სუფთა ტანსაცმელი თავიდან აგარიდებს უსიამოვნო სუნს. ასევე, შეგიძლია გამოიყენო დეზოდორანტი ან ანტიპერსპირანტი.

ასევე, სქესობრივი მომწიფების დროს შენს კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო აქტიურდება, რის გამოც კანზე შეიძლება მუწუკები და ფერიმჭამელები გაგიჩნდეს. „როცა მინდა, ძალიან კარგად გამოვიყურებოდე, მაინცდამაინც მაშინ მაყრის მუწუკებს, — ჩივის ანი. — არ ვიცი, მეჩვენება თუ მუწუკებს მეექვსე გრძნობა აქვთ და ზუსტად მაშინ წამოყოფენ თავს, როცა ძალიან არ მინდა?!“ ფერიმჭამელები ტერეზას პრობლემაც არის. „ისინი მაუშნოებს, რის გამოც თავს უხერხულად ვგრძნობ, — ამბობს ის. — ასე მგონია, როცა სხვები მიყურებენ, ჩემს სახეზე ფერიმჭამელების მეტს არაფერს ხედავენ!“

რასაკვირველია, მსგავსი პრობლემები ბიჭებსაც აწუხებთ. ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ სინამდვილეში ფერიმჭამელები და მუწუკები ბიჭებს უფრო მეტად აყრით, ვიდრე გოგონებს. ვაჟი ხარ თუ ქალიშვილი, კარგი იქნება, თუ რეგულარულად დაიბან სხეულის ცხიმიან ადგილებს: სახეს, კისერს, მხრებს, ზურგსა და გულმკერდს. ასევე არსებობს მუწუკებისა და ფერიმჭამელების საწინააღმდეგო მრავალი საშუალება. „მშობლებმა შემირჩიეს კანის გამწმენდი საშუალებები და სპეციალური მალამოები, — ამბობს ტერეზა. — ისინი იმაშიც დამეხმარნენ, რომ ნაკლებად მიმეღო მაღალკალორიული, არასრულფასოვანი საკვები. როდესაც ასეთ საჭმელს არ ვჭამ და ბევრ წყალს ვსვამ, ფერიმჭამელები თითქმის მიქრება“.

სხვა ფიზიკური ცვლილება, რომელიც უმთავრესად ბიჭებში ხდება, ეხება ხმას. სქესობრივი მომწიფების დროს შენი მბგერი იოგები შეიძლება გადიდდეს და დაგრძელდეს, რის შედეგადაც ხმა თანდათანობით დაგიბოხდება. ბილს ისე დაემართა ეს, რომ ვერც კი შეამჩნია. „ხმა ისე შემეცვალა, რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, — ამბობს ის. — ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ტელეფონზე საუბრისას ხალხს დედაჩემში ან ჩემს დაში აღარ ვეშლებოდი“.

ამ პერიოდში ზოგჯერ მოზარდის ხმის ტონალობა მერყეობს; ის დაბალი ხმით იწყებს საუბარს და მოულოდნელად „შეყივლებით“ აგრძელებს. „ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი, — ამბობს ტაირონი, რომელიც მოზარდობის წლებს იხსენებს. — საკმარისი იყო რამეზე ავღელვებულიყავი, რომ ჩემს ხმას მაშინვე რაღაც ემართებოდა და უცბად წამომაყივლებდა ხოლმე. ვცდილობდი, ემოციებს არ ავყოლოდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა“. ტაირონი დასძენს: „ერთ-ორ წელიწადში ყველაფერი მომიწესრიგდა“. თუ მსგავსი რამ გემართება, ნუ ინერვიულებ! დარწმუნებული იყავი, რომ მალე შენც ჩამოგიყალიბდება ხმა და ის ახალ, უფრო დაბალ დიაპაზონში გაიჟღერებს.

„რატომ მიჩნდება ასეთი გრძნობები?“

მოზარდებისთვის უჩვეულო არაა სხვადასხვა მტკივნეული ემოცია. მაგალითად, შესაძლოა, ატყობ, რომ შენ და შენი ბავშვობის საუკეთესო მეგობრები თანდათანობით შორდებით ერთმანეთს. ამის მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს ჩხუბი და კამათი. შესაძლოა, უბრალოდ, განსხვავებული ინტერესები გაქვთ. მშობლებიც კი, რომლებთანაც ერთ დროს ნუგეშსა და უსაფრთხოებას გრძნობდი, მოულოდნელად ძვემოდურებად და უკარებებად გეჩვენება.

ყველაფერმა ამან მოზარდზე შეიძლება ისეთი გავლენა იქონიოს, რომ თავი მარტოდ იგრძნოს. „ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ მარტოობას უფრო ხშირად და მწვავედ განიცდიან გარდატეხის ასაკში, ვიდრე ბავშვობასა და სრულწლოვანებაში“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში. იმის შიშით, რომ სხვებმა უცნაურად არ ჩაგთვალონ, შენს გრძნობებსა და ფიქრებს არავის უზიარებ. ან, შესაძლოა, გეკარგება სხვებთან ურთიერთობის სურვილი, რადგან გულის სიღრმეში ფიქრობ, რომ მაინც არავინ დაგიმეგობრდება.

დროდადრო მარტოობას განიცდის მოზარდების უმრავლესობა, ზოგჯერ კი ბევრი სრულწლოვანიც. მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ დროთა განმავლობაში ეს გრძნობა შეიძლება გაგიქრეს *. დაიმახსოვრე: შენ მოზარდი ხარ და შენში ყველაფერი იცვლება. შენი შეხედულება ცხოვრებაზე, სხვებზე და საკუთარ თავზეც კი მუდმივად ცვალებადია. მართლაც, ზოგჯერ, როცა სარკეში იყურები, შეიძლება ამჩნევ, რომ იქიდან სრულიად უცხო ადამიანი შემოგცქერის! შეიძლება შენთვისაც ნაცნობი იყოს 17 წლის სტივის გრძნობები, რომელიც აღიარებს: „ძალიან ძნელია თქვა, რომ საკუთარ თავს იცნობ, როდესაც თვალის დახამხამებაში იცვლები“.

მარტოობის გრძნობასთან საბრძოლველად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სხვების მიმართ ინტერესის გამოვლენაა. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს მათთან დაახლოება, ვინც შენი თანატოლი არ არის. იცნობ უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებსაც გაუხარდებათ შენი სტუმრობა? შეგიძლია დაეხმარო მათ საოჯახო საქმეებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ამას საჭიროებენ? ბიბლია მოუწოდებს ყველას — მოზარდებსა თუ სრულწლოვანებს — ‘იყვნენ გაფართოებულნი’ და სიყვარული გამოავლინონ სხვების მიმართ (2 კორინთელთა 6:11—13, აფ). ასე თუ მოიქცევი, კარგ მეგობრებს შეიძენ.

ზემოთ ციტირებული ბიბლიური მონაკვეთი მხოლოდ ერთია იმ უამრავი პრინციპიდან, რომლებიც ეხმარება ქრისტიან ახალგაზრდებს მოზარდობის წლებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში. მომდევნო სტატიის წაკითხვისას დაფიქრდი, თუ რა დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ღვთის სიტყვას შენს ცხოვრებაზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 თავიდან მენსტრუაცია შეიძლება სხვადასხვა შუალედით მეორდებოდეს — უფრო ხშირად ან უფრო იშვიათად, ვიდრე თვეში ერთხელ. გამონადენის რაოდენობა შეიძლება საკმაოდ განსხვავებული იყოს. ამ სიტუაციებიდან არც ერთმა არ უნდა შეგაშინოს. მაგრამ, ერთი-ორი წლის განმავლობაში თუ ციკლი არეული გაქვს, შეიძლება საჭირო გახდეს ექიმთან კონსულტაცია.

^ აბზ. 24 თუ მარტოობამ ქრონიკული ხასიათი მიიღო ან განუწყვეტლივ ფიქრობ თვითმკვლელობაზე, დახმარება გჭირდება. დაუყოვნებლივ დაელაპარაკე შენს მშობლებს ან მოწიფულ ადამიანს, ვისაც შეგიძლია ენდო.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

მშობლები სრულყოფილები არ არიან

„ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ იდეალური მშობლები მყავდა. ახლა, როცა წამოვიზარდე, ვატყობ, რომ მთლად ასე არ ყოფილა. მივხვდი, რომ ჩემი მშობლები სრულყოფილები არ იყვნენ და ამან გამაოგნა. სამწუხაროდ, ამის გამო ეჭვები გამიჩნდა მათ შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მაგრამ მხოლოდ მწარე გამოცდილებამ მასწავლა მათი ფასი — ისინი სრულყოფილები არ არიან, თუმცა ხშირად მართლები არიან. და მაშინაც კი, როცა ცდებიან, მაინც ჩემს მშობლებად რჩებიან. თანდათანობით, ჩვენ ისეთი მეგობრები ვხდებით, როგორებიც, ჩემი აზრით, მშობლები და შვილები უნდა იყვნენ“ (17 წლის ტერეზა).

[სურათი 7 გვერდზე]

ბევრმა ახალგაზრდამ უფროსი ასაკის ადამიანებში კარგი მეგობრები იპოვა.